"საკუთარი სხეულით გადაემხო ტყვიამფრქვევს..." - იუნკერ შალვა ერისთავის გმირობის ამბავი | Allnews.Ge

"საკუთარი სხეულით გადაემხო ტყვიამფრქვევს..." - იუნკერ შალვა ერისთავის გმირობის ამბავი

1921 წლის საქართველოს საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი შესრულდა. გთავაზობთ "კვირის პალიტრის" არქივში შემონახული სტატიის ამონარიდს იუნკერ შალვა ერისთავის გმირობის შესახებ:

"1921 წლის თებერვლის ამბები ქსნის ერისთავთა "უკანასკნელი მოჰიკანის" - კოლა ერისთავის ერთადერთი ვაჟის - გმირობით დაგვეწყო:

ფრონტის კოჯორ-ტაბახმელის მონაკვეთი ერთადერთი აღმოჩნდა, სადაც ქართველთა წინააღმდეგობა მხოლოდ უკანასკნელი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ შეწყდა, განსხვავებით სხვა მიმართულებებისგან, რომლებზეც ჩვენი ჯარები ხან ასობით ტყვეს იგდებდნენ ხელთ, ხან კი უბრძოლველად ტოვებდნენ პოზიციებს.

ამ სამდღიანი ბრძოლის შემდეგ მტერს ერთადერთი სიმაღლე დარჩა, რომელზეც ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი მეტყვიამფრქვევე გამაგრებულიყო და იუნკერებს სანგრებიდან თავის ამოწევის საშუალებას არ აძლევდა. არადა, თუკი მას "გააჩუმებდნენ" და რუსების მიერ დაკავებულ გორაკს აიღებდნენ, ძვირფას დროს მოიგებდნენ და შემდეგ იქნებ მაშველ ჯარსაც მოესწრო.

რუსული ტყვიამფრქვევის კაკანი არ წყდებოდა, ქართველების სანგრებიდან კი კიდევ უფრო მეჩხერდებოდა ცეცხლი. უცებ, მომხდურთათვისაც და თანამებრძოლთათვისაც მოულოდნელად, სანგრიდან წამოიმართა ათლეტური აღნაგობის ჭაბუკი - შალვა ერისთავი. მეგობრებს რაღაც გასძახა, გაუღიმა და რამდენიმე წამში აირბინა ფერდობი, გზად ორი რუსი განგმირა ხიშტით და საკუთარი სხეულით გადაემხო წამიერი სიჩუმის შემდეგ კვლავ აყეფებულ ტყვიამფრქვევს!

ეს მცირე დრო საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქართველ იუნკერთა ბოლო რაზმს სანგრიდან ამოსვლა, მტრის დარჩენილი ჯარისკაცების განადგურება და სიმაღლის დაპყრობა მოეხერხებინა. "მაშველი ძალა" კი ამ დროს საპირისპირო მიმართულებით - თბილისიდან დასავლეთით - გარბოდა!!!

შალვა ერისთავისა და მისი თანამებრძოლების - ქართველი იუნკერების - გმირობა ამაო გამოდგა, თუმცა ვინ იცის, რა ჯობდა მათთვისაც და ქვეყნისთვისაც: ის, რომ ქართული ისტორიის გმირთა კოჰორტას ახალი რაზმი შეემატა და სამუდამოდ ჭაბუკებად დარჩნენ თუ ის, რომ მათაც, "სტრატეგიული უკანდახევის" შემდეგ, ევროპისაკენ აეღოთ გეზი და ღრმად მოხუცები, ნოსტალგიისგან გულგამოხრულები, სხვებივით უქართველშვილოდ გადაგებულიყვნენ უცხო მიწაზე... წაიკითხეთ ვრცლად