როგორ მკურნალობდნენ საუკუნეების წინ ქართველები - ქირურგიული ოპერაციები და უძველესი საექიმო ინსტრუმენტები | Allnews.Ge

როგორ მკურნალობდნენ საუკუნეების წინ ქართველები - ქირურგიული ოპერაციები და უძველესი საექიმო ინსტრუმენტები

ქართლ ხალხურ მედიცინას დიდი ტრადიცია და ისტორია აქვს, რომელიც ეყრდნობა როგორც ხალხურ გამოცდილებას, პრაქტიკას, ისე ტრადიციულ-წერილობით (კარაბადინი) სამედიცინო ცოდნას. ამის დასტურია სამედიცინო ხელნაწერი წიგნები (XI-XII სს.), რომლებმაც აქამდე მოაღწია.

თემასთან დაკავშირებით რამდენიმე ეპიზოდს შევეხებით, ხოლო წყაროდ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "შრომების კრებული II"-ს (ახალციხე, 2000 წ.) დავეყრდნობით.

ძველი ქართული მედიცინის შესახებ ცნობებს არქეოლოგიური გათხრებიც გვაწვდის: საკაჟიის გამოქვაბულის პალეოლითელმა ადამიანმა იცოდა მალამო, რომელიც ცხოველის თავის ტვინსა და ქონს შეიცავდა... მდიდარ ინფორმაციას ბრინჯაოს ხანა იძლევა, რადგანაც მაშინ კულტურამ და მეურნეობამ განვითარების გარკვეულ დონეს მიაღწია. გათხრებით მოპოვებული ძვლოვანი მასალა, სადასტაქრო იარაღები, წამლის მოსამზადებელი და შესანახი ჭურჭელი მეცნიერებისთვის საინტერესო ნიმუშებია.

* * *

აღმოჩენილ საგნებში ხშირია გველის გამოსახულებიანი ჭურჭელიც, რაც თრიალეთის გარდა მცხეთაში, ბაკურციხეში, ქვასათალში, ნაცარგორაზეც არის ნაპოვნი... ვარაუდობენ, რომ ჭურჭელზე გველის გამოსახულებას ძირითადად მაგიური დანიშნულება ჰქონდა.

მცხეთაში აღმოჩენილია ოქროსა და ბრინჯაოს ბეჭდები, რომლებზეც მედიცინის მფარველი ღვთაება ასკლეპიოსია გამოსახული. მეცნიერების ვარაუდით, ოქროს ბეჭედს მცხეთაში სამეფო კარის მკურნალი ექიმი ატარებდა, ბრინჯაოსას - უფრო დაბალი რანგის ექიმი. დიდგვაროვნები, მეფეები საკუთარ ჯანმრთელობას სწორედ მათ ანდობდნენ, რომლებიც მკურნალობის საოცარ მეთოდებს ფლობდნენ.

ძველ საქართველოში გავრცელებული ყოფილა თქმულებები, სადაც საექიმო საქმის სწავლება სწორედ გველს უკავშირდება. სვანი სახალხო მკურნალებიც სამედიცინო ცოდნას გველს უკავშირებენ.

* * *

ძველი ქართული მედიცინის ისტორიისთვის მნიშვნელოვანია გათხრებისას აღმოჩენილი სამედიცინო, სადასტაქრო იარაღები, წამლის მოსამზადებელი და შესანახი ჭურჭელი. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ობსიდიანის დანები შეიძლებოდა გამოეყენებინათ სადასტაქროდ. სამარხებში აღმოჩენილია ბრინჯაოს დანები, ჩქიფები (პინცეტები), სისხლის გამოსაშვები იარაღები და სხვა. ამ საგნების შესწავლა იმ ინფორმაციას იძლევა, რომ ისინი სამედიცინო იარაღებად ჩაითვალოს. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი ქირურგიული ჩარევისას გამოიყენებოდა.

ბრინჯაოს დანა ოპერაციის ჩასატარებლად, როგორც არქეოლოგები აღნიშნავენ, წერილობითი წყაროებითაც დასტურდება, რომ ის აუცილებელი საგანი იყო. ძვლოვანი მასალის, - ტრეპანირებული თავის ქალების შესწავლით დასტურდება, რომ იმ პერიოდში ქირურგიული საქმიანობა მაღალ საფეხურზე ყოფილა. თავის ქალაზე გაკეთებული ხვრელის ფორმა, დამუშავების ნიშნები სადასტაქრო იარაღების არსებობასაც საჭიროებდა. ამიტომ, ეთნოგრაფიული მასალით ამტკიცებს, რომ ხევსური და სვანი სახალხო მკურნალები სადასტაქრო საქმიანობას მჭედლების მიერ შექმნილი რკინის იარაღებით ეწეოდნენ.

თავის ქალის ტრეპანაცია XX საუკუნეშიც არის დამოწმებული, რომელიც სამკურნალო მიზნით კეთდებოდა. ძველ საქართველოში სხვადასხვა ტრავმასაც მკურნალობდნენ, როგორც მოტეხილობებს, ისე ბასრი იარაღით მიყენებულს.

ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ახლო წარსულშიც ქართველი სახალხო მკურნალები, "დასტაქრები" (ხევსურეთი) "აქიმები" (სვანეთი) - წარმატებით ეწეოდნენ სხვადასხვა ტრავმული დაზიანებების მკურნალობას.

სამკურნალოდ იყენებდნენ მცენარეებს, ქვებს, თაფლს, სანთელს, კარაქს, ცხოველებისა და ფრინველების ცალკეულ ორგანოებს, სისხლს; დასტაქრებს მკურნალობის გასაიდუმლოებული მეთოდი და საშუალებები ჰქონდათ. წამალი მწარე არაყზე ყენდებოდა.

ზოგადად დაავადებებს კი ბოროტ ღვთაებებს უკავშირებდნენ, ამიტომ ექიმები ავადმყოფთან სანამ მივიდოდნენ, სპეციალურ განსაწმენდ რიტუალს ატარებდნენ.

ლალი ფაციამ

AMBEBI.GE