ორჯერ დამარცხებული სიმსივნე, 21 წლით უმცროსი ცოლი და კრიტიკული განცხადებები საქართველოზე - ვინ არის ვლადიმერ პოზნერი და რით ახსოვთ ის ქართველებს? | Allnews.Ge

ორჯერ დამარცხებული სიმსივნე, 21 წლით უმცროსი ცოლი და კრიტიკული განცხადებები საქართველოზე - ვინ არის ვლადიმერ პოზნერი და რით ახსოვთ ის ქართველებს?

მთავარი რუსული სახელისუფლებო არხის Первый канал-ის ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების აქციები მოჰყვა. ცნობილი ტელეწამყვანი არაერთი სკანდალური ფრაზით არის ცნობილი, მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი, რაც ქართველების პროტესტს იწვევს 2010 წელს გაკეთებული განცხადებაა: "აფხაზეთი არასდროს გახდება საქართველოს ნაწილი".

პოზნერის თქმით, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. როგორც თავად ამბობს, ის 1-ელ აპრილს, "დურაკების" დღეს არის დაბადებული. ის 87 წლის გახდა...

"მე მესამე წელია, რაც თბილისში აღვნიშნავ დაბადების დღეს. მე ჩამოვედი არა პოლიტიკაზე სასაუბროდ, არამედ ჩემი დაბადების დღის აღსანიშნად", _ განუცხადა მან ჟურნალისტებს.

rosbalt.ru-ს მიერ მოზმადებული პუბლიკაციის მიხედვით, პოზნერი ამბობს, რომ "აფხაზეთი საქართველოსთვის დაკარგულია, რაშიც სააკაშვილის წვლილი დიდია" .

"ძალიან კარგად ვიცნობ იმ რეგიონს. ბევრჯერ და დიდხანს ვიყავი საქართველოში და ჩემთვის სრულიად ნათელი იყო, რომ აფხაზებს ქართველებთან ერთად ცხოვრება არ უნდოდათ... მეტიც, თავად ვარ მოწმე, რომ ქართველები მათ მეორეხარისხოვან ადამიანებად აღიქვამდნენ, თითქოს აფხაზები ახლახან ჩამოვიდნენ ხიდან და ა.შ..." - ამბობს ის საქართველოზეც საუბრისას ერთ-ერთ ინტერვიუში.

"როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გაფუჭდა და ეს მოხდა, სააკაშვილის დროს, მისი საკმაო ძალისხმევით, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, იქამდე აფხაზეთში იყო სამხედრო მოქმედებები, სადაც იყვნენ ე.წ. რუსი სამშვიდობოები. ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო და როგორც ჩანს, სააკაშვილმა გადაწყვიტა ძალისმიერი მეთოდებით დაებრუნებინა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი" - განაცხადა მან ინტერვიუში.

მისივე თქმით, სააკაშვილის თავისი გათვლები ჰქონდა.

"მას ეგონა, მის ქმედებებზე რუსეთს რეაგირება არ ექნებოდა და რუსეთი, აფხაზეთის გამო მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ არ წავიდოდა და ურთიერთობას არ გაიფუჭებდა. მეორეც, ეგონა, რომ ამერიკა დაეხმარებოდა. თუმცა, შეცდა. ამერიკელები არ დაეხმარნენ, რუსეთმა კი უპასუხა. ეს საქართველოს მხრიდან სამხედრო შეჭრა იყო და შედეგად, მან აფხაზეთი სამუდამოდ დაკარგა. აფხაზეთი არასდროს გახდება მისი ნაწილი და რა თქმა უნდა, სააკაშვილი, ამის "მიღწევაში" თავის ქვეყანას ძალიან დაეხმარა. ის ძალიან უცნაური ადამიანია და მასზე საუბრისას, მხოლოდ ამით შემოვიფარგლები..." - განაცხადა მან.

მოგვიანებით, მან კიდევ არაერთხელ ისაუბრა საქართველოზე, როგორც პოლიტიკური, ასევე სხვა კუთცითაც, ჰქონდა ლირიული გადახვევებით. მაგალითად, რუსი და ქართველი ხალხის მენტალურ განსხვავებებზე. 2016 წელს, ერთ-ერთ გადაცემაში, საქართველოში პირველად ჩამოსვლაც გაიხსენა...

