როგორ მოექცა საბჭოთა კავშირი II მსოფლიო ომის დროს ხეიბრადქცეულ მილიონობით ჯარისკაცს - შემზარავი ფაქტები | Allnews.Ge

როგორ მოექცა საბჭოთა კავშირი II მსოფლიო ომის დროს ხეიბრადქცეულ მილიონობით ჯარისკაცს - შემზარავი ფაქტები

ამბობენ, რომ ომის სიმწარეს გამარჯვების სიხარული ფარავსო. თუმცა ეს ფრაზა ომებზე გადაღებულ ფილმებს ან დაწერილ წიგნებს უფრო შეესაბამება. ომის მოტანილ ტკივილს, სიმწარეს, სიკვდილს, უბედურებას ადამიანი მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ აანალიზებს.

1945 წლის მაისში მიღწეულმა გამარჯვებამ, მშვიდობასა და გახარებასთან ერთად სსრკ-ს უამრავი ტკივილი და პრობლემა მოუტანა. ხალხის იმედები, რომ ომის მერე ბევრი რამ შეიცვლებოდა, არ გამართლდა.

ომი დამთავრებული არ იყო, როდესაც ციმბირისკენ საბჭოთა მოქალაქეებით გატენილი მატარებლები მიიჩქაროდნენ. გულაგი პატიმრების ახალი ნაკადით გაივსო. "ენ-კა-ვე-დე" იჭერდა ყველას, ვინც გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვდა, ვინც ტყვეობაში იძულებით სამუშაოებზე იყო წაყვანილი. საბჭოთა ხელმძღვანელობის აზრით, ასეთ ადამიანებს საზოგადოებაში არაფერი ესაქმებოდათ. ისინი ქვეყნის მოღალატეები და სახელმწიფოს მტრები იყვნენ.

აკავებდნენ იმათაც, ვინც ბევრს ლაპარაკობდა. ვინც ევროპის განადგურებულ ქალაქებში, განსაკუთრებით ბერლინში ნანახ უკეთეს საყოფაცხოვრებო პირობებს საბჭოურ კომუნალურ საცხოვრებლებს ადარებდა. საბჭოური ისტორია ამ ყველაფრის შესახებ დუმს. დუმს ისევე, როგორც ომის შემდეგ, ომის ინვალიდების მასობრივ გასახლებაზე მსხვილი ქალაქებიდან.  

ოფიციალური მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომში 46 250 000 საბჭოთა მოქალაქე დაიჭრა. მათგან 10 მლნ-ზე მეტი ფრონტიდან დაინვალიდებული დაბრუნდა. ომის შემდეგ საბჭოთა ქალაქები მილიონობით დაბრმავებული, სახედამწვარი, წელსქვემოთ მოწყვეტილი ან სულაც ქვედა კიდურების გარეშე, ცალხელა (დაახლოებით 3 მლნ) ჯარისკაცებით გაივსო. ადამიანებით, რომლებმაც გამარჯვებას საკუთარი ჯანმრთელობა შესწირეს.

მათ ნორმალურ ცხორებას წერტილი ჰქონდა დასმული. ინვალიდებს სამსახურში არ ღებულობდნენ. ვის რაში სჭირდებოდა ცალხელა ან ცალფეხა კაცი. ბევრზე ოჯახებმა თქვეს უარი. ბევრმაც შინ დაბრუნება თავადვე არ მოისურვა - არ უნდოდა, რომ საკუთარი დასახიჩრებული და გაუბედურებული სხეულით ოჯახს ზედმეტ ტვირთად დაწოლოდა.

ომის მერე ორიოდე წელიწადში, სსრკ-ს მსხვილი ქალაქები მათხოვრებად ქცეული ომის მონაწილე ინვალიდებით გაივსო. სარჩო საბადებლის გარეშე დარჩენილი მილიონობით ხეიბარი ჯარსკაცი ფულის საშოვნელად ქუჩაში გავიდა. იმ დროს ამ კატეგორიის ხალხის დახმარებისთვის არანაირი სოციალური პროგრამა არ არსებობდა. მილიონობით დაინვალიდებული ადამიანის შენახვისთვის საჭირო ეკონომიკური რესურსი სსრკ-ს ფიზიკურად არ ჰქონდა.

1948 წელს მოსკოვსა და ლენინგრადში ომის ინვალიდების (რომლებიც თავს ქუჩაში მათხოვრობით ირჩენდნენ) დეპორტაციის პირველი ტალღა დაიწყო.

ისინი ფაშიზმზე გამარჯვებული ქვეყნის იმიჯს აკნინებდნენ. საბჭოთა ჯარისკაცი - ახალგაზრდა, ჯანმრთელი და ძალ-ღონით სავსე მამაკაცი იყო. სახალხო გმირი, რომელსაც მკერდი მედლებითა და ორდენებით ჰქონდა დახუნძლული და არა გაუბედურებული ხეიბარი, რომელიც ქუჩაში გამვლელებს სიგარეტსა და ფულს ემათხოვრებოდა. მსგავსი რამ საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო.

პირველ ეტაპზე დეპორტაცია რიგითებსა და სერჟანტებს შეეხო. სტალინის დროს უმაღლესი სამხედრო ჯილდოებით (მათ შორის სსრკ-ს გმირის ვარსკვლავებით) დაჯილდოებული ინვალიდების გასახლებას ვერ ბედავდნენ. ხრუშჩოვის დროს დამოკიდებულება შეიცვალა. ამიერიდან ანგარიშს აღარავის უწევდნენ. საბჭოთა ხელისუფლებამ სპეციალური ტერმინიც კი შემოიღო "მათხოვარი ელემენტი". ამიერიდან მათხოვრების და განსაკუთრებით ქუჩაში ხელგაშვერილი ომის ინვალიდების წინააღმდეგ კანონი სრული სიმძლავრით ამოქმედდა.

დაკავებულებს სპეციალურ დაწესებულებებში "ომისა და შრომის ინვალიდების სახლებში" ასახლებდნენ, რომლებშიც საკონცენტრაციო ბანაკებზე ოდნავ უკეთესი პირობები იყო. ყველაზე მსხვილი ასეთი ინტერნატი კარელიაში, სამყაროსგან იზოლირებულ კუნძულ ვალამზე მდებარე ძველ მამათა მონასტერში იყო მოწყობილი. აქ მოხვედრილებს პასპორტებსა და საჯარისო წიგნაკებს ართმევდნენ. ბედის ირონიით, გმირობისთვის და სხვადასხვა ქალაქების გათავისუფლებისთვის მედლებითა და ორდენებით დაჯილდოებული ხალხი, რომელთა უმეტესი ნაწილი ფრონტზე მოხალისედ წავიდა, აღარავის სჭირდებოდა, არც ოჯახებს და არც ქვეყანას.

მათი უმეტესი ნაწილი ვალაამის მსგავს ინტერნატებში გარდაიცვალა. თავად ვალაამის მამათა მონასტერში მოწყობილმა სპეცდაწესებულებამ 1984 წლამდე იარსება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE