რა ხდებოდა 100 წლის წინ მოსკოვში: "ბათუმი - ჩვენ, ართვინ-არტაანი - თქვენ" - ლენინის წერილის მიხედვით, რაზე უნდა დალაპარაკებოდა სტალინი თურქებს? | Allnews.Ge

რა ხდებოდა 100 წლის წინ მოსკოვში: "ბათუმი - ჩვენ, ართვინ-არტაანი - თქვენ" - ლენინის წერილის მიხედვით, რაზე უნდა დალაპარაკებოდა სტალინი თურქებს?

1921 წლის 16 მარტი. მოსკოვში, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის შენობაში ერთობ მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოლაპარაკების ფინალი იწყება - ხელი უნდა მოეწეროს "რუსეთ-თურქეთის მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულებას".

აი, სხდომათა დარბაზში შედის თურქეთის დელეგაცია: ეკონომიკის მინისტრი იუსუფ ქემალი (მეთაური), თურქეთის ელჩი რუსეთში, გენერალი ალი ფუად ჯებესოი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი რიზა ნური-ბეი...

რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი გიორგი ჩიჩერინი თურქეთის დელეგაციის წევრებს მაგიდასთან იწვევს, რომელზეც ხელშეკრულების პარაფირებული ტექსტი დევს. დგება ისტორიული მომენტი: დოკუმენტს ხელს ჯერ აწერენ გიორგი ჩიჩერინი და სრულიად რუსეთის ცაკ-ის წარმომადგენელი ჯელალედინ კორკმასოვი, შემდეგ კი იუსუფ ქემალი, რიზა ნური და ალი ფუადი.

 

მოსკოვში ხელმოწერილი "რუსეთ-თურქეთის მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულებით", საქართველოს ტერიტორიების ბედიც გადაწყდა - ქართველთა დაუკითხავად, რუსეთის წითელი არმიის მიერ ოკუპირებული თბილისიდან შორს... იგივე ხელშეკრულება ეხებოდა აგრეთვე სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიას და საზღვრებს.

  • ისტორიიდან: სან-სტეფანოს ზავის მნიშვნელობა საქართველოსთვის
საქართველო-თურქეთის (ოსმალეთის) ურთიერთობა მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთ-თურქეთის ურთიერთობასთან, უფრო მეტიც, ძალზე ხშირად ორი დიდი იმპერიის სამხედრო დაპირისპირება განსაზღვრავდა ხოლმე საქართველოს ბედს. ასე იყო XVIII საუკუნეში (იასის სამშვიდობო ხელშეკრულება, 1792 წელს); XIX საუკუნეში (ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება, 1829 წელს; სან-სტეფანოს სამშვიდობო (საზავო) ხელშეკრულება 1878 წელს). საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო სან-სტეფანოს ხელშეკრულება, რომლის თანახმად, რუსეთის იმპერიამ 1878-79 წლების ომში დამარცხებული ოსმალეთისაგან ისტორიული ქართული ტერიტორიები (ტაო-კლარჯეთი, ერუშეთი... აჭარა და ართვინ-არტაანი) მიიღო - კონტრიბუციის სახით. აქვე შევნიშნავთ, რომ სან-სტეფანოს ხელშეკრულებით და მოგვიანებით, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით დადგენილი რუსეთ-ოსმალეთის სახელმწიფო საზღვარი იურიდიულად უცვლელი იყო 37 წლის განმავლობაში.

გიორგი ჩიჩერინი

 

