"წამალი საერთოდ არ მიმიღია, არც ექიმთან ვყოფილვარ" - გაიცანით იოგათი გატაცებული 88 წლის ქართველი მხატვარი | Allnews.Ge

"წამალი საერთოდ არ მიმიღია, არც ექიმთან ვყოფილვარ" - გაიცანით იოგათი გატაცებული 88 წლის ქართველი მხატვარი

არაერთხელ მომხდარა, რომ ზოგჯერ ერთ კონკრეტულ თემაზე რესპონდენტთან სასაუბროდ მისული, რამდენიმე ისეთ თემას "წააწყდები", რომ გვერდს ვერ აუვლი. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. 88 წლის მხატვარი, ალექსანდრე (შურა) ციხელაშვილი სალამურზე უკრავს, მღერის, დიდი ხანია, იოგათია დაკავებული, მოგზაურობს... როცა ვკითხე, - როგორ ახერხებთ, ამ ასაკში ასეთი აქტიური იყოთ? ბოლოს მაღალმა წნევამ როდის შეგაწუხათ-მეთქი? ღიმილით მიპასუხა: ეგ რა არის, საერთოდ არ ვიციო. მოკლედ, მისი პერსონა ნამდვილად საყურადღებოა.

- ბატონო ალექსანდრე, პირველ რიგში ცხოვრების სტილზე მიამბეთ. აქტიური ხართ 88 წლის ასაკში. ბევრს დადიხართ, ხატავთ და ამავდროულად, იოგათი ხართ დაკავებული. რამდენი წელია, ვარჯიშობთ?

- ხატვა ისე გიტაცებს, ვერ გრძნობ, როგორ გადის საათები და ვერ ხვდები, რომ უნდა ადგე და შეისვენო. ხშირად დილიდან საღამომდე შეუსვენებლად მიხატია და ზოგჯერ სადილობაც არ გამხსენებია. რამდენიმე საათს გაუნძრევლად ჯდომისას, ხერხემალი და წელი იტვირთებოდა, არასწორი კვებისა და ძილის რეჟიმის გამო, 3-საათიანი ხატვის შემდეგ, ხატვას ვეღარ ვახერხებდი. მაშინ 40 წლისაც არ ვიყავი და მივხვდი, რაღაც უნდა შემეცვალა, მემოქმედა. მანამდე ვარჯიშით კი ვვარჯიშობდი, მაგრამ როცა არაპროფესიონალურად უდგები ამ საქმეს, სასურველ შედეგს ვერ აღწევ. მეტიც, შეიძლება არასწორი ვარჯიში ზიანის მომტანი გახდეს. ერთ დღეს რუსთავში ტბასთან ვისვენებდი, ვიცურავე და იქვე ნაპირზე 2 ფურცელი ვიპოვე, სადაც იოგის სისტემის შესახებ რუსულ ენაზე ფოტოები და ინფორმაცია იყო დაბეჭდილი. მაშინვე დავინტერესდი და თავზე დგომა ვცადე, მაგრამ ეს სწორი არ იყო. გადავწყვიტე, დეტალურად გამერკვია ყველაფერი. მოსკოვში, ლენინგრადში, ყველგან ვეძებდი შესაბამის ლიტერატურას და ბოლოს ერთ პატარა ბროშურას მივაგენი. საბჭოთა კავშირის დროს იოგის სისტემით ვარჯიში და ზოგადად, ამ თემით დაინტერესება აკრძალული იყო რელიგიური თვალსაზრისითა და მედიტაციის გამო, თუმცა, ეტაპობრივად მაინც დავიწყე ბროშურის მიხედვით ვარჯიში. რამდენჯერმე მივატოვე და ისევ მივუბრუნდი. ბოლოს, აქტიურად დავიწყე ვარჯიში და ნელ-ნელა შედეგიც მივიღე. ვიგრძენი სილაღე, ხატვის დროს ტკივილები მომეხსნა. დღეს შემიძლია ვიტრაბახო: ჩემი ასაკის ხალხს უჭირთ სიარული, ნაწილი დიდი ხანია, ამ ქვეყნადაც აღარ არის. წამალი საერთოდ არ მიმიღია და არც ექიმთან ვყოფილვარ. შემიძლია, ყინვაში წყალში ჩავხტე და ამოვიდე, არ გავცივდები.

