"ფინური საიდუმლო": როგორ შემცირდა ალკოჰოლიზმი და სუიციდი ქვეყანაში? | Allnews.Ge

"ფინური საიდუმლო": როგორ შემცირდა ალკოჰოლიზმი და სუიციდი ქვეყანაში?

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია BBC-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "ბედნიერების ინდექსი: პანდემიის მიუხედავად, ფინეთი კვლავ პირველ ადგილზეა", სადაც გაანალიზებულია მონაცემები მსოფლიოს მოსახლეობის ბედნიერების დონის შესახებ, ცალკეული ქვეყნების მიხედვით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: "ცხოვრება საამურია": ყველაზე ბედნიერი ქვეყნები ფინეთმა ზედიზედ მეოთხედ დაიკავა პირველი ადგილი რეიტინგში მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს შორის, რომლის დადგენა ყოველწლიურად გაეროს ეგიდით ხდება. ფინეთის შემდეგ მოდიან მისი ევროპელი მეზობლები - დანია, შვეიცარია, ისლანდია და ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი, ლუქსემბურგი, ახალი ზელანდია (ერთადერთი არაევროპული ქვეყანა) და ავსტრია.

დიდმა ბრიტანეთმა წინა წლების მე-13 ადგილიდან მე-17-ზე ჩამოიწია. ბედნიერი ქვეყნების პირველ ოცეულში სრულიად ობიექტურად მოხვდნენ აშშ, კანადა, ავსტრალია, აგრეთვე, ისრაელი, რომლის მოსახლეობა სტაბილურად მიიჩნევს თავს ბედნიერად.   საქართველო პირველი ასეულის მიღმა: 108-ე ადგილი რეიტინგის მიხედვით, საქართველო 108-ე ადგილზეა, ხოლო უკრაინელებს, რომლებიც თავს ქართველებზე უბედურად გრძნობენ, რეიტინგში 110-ე ადგილი უკავიათ. ყველაზე უბედურ ქვეყნებს კი წარმოადგენენ: ავღანეთი, ლესოთო, ბოტსვანა, რუანდა და ზიმბაბვე. საერთოდ კი, მსოფლიოში ბედნიერების ინდექსი 2019 წლის 48%-დან 2020-ში 40%-მდე დაეცა.

"ფინური საიდუმლო": როგორ შემცირდა ლოთობა და სუიციდი "ფრანს პრესის" ცნობით, თვით ფინეთში, რომლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მაინცდამაინც ენაწყლიანობით და უხვსიტყვაობით არ გამოირჩევა, მოხსენების ავტორთა დაკვნის მიმართ გაკვირვება გამოხატეს: "როცა მე ამის შესახებ პირველად გავიგე - და არა მარტო მე - სიცილის გუნებაზე დავდექი", - უთხრა ფრანგულ სააგენტოს ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის თანამშრომელმა ტონი ილმონმა.

და მაინც, ფინეთის წარმატება შეიძლება იმით აიხსნას, რომ ამ ქვეყანას სოციალური მხარდაჭერის კარგი სამსახურები აქვს, აქ დამნაშავეობის დაბალი დონეა, ხელისუფლების ორგანოებისადმი ნდობა კი - მაღალი. "კაცმა რომ თქვას, ჩვენ მართლაც კარგი მონაცემები გვაქვს: ქუჩაში არავინ მათხოვრობს, უბინაოდ არავინ არის, ყველას თავისი სახლ-კარი აქვს. უმუშევრობა, მართალია, არის, მაგრამ სოციალური და ჯანდაცვის სამსახურებიც კარგად მუშაობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია", - ეუბნება სააგენტო "ფრანს პრესის" კორესპონდენტს ყვავილების გამყიდველი რიიტა მატილაინენი, - "თუმცა ჩვენთვის უფრო კარგი იქნებოდა, რომ შედარებით მეტად ხალისიანები და გულღიები ვიყოთ".

წარსულში ფინეთის მოსახლეობა ალკოჰოლიზმისა და თვითმკვლელობის მაღალი დონით გამოირჩეოდა, რაც გრძელი ზამთრითა და სპეციფიკური მდგომარეობით აიხსნებოდა, თუმცა ბოლო ათწლეულში, მოსახლეობის ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული პროგრამის რეალიზებით, ლოთობისა და სუიციდის დონე თითქმის განახევრდა. განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ:

“თეთრი სიკვდილი” – ფინელი სნაიპერი, რომელიც საბჭოთა ჯარისკაცებს შიშის ზარს სცემდა

 

მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ პენსიონერები ყველაზე კარგად?

 

myquiz