პირველი მსოფლიო ომში ანტანტასა და "ოთხთა კავშირს" შორის საომარი მოქმედებები კავკასიაშიც გაჩაღდა. რუსეთი, როგორც ანტანტის წევრი, "ოთხთა კავშირის" წევრ ოსმალეთთან ომში ჩაება. კავკასიის ფრონტზე მომხდარმა მოვლენებმა კორექტივები შეიტანა სასაზღვრო-ტერიტორიულ საკითხებშიც: ბათუმსა და ართვინს ჯერ ოსმალები (ბრესტის 1918 წლის 3 მარტის ზავით და ბათუმის 1918 წლის 4 ივნისის უსამართლო ხელშეკრულებით), მოგვიანებით კი, ოსმალეთის დამარცხების შემდგომ, ბრიტანელები დაეუფლნენ (მუდროსის 1918 წლის ოქტომბრის ზავით), არტაანი კი პროთურქული ელემენტებისაგან ჩამოყალიბებულმა თვითმარქვია ე. წ. "ყარსის რესპუბლიკამ" ჩაიგდო ხელში. საქართველოს მთავრობის დიპლომატიისა და ქართული შეიარაღებული ძალების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთთან საკმაოდ სწრაფად აღდგა თითქმის იმავე სახით, როგორიც პირველ მსოფლიო ომამდე იყო: 1920 წლის ივლისში, როცა აჭარა (ბათუმის ოლქი ართვინითურთ) საქართველოს დაუბრუნდა, ქვეყნის ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სახელმწიფო ტერიტორიის ფართობმა თითქმის აბსოლუტურ მაქსიმუმს მიაღწია. ეს იყო უდიდესი მიღწევა XIV საუკუნის 30-იანი წლების შემდგომ, როცა გიორგი ბრწყინვალემ საქართველო კვლავ გააერთიანა. აქვე დავამატებთ, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია მკვეთრად იყო გამოხატული დასავლური ვექტორით.

აი, ასეთი მდგომარეობა ჰქონდა საქართველოს 1920 წლის ივლისში, მაგრამ რა ხდება თურქეთში?

  • თურქული "ეროვნული აღთქმა" და ბათუმის საკითხი

პირველ მსოფლიომ ომში დამარცხებული ოსმალეთის ტერიტორია გამარჯვებულებმა - ანტანტის წევრებმა - გავლენის სფეროებად გადაინაწილეს. გენერალი მუსტაფა ქემალი, თავის თანამზრახველებთან ერთად, არ შეურიგდა შექმნილ სიტუაციას და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა დაიწყო: რეგიონებში ჩამოაყალიბა "თურქთა უფლებების დაცვის საზოგადოებები", მიიმხრო ოსმალეთის პარლამენტის დეპუტატთა ნაწილი, სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეები და ჯერ ერზერუმში (1919 წლის აგვისტო), შემდეგ კი სივასში (1919 წლის სექტემბერი) "უფლებების დაცვის საზოგადოებათა" წარმომადგენლების ყრილობები ჩაატარა "სამშობლოს გადარჩენის გზების" ძიების მიზნით. აქვე აუცილებელია ითქვას, რომ კონსტანტინოპოლში, ანტანტის წარმომადგენლების კონტროლით, ოსმალეთის სულთნის მეჰმედ VI-ის მთავრობა ჯერ კიდევ არსებობას განაგრძობდა. მართალია, სულთნის მთავრობას მუსტაფა ქემალის მიმართ სიმპათიები არ ჰქონდა, მაგრამ მაინც დათანხმდა პარლამენტის (დეპუტატთა პალატის) არჩევნების ჩატარებას. არჩევნების შედეგებმა ანტანტის წარმომადგენლებს იმედი გაუცრუა - დეპუტატთა უმრავლესობამ მუსტაფა ქემალის მხარე დაიკავა: მათ პირველივე სხდომაზე, 1920 წლის 28 იანვარს მიიღეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი - "თურქეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია", ანუ "ეროვნული აღთქმა", რომლითაც თურქეთის მომავალი საზღვრები და სახელმწიფო მოწყობა განისაზღვრა. სხვათა შორის, ამ დეკლარაციის მეორე პუნქტში ბათუმის ოლქი თურქეთის ტერიტორიად არის წარმოდგენილი, "რომელიც "დედა-სამშობლოს" ჯერ კიდევ 1918 წლის ივნისში დაუბრუნდა". ამასთან, პარლამენტმა "ეროვნულ აღთქმაში" ბათუმის ოლქის მოსახლეობის ნების პლებისციტით გამოხატვის პრინციპიც შეიტანა.