- როგორც ვიცი, მხოლოდ ვარჯიში არ არის მთავარი, კვებითაც ხელშეწყობაა საჭირო...

- აბსოლუტურად მართალია. ვარჯიშს არანაირი შედეგი არ ექნება, თუ კვებისა და ძილის რეჟიმიც არ იქნება მოწესრიგებული. არასწორი კვების შედეგად ხდება ადამიანი ავად. ზომიერება უნდა დავიცვათ. ავადმყოფობა მგელი არ არის, რომ შემოგივარდეს, მას ჩვენ ვუწყობთ ხელს და შეგვიძლია თავის განკურნებაც. ამ ასაკში შემიძლია წავიდე მთაში, წავიღო წყალი და ეს საკმარისია. წლების განმავლობაში უკვე ვიცი ჩემი კვების რაციონის ზომა-წონა, ასეთ ცხოვრებას ეჩვევი და ფაქტობრივად, შენი ორგანიზმის მბრძანებელი ხდები. დღეს რომ ვხატავ, ვერანაირ დაღლას ვერ ვგრძნობ, პირიქით, მედიტაციას განვიცდი (იღიმის). ზოგჯერ ქეიფიც მიწევს და ნაბახუსებზე არ ვვარჯიშობ, ორგანიზმს 2-3 დღე ვასვენებ, ეს აუცილებელია და მერე ისევ ჩვეულ რეჟიმში ვდგები.

ალექსანდრე (შურა) ციხელაშვილი ხაშურის რაიონის სოფელ სავანისუბანში დაიბადა. დედა კარგად ქარგავდა, მღეროდა, ხატავდა, მუსიკალური ნიჭი ჰქონდა მამასაც - სალამურსა და დოლზე უკრავდა. ოჯახის მეშვიდე შვილმა, ალექსანდრემ ხატვის ნიჭი ბავშვობიდან გამოავლინა. ზოგჯერ არც ქაღალდი ჰქონდა და არც ფანქარი, მაგრამ როცა ამის საშუალება მიეცემოდა, ხატავდა ყველაფერს, რასაც ხედავდა. თვლის, რომ თუ მხატვარი გქვია, ნებისმიერ თემაზე მუშაობა უნდა შეგეძლოს - ილუსტრაცია იქნება ეს თუ პორტრეტები. ქართული მითოლოგია და ბერძნული ერთნაირად იტაცებს და ამის საწყისი ჯერ კიდევ ბავშვობაში სოფლის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი წიგნები იყო. მას შემდეგ ამ თემაზე ბევრს კითხულობს და პარალელურად მუშაობს ილუსტრაციებზე, რაც მისთვისაც განსაკუთრებით სასიამოვნოა.იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი, სამხატვრო აკადემია, არაერთი სამუშაო ადგილი, გამოფენები ყოფილი საბჭოთა კავშირის არაერთ ქალაქსა და საზღვარგარეთ, უამრავი ტილო და სიუჟეტი. მის ნამუშევრებს დღესაც ემატება ახალ-ახალი თემები. ბევრი დიაფილმისა და წიგნის ილუსტრაციის ავტორია. მათ შორისაა ოტია იოსელიანის "დაჩის ზღაპრები".

- ალბათ ავტორებს ხვდებოდით და მათთან შეთანხმებით მუშაობდით ამა თუ იმ წიგნის ილუსტრაციებზე. ოტია იოსელიანთან თანამშრომლობას როგორ გაიხსენებთ?

- რა თქმა უნდა, ავტორებს ვხვდებოდი. რაც შეეხება ოტიას, შინ ვაკეთებდი "დაჩის ზღაპრების" ილუსტრაციებს. ოტია პირდაპირი კაცი იყო. იშვიათად მოსწონდა რამე. რომ გაიგო, ილუსტრაციებს ციხელაშვილი აკეთებსო, რედაქტორს მისამართი ჰკითხა და დაჩისთან ერთად ჩემთან მოვიდა. მიყურებდა, როგორ ვხატავდი და ბოლოს თქვა: "ა, ბოვში! დემიხატავენ იმისთანას რომე, ბოვშები ვერ უყურებენ და ხევენ, მე ხომ საერთოდ არ მომწონს, კაცო!" მისი შეფასება მესიამოვნა. ძალიან გამიხარდა, ჩემი ნამუშევრები რომ მოეწონა...წაიკითხეთ სრულად