"ადრე ჩვენთან ათეულობით ტურისტი მოდიოდა, პანდემიამ ყველაფერი გააჩერა" - საუკუნოვანი კერამიკა თელავში და კაცი, რომელიც 50 წელია თიხასთან მეგობრობს | Allnews.Ge

"ადრე ჩვენთან ათეულობით ტურისტი მოდიოდა, პანდემიამ ყველაფერი გააჩერა" - საუკუნოვანი კერამიკა თელავში და კაცი, რომელიც 50 წელია თიხასთან მეგობრობს

საქართველოში კერამიკის წარმოებას უძველესი დროიდან ჩაეყარა საფუძველი. ქართული კერამიკა განსაკუთრებით ღვინის ჭურჭლის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც, თავის მხრივ, მჭიდრო კავშირშია მეღვინეობის უძველეს ტრადიციასთან. ქვევრი, კულა, ხელადა, აზარფეშა, დოქი, ფიალა, სურა - ზიარჭურჭლის ნაირსახეობაა, რომელიც ფორმების უჩვეულო სიმდიდრით ხასიათდება და როგორც სპეციალისტები ამბობენ, სწორედ ჭინჭილა, ხელადა და კიდევ ბევრი სხვა, ამის ნათელი მაგალითია. კერამიკის წარმოებით გამორჩეულია თელავის რაიონის სოფელი ვარდისუბანი. იქ კერამიკის წარმოებას საფუძველი მე-20 საუკუნეში აპოლონ ნაცარაშვილმა ჩაუყარა, მის საქმიანობას დღეს მისი შვილი აგრძელებს.

გოგიტა ნაცარაშვილი:

- ვარდისუბანი ულამაზესი სოფლია, ის თელავიდან 2 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, სადაც ჩემი "კერამიკული საწარმო" მუშაობს. ამ საქმეს საფუძველი მამაჩემმა - აპოლონ ნაცარაშვილმა ჩაუყარა და მის საქმიანობას დღეს მე ვაგრძელებ. ასე რომ, პროფესიით კერამიკოსი გახლავართ. ამ ხელობას მამაჩემისგან დავეუფლე, რომელიც 6 წლის ასაკიდან თიხასთან მოპყრობას და კერამიკული ნაწარმის დამზადების ტექნიკა-ტექნოლოგიას მასწავლიდა. ასე რომ, აქტიურად ვაგრძელებ წინაპრების დანატოვარ საქმეს" - გვეუბნება ბატონი გოგიტა.

- მრავალფეროვანი ნამუშევრები გაქვთ დამზადებული, თითქმის ყველა სახის საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, თუმცა დეკორატიული ნივთებიც არის... თავად ირჩევთ იმას რა დაამზადოთ, თუ მომხმარებლის მოთხოვნილებიდან გამოდინარე გამდიდრდა თქვენი ნაწარმის ჩამონათვალი?

- როდესაც პირველად დაიწყო საწარმოში ჭურჭლის წარმოება, დაახლოებით 10 სახეობის ნივთი მზადდებოდა, ესენი იყო - ფიალა, ყანწი, დოქი, პატარა და დიდი ზომის ქვევრი და ა.შ. ამ ეტაპისთვის კი, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, დაახლოებით, 30 სახეობის ნივთის დამზადება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ნივთების მრავალფეროვნება მომხმარებლის შეკვეთის შესაბამისად იზრდება, თუმცა სამწუხაროდ, დღეს არ არის ჩვენი მოსახლეობის მხრიდან დიდი დაინტერესება ტრადიციული ქართული თიხის ნაწარმის მიმართ.

- რთულია კერამიკული ნაწარმის წარმოება? და რამდენად სრულყოფილად ხართ აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკით?

- საკმაოდ რთულია, თუმცა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შეისწავლოს. დამზადების პროცესში საჭიროა მაღალი ხარისხის თიხა, თიხის საზელი დანადგარი, "ჩარხი"-დანადგარი, რომლის დახმარებითაც მზადდება ჭურჭელი, გამოსაწვავი ღუმელი და ა.შ. სრულად არის ჩვენი საწარმო არჭურვილი საჭირო და შესაბამისი დანადგარებით.

- რა დრო სჭირდება მაგალითად, ერთი კონკრეტული ნივთის დამზადებას?

- საბოლოო შედეგის მისაღებად თითოეული ნივთი რამდენიმე პროცედურას გადის. დამზადება პირველ დღეს ხდება, შემდეგ გამოშრობას 5-6 დღე საჭირდება, შემდეგ ნაწარმი გამოსაწვავ ღუმელში გადაგვაქვს, სადაც 7-8 საათის განმავლობაში თიხის მაღალ ტემპერატურაზე ხდება გამოწვა.

განაგრძეთ კითხვა