ჩერნობილის ტრაგედია და ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ორი უკრაინული ოჯახი გადაარჩინა | Allnews.Ge

ჩერნობილის ტრაგედია და ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ორი უკრაინული ოჯახი გადაარჩინა

1986 წლის 27 აპრილს, კიევის „დინამომ“ და მოსკოვის „სპარტაკმა“ სსრკ-ის ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩი ჩაატარეს - მატჩი კიეველებმა 2:1 მოიგეს. მაგრამ შედეგი ამ დღეს გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო.

უფრო მნიშვნელოვანი იყო, რაც იმ მატჩის მონაწილეებმა არც იცოდნენ (ვინც იცოდა, მხოლოდ ყურმოკვრით გაეგოთ), რომ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიის ეპიცენტრიდან 100 კილომეტრში ითამაშეს. 1986 წლის 26 აპრილი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურზე ავარია მოხდა - კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტექნოგენური კატასტროფა.

”ჩვენ ისე გვერიდებოდნენ, როგორც კეთროვანებს. როგორ იმოქმედა ჩერნობილის კატასტროფამ ფეხბურთზე“ - ამ სათაურით გამოცემა „ჩემპიონატმა“ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში (აეს) 1986 წლის 26 აპრილს მოხდარ ავარიაზე წერილი გამოაქვეყნა და მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიიდან მეორე დღეს, 27 აპრილს გამართული მატჩი გაიხსენა.

„27 აპრილს, რადიაციის ეპიცენტრიდან მხოლოდ ასი კილომეტრში, თითქოს არაფერი მომხდარა, კიევის „დინამომ“ სსრკ ჩემპიონატის მორიგი ტურში მოსკოვის „სპარტაკს“ უმასპინძლა. თამაშობდნენ სსრკ-ს ყველაზე ძლიერი გუნდები, რომელთა ფეხბურთელებიც (ძირითადად კიევის, რა თქმა უნდა), საბჭოთა ნაკრების არათუ ხერხემალს, ბირთვს წარმოადგენდნენ. კიევის რესპუბლიკური არენის ტრიბუნაზე პრინციპულ მატჩს თვალს 82 ათასი ადამიანი ადევნებდა“ - წერს გამოცემა.

ვიაჩესლავ კოლოსკოვი, 1986 წელს სსრკ სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს ხელმძღვანელი: „საბჭოთა კავშირში, ბოლო მომენტამდე ყველაფერს ასაიდუმლოებდნენ. ხალხმა მაშინ არც იცოდა, რა მოხდა. ჩვენ დახურული ქვეყანა ვიყავით. და მხოლოდ მაშინ, როდესაც დასავლეთში აურზაური ატყდა და დამალვა აღარ შეიძლებოდა, გაზეთებსა და რადიოში გავრცელდა ინფორმაცია: არაფერია სანერვიულო, ხანძარი ჩააქრეს.

ცდილობდნენ ტრაგედიის დამალვას. შესაბამისად, მეორე დღეს კიევის „დინამოსა“ და „სპარტაკის“ მატჩი მონაწილეებმა არაფერი იცოდნენ და თამაშების გადადებაზეც საუბარი არ ყოფილა. გადასცემდნენ, რომ ჩერნობილში რადიაციული ფონი კიევში არსებულისგან ბევრად განსხვავდებოდა. ეს ახლაა აშკარა, რომ მაშინ კიევსა და მინსკში თამაში შეუძლებელი იყო“.

მოსკოვის „სპარტაკისა“ და საბჭოთა ნაკრების მაშინდელი ექიმი იური ვასილკოვი თვლის, რომ ფეხბურთელები რადიაციას შემთხვევით გადაურჩნენ: „კიევში 82 ათასი ადამიანი მოვიდა, ცხადია, რისკი იყო. კიევი ჩერნობილის სამხრეთით მდებარეობს, ღრუბლები კი ჩრდილოეთით, სკანდინავიისკენ მოძრაობდნენ და ძალიან გაგვიმართლა“.

ალექსანდრე ბუბნოვი, 1986 წელს „სპარტაკის“ მცველი დააახლოებით იგივეს ამბობს: „მახსოვს, რატომღაც, „დინამოსთან“ მატჩის წინ სხვა სასტუმროში შეგვიყვანეს, არადა, სხვაგან შესვალს ველოდით. მე ძალიან ცუდად მეძინა - ალბათ, გამოსხივების გამო. დილით ძალიან მოდუნებულ მდგომარეობაში ვიყავი და სტადიონზეც, ასე გავედი. კიევმა მოიგო - 2:1. რა იყო უჩვეულო? ძალიან ძლიერი ქარი, რაც კიევის სტადიონზე არასდროს მახსენდება. მაგრამ ქარი ქროდა არა აფეთქებული ჩერნობილის მხრიდან. ღამით კი, შესაძლოა, სხვაგვარი რადიაციული ვითარება იყო“.

კიეველთა ყოფილი თავდამხმელი ანატოლი ბიშოვეცი 1986 წელს სსრკ ოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. იგი იხსენებს, რომ მისი ოჯახი მოსკოვში სწორედ რადიაციის გამო დასახლდა: „ჩემი ვაჟი შეჩერბიცკის (უკრაინის მაშინდელი ხელმძღვანელი, სსრკ-ს პოლიტბიუროს წევრი) შვილიშვილის პარალელურად კლასში სწავლობდა. როდესაც ავარია მოხდა, შვილს ვკითხე, შჩერბიცკის შვილიშვილი სკოლაში თუ დადიოდა და მითხრა, რომ ნახა. ჩავთვალე, რომ ჭორები სისულელე იყო. 9 მაისის პარადის შემდეგ შვილი სახლში მოვიდა და თქვა, რომ თავის ტკივილები ჰქონდა. მეორე დილით ოჯახის წევრები მანქანაში ჩავსვი და ოდესაში გავხიზნე, შემდეგ ისინი მოსკოვში გადავიდნენ“.

ვლადიმერ ბესონოვი, 1986 წელს კიევის „დინამოს“ მცველმა რეზო ჩელებაძის დახმარება გაიხსენა: „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ, მე და ბალმა ოჯახები ქობულეთში რევაზ ჩელბაძესთან გავაგზავნეთ. ყველას ოჯახს და ახლობლებს კიევიდან რაც შეიძლება შორს ვუშვებდით. გამოსხივებისგან თავის დასაცავად წითელ ღვინოს ვსვამდით. ავარია აპრილის ბოლოს მოხდა. ამის შესახებ „სპარტაკთან“ მატჩის შემდეგ ავტობუსში შევიტყვე. ლობანოვსკიმ თანაშემწეს უთხრა -„ჩერნობილის სადგურზე რეაქტორი აფეთქდა. საშიში არაფერია. ხანძარი ჩააქრეს, ორი ადამიანი დაიღუპა“. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რამდენად სერიოზული ამბავი მოხდა. დეტალები რამდენიმე დღეში საფრანგეთში უფრო გავიგეთ, სადაც თასების მფლობელთა თასის ფინალის თამაში გვქონდა. იქ, ჩერნობილის შესახებ სიახლეებს ყველა არხზე ატრიალებდნენ. ჩვენ ისე გვერიდებოდნენ, როგორც კეთროვანებს, თქვენ ხომ დასხივებულები ხართო“.

განაგრძეთ კითხვა