"ერთად გატარებული ღამე წმინდად უნდა დასრულებულიყო..." - უცნობი ფაქტები წაწლობის და სწორფრობის ტრადიციაზე | Allnews.Ge

"ერთად გატარებული ღამე წმინდად უნდა დასრულებულიყო..." - უცნობი ფაქტები წაწლობის და სწორფრობის ტრადიციაზე

სწორფრობის იგივე წაწლობის ტრადიციის შესახებ ბევრმა იცის, თუმცა ტრადიციის შესახებ არასწორ ინფორმაციას ფლობს. ზოგი მას არასწორ რიტუალს უწოდებს და მის გაქრობასაც სწორედ ამას უკავშირებს. ცხადია ის ფაქტი, რომ ფშავ-ხევსურეთში წაწლობის და სწორფრობის ტრადიციამ საუკუნეებს გაუძლო, ამას კი ის ადასტურებს რომ რიტუალის დროს ქალ-ვაჟის ურთიერთობა მხოლოდ წმინდა და სუფთა ელემენტებისგან შედგებოდა. წაწლები იგივე სწორფრები კი ღვთისგან ხელდასმული წყვილი იყო. იყო თუ არა მავნე, რისთვის იყო საჭირო და რატომ გაქრა ეს ტრადიცია, ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე გვესაუბრება:

- წაწლობის ტრადიცია ფშავში, სწორფრობის კი ხევსურეთში გავრცელებული ტრადიცია იყო, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. სწორფები იყვნენ ქალ-ვაჟის წყვილი, რომელიც ღამეს საუბარში ათენებდა. წყაროების მიხედვით, ქალსა და ვაჟს სასთუმალზე ხანჯალი და იარაღი ჰყოფდა, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ მათ შორის ზღვარი არსებობდა. ტრადიციაზე ხევსურეთში ასე ამბობდნენ: სწორფრობა ღვთიურ ას, რაც ნიშნავდა იმას, რომ სწორფრობა ღვთიური ამბავი იყო და წყვილი ღმრთისგან ხელდასმულად ითვლებოდა. რიტუალის შესრულება უშუალოდ ხატის კარზე ხდებოდა, ამით თვლიდნენ, რომ მათ პატივი ხატს მიაგეს, ოღონდ ერთად გატარებული ღამე სწორად და წმინდად უნდა დასრულებულიყო... რაც შეეხება წაწლობას, ამ სახელწოდებით ეს ტრადიცია ფშავში იყო გავრცელებული. წაწლობამ სწორფრობასთან შედარებით დიდხანს შეინარჩუნა სიწმინდე და ღვთიურობა.

- ამ რიტუალის ჩატარებას და ერთად გატარებულ ღამეს თუ არც ხატი და არც ღმერთი გმობდა, რატომ არ შეიძლებოდა მათი დაქორწინება?

- დაქორწინება იმიტომ არ შეიძლებოდა, ალბათ, რომ როგორც ამ რიტუალის დროს იყვნენ ქალი-ვაჟი თანასწორნი, ოჯახში ასე ვერ იქნებოდა, რადგან ვიცით, რომ ოჯახის უფროსი, მით უმეტეს მთაში, აუცილებლად მამაკაცი იყო. შესაძლოა ვივარაუდოთ ისიც, რომ ეს იყო ქალ-ვაჟის სამზადისი, მათ ამზადებდნენ შემდგომში ოჯახის შესაქმნელად.

- ვინ უნდა ყოფილიყვნენ სწორფრები და როგორ არჩევდნენ მათ?