მუსტაფა ქემალი

 

1920 წლის 16 მარტის შემდეგ კი, როცა ანტანტამ კონსტანტინოპოლის ოკუპირება მოახდინა და ოსმალეთის ახლადარჩეული, მაგრამ ჯიუტი პარლამენტი დაშალა, მუსტაფა ქემალმა ანატოლიის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ანგორაში (ანკარაში) თავისი მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო - დიდი ეროვნული კრება ჩამოაყალიბა, რომელშიც კონსტანტინოპოლიდან გამოქცეული 105 დეპუტატი შევიდა, დანარჩენი კი - 233 დეპუტატი, ხელახლა აირჩიეს.

საინტერესოა, რომ იმ პერიოდში რუსეთისა და თურქეთის ლიდერების - ვლადიმერ ლენინისა და მუსტაფა ქემალის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა: ორივე ანტანტის ქვეყნებისა და მათი მოკავშირეების ინტერვენციას ებრძოდა, ევროპას ორივე - მოსკოვიც და ანგორაც მტრად თვლიდნენ. ბუნებრივია, საერთო პრობლემებმა საგარეო-პოლიტიკურ ინტერესთა დამთხვევა გამოიწვია - რუსეთის კომუნისტურმა და თურქეთის ქემალისტურმა მთავრობებმა ერთმანეთს დახმარების ხელი გაუწოდეს. 1920 წლის მაისში მუსტაფა ქემალმა მოსკოვში თავისი მთავრობის "საგარეო საქმეთა სახკომი" (ასე უწოდებდნენ თურქი ქემალისტები მინისტრებს, რუსი კომუნისტების მსგავსად) ბექირ სამი-ბეი და მისი მოადგილე იუსუფ ქემალი მოსკოვში გაგზავნა. ისინი ჯერ თავიანთ საბჭოტა კოლეგებს - სახკომ გიორგი ჩიჩერინს და მის მოადგილეს - ლევ კარახანს შეხვდნენ, შემდეგ კი თვით სახკომსაბჭოს თავმჯდომარეს ვლადიმერ ლენინს. თურქები მოსკოვში საკმაოდ ხანგრძლივი დროით დარჩნენ - აგვისტოს ბოლომდე. ამ ხნის განმავლობაში შემუშავდა "მეგობრობა-ძმობის ხელშეკრულების" პროექტი, აგრეთვე შეთანხმება ფინანსებით და იარაღით დახმარების თაობაზე (დაახლოებით 8 ტონა ოქრო, რამდენიმე ათასი შაშხანა, ქვემეხები და ჭურვები).

ეხმარებოდნე რა თურქ "ამხანაგებს", რუს ბოლშევიკებს უფრო შორს მიმავალი მიზნები ჰქონდათ - საბჭოთა რუსეთი ქემალისტურ მთავრობას ახლო აღმოსავლეთში ბოლშევიკური იდეების გატარების (მსოფლიო რევოლუციის) ინსტრუმენტად განიხილავდა. რასაკვირველია, როგორც ქემალისტები, ასევე კომუნისტები ქართველ სოციალ-დემოკრატებს ეჭვითა და უნდობლობით უყურებდნენ და თბილისის დასავლური დიპლომატია აშკარად არ მოსწონდათ.

კიდევ ერთი მიზანი, რომელიც თურქ ქემალისტებსა და რუს კომუნისტებს აერთიანებდათ: ორივენი ცდილობდნენ ყოფილი იმპერიების რაც შეიძლება მეტი ტერიტორია გაეკონტროლებინათ. უფრო მეტიც, ანგორის მთავრობა მოქმედებდა 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში საქართველოსა და სომხეთთან დადებული კაბალურ ხელშეკრულებათა დებულებებით და როგორც საქართველოს ისტორიულ აჭარა-ტაო-კლარჯეთს, ასევე სომხურ ყარსსა და ყაგიზმანს (ანუ თურქეთის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ვილაიეთებს) თავის ტერიტორიებად მიიჩნევდა.

