კოსმონავტი ტაძარზე- საიდუმლო დეტალები ცნობილ ისტორიულ ძეგლებზე | Allnews.Ge

კოსმონავტი ტაძარზე- საიდუმლო დეტალები ცნობილ ისტორიულ ძეგლებზე

ხანდახან, ძველებური ეკლესიებისა და ტაძრების დათვალიერებისას, ფასადზე უცნაური ბარელიეფები გვხვდება, რომლებიც შენობის არქიტექტურულ სტილს სრულებით არ შეესაბამება. წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ მაგალითს.

სანტა-მარია-დელ-ფიორეს ტაძარი (ფლორენცია, იტალია)

ამ სახელგანთქმული ტაძრის კედლები სავსეა შეუმჩნეველი დეტალებით. მაგალითად შენობის დასავლეთ კედელზე ქვის ხარის თავია. არავინ იცის, საიდან გაჩნდა ის შენობაზე, მაგრამ არსებობს საინტერესო ვერსია.

ლეგენდის თანახმად, XV საუკუნეში ტაძრის მშენებლობის დროს, ერთ-ერთმა კალატოზმა მდიდარი მოვაჭრის ცოლთან გააბა ურთიერთობა. მოვაჭრემ გაიგო ამის შესახებ და საჩივარი საეკლესიო სასამართლოში შეიტანა. ამის საპასუხოდ კალატოზმა ხარის თავი მოამზადა და შენობის კედელზე ისე დაამაგრა,

  რომ რქიანი ხარი პირდაპირ მოვაჭრის მაღაზიას უყურებდეს.

ვაშინგტონის კათედრალური ტაძარი (აშშ)

აშშ-ში ანგლიკანური ეკლესიის მთავარი ტაძარი, მსოფლიოში სიდიდით მეექვსე ადგილს იკავებს. მისი მშენებლობა 83 წელი გრძელდებოდა - 1907-იდან 1990 წლამდე. შენობა უხვად არის მორთული ჩუქურთმებით, ფრესკებითა და მოზაიკით, ანგელოზებისა და ქიმერების ფიგურების რაოდენობა კი 400 აღემატება. ჩრდილო-დასავლეთ კოშკზე კი დართ ვეიდერის თავის ნახვა შეგიძლიათ.

ახალი ტაძრისთვის ქიმერის საუკეთესო ესკიზის წარმოსადგენად საბავშვო კონკურსი ჩატარდა და ერთ-ერთი გამარჯვებული "ვარსკვლავური ომების" გმირის ნახატი გახდა, რომელიც ნებრასკას შტატის მცხოვრებმა ბიჭუნამ გამოაგზავნა. როგორც ჩანს, კონკურსის ხელმძღვანელებმა დართ ვეიდერი ქიმერის ნაირსახეობად ჩათვალეს.

წმინდა იაკობის ბაზილიკა (ბრნო, ჩეხეთი)

წმინდა იაკობის ბაზილიკა ერთსა და იმავე ადგილას რამდენიმეჯერ აშენდა. პირველი ტაძარი რომანულ სტილში იყო შესრულებული. მისი დანგრევის შემდეგ, ეკლესია გოთიკუს სტილში ააშენეს, რომელმაც მოგვიანებით ბაროკოს ელემენტები შეიძინა. მაგრამ ფანჯრის თავზე გამოსახული ორთავა ადამიანი - ბაროკოსთვისაც კი მეტისმეტია.

ლეგენდის თანახმად, ძველ დროს ეკლესიის გვერდით სხვა ტაძარი იდგა. მათ შორის დაუსრულებელი დავა მიდიოდა იმ თემაზე, თუ რომლის კოშკის შპილი იქნებოდა უფრო მაღალი. საბოლოოდ წმინდა იაკუბის ბაზილიკამ გაიმარჯვა და "კონკურენტების" დასაცინად ეს დამცინავი ქანდაკება დამზადდა.

მაგრამ ამ ტაძრის დეკორის ყველაზე უცნაური ელემენტი ეს ბიჭუნა არაა. 2001 წელს მიწისქვეშეთში სამუშაოების დროს საშინელი აკლდამა აღმოაჩინეს. როგორც აღმოჩნდა, აკლდამაში 50 ათასზე მეტი ადამიანის ძვლები ინახებოდა და ის შავი ჭირის ეპიდემიის დროს ააშენეს. ეპიდემიას იმდენი ადამიანი ემსხვერპლა, რომ მათ დასაკრძალად ადგილი აღარ რჩებოდა. ამიტომ, ძველი საფლავები ითხრებოდა და ჩონჩხები ეკლესიის მიწისქვეშეთში გადაჰქონდათ.

ახალი კათედრალური ტაძარი (სალამანკა, ესპანეთი)

ეს ტაძარი XVI-XVIII საუკუნეებში შენდებოდა ძველი ტაძრის ადგილას, რომელიც სწრაფად მზარდი ქალაქისთვის პატარა გახდა. ამიტომ ტაძარს, როგორც გვიანი გოტიკის, ასევე ბაროკოს ელემენტები აქვს. მაგრამ საკითხავია, კოსმონავტი - ბაროკოა თუ გოტიკა?

კოსმონავტის გარდა ტაძრის კედლებზე გამოსახულია მითიური არსება, რომელიც ნაყინს მიირმევს. ეს ყველა ელემენტი ტაძარს რესტავრაციის დროს, 1992 წელს დაემატა. კოსმონავტი კოსმოსში მოგზაურობისკენ შუასაუკუნოვან მისწრაფებას და დედამიწის საქმეებში "უცხო პირთა" ჩარევის ძებნას განასახიერებს.

იაკობინელთა ეკლესია (ტულუზა, საფრანგეთი)

იაკობინელთა ეკლესია - XIII საუკუნის გოტიკური ნაგებობაა, რომელიც, როგორც ტულუზას მთელი ძველი ნაწილი, წითელი აგურითაა ნაშენები. დარბაზში დგას ლუსკუმა, რომელშიც წმიდა თომა აკვინელის ნეშტი ინახება. მის გვერდით, საკურთხევლის უკან ორმაგი კოლონაა განლაგებული, რომლის ძირშიც, ქვის ხელები და ფეხებია გამოსახული. სავარაუდოდ, ჩანაფიქრის მიხედვით, ადამიანი ამ კოლონის ქვეშ გაიჭყლიტა.

დანამდვილებით არავინ იცის, თუ რას ნიშნავს და როდის გაჩნდა ტაძარში ეს უცნაური დეტალი.