"ქელეხში კანაფის ფქვილისგან მომზადებული შეჭამანდი აუცილებელი იყო..." - როგორია კანაფის ისტორია საქართველოში და რატომ აიკრძალა მისი მოყვანა | Allnews.Ge

"ქელეხში კანაფის ფქვილისგან მომზადებული შეჭამანდი აუცილებელი იყო..." - როგორია კანაფის ისტორია საქართველოში და რატომ აიკრძალა მისი მოყვანა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი საქართველოში მარიხუანას წარმოების საკითხთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებას უზიარებს საზოგადოებას.

ეთნოლოგი აღწერს, თუ როგორი ისტორია ჰქონდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კანაფის მოყვანას და რისთვის იყენებდნენ მას:

"კანაფი ჩვენს ქვეყანაში და, ზოგადად, მთელ მედიტერანულ არეალში, ძველთაგანვე გავრცელებული კულტურა იყო. საქართველოში მისი მოყვანის ტრადიცია შემოგვინახა სვანეთმა. აქ კანაფს თესავდნენ და მას ნაირგვარი საკვები, სამედიცინო და სამეურნო დანიშნულებით იყენებდნენ.

 

გთხოვთ, ყურადღება მიაქცოთ შემდეგ გარემოებას: ტრადიციულად, საქართველოში, მათ შორის სვანეთშიც, კანაფი არ მოჰყავდათ მის ნარკოტიკად ქცევის მიზნით. ნარკოტიკის მისაღებად წარმოებული ჯიში ოდნავ განსხვავებულია საქართველოს ყოფაში არსებული ჯიშისაგან. ამის შესახებ, სჯობს, რომ ბოტანიკოსთაგან მივიღოთ კომპეტენტური ინფორმაცია.

მე, როგორც ეთნოლოგი, აღვწერ მხოლოდ ჩემს ხელთ არსებულ ობიექტურ მასალას.

კანაფის მოყვანა აიკრძალა საბჭოთა პერიოდში, დაახლოებით 80-იანების დასაწყისში, როდესაც ნარკომანიის სენმა ფართოდ მოიკიდა ფეხი ჩვენს ქვეყანაში. აკრძალვის ზუსტი თარიღი მოსაძებნია არქივში.

 

კანაფის მოყვანა საბჭოთა კავშირში, 1949 წელი

კანაფის მარცვალი, დაახლოებით, ფეტვის მარცვლის მომწიფების დროისათვის მწიფდებოდა. კანაფის ღეროს მოჭრიდნენ, მარცვალს გაცეხვავდნენ, გარეცხავდნენ, გააშრობდნენ და ხელის წისქვილში დაფქვავდნენ ან ნაყავდნენ. ამის შემდეგ შეინახავდნენ კიდობანში. გამოყენებადი იყო მცენარის ღეროც, მისი შემდგომი დამუშავებით მიიღებოდა მასალა თოკებისთვის, კალათებისთვის და ა. შ.

მივუბრუნდეთ საკვებად გამოყენების ისტორიას. მოგეხსენებათ, სვანეთში ჯერ კიდევ 1930-იან წლებამდე, ქრისტიანულ დღესასწაულთა განსაცვიფრებელი რაოდენობა აღინიშნებოდა. დიდმა ეთნოლოგმა, აკადემიკოსმა ვერა ბარდაველიძემ რელიგიურ ნიშნით აღბეჭდილ დღეთა რიცხვი 130-ზე მეტი აღნუსხა. კანაფი, რომელსაც სვანურ კილოებზე ჰქვია „გიმბაშ“, ძირითადად, სწორედ სარიტუალო დანიშნულებისა იყო, ისევე, როგორც ფეტვი. იგი, ძირითადად, სარიტუალო მნიშვნელობით გამოიყენებოდა. იყო რა სამარხვო პროდუქტი, კანაფის მარცვლის ფქვილისაგან ამზადებდნენ შეჭამანდს, აგრეთვე, მის ფქვილს ურევდნენ ყველში და აცხობდნენ კანაფისა და ყველისგულიან ხაჭაპურებს. მიცვალებულის დაკრძალვის წინა ღამეს კანაფის ფქვილისგან მომზადებული შეჭამანდი აუცილებელი იყო სულის შენდობისათვის გაშლილი ტრაპეზის დროს. ასევე, ქელეხშიც.

კანაფის მარცვლისაგან გამოიხდებოდა ზეთი, ძვირფასი სამკურნალო ფუნქციისა. კუბდარში არასდროს არ ამატებდნენ, ეს სიახლეა, ნოვაციაა და ამგვარი რეცეპტი არ გახლავთ ტრადიციული.

მთავარი: კანაფის მარცვლის ფქვილი და ზეთი არ არის ნარკოტიკი. ქართველები ტრადიციულ ყოფაში კანაფს ნარკოტიკად არ ვიყენებდით. ამის შესახებ იხილეთ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები.

ჩემი აზრი დღევანდელ ვითარების შესახებ: თავის დროზე, როდესაც ეს სასარგებლო მცენარე აიკრძალა ნარკომანების მიერ მისი არატრადიციული ფორმით გამოყენების გამო, ბუნებრივია, დირღვა ჩვენი, არანარკომანი მოსახლეობის უფლებები. მოიშალა ძალიან სასარგებლო ტრადიციული მეურნეობის დარგი.

ახლა რა ვქნათ? ვერაფერს ვიტყვი იმ საკითხზე, რაშიც არაფერი გამეგება - კანონმდებლობა, მსოფლიოში ამჟამად არსებული რეგულაციები და სხვა, მაგრამ, თუკი, სახელმწიფო შეძლებს, რომ დაიცვას კანაფის ნათესები მისი არაჯანსაღი გამოყენებისაგან, თუკი, ეს ახალი ინციატივა არ გვაქცევს ავღანეთისა და კოლუმბიის მსგავს ქვეყანად, ალბათ, ცუდი არფერი იქნება ტრადიციული მეურნეობის დარგის აღდგენაში.

ოღონდ, შეძლებს კი კანაფის მეურნეობის მოქცევას კანონის ფარგლებში ჩვენი სახელმწიფო? აი, ეს კითხვა არ მასვენებს. კარგადაა ასაწონ-დასაწონი ყველაფერი. ბეწვის ხიდზე გადის ახლა ჩვენი სამშობლო, ოკუპირებულია ჩვენი მიწის ნაწილი, ემიგრაციაშია ქართველთა დიდი რაოდენობა წასული, ფართოდაა გავრცელებული ნარკომანიის სენი... ძალიან სერიოზული ფიქრი ჰმართებს ხელისუფლებას.

p. s. ვისაც გაინტერესებთ ვრცელი სამეცნიერო გამოკვლევა კანაფის კულტურის შესახებ, შეგიძლიათ მოძებნოთ და წაიკითხოთ შესანიშნავი ეთნოლოგის ჯულიეტა რუხაძის სტატია" - წერს როზეტა გუჯეჯიანი ვრცელ პოსტში.

ambebi.ge