რატომ იხატავდნენ ქალები ფეხებზე სწორ ხაზებს მეორე მსოფლიო ომის დროს? | Allnews.Ge

რატომ იხატავდნენ ქალები ფეხებზე სწორ ხაზებს მეორე მსოფლიო ომის დროს?

1930-იანი წლების ბოლომდე, აშშ-ში ქალის საუკეთესო წინდები აბრეშუმისგან მზადდებოდა. 1939 წელს კი კომპანია DuPont-მა ინოვაციური ქსოვილი შექმნა - ნეილონი, რომლისგან დამზადებული ჩულქები და კოლგოტები ამერიკის ბაზარზე უკვე 1940 წელს გამოჩნდა და ამერიკელი ქალების გულები (და ფეხები) დაიპყრო.

1941 წელს, როდესაც აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩაება, DuPont-მა არმიის მომარაგება დაიწყო ქსოვილით და ქალების კოლგოტების ნაცვლად, ნეილონის გამოყენება დაიწყო სამხედრო პარაშუტებისა და სალტეების დასამზადებლად.

აშშ-ს არმიას პარაშუტები კი ჰქონდა, თუმცა ამერიკელი ქალები კოლგოტების გარეშე დარჩნენ და გამოსავლის ძიება დაიწყეს. სწორედ ამ პერიოდში, "ფეხსამოსის" ახალმა ტრენდმა იფეთქა ამერიკაში - ეს იყო ე.წ. თხევადი ჩულქები. ქალებმა სპეციალური შეფერილობის სითხეებით, ფუნჯებით და ფანქრებით დაიწყეს ფეხებზე კოლგოტების მიხატვა.

ბევრი, უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის, უკან, მთელ ფეხზე "ნაკერს" იხატავდა.

მოხატული ფეხები იმდენად მოდური გახდა, რომ აშშ-ში "ფეხის მაკიაჟის" სალონებიც კი გაიხსნა, სადაც ქალებს როგორც სტილისტის მომსახურებას, ისე მოხატვისთვის აუცილებელ ატრიბუტებს სთავაზობდნენ, ასევე მოხატვის სწორ ტექნიკასაც ასწავლიდნენ.

ჰელენა რუბინშტეინი - კოსმეტიკის დედოფლად შერაცხული და ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი პირველი იყო, რომელმაც 1942 წელს ნიუ იორკში, მეხუთე ავენიუზე გახსნა "შიშველი ფეხების სალონი".

აქ ქალებს სპეციალური ლოსიონების, კრემების, ფეხების გამაგრილებლებისა და ტალკების შეძენა, ასევე ადგილზევე ფეხების კოლგოტებით მოხატვა შეეძლოთ. "კოსმეტიკური ჩულქები" რამდენიმე სახით იყიდებოდა - ტუბებში, სპრეის სახით და ა.შ.

ჰელენა პოლონელი ებრაელი გახლდათ და უზარმაზარ პარფიუმერულ კომპანიას "ჰელენა რუბინშტეინს" ფლობდა, რომელიც ამჟამად "ლორეალის" ჯგუფში შედის. აღსანიშნავია რომ, კოსმეტიკის დედოფალს ქართველი მეუღლე ჰყავდა - 1895 წელს საქართველოში აზნაურ ჭყონიას ოჯახში დაბადებული არჩილ გურიელი-ჭყონია.

ჰელენა რუბინშტეინი და არჩილ გურიელი-ჭყონია

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ნეილონის კოლგოტები დახლებს დაუბრუნდა. DuPont-მა ომის დასრულებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში დაიწყო მათი წარმოება. ამ დაბრუნებამ 1945-1946 წლებში აშშ-ს ბაზარზე "ნეილონის ჯანყი" გამოიწვია, როგორც ამას მაშინდელ პრესაში წერდნენ.

იმ ქვეყნებში, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკურ რეცესიას განიცდიდნენ, მოხატულმა კოლგოტებმა კვლავ გააგრძელა არსებობა 1950-იან წლებშიც. მათ შორის იყო საბჭოთა კავშირიც. თუმცა, წლების შემდეგაც, ფეხების მოხატვას არ დაუკარგავს აქტუალობა და მას იყენებდნენ ფეხებზე "გარუჯულის" ეფექტისთვის.

ambebi.ge