იაფი ცხოვრება, საუკეთესო Wi-Fi და უსაფრთხო გარემოცვა": რატომ ჩადიან "ციფრული მომთაბარეები“ საქართველოში?- რას წერენ ფრანგული გამოცემები | Allnews.Ge

იაფი ცხოვრება, საუკეთესო Wi-Fi და უსაფრთხო გარემოცვა": რატომ ჩადიან "ციფრული მომთაბარეები“ საქართველოში?- რას წერენ ფრანგული გამოცემები

ფრანგულმა ტელეკომპანიამ "ევრონიუსმა" («Euronews») და სააგენტო "ფრანს პრესმა" («France Presse») გაავრცელეს მასალა, სათაურით: "იაფი ცხოვრება, საუკეთესო Wi-Fi და უსაფრთხო გარემოცვა: რატომ ჩადიან "ციფრული მომთაბარეები“ საქართველოში“.

საქართველო - ქვეყანა, რომელიც უკანასკნელ წლებში ძალიან პოპულარული გახდა ტურიზმის მიმართულებით - დღესაც ათასობით უცხოელის მიზიდულობის ცენტრია, რომლებიც იქ მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩადიან "დისტანციურად მუშაობის“ მიზნით.

"აქ ცხოვრება ბევრად იაფია, ინტერნეტთან წვდომაც ძალიან კარგია, ხოლო უსაფრთხოება უკეთესი, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში“, - ამბობს 51 წლის კენდი ტრეფტი, ყოფილი სამედიცინო მუშაკი აშშ-დან. იგი გამოცდილი მოგზაურია, საქართველოში ჯერ კიდევ 2019 წელს ჩამოვიდა, მოგვიანებით კი თბილისის ძველ უბანში "დისტანციურად მომუშავეების“ საერთო ოფისი გახსნა.

  • როგორ დააზარალა "კოვიდ-19“-მა საქართველოს ტურიზმის სექტორი

2004 წლიდან საქართველო, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზებისა და რამდენიმე ძველი ქალაქის (მაგალითად, ბათუმის, მესტიის) რეკონსტრუქციის წყალობით თანდათან გახდა მსოფლიო ტურიზმის მნიშვნელოვანი მიმართულება. 2019 წელს ქვეყანას დაახლოებით 9 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც ორჯერ აღემატება საქართველოს მოსახლეობას. ტურიზმის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) თითქმის 5%-ს შეადგენდა

მაგრამ, სამწუხაროდ, "კოვიდ-19“-ის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკის ტურიზმის სექტორს სერიოზული დარტყმა მიაყენა: ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს ეკონომიკა თითქმის 6%-ით შემცირდა და ასი ათასმა ადამიანმა სამუშაო დაკარგა.

ამ დანაკარგების კომპენსირების იმედით, საქართველოს მთავრობამ გასულ ზაფხულს განახორციელა პროგრამა მდიდარი დისტანციური მომუშავეების მისაზიდად, რომლებსაც, "კოვიდ-19“-თან ბრძოლის მიუხედავად, შეღავათიანი პირობები აღუთქვა. "ეს პროგრამა გამიზნულია მაღალი შემოსავლების მქონე უცხოელებისათვის, როცა ტურისტების მასობრივი შემოსვლა ქვეყანაში შეწყვეტილია“, - განუცხადა "ფრანს-პრესს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-მდივანმა თეა ჩანჩიბაძემ.

  • "საქართველოში უკვე ერთი წელია ვცხოვრობ და ვმუშაობ“

"დისტანციური მუშაობის "ქართულმაი სქემა საშუალებას აძლევს მსოფლიოს 95 ქვეყნის მოქალაქეს, რომლებსაც ყოველთვიური შემოსავლები 2 ათასი დოლარი (1670 ევრო) აქვთ, საქართველოში იცხოვრონ და იმუშაონ. მათ ასევე უნდა ჰქონდეთ კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგი ან აცრილები უნდა იყვნენ.

"პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადი დაახლოებით 2300 ადამიანმა შეიტანა და მათგან დღეისათვის საქართველოში 800-მდე უკვე ჩამოსულია“,, - ამბობს თეა ჩანჩიბაძე.

საქართველო "კოვიდ-19“-ის ეპიდემიას 2020 წლის ზაფხულამდე აკონტროლებდა, მაგრამ სექტემბრიდან სიტუაცია გაუარესდა: მიმდინარე წლის თებერვლისათვის ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 270 ათასი შემთცხვევა დარეგისტრირდა, რის შედეგადაც დაახლოებით 2500 ადამიანი გარდაიცვალა.

ენდრიუ ბრაუნი, 28 წლის კომპიუტერული პროგრამისტი აშშ-ის ნიუ-ჯერსის შტატიდან, ამბობს, რომ "საქართველო "კოვიდ-19“-ის პანდემიის დროსაც კი ცხოვრებისათვის საუკეთესო ადგილს წარმოადგენს“.

"რაც მე ყველაზე ძალიან მომწონს, ესაა ქართველების მეგობრული განწყობა და ურთიერთობის მაღალი კულტურა. მე უცხოელი ვარ, მაგრამ აქ არასდროს არ მიგრძვნია თავი ზედმეტად", - ამბობს ენდრიუ ბრაუნი და აღნიშნავს, რომ საქართველოში სულ უფრო მეტი "ციფრული მომთაბარეები“ ჩამოდიან. ამერიკელი პროგრამისტის თქმით, ჩამომსვლელებს [სპეციალობის] სხვადასხვა პროფილები აქვთ, მაგრამ ყველას ცნობისმოყვარეობა და ქვეყნის კვლევის სურვილი იზიდავს.

  • "დისტანციური“ ცხოვრების წესის ნაკლი

ჩვეულებრივ ტურისტებისაგან შედარებით, ენდრიუ ბრაუნი თვლის, რომ 21-ე საუკუნის მომთაბარეებს უფრო მეტად შეუძლიათ იმ ქვეყნის კულტურასთან ინტეგრირება, სადაც ისინი მუშაობენ. თუმცა ცხოვრების ასეთ წესს თავისი ნაკლოვანება და შეზღუდვებიც აქვს.

ბრიტანეთის კრენფილდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, კომპანიები იმ თანამშრომლებს, რომლებიც დისტანციურად ("შორიდან“) მუშაობენ, ხშირად ისეთ დავალებებს აძლევენ და ისეთ მოთხოვნებს უყენებენ, რომელთა დაკმაყოფილება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში შეუძლებელია.

"დისტანციურ მუშაობას“ ახასიათებს ზეგანაკვეთურობა, ელექტრონული ფოსტით სადღეღამისო სარგებლობა, არასაკმარისი დასვენების დღეები, ძილის დეფიციტი, რამაც ჯანმრთელობაზე უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს. და ეს საქართველოშიც კი შეიძლება მოხდეს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ დისტანციურად მომუშავე ადამიანები თავიანთი ოჯახებისაგან შორს იმყოფებიან.

ენდრიუ ბრაუნი აღიარებს, რომ ზოგჯერ საზღვარგარეთ ცხოვრება "საამურია“, მაგრამ არცთუ იშვიათად საზღვარგარეთაც ყველა შენი პრობლემა თან მიგყვება“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