ინგუშეთში ამბობდნენ, - ყოველი ინგუში მზად არის თვითონ მოკვდეს, ვიდრე ქართველს ტყვია ესროლოსო - ქართველთა და ინგუშთა საუკუნოვანი მეგობრობის ისტორია | Allnews.Ge

ინგუშეთში ამბობდნენ, - ყოველი ინგუში მზად არის თვითონ მოკვდეს, ვიდრე ქართველს ტყვია ესროლოსო - ქართველთა და ინგუშთა საუკუნოვანი მეგობრობის ისტორია

რამდენიმე დღის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ, თუ როგორ გაუმასპინძლდნენ ქართველ მძღოლებს ინგუშები, ჩვენში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ქართველი და ინგუში ხალხების ურთიერთობა უხსოვარი დროიდან იწყება. მათ შორის არსებობდა შერეული ქორწინებები, ჰქონდათ საზიარო დღეობები, პროდუქტების გაცვლა-გამოცვლა და მრავალი სხვა. ეს ურთიერთობა კარგად არის ასახული ხევსურულ ხალხურ ფოლკლორში. ინგუშური წარმომავლობის გვარებიდან ხამხაძისა და ღლიღვაშვილის დასახელებაც საკმარისია. შეიძლება ითქვას, რომ ქართველებისა და ინგუშების ურთიერთობა მუდამ კეთილმეზობლური იყო. საუკუნეების განმავლობაში ინტენსიური მიგრაციული პროცესები მიმდინარეობდა ინგუშეთიდან საქართველოში და პირიქით.

1992 წლის 4 ივნისს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შეიქმნა ინგუშეთის რესპუბლიკა, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის სუბიექტის - სამხრეთის ფედერალურ მხარეში შედის. რესპუბლიკის დედაქალაქია მაგასი, უდიდესი ქალაქი კი - ნაზრანი.

2002 წლის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში 412 ათასი ინგუში ცხოვრობს. გარდა ინგუშეთისა ისინი კომპაქტურად არიან დასახლებულნი ჩრდილოეთ ოსეთშიც - პრიგოროდნის რაიონშიც.

  • ვინ არიან ინგუშები

ინგუშები წარმოადგენენ კავკასიის ერთ-ერთ უძველეს, ჩეჩნების მონათესავე ხალხს. ინგუშური და ჩეჩნური ენები იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ ჯგუფში შედის. ინგუშების თვითსახელწოდება მათი ერთ-ერთი ლოკალური ტერიტორიული ჯგუფის სახელიდან - ღალღებიდან მომდინარეობს, რომლებსაც სხვანაირად "ხამხელებსაც“ უწოდებდნენ.

ინგუშთა საზოგადოებრივ ყოფაში უმნიშვნელოვანესია სტუმართმოყვარეობის ტრადიცია. სტუმრის ეთნიკურობასა და სარწმუნოებას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ოჯახის უფროსი პასუხისმგებელი იყო სტუმრის სიცოცხლეზე. სტუმართმოყვარეობის დამრღვევი მკაცრად გაიკიცხებოდა და თემი ისე სჯიდა, როგორც დამნაშავეს.

ქართული საისტორიო წყაროებით, ინგუშები "ღლიღვებად“ იწოდებოდნენ. მათ მეზობელი ქართველი მთიელები ქისტებადაც მოიხსენიებდნენ, თუმცა ეს ეთნონიმი ჩეჩნებსაც აღნიშნავდა. რაც შეეხება ეთნონიმს "ინგუში", ის წყაროებში XVIII საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და მომდინარეობს სოფელ ანგუშტის სახელწოდებიდან. სწორედ მე-18 საუკუნეში რუსებმა ინგუშები სწორედ ამ სოფლის - ანგუშტის საშუალებით გაიცნეს და იმ ადგილებში მცხოვრებლებსაც მთლიანად სოფლის სახელიდან გამომდინარე "ინგუშები" დაარქვეს, რაც შემდეგ საყოველთაოდ გავრცელდა.

  • ქრისტიანობა ინგუშეთში

ინგუშები დღეისათვის სუნიტი მუსლიმანები არიან, მაგრამ ისლამური რელიგია მათთან საკმაოდ გვიან შეიჭრა და საბოლოოდ XIX საუკუნის პირველ ნახევარში განმტკიცდა.

შუა საუკუნეებში ინგუშებსა და ქართველებს შორის ურთიერთობა ძალზე მჭიდრო იყო. იმდროინდელი ქართველი მეფეები ცდილობდნენ ინგუშეთში ქრისტიანობის გავრცელებას. შუა საუკუნეებში ინგუშეთში აშენდა ტყობა-ერდის, ალბი-ერდის, თარგიმისა და სხვა ტაძრები. ტყობა-ერდიში XIX საუკუნემდე ინახებოდა ქართული ასომთავრული ანბანით შესრულებული სახარება, რომელსაც ინგუშები გულმოდგინედ უფრთხილდებოდნენ.

ინგუშეთში შემორჩენილია მრავალი ქრისტიანული ძეგლი

 

მთიანი ინგუშეთის ერთ-ერთ თვალწარმტაც კუთხეში, ცვილამის ქედის ძირში, ნასოფლარ ქართის ნანგრევებთან გამავალი ისტორიული გზის მახლობლად, რომელიც ოდითგანვე აკავშირებდა ინგუშური კულტურის აკვანს - მდინარე ასას სათავეებს დარიალის რაიონთან, აღმართულია საკულტო ნაგებობა, რომელიც კარგა ხანია იქცევს ყურადღებას. მას ინგუშები დელიტეს (დოლტე) უწოდებენ, რაც ნიშნავს "ღმერთისაკენ“ (მიმავალ გზას). მეცნიერთა ვარაუდით, დელიტე ქართული წარმოშობის ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს.

