ძმები, რომლებმაც თითქმის ნახევარი თბილისი ააშენეს - ნავთობის მაგნატებად ცნობილი ზუბალაშვილების ისტორია | Allnews.Ge

ძმები, რომლებმაც თითქმის ნახევარი თბილისი ააშენეს - ნავთობის მაგნატებად ცნობილი ზუბალაშვილების ისტორია

ცნობილი მრეწველებისა და ქველმოქმედების - ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი საქართველოს გადმოეცა და ეროვნული მუზეუმის კოლექციის ნაწილი გახდა. ოთხი ძმიდან ერთ-ერთის - პეტრე ზუბალაშვილის შვილთაშვილებმა საკუთარი ოჯახის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი საქართველოს ანდეს - 114 წლის განმავლობაში შვეიცარიასა და შემდგომ საფრანგეთში, მათ სახლში დაცული ზუბალაშვილების ისტორიული დოკუმენტაცია და ნივთები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს აჩუქეს. ძმების ისტორია გარკვეულწილად საქართველოს ისტორიაცაა და ის ისეთივე ვრცელი და მრავალფეროვანია, როგორც თავად ძმები ზუბალაშვილების მიერ გაწეული ქველმოქმედება.

ზუბალაშვილების შთამომავლები ეროვნულ მუზეუმში

ზუბალაშვილების გვარი ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან გვხვდება. ერეკლე მეორის დროს მოღვაწე რომანოზ ზუბალაშვილმა კარგად იცოდა სასტამბო საქმე, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ იმერეთში გადასახლდა და იქ განაგრძო წიგნების ბეჭდვა (1811 წლამდე). მისი საქმიანობა მისმა შვილებმა დავითმა და გიორგიმ გააგრძელეს. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ქვეყანაში კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად ზუბალაშვილები დაწინაურდნენ.   განსაკუთრებით გამოიჩინა თავი დიდმა ვაჭარმა და მრეწველმა იაკობ ზუბალაშვილმა, მას ქუთაისსა და მის მიდამოებში არყის სახდელი ჰქონდა. 1837 წელს კი თბილისში დააარსა ამხანაგობა, რომელმაც ამიერკავკასიაში პირველი შაქრის ქარხანის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ქარხანამ 7-8 წელი იარსება, თუმცა რუსეთიდან შემოტანილი შაქრის კონკურენციისა და ადგილობრივი ნედლეულის უქონლობის გამო დაიხურა.

ზუბალაშვილების გვარიდან განსაკუთრებით ცნობილი გახდნენ კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილის შვილები პეტრე, სტეფანე, იაკობი და ლევანი. მართალია, პეტრეს გარდა არცერთი მათგანი საქართველოში არ ცხოვრობდა, მაგრამ სმშობლოში ყოველი კეთილი საქმის წამოწყებას ისინი მხარს უჭერდნენ. ნავთობის მაგნატებად ცნობილი ძმები სამეწარმეო საქმიანობის გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით დიდ ქველმოქმედებას ეწეოდნენ. მათ მიერ დაწესებული სტიპენდიებით ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება რუსეთსა და ევროპაში, მათ შორის იყვნენ: გერონტი ქიქოძე, ლეო ქიაჩელი, პავლე ინგოროყვა და სხვები. მეცენატი ძმების მხარდაჭერითა და ფინანსური შემოწირულობებით დააარსა ილია ჭავჭავაძემ "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" და სათავადაზნაურო ბანკი.

ძმებმა ზუბალაშვილებმა ნაწილობრივ ან სრულად დააფინანსეს სათავადაზნაურო გიმნაზიის მშენებლობა, (ახლანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტი) სახალხო სახლი, სადაც დღეს მარჯანიშვილის თეატრია განთავსებული; მუსიკალური სახლი ანუ თბილისის კონსერვატორია; უპოვართა სახლი, სადაც ასობით ღატაკი და მოხუცი პოულობდა თავშესაფარსა და საკვებს; თბილისის პირველი საავადმყოფოს პედიატრიული კორპუსი და კიდევ სხვა ბევრი შენობის მშენებლობა...

საგულისხმოა, რომ რომელ ძმასაც არ უნდა გაეღო შემოწირულობა, ყველა კეთილი საქმე კეთდებოდა ძმები ზუბალაშვილების სახელით მიუხედავად იმისა, რომ მათ ცხოვრება უხდებოდათ სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა პირობებში და სხვადასხვა დროს. სამწუხაროა, რომ ერთის გარდა, არცერთ მათგანს შთამომავლობა არ დარჩენია.

ლევან ზუბალაშვილი - ცხოვრობდა და მოღვაწეობდა რუსეთში და იქვე გარდაიცვალა 1914 წელს.

ლევანს მოსკოვთან ახლოს, სოფელ უსოვოში ჰქონდა აგარაკი. ეს იყო საკმაოდ მოზრდილი ტერიტორია, რომელსაც შემოავლო დიდი გალავანი უზარმაზარი ალაყაფის კარებით. იქ ააშენა ორი ერთნაირი სახლი: ერთში თვითონ ცხოვრობდა, მეორე კი განკუთვნილი იყო სტუმრებისათვის.

1919 წლიდან, რევოლუციის შემდეგ, აგარაკს გამოუჩნდა ახალი მფლობელები: ერთი სახლი დაიკავა სტალინის ოჯახმა, მეორე კი – მიქოიანმა. ლევან ზუბალაშვილის შთამომავლობის კვალი დაკარგულია;

სტეფანე ზუბალაშვილი - როგორც ზაქარია ჭიჭინაძე წერს: „იყო ის კაცად-კაცი, რომელმაც სიტყვა საქმედ აქცია და ქართველებს ყველა ის დანაპირები შეუსრულა, რასაც კი დაჰპირდა“.

სტეფანე ზუბალაშვილმა დედის-ელისაბედ თუმანიშვილის სურვილთან ერთად, მამის თხოვნაც აასრულა. კონსტანტინეს უნდოდა, გარდაცვლილი შვილისათვის (კონსტანტინეს პირველი ვაჟი - ანდრია 6 წლის ასაკში გარდაიცვალა) გაეკეთებინა ძვირფასი საფლავი, თუმცა, მეგობრის რჩევით, შვილის ხსოვნისა და სულისთვის ყველაზე ძვირფასი შესაწირი ბავშვთა საავადმყოფოს აშენება იქნებოდა.

შედეგად, ავლაბარში, ახლანდელი I საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სტეფანე ზუბალაშვილის სახელობის, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ბავშვთა საავადმყოფო აშენდა, რომელიც დღეს აღარ არსებობს. ამჟამად იქ იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო საცხოვრებელია. წაიკითხეთ სრულად

ასევე დაგაინტერესეებთ:

თბილისის რეალური ისტორია "ხოხბის ლეგენდის" მიღმა - "რატომ ვაკლებთ ქალაქს 200 წელს?!"

რომელი გვარები ჩამოვიდნენ რეგიონებიდან თბილისში მე-19 საუკუნეში და როდის დასახლდნენ დედაქალაქში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები

როგორ მარაგდებოდა თბილისი წყლით, ვის ებარა ეს საქმე და რა წყალს სვამდნენ ადგილობრივები საუკუნეების წინ?

როგორი იყო მე-19 საუკუნის თბილისელების კვების რაციონი?