უნდა აღინიშნოს, რომ "აღთქმის" საფუძველზე პირველი პროტესტი ტერიტორიების გამო თურქეთმა საქართველოს ჯერ კიდევ 1920 წლის ივლისში გამოუცხადა, როცა დიდმა ბრიტანეთმა აჭარიდან ჯარები გაიყვანა და ბათუმი საქართველოს დაუბრუნა, თუმცა იმ დროს ქემალისტების პროტესტისათვის თბილისს ჯეროვანი ყურადღება არ მიუქცევია. არადა, თითქმის იგივე განმეორდა 1921 წლის იანვარშიც, როცა საქართველოს დიპლომატიური მისია სიმონ მდივნის ხელმძღვანელობით ანგორაში ჩავიდა: "შეხვედრის დროს, საზღვრებზე საუბრისას, მუსტაფა ქემალმა "ეროვნული აღთქმა" შეგვახსენა და მისი ტექსტი გადმოგვცა", - ატყობინებდა ქართველი ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროს თბილისში. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, "ეროვნული აღთქმა" თურქეთისთვის დღესაც მოქმედი იურიდიული დოკუმენტია, რადგან სწორედ მასში არის დაფიქსირებული თურქეთის ტერიტორიის ფარგლები.

  • თურქები მოსკოვში: "ბათუმი და ართვინ-არტაანი ჩვენია!"

1920 წლის მეორე ნახევარში თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა სულ უფრო მტკიცდებოდა. წლის დასასრულს გადაწყდა მეგობრობის ხელშეკრულების გაფორმებაც. საინტერესოა, რომ ბაქოს გავლით მოსკოვს მიმავალი ანგორის მთავრობის დელეგაცია იუსუფ ქემალის მეთაურობით ბათუმიდან თბილისში 4 თებერვალს, რუსეთის თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა. საქართველოს ხელისუფლებამ თურქები დიდი პატივით მიიღო, გაიმართა ხანმოკლე მოლაპარაკება, რომლის დროსაც ქემალისტებმა დაადასტურეს ახლო მომავალში საქართველოსთან ხელშეკრულების დადების სურვილი.

საბჭოთა სარკინიგზო ტრანსპორტის ცუდი მუშაობის გამო თურქეთის დელეგაციამ მოსკოვში ჩასვლა დააგვიანა. თურმე ბაქოში მათი ვაგონი შეცდომით რომელიღაც მეორეხარისხოვანი ნელმავალი ეშელონისთვის ჩაუბამთ. იუსუფ ქემალი თითქმის ყოველი სადგურიდან ტელეფონით უკავშირდებოდა საგარეო საქმეთა სახკომს გიორგი ჩიჩერინს და დახმარებას სთხოვდა, სპეციალური ორთქლმავალი გვჭირდებაო. როგორც იქნა, 19 თებერვალს, თურქები მოსკოვში ჩავიდნენ...

სანამ დელეგაციის წევრები მილაგ-მოლაგდებოდნენ და პოლიტიკურ სიტუაციას გაეცნობოდნენ, მათ შორის კავკასიაშიც (სადაც რუსეთ-საქართველოს ომი იყო უკვე დაწყებული), რამდენიმე დღე გავიდა, 26 თებერვალს კი რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკება (კონფერენცია) დაიწყო. თურქებმა მთავარი მოთხოვნა დააფიქსირეს: 1920 წლის აგვისტოში შედგენილ ძმობა-მეგობრობის ხელშეკრულების პროექტში ცვლილებები უნდა შესულიყო კავკასიაში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით: დოკუმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დებულება უნდა ყოფილიყო თურქეთის ტერიტორიისა და მისი აღმოსავლეთის საზღვრის აღიარება რუსეთის მიერ.

ამ დროს კი საქართველოში ყოველი მხრიდან შემოსეულმა რუსეთის ჯარებმა თბილისი დაიკავეს, მთავრობა ევაკუირებულია ჯერ ქუთაისში, შემდეგ ბათუმში... მარტის დასაწყისში ანგორიდან (ანკარიდან) მიღებული დირექტივების საფუძველზე იუსუფ ქემალმა რუსეთის მთავრობას ბათუმის, ართვინისა და არტაანის, აგრეთვე ყარსის თურქეთის შემადგენლობაში აღიარება მოსთხოვა. ამით მან ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ეს ქალაქები მხოლოდ და მხოლოდ თურქეთს ეკუთვნის...

