10 ყველაზე საშიში ადგილი დედამიწაზე, სადაც ადამიანები მაინც ცხოვრობენ
პლანეტაზე საკმაოდ ბევრი ისეთი ადგილი არსებობს, სადაც ადამიანების ცხოვრება მიზანშეწონილი არ არის მათი უსაფრთხოების გათვალისწინებით. თუმცა ამ ადგილების მკვიდრნი როდი ჩქარობენ საცხოვრებელი ადგილების დატოვებას. სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, ყველა ადამიანს როდი აქვს იმის თქმის საბაბი, ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეაო. 1. ყველაზე ცივი ადგილი დედამიწაზე - ოიმიაკონი
ამ მხრივ რამდენიმე ადგილი, ლიდერობს, თუმცა პირველობას არავის უთმობს იაკუტიის სოფელი ოიმიაკონი. საინტერესოა, რომ ყველაზე ცივად დასახელებულ ადგილებს შორის მხოლოდ ამ სოფელში ბინადრობს ხალხი. ზამთარში აქ ტემპერატურა მინუს 64 გრადუსამდე ჩამოდის. იყო დრო, როცა ყინვას მინუს 77 გრადუსამდეც კი დაუწევია. მართალია, ეს გახლავთ ოფიცილური მონაცემები, თუმცა ამაზე თვითმხილველები საუბრობენ სხვადასხვა ისტორიულ წყაროში. ხანმოკლე ზაფხულის პერიოდში კი ჰაერი დაახლოებით 34 გრადუსამდე თბება. ამ ადგილის კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი ის არის, რომ ტემპერატურებს შორის სხვაობა 100 გრადუსს აღწევს. დღესდღეობით ოიმიაკონში რამდენიმე ასეული მოსახლე ცხოვრობს. ცხოვრობენ ხის სახლებში ყველანაირი კომფორტის გარეშე, კანალიზაცია აქ სახლებში არ აქვთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ზამთარში მიწა იმ სიღრმეზეც იყინება, რომელ სიღრმეზეც მილები იყრება. გასათბობად ჩვეულებრივ, ძველებურ ღუმელს ხმარობენ. სკოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იხურება, თუ ტემპერატურა მინუს 50 გრადუსს ჩამოშორდება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის მინუს 20 გრადუსი ძალიან კარგ ამინდად და ღვთის საჩუქრად ითვლება.
2. ისე მაღლა, რომ ჟანგბადიც არ ყოფნით
პატარა ქალაქი ლა-რინკონადა პერუში, მაღალ მთებში, ზღვის დონიდან 5 000 მეტრზე მდებარეობს. აქ თითქმის არ ფიქსირდება პლუს ტემპერატურა. არ არის არც მცენარეები. ირგვლივ სულ კლდეებია. სოფლამდე რომ მიაღწიოთ, რამდენიმე დღე კლდის ვიწრო გზაზე უნდა იაროთ. თუმცა მკაცრი კლიმატური პირობები და სიცივე არ უკარგავს ხალხს გამდიდრების სურვილს.
ბოლო დროს ქალაქის მოსახლეობა თითქმის გაორმაგდა და მოსახლეობამ 50 000-ს მიაღწია. საქმე ის გახლავთ, რომ აქ ოქროს საბადოებია. აღარ ვისაუბრებთ რთულ სამუშაო პირობებზე, თუმცა ხაზს გავუსვამთ იმ ფაქტს, რომ არც სახლებში ელოდებათ მუშებს კომფორტი. ამ დასახლებაში არ არის გამდინარე წყალი და არც კანალიზაცია. არ არსებობს ნაგვის უტილიზაცია და საერთოდ, არანაირი ინფრასტრუქტურა. ირგვლივ საშინელი სიბინძურეა და ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ ოქროს დამუაშავების შედეგად გამოიყოფა სიცოცხლისათვის საშიში გამონაბოლქვი. თუმცა, როგორც ამბობენ, ოქრო ძვირად ფასობს...
3. ინდონეზიაში ვულკანთან ძალიან ახლოს ცხოვრობენ
ეს რეგიონი მსოფლიოში ყველაზე საშიშ რეგიონად არის მიჩნეული. აქ 8-ბალიანი მიწისძვრა ჩვეულებრივი მოვლენაა. აქ არის უამრავი მოქმედი ვულკანი, სწორი ადგილი კი ქარბუქის მსხვერპლად იქცევა ხოლმე. ამის მიუხედავად კუნძულ სუმატრაზე 50 მილიონი რკინის ნერვების მქონე ადამიანი ბინადრობს. აქ სტიქიური მოვლენები თითქმის ყოველდღე ხდება და არავინ იცის, საიდან უნდა ელოდონ საფრთხეს - მთებიდან თუ ოკეანიდან.
კუნძულ იავაზე კი ვულკანი მერაპი ამყოფებს ადგილობრივ მოსახლეობას მუდმივ ტონუსში. დიდი ამოფრქვევა აქ 7 წელიწადში ერთხელ ფიქსირდება, პატარა - წელიწადში ორჯერ, კვამლი კი ყოველდღიურად ამოდის.
4. დრაკონის მახლობლად
კომოდო ცნობილი ვულკანური კუნძულია, თუმცა განთქმულია იმით, რომ აქ უამრავი ხვლიკი ბინადრობს. ეს გიგანტური ხვლიკები 3 მეტრამდე არიან სიგრძეში და მათი წონა 180 კგ-ს აღწევს. 2000 ადამიანზე 1700 ხვლიკი მოდის. ამ კუნძულის მთავარი ბინადრები სწორედ ისინი არიან. 80 წლის წინ აქ მათთვის ნაკრძალიც კი გაკეთდა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შევიდა. ხვლიკები სწრაფად დარბიან, ყვინთავენ და დაცურავენ. უყვართ მზეზე წოლა. მსხვერპლად ველურ ცხოველებს ირჩევენ, თუმცა ადამიანებსაც ესხმიან თავს. განვითარებული აქვთ ყნოსვა და სისხლის სუნს მაშინვე გრძნობენ, სულ პატარა ჭრილობამაც კი შესაძლოა მოახდინოს მათი პროვოცირება.
5. ყველაზე წვიმიანი ამინდი მოსინრამში
გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე წვიმიან ადგილად ინდური პატარა ქალაქი მოსინრამია დაფიქსირებული. წელიწადში აქ 12 ათასი მმ ნალექი მოდის. თუმცა, თუ მოსახლეობის უმეტესობისთვის წვიმა უსიამოვნო შეგრძნებებთან ასოცირდება ადგილობრივმა მოსახლეობამ ამ ბუნებრივი მოვლენისგან სარგებელის მიღება ისწავლა. მაალითად, ხანგრძლივი წვიმების შედეგად მთებში წარმოიქმნება ძალიან ლამაზი წყალვარდნილები, რაც ტურისტებისთვის ნამდვილად საინტერესო სანახავია. უხვი ნალექის გამო აქ არ არის სასოფლო მეურნეობა, პროდუქტი ძირითადად იმპორტირებულია.
6. ტბა, რომელიც შეიძლება აფეთქდეს
კივუს ტბასთან, ცენტრალურ აფრიკაში, მშვენიერი ხედია და კატასტროფაზე არავის ეფიქრება. თავად ტბაც სიმშვიდის განსახიერებაა ლამაზი მცენარეებითა და ეგზოტიკური ჯიშის თევზებით. ადგილობრივი მოსახლეობა, 2 მლნ, ცხოვრების ჩვეულებრივ წესს მიყვება, ბანაობენ ტბაში, იჭერენ თევზს, თუმცა მეცნიერები განგაშის ზარს რეკენ, ტბის ძირზე უამრავი მეთანია, რაც შესაძლოა კატასტროფის საბაბი გახდეს, სულ პატარა მიწისძვრაც კი საკმარისია საიმისოდ, რომ კატასტროფა გარდაუვალი გახდეს. შესაძლებელია არა მხოლოდ აფეთქება და ცუნამი, არამედ საშიში გაზით ადამიანების მოწამვლაც კი.
1948 წელს აქ უკვე ამოფეთქა ვულკანმა, მაშინ ტბაში წყალი ადუღდა და მთელი თევზი მოიხარშა. მოსახლეობა არ დაზარალებულა და ამბობდნენ, რომ ბუნების მომზადებულ თევზსაც კი მიირთმევდნენ. თუმცა, ტბის ძირზე გაზები ისევ გროვდება და რა უნდა მოიმოქმედონ ამ შემთხვევაში, არავინ იცის. იქნებ შეიძლება კიდევ მეთანის ხალხის სასარგებლოდ გამოყენება, მაგრამ თუ ეს აფეთქების პროვოცირებას მოახდენს? ერთი სიტყვით, ხალხი ასე ცხოვრობს.