"ასეთი სამარცხვინო რამ, ქართული ჯარის ისტორიაში არ მომხდარა..." - ქართველთა აჯანყება ტექსელზე, რომლის შესახებაც ცოტა რამ ვიცით | Allnews.Ge

"ასეთი სამარცხვინო რამ, ქართული ჯარის ისტორიაში არ მომხდარა..." - ქართველთა აჯანყება ტექსელზე, რომლის შესახებაც ცოტა რამ ვიცით

ქართველი მებრძოლები ხშირად იბრძოდნენ უცხო ქვეყნის მიწებზე, თუმცა ჰოლანდიაში, ტექსელის კუნძულზე გამართული ბრძოლა, სხვა მნიშვნელობის მატარებელია. კუნძულზე გერმანელთა ქართველი ტყვეები ცხოვრობდნენ, რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ, ნაცისტური გერმანიის შეიარაღებული ძალების - ვერმახტის სამსახურში ჩადგნენ, თუმცა ბევრისთვის მოულოდნელად, ქართველებმა აჯანყება მოაწყვეს.

 

რა იყო აჯანყების მიზეზი და მიაღწია თუ არა მან მიზანს - ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე გვესაუბრება:

- ეს აჯანყება გამოიწვია იმან, რომ ქართველ ტყვეებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ გერმანელებთან, სახლში დაბრუნება უნდოდათ. ამ ხალხისთვის ცნობილი იყო, რომ საბჭოთა კავშირი ტყვეებს (ვინც არათუ თანამშრომლობდა გერმანელებთან, არამედ უბრალოდ ტყვედ იყო საკონცეტრაციო ბანაკში) მოღალატეებად თვლიდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ. ამიტომ საჭირო იყო დაემტკიცებინათ საბჭოთა ხელისუფლებისათვის, რომ ისინი ერთგულები იყვნენ და გადაწყვიტეს აჯანყება მოეწყოთ. სხვანაირად მათ არანაირი შანსი არ ექნებოდათ, რომ ენახათ თავის ცოლ-შვილი თუ სხვა ახლობლები.

ეს არის მედლის ერთი მხარე და ამ ფაქტორს უნდა მოვეკიდოთ ძალიან ფაქიზად. არის მეორე მხარეც, რაზეც გენერალი შალვა მაღლაკელიძეც საუბრობდა - ასეთი სამარცხვინო რამ ქართული ჯარის ისტორიაში არ მომხდარა არასდროს! ფაქტობრივად, ვინც მაშინ აჯანყდნენ, აჯანყების პირველ ღამეს ყელი გამოჭრეს მძინარე ადამიანებს, რომელთან ერთადაც თითქმის 2 წელი ეძინათ და ჭამდნენ. აჯანყებულებს ჰქონდათ მხოლოდ ორი არჩევანი: ან აღარასოდეს უნდა ენახათ სამშობლო, ან უნდა გაეკეთებინათ ის, რაც გააკეთეს. სამწუხაროდ, ჩემი აზრით ეს იყო ლაჩრული საქციელი, მაგრამ მათ დიდი არჩევანი არ ჰქონდათ...

- ქართველეთა უმეტესობა იყო ტყვე...

- დიახ, მათი უმეტესობა იყო ტყვე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი ვერმახტის ნაწილი გახდნენ, მათ არ ეპრყობოდნენ ისე, როგორც ტყვეებს, მეტიც - უაღრესად ლმობიერადაც ექცეოდნენ. მაშინ, ომის ბოლოსკენ, განსაკუთრებით სტრესული სიტუაცია იქნებოდა და ასე ერთჯერადად შავ-თეთრის დანახვა და ამ ადამიანების განკიცხვა არ იქნება უპრიანი.

 

- თუკი ისინი ვერმახტის სამსახურში იყვნენ, საბჭოთა ხელისუფლებამ ეს არ იცოდა?

- რა თქმა უნდა იცოდნენ, მაგრამ შემდგომში საბჭოთა ხელისუფლებამ გააყალბა ეს ისტორია და გამოიყენა საკუთარი მიზნებისათვის.

- ბატონო ლაშა, რა ვითარება იყო კუნძულზე აჯანყებამდე?

- აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჰოლანდიის მდგომარეობაც და ვთქვათ, რომ ტექსელზე აჯანყებამდე აბსოლუტური სიმშვიდე იყო. ეს კუნძული ომს გადაურჩა და ეს სრულიად მშვიდი და ომისგან გადარჩენილი კუნძული, ფაქტობრივად ქართველების და გერმანელების შურისძიებას ემსხვერპლა. სხვათა შორის, საინტერესო ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი ბრძოლები (ევროპის ტერიტორიაზე) ქართველების და გერმანელების ხოცვა-ჟლეტა იყო.

 

- რა ბედი ეწიათ საბჭოთა კავშირში დაბრუნებული ტყვეებს?

- აჯანყებულები, როგორც კი ჩამოვიდნენ, თითქმის ყველა დააპატიმრეს, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ შეცვალა მათდამი დამოკიდებულება, რადგან დაინახა პროპაგანდის საშუალება. ისინი გაათავისუფლეს, მათი დიდი ნაწილი საბჭოთა პროპაგანდის სამსახურში ჩადგა და შემდგომში განაგრძნობდნენ იმ ტყუილის ტირაჟირებას, რომ თითქოს ტექსელზე საკონცენტრაციო ბანაკში იყვნენ და იქ აჯანყდნენ (სამწუხაროდ, მე კარგად არ ვიცნობ ყველა აჯანყებულის ბედს და ვერ გეტყვით, ყველა დაბრუნდა, თუ იყვნენ მათ შორის ისეთებიც, ვინც ციმბირში დატოვეს ან სხვა ფორმით დასაჯეს), მაშინ როცა ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ არავითარი საკონცენტრაციო ბანაკი იქ არ ყოფილა კუნძულზე.

 

- რამდენად მართალია, რომ ქართველთა აჯანყების გამო ბევრ ადგილობრივს შეექმნა პრობლემა და ბევრი მათგანი გერმანელებმა დახვრიტეს კიდეც?

- ტექსელზე არსებობდა იატაქვეშეთი. მართალია პატარა, მაგრამ იყო წინააღმდეგობრიობის მოძრაობაც და ისინი ამ აჯანყების დროს თანამშრომლობდნენ ქართველებთან და ბუნებრივია, სადამსჯელო ღონისძიებები მათ წინააღმდეგაც გატარდა. ასევე დაისაჯნენ ისინიც, ვინც ქართველებს თავშესაფარი მისცა.

 

- ბატონო ლაშა, 70-80-იან წლებში ხშირად ჩადიოდნენ ქართველები ტექსელის კუნძულზე, ზემოთმოყვანილი ფაქტების გამო, კუნძულზე მცხოვრებთაგან აგრესიული დამოკიდებულების ფაქტებს ხომ არ ჰქონია ადგილი?

- ჩემთვის ასეთი ფაქტები უცნობია. ტექსელზე დღემდე არის ქართველთა სასაფლაო, რომელიც საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ემსახურებოდა საბჭოთა კავშირ-ნიდერლანდების მეგობრობის პროპაგანდასაც. ჰოლანდიელები არ იყვნენ პრო-გერმანულად განწყობილი და არა მგონია ქართველების მიმართ დიდი საყვედური ყოფილიყო, ზოგჯერ ძალიან ახლო თბილი ურთიერთობებიც იყო მათ შორის.

 

- ბატონო ლაშა, დღევანდელი გადასახედიდან, რამდენად სწორი იყო ეს აჯანყება?

- ჩემი აზრით ისტორიაში ასეთი კითხვის დასმა: სწორი იყო თუ არა, ცოტა უმართებულოა, რადგან მოხდა ის, რაც მოხდა. ეთიკური და მორალური თვალსაზრისით ეს აჯანყება ნაკლებად იყო სწორი, მაგრამ თუ იმ კუთხით შევხედავთ, რომ ამ ადმიანებს სახლში უნდოდათ დაბრუნება, სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდათ. ისტორიის მიზანია, ადამიანს მოუყვეს ფაქტები, არ დაუმალოს მტკივნეული და არ გააყალბოს კონკრეტული მომენტები და თითოეულმა ადამიანმა, რომელიც პატიოსნად დაწერილ ისტორიას წაიკითხავს, თვითონ შეიქმნის მისდამი დამოკიდებულება.

ლადო გოგოლაძე, AMBEBI.GE