- ქალ-ვაჟის რიტუალში ჩაბმა მოზარდობის ასაკიდან იწყებოდა. ელჩი, რომელსაც ასე რომ ვთქვათ, ხანუმის ფუნქციები ჰქონდა შეთავსებული, სწორფერს ანუ სახელიან ქალს და ვაჟს ერთმანეთს ახვედრებდა. სწორფრები უნდა ყოფილიყვნენ ერთნაირი ფიზიკური აღნაგობის, ერთნაირი თვისებების მქონენი. ამ ყველაფრის მიუხედავად, წაწლების ანუ სწორფრების დაოჯახება წარმოუდგენელი იყო. თუ მაინცდამაინც მოხდება ისე, რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდებოდათ და დაოჯახებას გადაწყვეტდნენ, ისინი თემიდან მოიკვეთებოდნენ და აუცილებლად უნდა დაეტოვებინათ ის მხარე. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვან ვაჟა-ფშაველას ძმის ბაჩანას, ნიკო რაზიკაშვილის მაგალითს, მას თავისი წაწალი შეურთვია ცოლად და ამის შემდეგ ჩარგალი დაუტოვებიათ, რადგან იქ აღარავინ გააჩერებდა. მოგვიანებით ბაჩანას შვილი გარდაცვლია და მისი ცოლი შვილის გარდაცვალებას სწორედ მათი, ანუ წაწლების ქორწინებას უკავშირებს.

- რამდენი ხანი გრძელდებოდა სწორფრობა და რამდენი სწორფერი უნდა ჰყოლოდათ?

- ხანგრძლივობა სწორფრებზე იყო დამოკიდებული, ალბათ სანამ ქალი ან ვაჟი ოჯახს არ შექმნიდა და გაგიკვირდებათ და გამიგია, რომ ოჯახის შექმნის შემდეგაც არ უშლიდნენ მეუღლეები სწორფრებთან ყოფნას. რაც უფრო მეტი სწორფერი ეყოლებოდათ, მით უფრო ამაყობდნენ და ღრმა მოხუცებისგან გამიგია, კაცების სუფრაზე როგორ ამაყობდნენ და როგორ მოჰქონდათ თავი ბევრი სწორფრების ყოლით. ეს იმას ნიშნავდა, რომ კაცი სახელოვანი იყო და მას ბევრი მთხოვნელი და მსურველიც ეყოლებოდა. არსებობს ინფორმაცია, რომ პირდაპირ კონკურენცია იმართებოდა ვაჟებს და ქალებს შორის, ისინი ერთმანეთს ეპრანჭებოდნენ და სხვადასხვა საქმის კეთებით მოჰქონდათ თავი. თუ ფშავში ახალგაზრდა ქალი ან ვაჟი არ წაწლობდა, მას "მწერელთჩვილს", ე.ი. ბეჩავ-უხეიროს უწოდებდნენ.

- რამ გამოიწვია ამ ტრადიციის გაქრობა?

- ამ ტრადიციის გაქრობა სწორედ სწორფრების ოჯახების შექმნამ, სწორფრობის დროს რიტუალის და სიწმინდის დარღვევამ გამოიწვია. როდესაც გახშირდა სწორფრებს შორის დაოჯახების ფაქტები, ამის შემდეგ უკვე მთაში იწყება განგაში, რადგან ასე რომ ვთქვათ, ეს ღმრთისგან და ხატისგან ხელდასმული ტრადიცია თანდათან ბინძურდებოდა და სწორედ, ტრადიციის გაქრობის მიზეზიც ეს გახლავთ.

მსგავსი წეს-ჩვეულება საქართველოს სხვა მთიანეთში, კერძოდ, სვანებსაც ჰქონიათ, თუმცა ეს ტრადიცია მალევე გამქრალა. ისინი ამ ტრადიციას "ლინთურალს" უწოდებდნენ, რაც ნაცნობობას ნიშნავდა. რიტუალი ახალგაზრდა კაცსა და ქალს შორის ხდებოდა. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ახალგაზრდა კაცს უნდოდა დაახლოვებოდა ახალგაზრდავე ქალიშვილს, ან გათხოვილ ქალს, რომელთანაც არაფერი ნათესაური კავშირი არა აქვს. ქალის სახლში ვაჟს დაპატიჟებდნენ, და იქ შესრულდებოდა შემდეგი რიტუალი: კაცი ქალის წინ იჩოქებდა და ეკითხებოდა, სურდა თუ არა მისი სწორფრობა. თუ ქალი თანახმა იყო, ამის შემდეგ ქალ-ვაჟი დროს ერთად ატარებდა...

ნინო ჩიქოვანი

AMBEBI.GE

myquiz