საიდუმლოებები, რომელთაც ტურინის სუდარა ინახავს | Allnews.Ge

საიდუმლოებები, რომელთაც ტურინის სუდარა ინახავს

გთავაზობთ ამონარიდებს ისტორიკოს ლაშა დოხნაძის ნაშრომიდან "ტურინის სუდარა - მეხუთე სახარება", საიდანაც იმ საიდუმლოებების შესახებ გაიგებთ, რომელსაც ტურინის სუდარა ინახავს.

საუკუნეების განმავლობაში ტურინის სუდარის შესახებ რამდენიმე ძირითადი კითხვა დაისვა: წარმოადგენს თუ არა იგი ნამდვილად იმ სუდარას, რომელშიც მაცხოვარი გაახვიეს ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ? შეესაბამება თუ არა ქრისტეს ჯვარცმის შესახებ ბიბლიურ ცნობებს სუდარაზე ასახული წამების კვალი? და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: სუდარაზე გამოსახულების გადასვლა გამოიწვია თუ არა უფლის აღდგომისას გამოსულმა მძლავრმა ზებუნებრივმა ენერგიამ? თანამედროვე მეცნიერებამ ამ კითხვებს კომპეტენტური პასუხი გასცა...

ტურინის სუდარა წარმოადგენს 4,36 მეტრი სიგრძისა და 1,1 მეტრი სიგანის ზომის სელის ქსოვილს, რომელზეც აღბეჭდილია ნაწამები ადამიანის გამოსახულება. იგი ამჟამად ინახება იტალიის ქალაქ ტურინში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, სადაც საგანგებოდ დამზადებულ ტყვიაგაუმტარ მინის საცავშია მოთავსებული.სუდარა ტურინში მხოლოდ გვიან შუა საუკუნეებში მოხვდა, მანამდე კი მრავალი ადგილსამყოფელი გამოიცვალა.

ტურინის სუდარა იონე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში

სუდარის მიმართ სამეცნიერო ინტერესი XIX საუკუნის ბოლოს გაჩნდა. 1898 წელს იტალიელმა ადვოკატმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა სეკონდო პიამ გადაუღო მას ფოტო ზომით 60X50, რომელზეც გამჟღავნებისას ნათლად გამოჩნდა ნაწამები ადამიანის გამოსახულება. პიამ ფოტოპირზე აღბეჭდილი გამოსახულება ჯვარცმული ქრისტეს გამოსახულებად მიიჩნია. ამ მოსაზრებას პიას ზოგიერთი თანამედროვე სკეპტიკურად შეხვდა.

1931 წელს პროფესიონალმა ფოტოგრაფმა ჯუზეპე ენრიმ გადაუღო სუდარას მაღალი ხარისხის ფოტოები, სადაც კვლავ აღიბეჭდა ნაწამები ადამიანის გამოსახულება. ნიშანდობლივია, რომ ენრის ევროპის ეკლესიებში დაცული არაერთი სუდარისთვის გადაუღია ფოტო, თუმცა არც ერთ ნეგატივზე მსგავსი გამოსახულება არ გადასულა.

სუდარის მეცნიერული შესწავლა დაიწყო 1900 წელს სორბონის უნივერსიტეტში. პრობლემაზე მომუშავე შედარებითი ანატომიის სპეციალისტი ივ დელაჟი მივიდა დასკვნამდე, რომ სუდარაზე გამოსახულება გადავიდა მეცნიერებისთვის აუხსნელი პროცესის შედეგად.

 

გამოსახულება სუდარაზე, ნეგატივი

მას შემდეგ მრავალი მეცნიერული კვლევა მოეწყო. ქსოვილის შესწავლისას დადგინდა, რომ იგი განეკუთვნება სელის ქსოვილთა განსაკუთრებულ ტიპს, ე.წ. დამასკოს, რომელიც გავრცელებული იყო ძვ.წ. XI საუკუნიდან ახ.წ. I საუკუნის ბოლომდე ახლო აღმოსავლეთში. ქსოვილზე აღმოჩნდა ბამბის ნაწიბურები, რომელთა შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა მოსაზრება გამოთქვეს, რომ იგი წარმოადგენს ბამბის ტიპს - Gossypium Herbaceum, რომელიც მზადდებოდა მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების პერიოდში სირიის მიდამოებში, რაც სუდარის ახლოაღმოსავლურ წარმომავლობაზე მეტყველებს.

1973 წელს შვეიცარიელმა კრიმინოლოგმა მაქს ფრეიმ ჩაატარა სუდარიდან აღებული მტვრის ნაწილაკების მიკროსკოპული ანალიზი, რის შედეგადაც დაადგინა, რომ სუდარაზე შემორჩენილია 58 სხვადასხვა მცენარის მტვერი. ფრეიმ პალესტინაში შვიდგზის იმოგზაურა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 13 სახის მცენარე იზრდება პალესტინასა და მკვდარი ზღვის მიდამოებში, 20 - სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიასა და ჩრდილოეთ სირიაში, დანარჩენი კი იზრდება როგორც აღმოსავლეთში, ასევე ევროპაში. ანალიზმა აჩვენა, რომ სუდარა ინახებოდა როგორც ახლო აღმოსავლურ და მცირე აზიურ, ასევე ევროპულ გარემოში, რაც ზუსტად ემთხვევა მისი გადაადგილების შესახებ წყაროებით მოღწეულ ცნობებს.

საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს მეცნიერებმა სუდარაზე გადასული მონეტების კვალის შესახებ. 1982 წელს დიუკის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორმა ალან ვანგერმა დაადგინა, რომ ეს კვალი ეკუთვნის სპილენძის მონეტათა იშვიათ ჯგუფს, რომელთაც პილატეს ლეპტას უწოდებენ. მონეტების კვალი იმდენად ნათლად არის გადასული სუდარაზე, რომ მეცნიერებმა შეძლეს ამოეკითხათ მასზე არსებული წარწერა. იგი შესრულებულია ბერძნულ ენაზე რამდენიმე ორთოგრაფიული შეცდომით: TIBERIOY KAICAROS (ზოგიერთი ბერძნული ასოს ნაცვლად ლათინურია ჩაწერილი).

ამ შეცდომების გამო რამდენიმე მეცნიერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მონეტების გამოსახულება სუდარაზე ხელოვნურად უნდა გადაეყვანათ შუა საუკუნეებში. მოგვიანებით, პალესტინის ტერიტორიაზე ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა ორი მონეტა ასეთივე შეცდომებით, ასევე კერძო კოლექციებში მიკვლეულია მსგავსი ოთხი მონეტა.

 

განაგრძეთ კითხვა