"არაოფიციალურად, საქართველოში კოვიდგადატანილ 1 ადამიანზე, 3 დამატებითი შემთხვევა ანგარიშდება" - გვიცავს თუ არა უკვე ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი, რას ამბობენ სპეციალისტები | Allnews.Ge

"არაოფიციალურად, საქართველოში კოვიდგადატანილ 1 ადამიანზე, 3 დამატებითი შემთხვევა ანგარიშდება" - გვიცავს თუ არა უკვე ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი, რას ამბობენ სპეციალისტები

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, საქართველო კი ჯერ მოლოდინის რეჟიმშია. ვირუსთან მებრძოლი უწყებების რიტორიკის გათვალისწინებით, ალბათ არავინ ელოდა, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლა ასე დაგვიანდებობდა. საზოგადოებაში გაჩენილი ნიჰილისტური განწყობების ფონზე, განიხილავენ მოსაზრებას პოპულაციური იმუნიტეტის შესახებ. ისმის კითხვები, ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლამდე ხომ არ ჩამოყალიბდება ე.წ. ჯოგური იმინიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კორონავირუსი შეეყრება, შემდეგ გამოჯანმრთელდება და ბუნებრივი გზით გამოიმუშავებს იმუნიტეტს ხელახალი ინფიცირების საწინააღმდეგოდ. რამდენად ახლოს ვართ "ჯოგურ იმუნიტეტთან" და როდის უნდა ველოდოთ ვაქცინას საქართველოში? - AMBEBI.GE სპეციალისტების მოსაზრებებით დაინტერესდა.

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის თქმით, ოფიციალური მონაცემები, თუ რამდენმა ადამიანმა გადაიტანა საქართველოში კორონავირუსი, არ არსებობს, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი საშუალოდ 20-დან 25%-ამდე მერყეობს, რაც ძალიან შორს არის იმ ნიშნულისგან, რაც ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად არის საჭირო.

"არაოფიციალურად, გარკვეული გათვლებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილ თითო ადამიანზე, სამი დამატებითი შემთხვევა ანგარიშდება და ასე არის მიღებული ეს 20-25%. თუმცა იმ რეგიონებში, სადაც ეპიდაფეთქება იყო, მაგალითად აჭარაში, შეიძლება ეს მაჩვენებლი გაცილებით მაღალი იყო. ჩვენ ვიცით, რომ თუ ოჯახის ერთ წევრს დაუდგინდებოდა ვირუსი, დანარჩენები ტესტს არ იკეთებდნენ. 30%-საც რომ ჰქონდეს ჩვენთან ეს ინფექცია გადატანილი, პოპულაციურ იმუნიტეტზე საუბარი მაინც ნაადრევია, რადგან მისი ჩამოყალიბისთვის საჭიროა მოსახლეობის 70% გადაიტანოს დაავადება. "ჯოგური იმუნიტეტის" ეფექტზე საუბარი კორონავირუსის მაგალითზე, შეუძლებელია, რადგან არ არსებობს საკმარისი მონაცემები, მაგრამ შეგვიძლია განვიხილოთ "წითელას“ მაგალითი. მას რამდენიმეწლიანი ეფექტი აქვს, თუმცა, როგორც ჩანს, სრულად ვერ იცავს, რადგან პერიოდულად მაინც გვაქვს აფეთქებები", - ამბობს მაია ბუწაშვილი.

 

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, პოპულაციური იმუნიტეტის უკან ავადობის მაღალი მაჩვენებლის გარდა, უამრავი ადამიანის შეწირული სიცოცხლე დგას, ამიტომ, მისი შეფასებით, აუცილებელია ქვეყანამ მთელი ძალისხმევა ვაქცინაციის დაჩქარებისკენ მიმართოს და უფრო ეფექტური ღონისძიებები გაატაროს.

"ჩვენთან "ჯოგურ იმუნიტეტზე" საუბარი ძალიან ნაადრევია, ამას ალბათ რამდენიმე წელი დასჭირდება, რომ ქვეყანაში გაჩნდეს "ჯოგური იმუნიტეტი", უახლოეს დროში ეს წარმოუდგენელია. ამიტომ ვაქცინაციის გარეშე ჩვენ ამ დაავადებას ვერ დავამარცხებთ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ გეზი აქეთკენ ავიღოთ. ოფიციალური ცნობებით, ვაქცინა მარტის ბოლოსთვის უნდა იყოს, ეს, სავარუდოდ, "ასტრაზენეკა" იქნება. ჩვენ აქამდე ფაიზერზე გვქონდა სწორება, რამაც განაპირობა ეს სიტუაცია, რომ ჯერ კიდევ არ შემოსულა ვაქცინა. "ფაიზერს“ აქვს ვალდებულება ჯერ ევროკავშირის ქვეყნები დააკმაყოფილოს, მიაწოდოს მათ იმდენი ვაქცინა, რამდენიც სჭირდებათ მთელი მოსახლეობისთვის. ამიტომ დანარჩენი ქვეყნებისთვის გადაიდო მისი გაგზავნა. ეს მოსალოდნელიც იყო. სამწუხაროდ, საქართველო არ არის მსოფლიოსთვის ის ქვეყანა, ვისაც პრიორიტეტს მიანიჭებდნენ. თუმცა ჯანმო ცდილობს ეს პრობლემა აღმოფხვრას და ყველა ქვეყანას, მისი სტატუსის მიუხედავად, ჰქონდეს დროულად ვაქცინა", - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი შექმნილ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვნად რეგულაციების დაცვას და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენას მიიჩნევს.

"ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი ნიშნავს, რომ ყველამ მოვიხსნათ პირბადე და ისე გავაგრძელოთ ცხოვრება. ის რომ გამომუშავდეს, ამისათვის საჭიროა მოსხლეობის 60-70%-მა გადაიტნოს დაავდება. ჩვენ ამ შედეგისგან ჯერ შორს ვართ. ამიტომ თუ ჩვენ იმ შემზღუდავ ღონისძიებებს, რისი დაცვაც გვევალება, ცხოვრების წესად არ გავიხდით, არაფერი გამოგვივა.

ვაქცინაციას რაც შეეხება, ალბათ კიდევ დიდ ხანს არ აისახება მისი გავლნა ჩვენს მოსახლეობაზე. ეს რომ მოხდეს, საჭიროა 15-30% მაინც აიცრას, ამ რაოდენობის აცრას კი ალბათ ზაფხულის ბოლომდე დააგვიანდება. ამიტომ რეალური საშიშროების წინაშე ვდგავართ. ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობის იმედად. თუ ყველა გამოვიყენებთ პირბადეს, რისკები მინიმუმამდე შემცირდება", - ამბობს AMBEBI.GE-სთან კულუმბეგოვი.

განაგრძეთ კითხვა