1941 წელს ჩაძირული "არმენია" ნაპოვნია! - როგორ მოხდა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა და იყო თუ არა გემზე განძი? | Allnews.Ge

1941 წელს ჩაძირული "არმენია" ნაპოვნია! - როგორ მოხდა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა და იყო თუ არა გემზე განძი?

რამდენიმე დღის წინ შავი ზღვის ფსკერზე გემი "არმენია" ("სომხეთი") იპოვეს, რომელიც 1941 წლის ნოემბერში გერმანიის ავიაციის დაბომბვის შედეგად ჩაიძირა. თბომავალ "არმენიის" დაღუპვა ზღვაოსნობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტრაგედიად ითვლება: გემის ბორტზე, სხვადასხვა მონაცემებით, 6-დან 10 ათასამდე ლტოლვილი და დაჭრილი იმყოფებოდა. შავ ზღვაში საძიებო სამუშაოები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით წარმოებდა. გემის პოვნასა და მის იდენტიფიკაციაში რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების წყალქვეშა კვლევების ცენტრის სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

ისმება სრულიად ბუნებრივი კითხვა: რატომ ვერ პოულობდნენ 1941 წელს ჩაძირულ გემს ამდენი ხანი და ახლა როგორ მოხერხდა მისი აღმოჩენა?

  • ძიების დასასრული და კვლევის დასაწყისი

შავ ზღვაში, იალტიდან 15 საზღვაო მილის მოშორებით კილომეტრნახევრიანი სიღრმის ზღვის ფსკერზე "განისვენებს" თბომავალი "არმენია". მის აღმოსაჩენად მრავალი წლის განმავლობაში მაძიებლები ზღვის ფსკერს იკვლევდნენ, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ბოლო 20 წლის განმავლობაში, მათ 300 კვ.კილმეტრის ფართობის მქონე ფსკერი გამოიკვლიეს. ერთ-ერთ ოპერაციაში ცნობილი ამერიკელი ოკეანოლოგი რობერტ ბალარდიც მონაწილეობდა, რომელმაც 1985 წელს "ტიტანიკი" იპოვა, ხოლო 1989 წელს - გერმანული ლინკორის "ბისმარკის" ნამსხვრევები. მართალია, რობერტ ბალარდი უახლესი ტექნიკით სარგებლობდა, მაგრამ მისი ძიებაც უშედეგოდ დასრულდა. "არმენიას" ვერაფრით მიაკვლიეს. გემის ასეთმა "მოუხელთებელმა" ფაქტორმა ხელი შეუწყო კონსპიროლოგიური თეორიების წარმოქმნას: ამბობდნენ, რომ თითქოსდა "არმენია" იალტიდან სევასტოპოლში ბრუნდებოდა, რომ მის ბორტზე ხალხი კი არა, რაღაც ძალიან ძვირფასი ტვირთი იყო და რომ გემი რაღაც უცნაური კურსი ჰქონდა აღებული, რომელიც ყოველ წუთს იცვლებოდა. აბა, მაშ რატომ არ არის არაფერი მისი ჩაძირვის კოორდინატებში?

2017 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული საძიებო ოპერაციის დროს მაგნიტომეტრმა ზღვის ფსკერზე მაგნიტური ანომალია დააფიქსირა. რა თქმა უნდა, ამ მონაცემებით გაუგებარი იყო, თუ რა ობიექტი იმყოფებოდა წყლის სიღრმეში, არც ზუსტი კოორდინატები არ იყო ასახული, მაგრამ ძიების არეალი მნიშვნელოვნად შემცირდა - მაგნიტომეტრის ჩვენებამ მიუთითა ის კვადრატი, რომელიც უფრო ყურადღებით გამოკვლევას საჭიროებდა.

2020 წლის მარტში მორიგი საძიებო ოპერაციის დროს რაიონი გულმოდგინედ გამოიკვლიეს ჰიდროლოკატორით. აი, მაშინ უკვე სპეციალისტები დარწმუნდნენ, რომ ზღვის ფსკერზე ნამდვილად ისეთი ობიექტია, რომელიც მოხაზულობით "არმენიას" ჰგავდა, მაგრამ 100%-იანად დარწმუნებული არავინ იყო. მათ კარგად ახსოვდათ წინა წლების ისტორია, როცა გემი ოთხჯერ იქნა "ნაპოვნი", მაგრამ საბოლოოდ, ეს ინფორმაციები არასწორი გამოდგა. ჭეშმარიტება რომ გაერკვიათ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, გემის იდენტიფიცირების მიზნით, გეოგრაფიული საზოგადოების წყალქვეშა კვლევების სპეციალისტები მიიწვია.

"სინამდვილე მხოლოდ ვიზუალური კონტაქტით თუ დამტკიცდებოდა, - ამბობს ექსპედიციის მონაწილე, გეოგრაფიული საზოგადოების წყალქვეშა კვლევების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი სერგეი ფოკინი, - ჰიდროლოკატორს ბრმად ვერ დაუჯერებ: ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ ის ხშირად სასურველს სინამდვილედ წარმოადგენს, მით უმეტეს, როცა ობიიექტს ამდენ ხანს და ამდენი ხალხი ეძებს".

