უცნობი ფაქტები საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა მიწისქვეშა გვირაბების შესახებ | Allnews.Ge

უცნობი ფაქტები საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა მიწისქვეშა გვირაბების შესახებ

"URBEX GEORGIA" ახალგაზრდების გაერთიანებაა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა გვირაბებს სწავლობს. გვირაბები, ძირითადად, საბჭოთა მემკვიდროებაა. ზოგი მათგანი საიდუმლო იყო, ზოგს საბჭოთა ხელისუფლება დანმაშავეთა დასასჯელად იყენებდა, ზოგიც ზე-საიდუმლო დანიშნულებას განეკუთვნელობდა. რატომ დაინტერესდნენ ახალგაზრდები აღნუშნული თემით და რა საინტერესო მასალას მიაკვლიეს? ამ და სხვა კითხვებით: "URBEX GEORGIA"-ს წვერებს ვახტან კაშმაძესა და ვახო ნოზაძეს მივმართეთ:

- ძალიან ბევრი მითი არსებობს მიწისქვეშა ობიექტებთან დაკავშირებით: "მეტრო-2 თბილისში" (სამთავრობო მეტრო, რომელსაც ქალაქგარეთ უნდა გაეყვანა მთავრობის წევრები, გვირაბები რომლებსაც ქალაქის ერთი ბოლოდან მეორემდე პარლამენტის გავლით მივყავართ და ა.შ.) ამ საიდუმლოებებით მოცულმა ადგილებმა ჩვენში ინტერესი გამოიწვია და დავიწყეთ ამ ყველაფრის შესწავლა. გარდა ამისა, ჩვენთვის რისკის ფაქტორიც დიდ როლს თამაშობს, საოცარი გრძნობაა როდესაც ისეთ ადგილას ჩადიხარ, სადაც შეიძლება ჩარჩე, სადმე ჩავარდე, რამე დაგეცეს, დაიკარგო და ა.შ, მოკლედ ადრენალით ვცხოვრობთ.

- რამდენი ხართ და რა მიზნით იკვლევთ?

- ამჟამად "URBEX GEORGIA" 4 წევრისგან შედგება და სხვების დამატებას არც ვფიქრობთ, სრულიად საკმარისია ეს რაოდენობა. როგორც უკვე აღვნიშნე, მრავალი მითი არსებობს ამ ობიექტებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ინტერესს იწვევს. უმეტეს შემთხვევაში მითი მითად რჩება. ხალხს რატომღაც უყვარს ყველაფრის გაზვიადება. ასევე გვაინტერესებს, როგორ იყო მოწყობილი სამოქალაქო თავდაცვა საბჭოთა დროს. ამის შესასწავლად საუკეთესო ობიექტებია საქართველოში. თანაც დროთა განმავლობაში ეს ობიექტები აუცილებლად განადგურდება (და ეს პროცესი 90-იანი წლებიდან აქტიურად მიდის), ამიტომ ჩვენ გვინდა ისტორიას დავუტოვოთ მათ შესახებ ინფორმაცია. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს არქივის დიდი ნაწილი განადგურებულია და ჩვენ ვცდილობთ მცირე წვლილი მაინც შევიტანოთ მისი გადარჩენის საქმეში.

- ბევრ გვირაბს საბჭოთა პერიოდში საწამებლად იყენებდნენ, თუ გხვდებათ რაიმე კვალი?

- მთლად ეგრეც ვერ ვიტყვი, რომ ბევრს იყენებდნენ. კი იყო კონკრეტული გვირაბები, საკნები, ე.წ. "ტუპიკები" (გრძელი გვირაბია, რომელიც რეალურად არსად არ მიდის. ბოლოში კედელთან აყუდებდნენ ხალხს და ხვრეტდნენ), სადაც ხალხს დაკითხვას უწყობდნენ ან ხვრეტდნენ. დღეს შეიძლება გადააწყდე პატიმრების მიერ დატოვებულ წარწერებს - მათ სახელებს და თარიღებს, ან იქ მომუშავე პერსონალის მიერ დატოვებულ წარწერებს და თარიღებს, მათი უმრავლესობა რუსულ ენაზეა.

- ისეთი გვირაბები თუ გხვდებათ, სადაც საიდუმლო კვლევებს ატარებდნენ?

- ჩვენი ინფორმაციით, მიწისქვეშა ობიექტებში ნაკლებად ტარდებოდა რამე საიდუმლო კვლევები. კვლევებს უფრო ისეთ ობიექტებში ატარებდნენ, როგორიცაა მაგალითად, სოფელი "პობედა" გარდაბნის რაიონში. საბჭოთა კავშირის დროს, შენდებოდა სამხედრო დანიშნულების სოფლები, სადაც მხოლოდ სამხედროების ოჯახები ცხოვრობდნენ. სოფელთან ახლოს განთავსებული იყო სამხედრო ბაზა, სადაც მოხვედრა მხოლოდ შესაბამისი საშვით იყო შესაძლებელი. იქ ჩატარებული სამუშაოები დღემდე გასაიდუმლოვებულია და ამ თემაზე არავინ საუბრობს, ასევე შეიძლება აღინიშნოს ე.წ "ზვეზდას" ობიექტები და მცხეთის რაიონის სოფ. კარსანი, სადაც დღესაც არის შემორჩენილი გარკვეული კვლევის ნაშთები (ვერწხლისწყალი და ა.შ).

- როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი იყო ამ გვირაბების არსებობა?

