ავსტრალიელი აბორიგენების გენოციდის ისტორია: რატომ დევნიდნენ და თვლიდნენ ცხოველებად მათ კოლონიზატორები? | Allnews.Ge

ავსტრალიელი აბორიგენების გენოციდის ისტორია: რატომ დევნიდნენ და თვლიდნენ ცხოველებად მათ კოლონიზატორები?

რასობრივი ნიადაგის გამო ჩაგვრა და არაადამიანური მოპყრობა კაცობრიობის ისტორიაში, სამწუხაროდ, არაერთხელ მომხდარა.

რასიზმის აღმოსაფხვრელად და თანასწორობის მისაღწევად XX საუკუნეში მსოფლიოში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. გასული საუკუნის 70-იანი წლების ამერიკაში შავკანიანი მომღერლისა თუ მსახიობის დანახვა არავის უკვირდა. თუმცა, სრულიად განსხვავებული მდგომარეობა იყო იმავე პერიოდის ავსტრალიაში.   ავსტრალიის აღმოჩენა

ავსტრალიის ტერიტორიაზე აბორიგენი მოსახლეობა ათასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა. მათ არ ჰქონდათ დიდი ნაგებობები თუ შენობები და თავს ძირითადად ნადირობითა და შემგროვებლობით ირჩენდნენ.  მათი ცხოვრების წესი საუკუნეთა განმავლობაში დიდად არ განსხვავდებოდა, თუმცა კონტინენტზე ევროპელების გამოჩენის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

1770 წელს ბრიტანულმა ექსპედიციამ კაპიტან ჯეიმს კუკის თაოსნობით აღწერა და რუკაზე დაიტანა ავსტრალიის აღმოსავლეთი სანაპირო. 29 აპრილს კი ინგლისელები ტასმანიის ზღვის ყურეში ხმელეთზე გადავიდნენ. აქედან იწყება ავსტრალიის აბორიგენების ცხოვრებაში საშინელი პერიოდი. კოლონიზატორები ერთი მეორის მიყოლებით აარსებდნენ ქალაქებს და ანადგურებდნენ აბორიგენ მოსახლეობას, რომელთაც სრული სერიოზულობით თვლიდნენ ადამიანის მსგავს მაიმუნებად.

ავსტრალიის აბორიგენი მოსახლეობისადმი დამოკიდებულება კარგად ჩანს 1977 წელს ქალაქ პორტ-ადელაიდას მუნიციპალიტეტის მოხელის მიერ გაკეთებულ განცხადებაში: "შავებზე მიღებული კანონის თანახმად, ადეილაიდადან 100 მეტრის რადიუსში ყველა შავკანიანი ყუთში უნდა ჩაგვესვა და ლაბორატორიაში გაგვეგზავნა ვირთხების ნაცვლად, ექსპერიმენტების ჩასატარებლად."   განსაკუთრებით სასტიკად გაუსწორდნენ აბორიგენებს კუნძულ ტასმანიაზე. "თუ აქაურებს ისევე დავუწყებთ სროლას, როგორც ზოგიერთ ქვეყანაში ესვრიან ყვავებს, მაშინ აქაური მოსახლეობის რიცხვი დროთა განმავლობაში ძალიან შემცირდება"-ეს ფრაზა ვინმე მთვრალი კატორღელის ნათქვამი არ გეგონოთ, ნაწყვეტია ბრიტანელი მეცნიერის, ჰუმანისტის და ფილოსოფოსის რობერტ ნოქსის ნაშრომიდან.

  ისტორიული წყაროების მიხედვით, ევროპელი კოლონიზატორების ჩასვლიდან 2-3 წელიწადში ავსტრალიელ აბორიგენთა რაოდენობა განახევრდა, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ადგილობრივებისათვის უცნობი ვირუსებისა და დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის არარსებობა გახდა.   რატომ იდევნებოდნენ აბორიგენები?

ითვლებოდა, რომ მოხეტიალე ცხოვრების წესისა და დაბალი ინტელექტის გამო, აბორიგენებს არ შეეძლოთ ცივილიზებულ სამყაროსთან ადაპტაცია. აი, როგორ აღწერს კუნძულ ტასმანიაზე აბორიგენებზე ნადირობას ისტორიკოსი ალან მურჰედი: "მე-40 პოლკის ჯარისკაცებმა აბორიგენები ორ დიდ კლდეს შორის შერეკეს და დახვრიტეს, შემდეგ კი კლდის ნაპრალებიდან ქალები და ბავშვები გამოათრიეს, რომ მათთვის გაესხმევინებინათ ტვინი."

