დამლაგებლობიდან NASA-მდე და "პერსევერანსის“ ფრენის დირექტორობამდე - ამერიკაში 300 დოლარით ჩასული გოგონას გზა მარსის საიდუმლოებისკენ | Allnews.Ge

დამლაგებლობიდან NASA-მდე და "პერსევერანსის“ ფრენის დირექტორობამდე - ამერიკაში 300 დოლარით ჩასული გოგონას გზა მარსის საიდუმლოებისკენ

მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება ამერიკის კოსმოსური სააგენტოს ახალი მარსმავალის, "პერსევერანსის" მარსზე მოგზაურობას. შეუპოვარი რობოტი ყოველ დღე გზავნის ფოტომასალას "წითელი პლანეტიდან", რომელსაც მკვლევარები საზოგადოებას უზიარებენ.

"პერსევერანსის" წყალობით, შესაძლოა, პასუხი გაეცეს კითხვას, არსებობდა თუ არა მარსზე ოდესმე სიცოცხლე. საყურადღებოა, რომ ამ უმნიშვნელოვანესი მისიის ხელმძღვანელი 41 წლის კოლუმბიელი ქალი, დაიანა ტრუხილოა. მის შესახებ დღეს მედიაში არაერთი სტატია იწერება და დაიანას პერსონით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. კოლუმბიელ ემიგრანტს შთამაგონებელი ისტორია აქვს და ბევრისთვის ის სამაგალითოა, თუ როგორ შეიძლება მიაღწიო უდიდეს წარმატებას და აისრულო ოცნება მაშინაც კი, როცა ამისთვის შეუსაბამო გარემოში იზრდები და შენი შესაძლებლობების არავის სჯერა.

დაიანა გაიზარდა კოლუმბიურ ოჯახში, სადაც ბევრი სხვა ოჯახის მსგავსად, სჯეროდათ, რომ ქალის ადგილი სახლშია და მისი დანიშნულება ქმარზე ზრუნვაა. დედამ სამედიცინო სკოლა მიატოვა და განათლების მიღებაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც მომავალი ქმარი, დაიანას მამა გაიცნო. თუმცა წყვილი ერთმანეთს დაშორდა და დედა-შვილი სრულიად უსახსროდ, მარტო დარჩა.

“კოლუმბიაში დავიბადე და გავიზარდე. ჩემს ქვეყანაში ძალიან ბევრი ძალადობაა, ცაში ცქერისა და ვარსკვლავების თვალიერების დროს თავს ყველაზე უსაფრთხოდ ვგრძნობდი. საჭმელიც კი არ გვქონდა, კვერცხს მოვხარშავდით და შუაზე გავჭრიდით, ეს იყო ჩვენი დღის საკვები. მახსოვს, როგორ ვიწექი ბალახზე, ცას ვუყურებდი და ვფიქრობდი - იქ უნდა იყოს რაღაც, რაც ამაზე უკეთესია“, - იხსენებს ნასა-ს ინჟინერი.

დაიანა 17 წლის იყო, როცა მიზნად დაისახა გაეგო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ცაში და მიზნისკენ სწრაფვა დაიწყო. მაიამიში ისე ჩავიდა, რომ ინგლისური არ იცოდა და ჯიბეში მხოლოდ 300 დოლარი ჰქონდა, მაგრამ არ ღელავდა, მას საკუთარ თავთან "რაღაც ჰქონდა დასამტკიცებელი.“

"როცა პატარა ვიყავი, ვხედავდი, რომ ჩემს ოჯახში ქალები ბევრ რამეს თმობდნენ, ნებდებოდნენ და არ მიჰყვებოდნენ თავიანთ ოცნებებს. ამან მომცა შეუპოვრობა, უნდა დამემტკიცებინა, რომ მე არ დავთმობდი ჩემს ოცნებას, არ დავნებდებოდი. მინდოდა დამემტკიცებინა ჩემი ოჯახისთვის, რომ ქალები ღირებულები ვართ, რომ ქალები მნიშვნელოვანი ადამიანები ვართ“, - ამბობს ის.

დაიანა ტრუხილო მუშაობდა ნებისმიერ სამუშაოზე, მუშაობდა ღამის საათებში - ალაგებდა სახლებს, ხეხავდა საპირფარეშოებს. დღის პირველ ნახევარში კი კოლეჯში სწავლობდა, რომლის თანხასაც თავისივე გამომუშავებული ფულით იხდიდა.

"ყველა საქმეს ვუყურებდი როგორც შესაძლებლობას, არასდროს მიფიქრია, რომ ამ საქმის გაკეთებას ვერ შევძლებ, არ მითქვამს, რომ არ მჯერა, როგორ შეიძლება მე დამლაგებელი ვიყო, როგორ შეიძლება საპირფარეშო დავალაგო. ჩემი ფიქრები ასეთი იყო - ბედნიერი ვარ, რომ მაქვს სამუშაო, ეს ნიშნავს, რომ საჭმელს ვიყიდი და მექნება სახლი, სადაც დაძინებას შევძლებ. ეს ყველაფერი დამეხმარა და მეხმარება დღემდე, რომ ცხოვრება განსხვავებულად დავინახო", - ამბობს დაიანა.

საბოლოოდ მან ფლორიდის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, კოსმოსური ინჟინერიის მიმართულებით. იხსენებს უნივერსიტეტში პირველ დღეებს, როდესაც ხედავდა, რომ მის სპეციალობაზე სულ მამაკაცები იყვნენ. “შენ აქ არ უნდა იყო...რატომ ხარ აქ?“ - გავიფიქრებდი ხოლმე ზოგჯერ", - ამბობს ინჟინერი.

როდესაც ნასა-ს ლაბორატორიაში შევიდა და "პერსევერანსის" ფრენის დირექტორი გახდა, აღმოაჩინა, რომ ის მარტო არ იყო:

"როდესაც ამ ყველაფერს ვაკეთებ, მე წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას, ჩემს კულტურას, მემკვიდრეობას, ჩემს ხალხს და მე ყოველ ჯერზე მაქსიმუმი უნდა გავაკეთო“, - ამბობს ტრუხილო და აღნიშნავს, რომ ეს პასუხისმგებლობა სიამოვნებით აიღო, მიიჩნევს, რომ ის ბევრი ლათინოსი ქალისთვის და ზოგადად ქალებისთვის მთელი მსოფლიოდან მაგალითი იქნება.

დაიანა მონაწილეობდა "პერსევერანსის" დიზაინის შექმნაში, მათ შორის ფუნქცია, რომელიც რობოტს შესაძლებლობას აძლევს მარსის ზედაპირზე არსებული ქანების ნაწილაკები შეაგროვოს და დედმიწაზე გამოგზავნოს, დაიანას დამსახურებით დაემატა.

"საბოლოო მიზანია იმის გაგება მარტონი ვართ თუ არა ამ სამყაროში, ან იყო თუ არა სამყაროში სადმე სხვაგან ოდესმე სიცოცხლე. იმედი მაქვს, რომ მარსის ზედაპირის კვლევის შედეგად, ერთი წლის შემდეგ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეგვეძლება", - ამბობს დაიანა.

მეცნიერი დაქორწინებულია უილ პომერანთსზე, რომელიც კომპანია Virgin Orbit-ის ვიცე პრეზიდენტია და ისიც კოსმოსის შესწავლითაა დაკავებული. წყვილს ორი შვილი ჰყავს.

ambebi.ge