"სანაგვის დედოფალი" - დედამიწის უმდიდრესი ბიზნესლედი, რომელმაც ქონება სანაგვეზე იპოვა | Allnews.Ge

"სანაგვის დედოფალი" - დედამიწის უმდიდრესი ბიზნესლედი, რომელმაც ქონება სანაგვეზე იპოვა

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ჩინეთს საკუთარი მილიარდერები ეყოლებოდა. თუმცა მას უკვე 2006 წელს 15 უმდიდრესი ადამიანი ჰყავდა, დღეისათვის კი მათი რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია. ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ქალი, რომლის ქონება სამ-ნახევარი მილიარდია. ყველაზე მდიდარმა ბიზნესლედიმ თავად შექმნა საკუთარი თავი. იგი ძალიან ამაყობს თავისი გვარით - ჩჟან ინი "თაღის ბურჯებს" ნიშნავს. უფროს თაობას მისი გვარი მაო ძედუნის ნათქვამს ახსენებს - ცის ნახევარი ქალებზე დგასო. ასე რომ, ჩჟან ინი გვარს ამართლებს.

კულტურული რევოლუციის შვილი

ჯერ კიდევ 2001 წელს ნაკლებად იცნობდნენ ჩჟან ინსა და მის კომპანიას. თავად "ნაგვის დედოფალიც" რას იფიქრებდა, ასეთ წარმატებას თუ მოიპოვებდა.

ერთმა ბიზნემენმა ჩჟან ინი სამსახურში ვერ მიიღო და გამომშვიდობებისას სასხვათაშორისოდ უთხრა, - მაკულატურა ულევი ტყეა. განსხვავება ისაა, რომ მოჭრილი ხე ძნელი აღსადგენია, ნახმარი ქაღალდი კი ყველგან არის. ეს ნაგავი არც არავის უნდა და არც არაფერი ღირს, მაგრამ მისი გადამუშავება და ხელახლა გამოყენება შეიძლება. მიღებულ პროდუქციაში კი სულ სხვა ფული კეთდებაო.

რჩევის მიღება კარგია, მაგრამ გამოყენებაა ძნელი, თანაც იმ დროს ჩინელ კონკიას არც სამსახური ჰქონდა, არც საჭირო განათლება, არც ფული, არც საჭირო კავშირები და რაც მთავარია, ღერი ინგლისური არ იცოდა, რაც ჰონკონგისთვის, სადაც საქმიანობას იწყებდა, წარმოუდგენელი იყო. მაგრამ მისი მთავარი ნაკლი იყო ის, რომ ქალი გახლდათ. ჩინეთში ქალი ხომ მხოლოდ ოჯახში საქმიანობდა. წარმომავლობითაც არ გამოირჩეოდა - ჩჟან ინი საშუალო შეძლების ოჯახში დაიბადა. მამამისი სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ოფიცერი, კულტურული რევოლუციის დროს კონტრრევოლუციონერად გამოაცხადეს და ციხეში კარგა ხნით ჩააყუდეს.

გაჭირვებაში ჩავარდნილ ოჯახს დენ სიოპინის რეფორმამ სულზე მოუსწრო. ხალხი დაიძრა ჰონკონგის ახლომდებარე სოფელ შენ-ჩჟენისკენ, სადაც ჩინეთში პირველი საგანგებო ეკონომიკური ზონა იქმნებოდა. 1985 წელს მომავალი მილიარდერიც იქ ჩავიდა. სამსახურიც იშოვა - ბუღალტრად მოეწყო, მაგრამ იმის გამო, რომ საშუალო სკოლაც არ ჰქონდა დამთავრებული, დაითხოვეს. ის ან შუა ჩინეთში უნდა დაბრუნებულიყო, ან ჰონკონგში მოეძებნა სამსახური. სამსახური არა, მაგრამ სწორედ ჰონკონგში მიიღო ის საგულისხმო რჩევა. მერე ნაცნობმა ბიზნესმენმა საწყისი კაპიტალი - 30ათასი იუანი ასესხა.

ჩჟან ინმა ნაღდი ფულით ქაღალდისა და მუყაოს მწარმოებელი უკვე სულთმობრძავი კომპანია იყიდა. ნედლეულს, ქაღალდის სახით აშშ-დან ყიდულობდა და საქმეც დატრიალდა. ზღაპრის სინამდვილედ გადასაქცევად ნებისმიერ ხერხს იყენებდა. დასაწყისში თავის მამის სახელსაც ექსპლუატაციას უწევდა - ყველა ჰონკონგელ ბიზნესმენს, ვისაც ფულის სესხებას სთხოვდა, ეუბნებოდა, რომ მამამისი ათი წელი იჯდა მაოს ჯურღმულებში, ხოლო მისი ოჯახი კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლია.. მშობლების გმირულმა წარსულმა უშველა და ჰონკონგელმა ბიზნესმენმა ჩჟანს ფული მისცა.

ცხრა დრაკონი

ჩჟან ინი ნიჭითა და მარიფათით ვერას გახდებოდა, ამერიკა-ჩინეთს შორის ვაჭრობის ტემპები რომ არ გაზრდილიყო. სტანდარტულ მუყაოს კოლოფებში ჩაწყობილმა ჩინური ფართო მოხმარების საგნებმა პრაქტიკულად დაიპყრო ამერიკული ბაზარი. ჩინეთს საკუთარი ტყეები თითქმის არ შერჩა, რუსეთიდან შემოტანილი დაფასოებული ხე-ტყე მუყაოს დასამზადებლად არ გამოიყენება.

კონტეინერები ამერიკიდან უკან ცარიელი ბრუდნებოდა - ოკეანის გაღმა გაგზავნილი ყუთები დაცარიელების შემდეგ ამერიკის სანაგვეებზე იყრებოდა. საცოდაობა იყო, ამით არ ესარგებლა ადამიანს.

იხილეთ გაგრძელება