- მიწისქვეშა თავდაცვითი ობიექტების აშენება იმ პერიოდში აუცილებელი იყო. ლავრენტი ბერიამ მიიღო ბრძანება, რომ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით აეშენებინათ თავშესაფრები. ამას დაემატა სამოქალაქო თავდაცვის საკომანდო პუნქტების მშენებლობა. იმ დროინდელი მთავრობა უშვებდა, რომ საბჭოთა კავშირზე ატომური თავდასხმის შეიძლებოდა განხორციელბულიყო. ყველა თავშესაფარი აღჭურვილი იყო სასწავლო პლაკატებით, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მოქალაქე სხვადასხვა ტიპის დაბომბვისას, ან გარემოს დაბინძურების დროს. თავშესაფრების ბალანსზე ირიცხებოდა სპეცტექნიკა - დოზიმეტრები, სხვადასხვა საზომი ხელსაწყოები, აირწინაღები, მცირე ქიმიური ლაბორატორიები და სხვა. თუმცა ჩვენი აზრით, ობიექტების გარკვეული რაოდენობა უბრალოდ "გეგმიურად" შენდებოდა, ანუ არ პასუხობდა იმ გამოწვევას, რისთვისაც ის იყო აშენებული - ბევრი თავშესაფარი იმდენად ახლოსაა მიწის ზედაპირთან, რომ ავტომატის ჯერს თუ გაუძლებდა. ასეთი ობიექტები, ძირითადად, 70-იან წლებშია აშენებული, ე.ი მაშინ, როდესაც ბერიას მტკიცე ხელი მოაკლდა მშენებლებს.

- რა დანიშნულებისაა გვირაბების უმეტესობა?

- უმეტესობას თავდაცვითი ფუნქცია აქვს, მაგრამ იყო საკომანდო პუნქტებიც, სამედიცინო პუნქტები, საწარმოები და ტრანსპორტიც კი. დღეს ცოტამ თუ იცის, რომ მეტროპოლიტენის სისტემა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს შენდებოდა, ატარებდა როგორც სატრანსპორტო, ასევე სამოქალაქო თავდაცვის ფუნქციას. ასევე ხშირად გვხვდება კოლექტორები, საკომუნიკაციო და საირიგაციო გვირაბები.

- სხვა ქვეყნებს თუ აქვთ მიწისქვეშა გვირაბების მშენებლობის მსგავსი პრაქტიკა?

- იდენტური ობიექტები მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით შენდებოდა. ყველაზე მეტი რუსეთის დედაქალაქშია. მოსკოვს მართლა აქვს მეტრო-2, რომელიც მთავრობის ევაკუაციისთვის გამოიყენება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის გარდა, თითქმის ყველა ქვეყანაში შეწყდა მიწისქვეშა ობიექტების მშენებლობა. იქ დღემდე მშენებლობის პროცესშია ობიექტი "იამანტაუ". ასევე კარგად განვითარებული ურბექსია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მრავლი ობიექტი მოიძებნება ყაზეხეთშიც, ესეც საბჭოთა მემკვიდრეობაა, სწორედ აქ იყო მრავალი კოსმოსური კვლევის ობიექტიც.

- თუა შესაძლებელი ამ გვირაბების ტურისტული თვალსაზრისით გამოყენება?

- ცოტა რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდი დრო გავიდა. 90-იან წლებში ეს ობიექტები გაიძარცვა. ფილტრაციის სისტემების გაუმართაობამ სინესტის დონის მომატება და ობიექტის კონსტრუქციის დაზიანება გამოიწვია. პირვანდელი სახით ალბათ რთული იქნება დააბრუნო ის ყველაფერი, რაც იყო. ბუტაფორიული ინვენტარით შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ ძალიან შრომატევადია ეს საქმე. დაიმედების საფუძველს იძლევა მრავალი ობიექტი პრაღაში, რომელთაც ძალიან დიდი შემოსავალი შეაქვთ ბიუჯეტში.

- ვის ექვემდებარებოდა ზესაიდუმლო ობიექტები?

- გააჩნია რა დანიშნულების იყო, კოოპერატივის თავმჯდომარიდან დაწყებული, კრემლით დამთავრებული, შეიძლებოდა ყველას დაქვემდებარებაში ყოფილიყო. უმეტეს შემთხვევაში, ეს ობიექტები "სუკ"-ს ექვემდებარებოდა. უნდა აღინიშნოს რომ ყველა ობიექტი არ იყო ზე-საიდუმლო, მაგალითად ბაღების, სკოლების და საავამყოფოების თავშესაფრებში, ხშირად ტარდებოდა სწავლებები ევაკუაციისათვის.

- მშვიდობიანობის დროს რა ხდებოდა ამ გვირაბებში ან რა მიზნით იყენებდნენ მათ?

- მშვიდობიან დროს ამ ობიექტების უმეტესობაში არაფერი ხდებოდა. ერთადერთი თავშესაფრებში იცვლებოდა საკვები მარაგები, ხდებოდა ძველი ტექნიკის ახლით ჩანაცვლება და ა.შ. ხოლო სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას. ცალკე აღნიშვნის ღირსია 90-იანი წლები, ამ დროს მრავალ ობიექტში გაიხსნა პატარ-პატარა საწარმოები, რამაც საბოლოოდ გაანადგურეს იქ არსებული ინსფრატრუქტურა და ტექნიკა.

- დაახლოებით რამხელაა თბილისის ქვეშ არსებული გვირაბების სიგრძე?

- გვირაბი სხვა არის და თავშესაფარი სხვა. გვირაბების სიგრძეს ვერ გაზომავ, ის შეიძლება კილომეტრობით იყოს, რაც შეეხება თავშესაფრების რაოდენობას, რამდენიმე ასეული იქნება. მათი ნაწილი შსს-ს, ხოლო ნაწილი თბილისის მერიის ბალანსზე ირიცხება.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE