სევრის ხელშეკრულება - "დიდი სომხეთის" კონტურები, თურქეთის დიდი უკმაყოფილება და ისტორიული დოკუმენტის მნიშვნელობა საქართველოსთვის | Allnews.Ge

სევრის ხელშეკრულება - "დიდი სომხეთის" კონტურები, თურქეთის დიდი უკმაყოფილება და ისტორიული დოკუმენტის მნიშვნელობა საქართველოსთვის

სევრის სამშვიდობო (საზავო) ხელშეკრულება

სევრი - ამ ფრანგული ქალაქის სახელი ბევრს, ალბათ, ცნობილი ფაიფურის ნაკეთობებს გაახსენებს: სევრში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერამიკის მანუფაქტურა (კომპანია), თუმცა ასევე ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ ზუსტად ასი წლის წინ სევრში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელმაც ოსმალეთის იმპერიის ბედი გადაწყვიტა.

1920 წლის 10 აგვისტო. სევრში ზაფხულის პაპანაქებაა. ფაიფურის მანუფაქტურის ადმინისტრაციის შენობასთან უჩვეულო ხალხმრავლობა შეინიშნება - აქ არის უამრავი პოლიტიკოსი, დიპლომატი, ჟურნალისტი... დღის 12 საათისათვის შენობის წინ ავტომობილები ჩერდებიან, გადმოდიან პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული ანტანტის (მოკავშირეთა) ქვეყნების ლიდერები, პოლიტიკოსები... აქვე ვხედავთ დამარცხებული ოსმალეთის იმპერიის წარმომადგენლებსაც, რომლებსაც ცოტა ხნის შემდეგ შენობის დიდ დარბაზში ერთობ არასასიამოვნო დოკუმენტზე მოუწევთ ხელმოწერა - ოდესღაც ძლევამოსილი იმპერიის დაშლა-დანაწილების თაობაზე.

 

მაშ ასე, სევრში პირველი მსოფლიო ომის შემდგომი მცირე აზიის, ახლო აღმოსავლეთის და ნაწილობრივ, კავკასიის მოწყობის საკითხი წყდება... ფორმდება საზავო ხელშეკრულება გამარჯვებულს და დამარცხებულს შორის, რომელიც წარმოადგენს ვერსალ-ვაშინგტონის სისტემის ნაწილს (ანუ ასახავს იმ ახალ მსოფლიო წესრიგს, რომელიც 1919 წლის 27 ივნისის ვერსალის საზავო ხელშეკრულებით ჩამოყალიბდა პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ).

 

  • ხელშეკრულების სუბიექტები
 

ერთი მხრივ - ანტანტის წევრები და მათი სატელიტი ქვეყნები (საფრანგეთი, იტალია, იაპონია, ბელგია, საბერძნეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სერბეთ-ხორვატეთ-სლოვენეთის სამეფო, ჰიჯაზის სამეფო, ჩეხოსლოვაკია); მეორე მხრივ - ოსმალეთის იმპერია (თურქეთი),

დოკუმენტს ხელს აწერენ ანტანტის ქვეყნების მეთაურები, პირველ მსოფლიო ომში ანტანტის მხარეზე მებრძოლი ქვეყნების (ბრიტანეთის დომინიონების) წარმომადგენლები, სულთან მეჰმედ VI-ის ნდობით აღჭურვილი პირები ჰაადი-ფაშა და რიზა თევფიკ-ბეი, აგრეთვე სომხეთის რესპუბლიკის დაშნაკური მთავრობის თავმჯდომარე ავეტის აგარონიანი.

 

  • ხელშეკრულების საფუძველი

ა) ინგლის-საფრანგეთ-რუსეთის (ე.წ. „საიქს-პიკოს“) საიდუმლო შეთანხმება, რომელიც დაიდო 1916 წელს დიდი ბრიტანეთის სამეფო მრჩევლის მარკ საიქსის და საფრანგეთის გენერალური კონსულის ფრანსუა ჟორჟ-პიკოს მოლაპარაკების შედეგად ბეირუთში. ბეირუთის შემდეგ მოლაპარაკება გაგრძელდა პეტერბურგში. დოკუმენტი ითვალისწინებდა პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიების გადანაწილებას. საფრანგეთი იღებდა იმპერიის სამხრეთ-ღმოსავლეთ ნაწილს, ჩრდილოეთ ერაყს, სირიასა და ლიბანს. ინგლისი იღებდა იმ ტერიტორიას, რომელზეც თანამედროვე იორდანია, ერაყის სამხრეთი ნაწილი და ისრაელი მდებარეობს. პეტერბურგში გამართული მოლაპარაკების დროს გათვალისწინებული იქნა რუსეთის მთავრობის ინტერესები: ოსმალეთზე გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი იღებდა ბოსფორ-დარდანელის სრუტეებს, კონსტანტინოპოლს (სტამბოლს), დასავლეთ სომხეთს და ქურთისტანის ჩრდილოეთ ნაწილს.

შენიშვნა: რადგანაც რუსეთში 1917 წელს კომუნისტური (ბოლშევიკური) გადატრიალება („ოქტომბრის რევოლუცია“) მოხდა, საბჭოთა მთავრობამ უარი განაცხადა ანტანტის წევრობაზე და მისი შემადგენლობიდან გავიდა. შესაბამისად, რუსეთი არ მონაწილეობდა სევრის ხელშეკრულების ხელმოწერაში.