  • როგორ მოხდა ზღვაოსნობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა

1941 წლის შემოდგომაზე ფაშისტური გერმანიის (მესამე რაიხის) ჯარები გენერალ ერიჰ ფონ მანშტეინის სარდლობით ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილთან პერეკოპის ყელი დაიკავეს და ნახევარკუნძულის სიღრმეში შეუჩერებლად მიიწევდნენ. წითელი არმიის ნაწილებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისათვის სახმელეთო გზა უკვე აღარ დარჩა. 5 ნოემბერს სევატოპოლში უკვე აშკარა პანიკა დაიწყო. ქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ჰოსპიტლების, ლაზარეთების, აგრეთვე თეატრის მსახიობების, მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილის, პიონერბანაკ "არტეკის" პერსონალის და რიგი თანამდებობის პირების ოჯახების ევაკუაცია ტუაფსეში მოახდინა. ამისათვის გამოიყო შავი ზღვის ყველაზე დიდი სანიტარული გემი - თბომავალი "არმენია".

  • ცნობისათვის: საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დაწყებამდე შავ ზღვაზე ტურისტულ-კრუიზული "ყირიმულ-კავკასიური მიმართულების" რამდენიმე თბომავალი დაცურავდა - "აფზახეთი" ("აბხაზია"), "საქართველო" ("გრუზია"), "აჭარა" ("ადჟარია"), "უკრაინა", "ყირიმი" ("კრიმ") და "სომხეთი" ("არმენია"). მათ იმ დროისათვის საკმაოდ მაღალი სიჩქარე ჰქონდათ - 14,5 საზღვაო კვანძი (ანუ დაახლოებით 22 კმ.საათში) 1941 წლის აგვისტოს დასაწყისში კი ისინი სანიტარულ-სატრანსპორტო გემებად გადააკეთეს და შავი ზღვის სამხედრო ფლოტის სამედიცინო სამსახურს გადასცეს.თბომავლები "საქართველო", "აფხაზეთი", "აჭარა" და "სომხეთი" ლენინგრადის გემთსაშენში 1928 წელს თითქმის ერთნაირი პროექტებით აიგო. "სომხეთის" ("არმენიის") წყალწყვა 6 ათას ტონას შეადგენდა, სიგრძე - 112 მეტრს, მგზავრთა ტევადობა - დაახლოებით 1000 ადამიანი. გემის გადაკეთების შემდეგ, კაიუტების ნაცვლად, საოპერაციოები და გადასახვევი ოთახები მოეწყო. გემს ერთდროულად 400-500 დაჭრილის აყვანა შეეძლო. თბომავლის გვერდებზე და გემბანის ზემო ნაწილში წითელი ჯვრები მიახატეს, რაც ჰოსპიტალური გემის საერთაშორისო ნიშანს წარმოადგენდა. აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში გემმა "არმენიამ", რომელსაც გამოცდილი კაპიტანი ვლადიმერ პლაუშევსკი ხელმძღვანელობდა, ოდესიდან ტუაფსემდე ზღვა 15-ჯერ გადაცურა და 20 ათასამდე დაჭრილი გადაიყვანა.

 

1941 წლის ოქტომბრის ბოლოს ყირიმის ფრონტზე სიტუაცია გამწვავდა. გენერალ ერიჰ მანშტეინის მე-11 არმია სევასტოპოლს მიუახლოვდა. 4 ნოემბერს "არმენია" ტუაფსედან სევასტოპოლის მიმართულებით გავიდა. მის ბორტზე შავი ზღვის ფლოტის მთავარი ბაზისათვის დამატებით კონტინგენტი იმყოფებოდა. სევატოპოლამდე გემმა მშვიდობიანად მიაღწია. 5 ნოემბერს კაპიტანმა ვლადიმერ პლაუშევსკიმ ბრძანება მიიღო - გემზე აეყვანა არამარტო ასობით დაჭრილი, არამედ შავი ზღვის ფლოტის ყველა ჰოსპიტალისა და სამედიცინო დაწესებულების პირადი შემადგენლობაც.: ოდესისა და ნიკოლაევის ჰოსპიტლები, სანიტარული საწყობები, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ლაბორატორიები, სანატორიუმების ჰოსპიტლები...

  • ათასობით ლტოლვილი და საიდუმლო ტვირთი

იმის გათვალისწინებით, რომ ბრძოლები სევასტოპოლისათვის მხოლოდ იწყებოდა, ბრძანება საკმაოდ უცნაური ჩანდა - ვინ გადაარჩენდა მომავალ ბრძოლებში დაჭრილებს, თუ ყველა ჰოსპიტლისა და ლაზარეთის, ყველა ექიმის ევაკუაცია მოხდებოდა? წაიკითხეთ სრულად