ძალიან საინტერესოა ინგუშურ ენაში ქართულიდან შესული ქრისტიანობასთან დაკავშირებული ნასესხობები, როგორიცაა: "მოზღარ“ (ანუ ქართულად მოძღვარი, მღვდელი), "ჯორ“ (ანუ ქართულად "ჯვარი”) და სხვა.

  • ინგუშები - ქართველების მეზობლები

ოდესღაც ინგუშები და ჩაჩნები (ვაინახები) კავკასიის მთისწინეთსა და ბარშიც მკვიდრობდნენ. მთებში საბოლოოდ ირანული, თურქული და მონღოლური მომთაბარე ტომების თარეშის შედეგად შევიდნენ. ინგუშური (და ჩაჩნური) გადმოცემებით, მათი წინაპრები ებრძოდნენ იურტებში მცხოვრებ მოსულთა დიდ ურდოებს. ინგუშების მთიდან ბარში მიგრაცია XVI-XVII საუკუნეებში დაიწყო. დღევანდელი განსახლების არეალი კი XVII საუკუნიდან ჩამოყალიბდა.

ინგუშებს XVI-XVIII საუკუნეებში უცხოვრიათ ლარსის მიდამოებში. XVIII საუკუნის 20-იან წლებამდე ვაინახური მოსახლეობა აქ ოსურმა შეცვალა. XVIII საუკუნეში ლარსში, ჩმიში და ბალთაში მცხოვრები ოსები ინგუშებს მიწის სარგებლობისთვის გადასახადს უხდიდნენ.

ინგუშებისა იყო თანამედროვე ვლადიკავკაზის ტერიტორიაც. აქ არსებულ ინგუშურ სოფელს ზაუროვო (ზაურეგი) ერქვა, რომელშიც შერეული იყო გამოქცეული ოსური გვარებიც. ამ ადგილზე შემდეგ რუსული ციხესიმაგრე ვლადიკავკაზი გაჩნდა, რომელიც დღეს ჩრდილო ოსეთის დედაქალაქს წარმოადგენს. ინგუშური იყო ვლადიკავკაზის პრიგოროდნის რაიონიც. ინგუშეთი რუსეთის შემადგენლობაში 1810 წელს შევიდა. 1860 წლიდან კი თანამედროვე ინგუშეთის ტერიტორია რუსეთის იმპერიის თერგის ოლქში გაერთიანდა.

რაც შეეხება საბჭოთა პერიოდს, ინგუშთა ავტონომიური ოლქი 1924 წელს შეიქმნა. 1934 წელს ინგუშთა ოლქი მეზობელ ჩეჩნეთს შეუერთეს, 1936 წელს შეიქმნა ჩეჩენო-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც 1944 წელს გაუქმდა, ინგუშები და ჩეჩნები კი კავკასიიდან საკმაოდ შორს, შუა აზიაში გადაასახლეს...

  • ინგუშეთის ტერიტორია... საქართველოს

1944 წლის 7 მარტს, როცა ხელი მოეწერა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებას ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ლიკვიდაციისა და მისი ტერიტორიის ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ. მიზეზი იყო - სოციალისტური სამშობლოს ღალატი, გერმანელ-ფაშისტებისადმი დახმარება, დივერსიების მოწყობა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.

ბრძანებულების პირველი პუნქტი შეეხებოდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის გაუქმებასა და მოსახლეობის გადასახლებას, მეორე პუნქტი - გროზნის ოლქის შექმნას, მესამე და მეოთხე – ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიის დანაწილებას ჩრდილოეთ ოსეთს და დაღესტანს შორის. მეხუთეში კი ნათქვამი იყო: "...შევიდეს საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში შემდეგი რაიონები: ყოფილი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-დან - ითუმ-ყალეს რაიონი არსებული საზღვრებით, შაროის რაიონის დასავლეთი ნაწილი; გალანჩეჟის, გალაშკისა და პრიგოროდნის რაიონების სამხრეთი ნაწილი, აგრეთვე ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის გიზელდონის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი.

თავის მხრივ, საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა საბჭომაც 1944 წლის 21 მარტს მიიღო დადგენილება ზემოაღნიშნული რაიონების ტერიტორიის საქართველოსადმი შემოერთების შესახებ. მათგან გალაშკისა და პრიგოროდნის რაიონების სამხრეთი ნაწილები ყაზბეგის რაიონს მიუერთდა. ჩეჩნურ ითუმ-ყალეს რაიონს სახელი გადაერქვა და ახალხევის რაიონი ეწოდა.

სსრკ სახკომსაბჭოს 1944 წლის 9 მარტის დადგენილებით სტავროპოლის სამხარეო აღმასკომს, დაღესტნის ასსრ-ის, ჩრდ. ოსეთის ასსრ-ის და საქართველოს სსრ-ის სახკომსაბჭოებს დაევალათ 1944 წლის პირველ ივნისამდე აითვისონ ყოფილი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ტერიტორია და შეიმუშაონ მათი დასახლების გეგმები. კიდევ ერთი გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოდან და სხვა რესპუბლიკებიდან სპეციალურად ჩასახლებულებს გადასახადების სფეროში მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესდათ.

მოგვიანებით, 50-იანი წლების დასაწყისში, ახალხევის რაიონი გაუქმდა და მისი ტერიტორია დუშეთის რაიონს შეუერთდა.

განაგრძეთ კითხვა