ბ) სან-რემოს (იტალია) 1920 წლის 19-26 აპრილის კონფერენციის (დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის პრემიერ-მინისტრების, აგრეთვე იაპონიის ელჩის მონაწილეობით) გადაწყვეტილებები ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიების მართვის თაობაზე ერთა ლიგის მანდატით. ოსმალეთის ჩრდილო-დასავლეთის ნაწილის (ტრაპიზონი, ართვინი, ერზერუმი) ბედის გადასაწყვეტად სან-რემოს კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებიც, საქმე ეხებოდა ბათუმის ნავსადგურით ერთობლივ სარგებლობას, რკინიგზის მშენებლობას ყარსიდან ბათუმამდე, მდინარე ჭორიხის ხეობის გავლით. სამწუხაროდ, თბილისსა და ერევანს შორის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება-შეთანხმება შეუძლებელი გახდა. როგორც ცნობილი ქართველი დიპლომატი, სან-რემოს მოლაპარაკების მონაწილე ზურაბ ავალიშვილი წერს თავის მემუარებში "საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში", სომხები ითხოვდნენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე (ართვინის ოლქში) აგებული რკინიგზა მათ საკუთრებაში ყოფილიყო, ასევე სურდათ მისი ერთ-ერთი განშტოება ბათუმიდან რიზეს ნავსადგურშიც გასულიყო, ანუ ისინი ბათუმით არ კმაყოფილდებოდნენ და რიზეში საკუთარი დიდი პორტის შექმნა სურდათ. მოკლედ, საქართველოსა და სომხეთის დელეგაციების შეთანხმება ვერ მოხერხდა.

 

  • ხელშეკრულების მიზანი და პირობები

სევრის ხელშეკრულების მიზანი იყო ოსმალეთის იმპერიის (თურქეთის) პერსპექტივა - მისი საერთაშორისო სტატუსი, ტერიტორიების გადანაწილება ანტანტის წევრებს შორის და დაყოფა მართვის (გავლენის) ზონებად.

დოკუმენტის პირობების მიხედვით განისაზღვრა ოსმალეთის არმიის რაოდენობა - 50 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, ოსმალეთის (თურქეთის) ფინანსებზე წესდებოდა საერთაშორისო კონტროლი. გარდა ამისა, ოსმალეთი კარგავდა ტერიტორიებს:

ა) ევროპულ ნაწილს - აღმ.თრაკიას, ადრიანოპოლს, ეგეოსის ზღვის კუნძულებს - რომლებიც საბერძნეთს გადაეცა. საბერძნეთმა მიიღო აგრეთვე სმირა (დღევანდელი იზმირი);

ბ) ალბანეთი ცხადდებოდა იტალიის პროტექტორატად;

გ) კონსტანტინოპოლი და შავი ზღვის სრუტეები ცხადდებოდა დელიმიტარიზებულ ზონად. როგორც ითქვა, ოსმალეთის ეს ნაწილი რუსეთს უნდა გადაცემოდა, მაგრამ რადგანაც საბჭოთა რუსეთის ანტანტიდან გავიდა, ქალაქზე და სრუტეებზე საერთაშორისო მართვა გამოცხადდა;

დ) სირიისა და ლიბანის მართვის მანდატი გადაეცა საფრანგეთს;

ე) პალესტინისა და მესოპოტამიის მართვის მანდატი - დიდ ბრიტანეთს;

ვ) ოსმალეთი (თურქეთი) კარგავდა ჩრდილოეთ აფრიკას (სირიას, ტუნისს, ეგვიპტეს), არაბეთის ნახევარკუნძულს (სადაც ცხადდებოდა ჰიჯაზის სამეფოს დამოუკიდებლობა). ყველა მათზე პროტექტორატს იღებდა დიდი ბრიტანეთი;

ზ) ოსმალეთი აღიარებდა სომხეთს "თავისუფალ და დამოუკიდებელ" სახელმწიფოდ. "თურქეთი და სომხეთი თანხმდებოდნენ, რომ მათ შორის საზღვარი (ვანის, ბითლისისა, ერზერუმის, ტრაპიზონის ვილაითებთან მიმართებით) და სომხეთისთვის შავ ზღვაზე გასასვლელი დადგინდებოდა საერთაშორისო არბიტრაჟით, აშშ-ის პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის ხელმძღვანელობით. ასევე ორივე მხარე აცხადებდა, რომ აღიარებდა არბიტრაჟის გადაწყვეტილებას. სომხეთთან მომიჯნავე ოსმალეთის ტერიტორიები ცხადდებოდა დელიმიტარიზებულ ზონად“ (მუხლი 89).

"სომხეთის საზღვრები აზერბაიჯანთან და საქართველოსთან (ტერიტორიის კუთვნილების გასარკვევად) დადგინდება დაინტერესებული ქვეყნების საერთო თანხმობით. თუ რაიმე შემთხვევის გამო დაინტერესებული ქვეყნების თანხმობა არ მოხდება, მაშინ საზღვარს დადგინდება მთავარი მოკავშირე სახელმწიფოების შუამავლობით, რომლებიც უზრუნველყოფენ მის ადგილზე გატარებას" (სტატია 92).

განაგრძეთ კითხვა