მკვლელობისთვის გაცილებით სულმდაბალ მეთოდებსაც მიმართავდნენ. თავად ჰიმლერი აღფრთოვანდა ინგლისელების მიგნებით, რომლებიც აბორიგენებს დახმარების სახით ურიგებდნენ მოწამლულ ხორცს. რანჩო ლონგ-ლეგუნის მფლობელმა ამ გზით მხოლოდ ერთ დღეში ასამდე ადამიანი მოწამლა, რომელთა შორის ბავშვებიც იყვნენ.

ქუინსლენდში, ჩრდილოეთ ავსტრალიაში, მე-19 საუკუნეში ასეთი გასართობი ჰქონდათ :აბორიგენებზე ძაღლებით ნადირობდნენ და აიძულებდნენ ნიანგებით სავსე მდინარეში შესულიყვნენ. იყვნენ ისეთებიც, ვინც აბორიგენების დევნას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ სამწუხაროდ უმცირესობას წარმოადგენდნენ და მათი აღშფოთება უპასუხოდ რჩებოდა.   აბორიგენებსა და თეთრკანიანებს შორის ქორწინება სასტიკად იყო აკრძალული. პროგრესულ მე-20 საუკუნესაც კი არ მოუტანია ამ ადამიანებისთვის შვება. ინგლისელებმა გადაწყვიტეს აბორიგენების ასიმილაცია მომხდარიყო თეთრკანიანებთან და ამ მიზნით მათ ბავშვებს ართმევდნენ, რომელთაც თეთრკანიან ოჯახებს აშვილებდნენ. ეს პრაქტიკა 1909 წლიდან 1969 წლამდე გრძელდებოდა.

ოჯახებიდან წამოყვანილ ბავშვებს ახალ სახელებს არქმევდნენ, მშობლიურ ენაზე ლაპარაკს უკრძალავდნენ და ელემენტარულ განათლებას აძლევდნენ. წამოზრდილ ბავშვებს ფერმებში ანაწილებდნენ, სადაც ისინი მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ და ამის საზღაურად კი მხოლოდ საკვებს იღებდნენ. მშობლებთან და თავისი ტომის წარმომადგენლებთან მათ ყოველნაირი ურთიერთობა ეკრძალებოდათ.

მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე ავსტრალიელ აბორიგენებს ადამიანთა ზოოპარკის ექსპონატებდაც იყენებდნენ, რომელიც ძალიან პოპულარული იყო ევროპასა და აშშ-ში.

ცვლილებები

შეიძლება ითქვას, რომ ავსტრალიის აბორიგენები ადამიანებად მხოლოდ 1967 წელს ცნეს. მათ პასპორტები დაურიგეს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებად გამოაცხადეს და ფორმალურად მათი უფლებები თეთრკანიანების უფლებებს გაუთანაბრეს.

მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავდა, რომ აბორიგენები თეთრკანიანების მსგავსი უფლებებით სარგებლობდნენ. მათდამი ქედმაღლური, დამამცირებელი მოპყრობა და აგრესია 70-იან წლებშიც გრძელდებოდა.

ეს ადამიანები დღესაც იბრძვიან თავისი უფლებებისთვის და უკვე ბევრს მიაღწიეს. ქვეყანაში უფრო და უფრო მეტი სკოლა იხსნება, სადაც სწავლა ადგილობრივ ენაზე მიმდინარეობს. კონტინენტის ნაწილზე კი აბორიგენების ნაციონალური ტელევიზიაც მაუწყებლობს.   დღესდღეობით ავსტრალიის აბორიგენთა რაოდენობა 670 000-მდეა და ისინი ქვეყნის მოსახლეობის სულ რაღაც 3%-ს შეადგენენ. დროთა განმავლობაში მათ მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება შეიცვალა. 1998 წლის 26 მაისიდან ყოველ წელს ავსტრალიაში „სინანულის დღეს“ აღნიშნავენ და აბორიგენთა მასობრივი დევნის მსხვერპლებს პატივს მიაგებენ.  

myquiz