"1975 წელს ქართველი მეგობრის, ვახო ჟღენტის მოწვევით, რომელიც მაშინ "კომსომოლსკაია პრავდაში" მუშაობდა, პირველად ჩავედი საქართველოში. თბილისის ცენტრში, სასტუმრო ივერიაში დამაბინავეს. ულამაზესი იყო, გამორჩეული ხედებით. საღამოს სტუმრად წავედით. სუფრასთან 20-მდე ადამიანი იჯდა, ქართული ტრადიციული სუფრა იყო, სადღეგრძელოებით... წარმოიდგინეთ, ეს ოცივე ადამიანი მე მადღეგრძელებდა, თუ როგორი კარგი, საოცარი ვარ და ჩემი მშობლები უნდა ამაყობდნენ ჩემით...

გაოცებული ვუსმენდი. მათ ხომ არაფერი იცოდნენ ჩემზე, პირველად ვხედავდი და დიდი ალბათობით, უკანასკნელადაც. იქნებ სულაც ნაძირალა და საშინელი ადამიანი ვარ?.. ეს ყველაფერი სიყალბე იყო, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა. როგორც ზოგადად ქართული სუფრა. მერე ვახომ მომაცილა სასტუმროში და გზაში მკითხა - რატომ ასეთ ცუდ განწყობაზე, უკმაყოფილო რითი ხარო? თავს უხერხულად ვგრძნობ, მაგრამ გიპასუხებ, ქართველები თვალთმაქცები ხართ, ისინი არ მიცნობენ და მაინც მაქებდნენ-მეთქი... პირველ რიგში, მათ იციან, რომ შენ ჩემი მეგობარი ხარ, ჩემგან გიცნობენ და წარმოუდგენელია, ცუდი ადამიანი იყო. მეორეც - მართლაც უღირსი რომ იყო, ასეთი სიტყვების მოსმენის შემდეგ, ოდნავ მაინც უკეთესი გახდებიო... ვიფიქრე, რა იდიოტი ვარ, ყველაფერს ჩვენი საზომით ვზომავთ, ისინი სრულიად სხვანაირად ფიქრობენ, ბევრად დელიკატურად და გონივრულად, ვიდრე ჩვენ-მეთქი..." - იხსენებს ის 2016 წელს Первый канал -სთვის ჩაწერილ ტელეგადაცემაში.

sputnik-ის აფხაზეთის განყოფილებამ, ტელეკომპანია იმედთან 2017 წელს ჩაწერილი ინტერვიუს ის ნაწილი გაავრცელა, სადაც პოზნერი ქართველების, აფხაზებისა და ოსების ურთიერთობაზე საუბრობდა. ის 70-იან წლებში აფხაზეთში ვიზიტს იხსენებდა და ქართველებსა აფხაზებს შორის "საშინელ ურთიერთობას" იხსენებდა, როდესაც ქართველები აფხაზებს "არასრულფასოვან" ადამიანებად აღიქვამდნენ და რის საფუძველზეც, ორ ხალხს შორის შეტაკებები ხდებოდა...

იმავე ინტერვიუში პოზნერმა რუსეთთან ურთიერთობაში ნატოს პოლიტიკაც გააკრიტიკა, რასაც მაშინ ქართველი საზოგადოებისგან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. რუს ჟურნალისტს ანტიკრემლისტურ მედიაში "პუტინის პროპაგანდისტს" უწოდებენ.

მოგვიანებით, ის თავადაც წერდა, რომ საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, ქუჩაში მას ადამიანები ხვდებოდნენ, ესალმებოდნენ და მასთან ერთად ფოტოს იღებდნენ... შემდეგ კი ქართულ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა.

