"ლუქს-კარანტინი" მფრინავების, მძღოლების და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად ხვდებიან პრეზიდენტს - როგორ იცავს ვლადიმირ პუტინი თავს კორონავირუსისგან | Allnews.Ge

"ლუქს-კარანტინი" მფრინავების, მძღოლების და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად ხვდებიან პრეზიდენტს - როგორ იცავს ვლადიმირ პუტინი თავს კორონავირუსისგან

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ბი-ბი-სის რუსულმა სამსახურმა («BBC russian») გამოაქვეყნა ვრცელი ჟურნალისტური გამოკვლევა, სათაურით: "კრემლის "ლუქს-კლასის“ კარანტინი: როგორ მუშაობენ სამედიცინო ობსერვატორები პუტინის მფრინავებისა და მასთან მოსაუბრეებისათვის პანდემიის დროს“. პუბლიკაციაში გადმოცემულია რუსეთის პრეზიდენტის მომსახურე პერსონალის ცხოვრებისა და მუშაობის პირობები "კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში. მასალაში ნაჩვენებია, თუ როგორ იმყოფებიან კარანტინში ვლადიმირ პუტინის მფრინავები, მძღოლები, ექიმები და უბრალოდ, ის ადამიანები, რომლებიც ხშირად ხვდებიან პრეზიდენტს და მასთან აქტიური ურთიერთობა აქვთ. პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა როგორც სამედიცინო დამკვირვებელ-ობსერვატორების ფუნქციებს, ასევე ვლადიმირ პუტინის კორონავირუსის ინფექციისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად თანხების ხარჯვის კრემლისეულ მეთოდებს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან, 2020 წლის მარტის ბოლოს, როცა რუსეთში კორონავირუსის პირველი დაავადებულები გამოვლინდა, პრეზიდენტისა და ქვეყნის სხვა პირველი პირების მომსახურე სპეციალური ავიარაზმის "როსიას“ ეკიპაჟი პირველად "ჩაიკეტა“ კარანტინში, მოსკოვის ახლოს მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, სახელწოდებით "დესნა“. მას შემდეგ პილოტები, მძღოლები, მედიკოსები და ის ადამიანები, რომლებიც ვლადიმირ პუტინს ხშირად ხვდებიან, რეგულარულად ატარებენ რამდენიმე კვირას კრემლის სანატორიუმებში და სასტუმროებში. პამდემიისაგან მათ დასაცავად პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს მიერ გამოყოფილი იყო 6,4 მილიარდ რუბლზე მეტი (დაახლოებით 85 მილიონი დოლარი).

 

როგორ მუშაობს ეს სისტემა?

  • სპეცმომსახურების გამო დახურულნი

კრემლის ყველაზე მსხვილ ოთხ სანატორიუმს - "ვატუტინკას“, "დესნას“ (მოსკოვის ოლქში), "დაგომისს“ და "რუსს“ - სოჭში, სადაც ვლადიმირ პუტინი ყველაზე მეტ დროს ატარებს, ყველაზე მეტი დაფინანსება აქვთ - დაახლოებით ორი მილიარდი რუბლი. ეს სანატორიუმები, პანსიონატები და სასტუმროები შარშან მარტიდან ფაქტიურად "სპეცმომსახურებაზე“ არიან გადაყვანილნი: ჩვეულებრივ ადამიანს მათში ნომრის დაჯავშნა და სარგებლობა არ შეუძლია. თავდაპირველად გაცხადდა, რომ ისინი მოქალაქეთა მომსახურებისათვის მხოლოდ 2020 წლის ზაფხულის ბოლომდე იქნებოდნენ დახურულნი, მაგრამ როგორც გამოცმების გამოკვლევით გაირკვა, ისინი ამ დროისთვის, 2021 წლის გაზაფხულისათვის, ისევ დახურულია და ჯერაც არ გახსნილან. უფრო მეტიც, რამდენიმე კონტრაქტის ვადა გაგრძელდა.

