დუბაის გაუჩინარებული პრინცესას იდუმალი ამბავი - რა საიდუმლო შეტყობინებები გაუგზავნა მეგობრებს ლატიფამ, რომელიც სავარაუდოდ, მამის ტყვეა | Allnews.Ge

დუბაის გაუჩინარებული პრინცესას იდუმალი ამბავი - რა საიდუმლო შეტყობინებები გაუგზავნა მეგობრებს ლატიფამ, რომელიც სავარაუდოდ, მამის ტყვეა

არაბთა გაერთიანებული საამიროს პრინცესა ლატიფა ალ მაკტუმის გაუჩინარების იდუმალებით მოცულმა ამბავმა მთელი მსოფლიოს ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო და კიდევ ერთხელ აალაპარაკა საზოგადოება ქალების უფლებებზე.

ლატიფა, რომელიც ახლა 35 წლისაა, 2018 წელს თავისი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა, თუმცა ეს ვერ შეძლო, დააკავეს და მის შესახებ ამ დრომდე საზოგადოებამ ძალიან ცოტა რამ იცოდა. ახლახანს მედიაში გავრცელდა პრინცესას მიერ გადაღებული რამდენიმე ვიდეო, სადაც ის თავისი მძიმე მდგომარეობის შესახებ ლაპარაკობს.

ვიდეოები სავარაუდოდ, 2019 წელს უნდა იყოს გადაღებული. ლატიფა საზოგადოებას უყვება რომ:

  • ნავით გაიქცა, თუმცა შეიარაღებულმა ადამიანებმა ძალის გამოყენებითა და იარაღის მუქარით დააბრუნეს, სცემდნენ და წიხლებს ურტყამდნენ.
  • რადგანაც პრინცესა მათ წინააღმდეგობას უწევდა, ტრანკვილიზატორი მიაღებინეს, რის შემდეგაც, დაკარგა გონება.
  • გამოკეტეს სამეფო ვილაში, რომელსაც შეიარაღებული ადამიანები იცავდნენ. ჩაკეტილი იყო ფანჯრები და კარები და ის დროს ტყვეობაში ატარებდა.
 

როგორც ირკვევა, ლატიფას ტელეფონი ტყვეობიდან ერთ წლის შემდეგ, საიდუმლოდ მისცეს, ხოლო ფარულ ვიდეოჩანაწერებს ის სააბაზანოში აკეთებდა. პრინცესამ ვიდეოების ახლო მეგობრებისთვის გაგზავნა მოახერხა, რომლებმაც ის ახლახანს პრესას და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნეს.

პრინცესა ლატიფა მეგობართან ერთად 2018 წლამდე

 

ვიდეოჩანაწერებში ლატიფა მამას ადანაშაულებს და ამბობს, რომ ის მოჰამედ ბინ ალ მაკტუმის მძევალია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

რამდენიმე საიდუმლო შეტყობინების მეგობრებისთვის გაგზავნის შემდეგ, უკვე ხანგრძლივი პერიოდია, რაც მათ პრინცესას შესახებ არაფერი იციან, ამბობენ, რომ ლატიფამ ჩანაწერების გაგზავნა შეწყვიტა. არ იციან როგორ მდგომარეობაშია პრინცესა ახლა და ცოცხალია თუ არა ის საერთოდ. ამიტომაც, მოუწოდებენ გაეროს და ადამიანის უფლებადამცველ სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომ ყოველივე შეაჩერონ.

  • მოტყუებული ადამიანის უფლებათა დამცველი

აღსანიშნავია, რომ აქამდე გაერთიანებულ არაბთა საემიროებში ამბობდნენ, რომ ლატიფა უსაფრთხოდ იყო და რომ მასზე ოჯახი ზრუნავდა. საჯაროდ კი 2018 წლის გაქცევის შემდეგ მისი ფოტოები მხოლოდ ერთხელ გავრცელდა და ამბავი მაშინაც საეჭვო იყო:

2018 წელს მას შემდეგ, რაც ლატიფას ტყვეობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში განხილვა არ წყდებოდა, შეიხ მოჰამედ ალ მაკტუმის ერთ-ერთი ცოლის მიწვევით, დუბაის სამეფო ოჯახს გაეროს ადამიანის უფლებათა ყოფილი უმაღლესი კომისარი, მერი რობინსონი ლანჩზე ესტუმრა. ლანჩს პრინცესა ლატიფაც ესწრებოდა. მაშინ რობინსონმა თქვა, რომ ლატიფას ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები, ბიპოლარული აშლილობა და რომ მასთან გაქცევის საკითხზე არ უსაუბრია, რადგანაც არ სურდა, რომ ძველი ტრავმები გაეხსენებინა, რობინსონი მაშინ განმარტავდა, რომ გოგონაზე ოჯახი ზრუნავდა.