როგორც თურქული, რუსული და სომხური წყაროებით ირკვევა, გიორგი ჩიჩერინი წინააღმდეგი ყოფილა, რომ თურქეთს ყარსის ოლქი გადასცემოდა. სამეცნიერო ლიტერატურაში სომეხთა ლობისტად წოდებული გიორგი ჩიჩერინი მართლაც "კბილებით იცავდა" სომეხთა ინტერესებს, კატეგორიულად მოითხოვდა თურქებს დაებრუნებინათ ყარსი და ალექსანდროპოლი (დღევანდელი გიუმრი, ყოფილი ლენინაკანი), რომლებიც ქემალისტებმა სომხეთთან 1920 წლის აგვისტოს ბოლოს დაწყებული ომის დროს ჩაიგდეს ხელში. ცნობილი რუსი დიპლომატის ამგვარ მოქმედებას თურქეთის დელეგაცია ძალზე გაუნაწყენებია, მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარიც კი უთქვამთ.

საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ საქართველოს მხარდამჭერი არც ანკარაში და არც მოსკოვში არავინ იყო. ჩვენი მოსკოველი ელჩი, სოციალ-დემოკრატი გერასიმე მახარაძე ჩეკამ დააპატიმრა, ხოლო ანკარაში საქართველოს ელჩს სიმონ მდივანს მუსტაფა ქემალი სიტყვით დახმარებას ჰპირდებოდა, საქმით კი პირიქით აკეთებდა - ულტიმატუმი წამოგვიყენეს, რომ ჩვენს სამხედრო გარნიზონებს უმოკლეს ვადაში ართვინი და არტაანი უნდა დაეტოვებინათ. ნათქვამია, ძალა აღმართსა ხნავსო. რა უნდა ექნა უთანასწოროდ ბრძოლაში მყოფ საქართველოს მთავრობას?

გერასიმე მახარაძე

 

თბილისმა ანგორას ალტერნატივა შესთავაზა: ჩვენ ჯარს გავიყვანთ, მაგრამ სამოქალაქო მართვა-გამგებლობა ჩვენი დარჩესო. თურქებმა უარი განაცხადეს. მათი არმია ბათუმისკენ მიიწევდა. 7 მარტს ქართულმა ჯარმა ართვინი და არტაანი დატოვა. მოსკოვში რუსეთის სახკომსაბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ ლენინი შეშფოთებულია თურქების დელეგაციის ჯიუტობით. და აი, საქართველოსათვის ასეთ დრამატულ ჟამს არენაზე გამოჩნდა კავკასიის პრობლემათა მცოდნე, რუსეთის ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისარი იოსებ სტალინი.

  • ლენინი: "თურქებს სტალინი დაელაპარაკება"

9 მარტს ვლადიმერ ლენინი გიორგი ჩიჩერინს წერილს წერს: "ამხანაგო ჩიჩერინ! მე უკიდურესად ვარ შეშფოთებული იმით, რომ თურქები ბათუმის შესახებ თანხმობას აჭიანურებენ და დროს იგებენ, სანამ მათი არმია ქალაქისაკენ მიიწევს. ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ გაჭიანურების უფლება. განიხილეთ ასეთი ზომა: თქვენ მოლაპარაკებას წყვეტთ იმ მოტივით, რომ ჩემთან ნახევარსაათიანი შეხვედრა გსურთ, სტალინი კი ამასობაში თურქების დელეგაციასთან გულახდილად მოილაპარაკებს, რომ საქმე დღესვე ბოლომდე მიიყვანოს" (ვ.ი.ლენინი. თხზულებათა სრული კრებული, ტომი 52-ე, გვ.92, მოსკოვი, 1970 (რუს). // http://bolshevick.org/teoriya-i-praktika-bolshevizma/lenin/52.pdf

ვლადიმერ ლენინს სულაც არ სურდა თავისი თურქი კოლეგის, მუსტაფა ქემალის განაწყენება, რადგან კრემლი თურქეთს, როგორც უკვე ვთქვით, აღმოსავლეთში თავის მნიშვნელოვან რევოლუციურ მოკავშირედ მიაჩნევდა. როგორც თურქი მკვლევარები ამტკიცებენ, მოლაპარაკების დროს ბათუმის კუთვნილების ირგვლივ წარმოქმნილი უთანხმოების გადაჭრაში მთავარი როლი სწორედ იოსებ სტალინს შეუსრულებია. ამასვე ადასტურებენ სომეხი ისტორიკოსებიც.

განაგრძეთ კითხვა