ფოტოები, რომელზეც ის საკონცენტრაციო ბანაკია ასახული, სადაც 200-მდე ქართველი ტყვე ჰყავდათ - "ეს რაიხისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ, სავარაუდოდ, დაიწუნეს" | Allnews.Ge

ფოტოები, რომელზეც ის საკონცენტრაციო ბანაკია ასახული, სადაც 200-მდე ქართველი ტყვე ჰყავდათ - "ეს რაიხისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ, სავარაუდოდ, დაიწუნეს"

ქართველი ემიგრანტ მეგი სტემპენს, რომელიც უკვე წლებია AMBEBI.GE-ს მკითხველს მე-2 მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში მიმოფანტული და დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების შესახებ აწვდის ინფორმაციას, ამჯერად ხელში ჩაუვარდა ნაცისტურ გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სისასტიკით ცნობილი ცაითჰაინის საკონცენტრაციო ბანაკის ფოტოები, რომელიც ლაიფციგის არქივში თითქმის საუკუნის განმავლობაში ინახებოდა.

"დოკუმენტური ფილმში, რომელიც ცაითჰაინის საკონცენტრაციო ბანაკის არქივში ინახება, ასახულია ტყვეების "ცხოვრება", ასევე, ნაცისტური გერმანიის მაღალჩინოსნების შეხვედრები ტყვეებთან. ცაითჰაინის ტყვეთა ბანაკს, რომელიც ვერმახტის დაქვემდებარებაში შედიოდა, მესამე რაიხის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი იოზეფ გებელსი ეწვია. ფილმს მზის შუქი არასდროს უნახავს, რადგან რაიხის სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა. ცაითჰაინის ბანაკიდან თითქმის არაფერი შემორჩა - ომის დასრულების შემდეგ, ბანაკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის საწრთვნელი ბაზა იყო განლაგებული..." - ამბობს მეგი სტემპენი.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში, ადგილობრივმა დოკუმენტალისტებმა, აქამდე უცნობი, 70-მდე ფოტო იპოვეს, რომლებიც ყუთში იყო მოთავსებული, თუმცა, როგორ მოხვდა ეს ფოტოები არქივში, არავინ იცის.

"ანტიფაშიტური საბჭოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დანიელა შმოლი იხსნებდა, თუ როგორ იპოვეს ფოტოები, გაოცებული იყო, აქამდე როგორ ვერავინ მიაგნო იმ ყუთს, რომელშიც ნაპოვნ ფოტოებზეც ტყვეები არიან ასახული. უნიფორმაზე ადვილი მისახვედრია, რომ საბჭოელი სამხედრო ტყვეები არიან. ასევეა დაღუპულების, წამების ამსახველი ფოტოკადრები... შმოლის თქმით, ფოტოების ქვეშ რამდენიმე გასავრცელებელი ბროშურა, Flugblätter პროპაგანდისტული ფურცლებიც იყო, რომელიც იმ წლებში, მოსახლეობაში რიგდებოდა, მათზე დატანილი იყო ეს ფოტოები, მესამე რაიხის პოლიტიკოსები ხომ სხვა ერებს მეორეხარისხოვნად მიიჩნევდნენ... ომის დასრულებისთანავე, ბანაკის ზედამხედველებსა და მომსახურე პერსონალზე ძებნა გამოცხადდა.

ფოტოების უკანა მხარეს შემორჩენილია წებოს კვალი, ანუ, დიდი ალბათობით, კერძო საკუთრებაში იყო და ალბომში ჰქონდათ ჩაკრული, რომელიც ბანაკის იმჟამინდელ ზედამხედველს ეკუთვნოდა", - ამბობს სტემპენი.

ცაითჰაინის მუზეუმის დირექტორი, იენს ნაგელი ამბობს, რომ ფოტოები სამხედრო წოდების ადამიანებმა გადაიღეს, მათ შორის იყვნენ რიგითები, ოფიცრები.