უკრაინელი ქალის საოცარი ამბავი, რომელმაც ბოლნისის სიონი გადაარჩინა | Allnews.Ge

უკრაინელი ქალის საოცარი ამბავი, რომელმაც ბოლნისის სიონი გადაარჩინა

ზოგჯერ ისე ხდება, ადამიანები თავისთვის ჩუმად აკეთებენ კეთილ საქმეებს, რომელთა შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცის. ერთ საინტერესო უკრაინელ ქალზე უნდა გიამბოთ, რომელიც საქართველოში ბევრი წლის წინ ჩამოვიდა და აქ ქართული საქმის სამსახურში გაატარა ლამის მთელი ცხოვრება.

ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, ქალს "ბოლნისის სიონის მცველი" შევარქვი, ტაძრის, რომელიც V საუკუნის ისტორიული ძეგლია და სადაც აღმოჩენილია პირველი ქართული წარწერა, ასევე V საუკუნით დათარიღებული...

  • უკრაინელი გოგონა, რომელიც საქართველოში სიყვარულმა ჩამოიყვანა

ევგენია ვოგილევიჩი ოდესის ოლქიდან იყო. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბოლნისში დამკვიდრდა და ტაძარს წლების განმავლობაში გულით ემსახურა. გასული საუკუნის 40-იან წლებში, ქვემო ბოლნისიდან მეორე მსოფლიო ომში სხვებთან ერთად, ერთი აზერბაიჯანელი ახალგაზრდაც გაიწვიეს. ომის დასრულების შემდეგ, ის უკრაინაში ევგენიას შეხვედრია, მოეწონა და ცოლობა სთხოვა.

ახალგაზრდა ქალი ქრისტიანულ ოჯახში იყო აღზრდილი. როდესაც ბებიას შვილიშვილის საქართველოში გათხოვების შესახებ შეუტყვია, შეშფოთებულა, მაგრამ სიყვარულმა მაინც თავისი გაიტანა... სასიძომ ბებიას თავი ქართველად წარუდგინა - საკუთარი ეროვნება და სარწმუნოება დამალა, რადგანაც მოსალოდნელი იყო, მისთვის, როგორც მუსლიმისთვის ევგენია არ გაეტანებინათ. ბებიამ ოჯახში მისულ მამაკაცს შვილიშვილზე დაქორწინების ნება დართო.

უკრაინელმა გოგონამ ბოლნისში ჩამოსვლამდე არ იცოდა, რომ მისი მომავალი მეუღლე აზერბაიჯანელი იყო...

მოკლედ, ასე აღმოჩნდა უკრაინელი ქალბატონი საქართველოში, სადაც საბოლოოდ მიხვდა, რომ არაქართულ და არაქრისტიანულ ოჯახში აღმოჩნდა, მაგრამ მისთვის ნუგეში და ნათელი წერტილი სწორედ ბოლნისის სიონის ტაძარი გახდა, სადაც ოჯახით ახლოს ცხოვრობდნენ. ამიტომ გადაწყვიტა, როგორც შეეძლო, მისთვის ემსახურა.

ომის შემდგომ წლებში ბოლნისის სიონში ღვთისმსახურება არ ტარდებოდა. ტაძარი გადაუხურავი იყო, წყალი ჩადიოდა, კედლებს აზიანებდა, არც გალავანი და ჭიშკარი ჰქონდა და საქონელი ტაძარში თავისუფლად შედიოდა. იქაურობა ფაქტობრივად, ბოსლად იყო ქცეული...

50-იან წლებში ქართველმა მეცნიერმა, აკადემიკოსმა გიორგი ჩუბინიშვილმა ბოლნისის სიონის ირგვლივ გათხრები დაიწყო... ერთხელაც, როდესაც ევგენიას შორი მანძილიდან, მხარზე გადებულ ხარიხაზე დაკიდული ორი კასრით წყალი მოჰქონდა (წყლის საზიდად როგორც უკრაინაში იყო ჩვეული, მეუღლისთვის ისეთივე ხარიხა გაუკეთებინებია), ჩუბინიშვილს დაუნახავს და თანმხლები პირებისთვის უთქვამს - ამ ქალბატონს წყალი აქაურობისთვის უჩვეულოდ მოაქვს და აზერბაიჯანელი არ უნდა იყოსო... და ევგენიას გამოლაპარაკებია.

