უნიკალური კუნძული, სადაც მგლები ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ (ფოტოები) | Allnews.Ge

უნიკალური კუნძული, სადაც მგლები ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ (ფოტოები)

საუკუნეთა მანძილზე მგლები კაცობრიობისთვის საშიშ არსებებს წარმოადგენდნენ, რომლებიც გამუდმებით ესხმოდნენ თავს დასახლებულ პუნქტებს და არაერთი ადამიანი მათი მსხვერპლი გამხდარა.

თუმცა, დროთა განმავლობაში მგლების პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და დღეს ველურ ბუნებაში ისინი იშვიათად გვხვდებიან. მგლების რამდენიმე სახეობა მაგალითად იაპონური, მექსიკური და ესპანური მთლიანად გადაშენდნენ. დღესდღეობით მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ზოოპარკებში ათობით მგელი ცხოვრობს, თუმცა, მათი საცხოვრებელი გარემო ბუნებრივისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

აშშ-ის ვაშინგტონის შტატში, ქალაქ სიეტლსა და კანადის საზღვარს შორის მდებარე ნაკრძალში, რომელიც კუნძულზე მდებარეობს საკმაოდ უჩვეულო იდეა მოუვიდათ- გადაწყვიტეს კუნძული მთლიანად ველური ბუნებისა და მგლების პოპულაციისთვის დაეთმოთ, სადაც ცხოველები თავისუფლად ცხოვრებას შეძლებდნენ. იდეის ავტორებმა სპეციალური ცენტრი The Predators of the Heart Sanctuary შექმნეს, სადაც სტუმრობა და ველურ ცხოველებთან დროის გატარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კუნძულზე ჩასვლის მსურველები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ და ტური დაჯავშნონ. ადგილზე ჩასვლის შემდეგ კი ნაკრძალის ადმინსიტრაცია მათ 2-საათიან ტურს სთავაზობს.

ტურის დროს სტუმრების გვერდით გამყოლები და 2 მგელი- მაქსი და კაკოა მიჰყვებიან, რომლებიც დამთვალიერებლების მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩევიან და საფრთხეს არ წარმოადგენენ.

ამასთან, მგლების გარდა კუნძულზე იაგუარები, მელიები, სხვდასხვა სახის რეპტილიები და ფრინველები ბინადრობენ.

რაც შეეხება საფასურს, The Predators of the Heart Sanctuary-ის მონახულება ერთი ადამიანისთვის საშუალოდ 200-250 აშშ დოლარი ღირს. თითოეულ ჯგუფში მაქსიმუმ 8 ადამიანი დაიშვება.

ამასთან, იმისათვის, რომ კუნძულზე მცხოვრებ არსებებს ადამიანების სიმრავლისგან დისკომფორტი არ შეექმნათ ყოველდღიურად მსურველების მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობა დაიშვება.

კუნძულზე ერთ დღეში მხოლოდ 2 ექსკურსია ეწყობა. კვირა დღეს კი როგორც დაცული ტერიტორიის ადმინისტრაცია, ასევე ცხოველები ისვენებენ.