  • წინასაფრენი მომზადება მოსკოვში

კრემლის კურორტების ყველაზე მსხვილი ოფიციალური დამკვეთი მთელი წლის განმავლობაში ავიარაზმი "როსია“ გახდა, რომლის მთავარი მგზავრები არიან პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი. ასეთი რეისები ოფიციალურად "განსაკუთრებულ მნიშვნელოვნად“ მიიჩნევა და როგორც წესი, უმაღლეს დონეზე არიან დაცვით უზრუნველყოფილი.

კონტრაქტების უმრავლესობა სასტუმროებთან და სანატორიუმებთან დაიდო "დაცული პირების სანიტარულ-ეპიდემოლოგიური უზრუნველყოფის“ მიზნით. ავიარაზმი "როსიას’ წარმომადგენლებს ყოველი ფრენის წინ სამედიცინო ტესტებს უკეთებენ, ასევე ახდენენ იმ პირების შემოწმებასაც, რომლებიც თვითმფრინავების ტექნიკურ მდგომარეობას ამოწმებენ.

ბი-ბი-სის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ფრენის მომზადების დავალება ჩვეულებრივად პილოტებს, სტიუარდესებს და ფლაით-მენეჯერებს ეძლევათ, თუმცა ზოგჯერ მათ სიაში სარეზერვო ეკიპაჟიც ხვდება. შეიძლება ითქვას, რომ ათობით პილოტი, სტიუარდესა და სხვა სპეციალისტები, რომლებიც ავიარაზმ "როსიას“ საბაზისო აეროპორტ ვნუკოვოში ირიცხებიან, ფრენების წინ კარანტინში, სახლიდან მოშორებით ცხოვრობენ - სასტუმრო-სანატორიუმებში, სამჯერადი კვებით, რამდენიმე დღით დაწყებული, ორი ან კვირის განმავლობაში.

  • კარანტინი სოჭში და ყირიმში

მფრინავებთან დადებულ კონტრაქტებში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ ვისი "სანიტარულ-ეპიდემოლოგიური კეთილდღეობა“ უნდა უზრუნველყონ მათ კარანტინში "ჯდომის“ დროს. თუმცა, ავიარაზმ "როსიას“ ფრენების უსაფრთხოების მაღალი დონე შეიძლება იმით აიხსნას, რომ სწორედ მათ თვითმფრინავებს მიჰყავთ სოჭში უმაღლესი თანამდებობის პირები ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. ამას ირიბად ადასტურებს ის ფაქტი, რომ სოჭში შექმნილი კოვიდიზოლატორებს ორჯერ მეტი დაფინანსება აქვთ, ვიდრე მოსკოვში არსებულებს.

პანდემიის დროს ვლადიმირ პუტინი თავის სოჭის რეზიდენციაში ბევრს მუშაობდა. მის ახლოს მდებარე სანატორიუმებში - "დაგომისში“, "რუსში“ და "სოჭში“ ობსერვატორების მთელი არმია იყო განლაგებული. გარდა მისა, იქ იყვნენ არამხოლოდ პუტინის, მიშუსტინისა და ლავროვის თვითმფრინავების, არამედ სამთავრობო ვერტმფრენთა ეკიპაჟებიც - "ყველასათვის იყო დაჯავშნული ნომრები“.

ერთ-ერთი რუსული პოპულარული გამოცემის "პროექტის“ მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ სანატორიუმებში განთავსებულები იყვნენ აგრეთვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, პირადი ფოტოგრაფები და ტელეოპერატორები, გადამღები ჯგუფის "მოსკოვი/კრემლი/პუტინის“ წევრთა ნაწილი.

არავინ იცის ზუსტად, თუ რამდენ ხანს იქნებიან დახურული ეს დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ობიექტები. სანატორიუმ "დაგომისის“ პრესსამსახურში ამბობენ, რომ ობსერვატორთა განთავსების შესახებ მონაცემები "დახურულ ინფორმაციას“ მიეკუთვნება და პასუხისათვის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს უნდა მიმართოთო. მსგავსი პასუხები ჰქონდათ "რუსისა" და სოჭის მესვეურებსაც

რაც შეეხება ყირიმში მდებარე სანატორიუმებს:

რუსეთის პრეზიდენტის მომსახურე პერსონალისთვის (მათ შორის, ავიარაზმ "როსიას“ პილოტებისთვისაც) გამოყოფილი იქნა სანატორიუმი "ნიჟნაია ორეანდა“, იალტის ახლოს. მაგალითისათვის გავიხსენოთ ვლადიმირ პუტინის ყოფნა ყირიმში, ავტოტრასა "თავრიდის“ გახსნის დროს, ივლისში. მფრინავები სწორედ "ნიჟნაია ორეანდაში“ იმყოფებოდნენ, ერთადგილიან ლუქს-ნომრებში, სამჯერადი კვებით და ტრანსფერით.

  • კარანტინი ვლადიმირ პუტინის სტუმრებისათვის

24 ივნისს, გამარჯვების 75-ე წლისთავის აღნიშვნისას ვლადიმირ პუტინი წითელ მოედანზე ომის ვეტერანებს შეხვდა, 80-კაციან ჯგუფს. როგორც ბი-ბი-სიმ გაარკვია, ვეტერანები, პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს კონტრაქტით, სანამ ქვეყნის მეთაურს შეხვდებოდნენ, ორკვირიან კარანტინი მოსკოვის ოლქში მდებარე გამაჯანსაღებელ კომპლექს "კლიაზში" გაატარეს (საკონტრაქტო თანხა - 19,5 მილიონი რუბლი).

სხვათა შორის, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა სამხედრო აღლუმის დროს დაადასტურა, რომ "ვეტერანთა ჯგუფი კარანტინში საუკეთესო პირობებში იმყოფებოდა: "ჩვენ მათ ჯანმრთელობაზეც ვზრუნავდით“, - აღნიშნა პრესმდივანმა.

ვეტერანების გარდა, კარანტინი მოსკოვის სასტუმროებში გაატარეს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრების სხვა მონაწილეებმაც. მაგალითად, "ბოლშაია იაკიმენკაზე მდებარე "პრეზიდენტ-ოტელში“ იზოლირებულები იყვნენ "სახალხო ერთიანობის დღის“ საზეიმოდ აღნიშვნის მონაწილეები.

  • კარანტინი თუ ექიმების სამუშაო?

პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს ნება დაერთო პამდემიის პროფილაქტიკისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების ნაწილი დაეხარჯა იმ პირების "სამედიცინო დახმარებისათვის“, რომლებიც უწყებას ემსახურებიან, ანუ იმათ, ვინც კრემლში და ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში მუშაობს, ასევე "მათზე მიმაგრებული კონტინგენტისათვის - გადამდგარი ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის, მათი ოჯახებისთვის და ა.შ. კრემლის მთავარმა სამკურნალო დაწესებულებამ - ცენტრალურმა კლინიკურმა საავადმყოფომ ამ მიზნებისათვის მიიღო ერთ მილიარზე მეტი რუბლი, რომლის გაკრვეული ნაწილი ექიმების მივლინებაში დაიხარჯა სოჭში და ვალდაიში.

2020 წლის შემოდგომაზე მოსკოვში თითქმის 40-ზე მეტ მედიკოსს მოუხდა ღამე სახლის გარეთ, პრეზიდენტის სასტუმრო "არბატში“ გაეტარებინა. ექიმები იქ ცხოვრობდნენ 30 სექტემბერიდან 16 ოქტომბრამდე, შემდეგ კი ნოემბრის თვეში. მართალია, ვლადიმირ პუტინს იმ ხანებში სტუმრები არ ჰყოლია, მაგრამ ექიმები დაკავებული იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებით.

ზამთარში კრემლის ცენტრალურმა კლინიკურმა სავადმყოფომ ექიმები კავკასიის მთებში, "კრასნაია პოლიანაში“ გაგზავნა, სადაც ვლადიმირ პუტინს თხილამურებით სრიალი უყვარს. მართალია, იქ პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს თავისი სასტუმროები არ აქვს, მაგრამ ისინი "გაზპრომის“ კუთვნილ სასტუმრო "პოლიანაში" ცხოვრობდნენ. მათთან ერთად სასტუმროში იყვნენ კრემლის სატრანსპორტო კომბინატის "როსიას“ ავტომობილების მძღოლებიც, რომლებიც პრეზიდენტს და ქვეყნის პირველ პირებს ემსახურებიან.

განაგრძეთ კითხვა

myquiz