  • კიდევ ერთი გადარჩენილი ტაძარი და შეხვედრა პატრიარქთან

როდესაც აკადემიკოსმა მისი წარმომავლობა გაარკვია, გაუხარდა, რომ მისი ვარაუდი გამართლდა და ის როგორც ქრისტიანი, ბოლნისის მსახურად განაწესა. ტაძრის მცველსა და მომვლელ ევგენიას ხელფასსაც უხდიდნენ... ასე დაუკავშირდა იგი ბოლნისის სიონს, როგორც მისი ერთგული მსახური და იქიდან მოყოლებული, 50 წელზე მეტი, ბოლნისის სიონის პირველი და ერთადერთი მრევლი იყო...

ბოლნისის სიონი კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1989 წელს ამოქმედდა. მანამდე კი, იქ მისულ ყველა სტუმარსა და მომლოცველს, ფაქტობრივად, ღვთისმსახურისა და გზამკვლევის ფუნქციას, ევგენია უწევდა. უხსნიდა ტაძრის ისტორიას, ესაუბრებოდა ქრისტიანობაზე... ამიტომაც მათ, ვინც ამ ტაძარში ადრეული წლებიდან დაიწყო სიარული, ეს ქალბატონი როგორც ტაძრის მსახურის სიმბოლური სახე, ისე წარმოუდგებოდათ.

უწმინდესი აფასებდა მას. როდესაც იგი ბოლნისის სიონში მიბრძანდებოდა, ფაქტობრივად, ევგენია ვოგილევიჩი უწევდა მასპინძლობას. ასეთი ამბავიც ყოფილა, რომელსაც ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი იხსენებდა:

"ევგენია ყვებოდა ხოლმე, ჩვენი პატრიარქის სახელი გაგონილი კი მქონდა, მაგრამ სახეზე არ ვიცნობდი, ნანახი არ მყავდაო. 80-იან წლებში ერთხელაც, სკამზე ვიდექი და ჯაგრისით ტაძრის გაშავებულ კედლებს ვხეხავდი. უკნიდან ვიღაცის ფეხის ხმა შემომესმა. შემოვბრუნდი და ჩემ წინ ღვთისმსახური იდგა, რომელიც თბილად მიღიმოდა. სკამიდან ჩამოვედი და ვკითხე: ვინ ხართ და როგორ მოგმართოთ. მე პატრიარქი ილია ვარო. სიხარულისგან ვერ მოვიფიქრე, რა უნდა მექნა და მის წინ მუხლებზე დავემხეო..."

...ევგენიას ტაძრის გადასახურად ვინ არ შეუწუხებია. არავის ერიდებოდა, რაიკომის მდივნით დაწყებული, ვისაც კი შეეძლო, ტაძრისთვის დახმარება აღმოეჩინა, ყველას აწუხებდა - მიხედეთ, ეს ხომ ჩვენი განძი და ისტორიააო. საბოლოოდ, მაინც თავისი გაიტანა და რუსეთიდან სპილენძის თუნუქი გამოაგზავნინა, რითაც გადახურეს კიდეც ბოლნისის სიონი.

წუღრუღაშენი - XIII საუკუნის ქართული მართლმადიდებლური გუმბათოვანი ტაძარი ბოლნისის მუნიციპალიტეტში

მეუფე ეფრემის მონათხრობიდან იმასაც ვიგებთ, რომ ევგენიას ასევე დიდი ღვაწლი აქვს წუღრუღაშენის, XIII საუკუნის ტაძრისთვის გაწეული (წუღრუღაშენი 2 კილომეტრშია ბოლნისის სიონიდან, სოფელში სომეხი მოსახლეობა ჭარბობს).

განაგრძეთ კითხვა