მერი რობინსონი და ლატიფა

 

ამ ლანჩიდან ცხრა დღის შემდეგ, არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა რობინსონისა და ლატიფას ერთობლივი ფოტოები როგორც მტკიცებულება, რომ ლატიფა არის უსაფრთხოდ და კარგად. დღეს მერი რობინსონი ამბობს, რომ ის მოტყუვდა და ძალიან შეშფოთებულია პრინცესას მდგომარეობის გამო.

"როდესაც ეს ფოტოები გამოაქვეყნეს განცვიფრებული ვიყავი, ეს სრულიად მოულოდნელი იყო. მე საშინლად მომატყუეს“, - აცხადებს რობინსონი და მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ გაირკვეს ლატიფას ადგილსამყოფელი და მისი მდგომარეობა.

"მე ძალიან ვღელავ ლატიფას გამო. ვფიქრობ, რომ ეს საქმე გამოძიებას მოითხოვს“, ამბობს ის.

  • შეიხი, რომელსაც ქალები გაურბიან

ლატიფას მამა, შეიხი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფოს მეთაურია - ის არის დუბაის მმართველი და არაბთა გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტი.

შეიხმა მოჰამედმა წარმატებული ქალაქი ააშენა, მაგრამ უფლებადამცველები აცხადებენ, რომ იქ არ არსებობს ტოლერანტული დამოკიდებულება განსხვავებული აზრის მიმართ და სახეზეა ქალების უკიდურესი დისკრიმინაცია.

ლატიფა არ არის ერთადერთი ქალი მისი ოჯახიდან, რომელმაც გაქცევა სცადა. მოჰამედის სახლიდან გაიქცა მისი ერთ-ერთი ცოლი, პრინცესა ჰაია თავის ორ შვილთან ერთად. ლატიფასგან განსხვავებით მან მოახერხა თავის დაღწევა და დიდ ბრიტანეთს მიაშურა.

შეიხის ოჯახთან დაკავშირებით სკანდალი ამ ამბის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. პრინცესა ჰაიამ დიდ ბრიტანეთში დაცვა მოითხოვა და ის შეიხის მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტებზე საუბრობდა. აღსანიშნავია, რომ პრინცესა ლატიფამ გაქცევა ადრეც სცადა, 2002 წელს, თუმცა მაშინაც დააკავეს და 3 წელი ჰყავდათ პატიმრობაში. ცნობილია ასევე ისიც, რომ შეიხს ტყვეობაში ჰყავს ლატიფას უფროსი და შამსაც.

პრინცესა ჰაია

 

  • პრინცესას მეგობრები

ლატიფას გამოკეტვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს მისმა ახლო მეგობარმა თიინა ჯაუჰაინენმა, დედის მხრიდან ბიძაშვილმა მარკუს ესაბრიმ და დევიდ ჰეიგმა. ეს ადამიანები უკვე წლებია ლატიფას გათავისუფლების კამპანიის უკან დგანან.

ისინი ამბობენ, რომ ლატიფას ტყვეობის შესახებ ინფორმაციის გახმაურება მათთვის რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო, რადგანაც არ აქვთ უსაფრთხოების გარანტია და რომ შესაძლოა ხმამაღლა საუბრის გამო, თავადაც ტყვეობაში აღმოჩდნენ.

დუბაის პრინცესა 2018 წლის გაქცევამდე

 

ბრიტანელი ადამიანის უფლებადამცველები, გაეროს წარმომადგენლები საქმის სასწრაფოდ გამოძიებას და ლატიფას მდგომარეობის გარკვევას მოითხოვენ.