"საკუთარ ხედვებზე ვისაუბრე, აფხაზეთზე, ოსეთზე... იმაზეც, რაც ჩემი თვალი ვნახე. მეგონა, ქართული მედია თავისუფალი იყო, მაგრამ შევცდი, უმრავი რამ დამაბრალეს უამრავი სიკვდილი და ცოდვა ამკიდეს, რუსეთის პროპაგანდისტობა და მისი ინტერესების დაცვაში დამადანაშაულეს. არად,ა მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი..." - იხსენებდა რუსი ჟურნალისტი.

ვლადიმირ პოზნერმა, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს მუდმივად და აქტიურად ადევნებს თვალ-ყურს, თბილისში გავრილოვის ვიზიტიც არ დატოვა უყურადღებოდ. თავის სპეციალურ ინტერნეტ-გვერდზე pozneronline.ru, მან 20 ივნისის ღამეს ბლოგიც მიუძღვნა, სადაც რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის წევრებისგან შემდგარი დელეგაციის თბილისში ვიზიტის განხილავდა.

"თუ გინდათ მომკალით და არ მეგონა, თუ კომუნისტურ პარტიაში მართლმადიდებლებს იყვნენ, არ ვიცი სულ მეგონა, რომ ათეისტები იყვნენ, თუმცა, თურმე ყოფილან, მართლმადიდებელი და კარგი პოლიტიკოსი გავრილოვი... ჰოდა, ის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, როგორც ჩანს, იცოდა, სად უნდა დამჯდარიყო, რასაც ადგილობრივი ოპოზიციის ხმაური მოჰყვა. ვფიქრობ, იქ არის რეალური ოპოზიცია, რეალური და არა მოჩვენებითი... ყველაფერი დემონსტრაციებში გადაიზარდა.

შედეგად, პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეაჩერა... ქვეყანაში ანტირუსული განწყობები გაიზარდა. ვფიქრობ, ქართული მხარე მართალი არ არის იმ დემონსტრაციების გამო, მაგრამ ავიამიმოსვლის შეჩერების აზრს ვერ ვხვდები.... შეეძლო ეთქვათ, პატივცემულო მოქალაქეებო, გაფრთხილებთ, თქვნთვის ჯობია, არ წახვიდეთ საქართველოში, იქ თქვენთვის უსაფრთხო არ არის. ისე, როგორც ამერიკელები აკეთებენ თავიანთ მოქალაქეებთან დაკავშირებით - ჯობს არაბულ ქვეყნებში ვიზიტისგან თავი შეიკავოთ. ეს უკვე გასაგები იქნებოდა. ასე მგონია, ისინი კარგად ვერ ხვდებინა რას აკეთებენ, ვიტყოდი, რომ საბავშვო ბაღია, ოღონდ საკმაოდ სახიფათო..." - წერდა ის.

2006 წელს პოზნერი ვლადიმერ პუტინმა მამულის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. მაშინ მიზეზად რუსული ტელე-რადიოს განვითარებისთვის გაწეული შრომა დასახელდა

ვლადიმირ პოზნერი ხშირად ხვდება რუსული მედიის კრიტიკის ქარცეცხლში. ის მეორედ 74 წლის ასაკში, მასზე 21 წლის უმცროს ნადეჟდა სოლოვიევაზე დაქორწინდა. მანამდე, 37 წლის განმავლობაში, ეკატერინა ორლოვასთან ქორწინებაში იმყოფებოდა, რომელიც სიმსივნით გარდაიცვალა. ცნობილი ჟურნალისტი კი, მის დაკრძალვაზე არ მისულა...

ვლედიმერ პოზნერი და ნადეჟდა სოლოვიევა

 

ახალგაზრდობის წლების ნაწილი მან გერმანიასა და ამერიკაში გაატარა. მამამისი Metro-Goldwyn-Mayer-ის ევროპულ ფილიალში მუშაობდა... რუსეთში ჩამოსვლის შემდეგ, მან მალევე მოიკიდა ფეხი, 90-იან წლებში მას ბორის ბერეზოვკიმ შესთავა ახალი სატელევიზიო გადაცემის მომზადება, თუმცა რატომღაც პროექტმა არ გაამართლა. ზოგადად, მისთვის წარმატება 50 წლის შემდეგ დაიწყო. მან სიმსივნეზე ორჯერ გაიმარჯვა.

ambebi.ge