გერმანიაში ფიფქიას საფლავის ქვა აღმოაჩინეს- ზღაპრის გმირის რეალური ისტორია
ბამბერგში (ბავარია, ზემო ფრანკონია) არისტოკრატი ქალის საფლავის ქვა იპოვეს, რომელიც XVIII საუკუნეში ცხოვრობდა. ქალის ნამდვილი სახელი ცოტასთვის თუ არის ცნობილი, მაგრამ მის შესახებ, ყველა ბავშვმა იცის.
მარი-სოფი ფონ ერტალი — იმით არის ცნობილი, რომ ის ფიფქიას პროტოტიპად ითვლება. მისი საფლავის ქვა კი ოჯახმა, რომელმაც აღმოაჩინა, ქალაქის სამხარეო მუზეუმს გადასცა. როგორც აღმოჩნდა, ეკლესია, რომელშიც მარი ერტალი იყო დაკრძალული 1804 წელს დაინგრა, ხოლო მისი საფლავის ქვა, ქალაქის ერთ-ერთი ოჯახის რელიქვიებს შორის მოხვდა.
მუზეუმის დირექტორი ხოლგერ კემპკენსი, საფლავის ქვასთან
მუზეუმის დირექტორის განმარტებით, მარი ერტალი ძმები გრიმების კლასიკური ზღაპრის, ფიფქიას პროტოტიპია, რომელიც 1812 წელს იყო გამოქვეყნებული. მისი თქმით, «ზუსტად ცნობილი არ არის. თუმცა, ბევრი შესაბამისობა არსებობს, რომ სწორედ ეს ქალბატონი იყო მეზღაპრეების შთაგონების წყარო და ფიფქიას შესახებ ზღაპრის შექმნის მიზეზი».
მარია-სოფია ფონ ერტალი 1725 წელს დაიბადა და ქ. ბამბერგის მახლობლად მდებარე ლორ-ამ-მაინის სასახლეში გაიზარდა. მას ბავშვობიდანვე «უჩვეულოდ სათნო» გოგონად ახასიათებდნენ, რომელიც ყველა გაჭირვებულს ეხმარებოდა. როდესაც დედა გარდაეცვალა, მამა ხელმეორედ დაქორწინდა. გოგონას კი, დედინაცვალთან ურთიერთობები ვერ აეწყო...
ხოლო, როდესაც ქალს საკუთარი შვილები შეეძინა, გერი იძულებული გახდა მშობლიური სახლი მიეტოვებინა და საცხოვრებლად ქალაქში გადასულიყო. ის ბამბერგში, ერთ მარტოხელა ინგლისელ ქალბატონთან ცხოვრობდა.
ბამბერგი იმ დროს სამთომომპოვებელთა ქალაქად ითვლებოდა, ხოლო მაღაროებში, ძალიან ხშირად, ბავშვები, მოზარდები და ტანმორჩილი ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც მოგვიანებით, ზღაპარში ჯუჯებად იქცნენ. როგორც ამბობდნენ, მარი-სოფია ბევრ მათგანთან მეგობრობდა, მაგრამ ზღაპრული პერსონაჟისგან განსხვავებით, მშვენიერ პრინცზე არ გათხოვილა. ის ქალაქში მარტო ცხოვრობდა, სიცოცხლის ბოლო წლებში მხედველობა დაკარგა და 1796 წელს, 71 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ძმებმა გრიმებმა ზღაპარი მისი გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ დაწერეს.
რაც შეეხება დამთხვევებს, მხარეთმცოდნე დოკ. კარლ ბარტელსი შემდეგ პარალელებს ავლებს ზღაპარსა და მარი-სოფიას ცხოვრებას შორის: მაგ., ფონ ერტალის მამა, ისე როგორც ეს წიგნშია მოთხრობილი, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაქორწინდა. ამასთან, მისი ოჯახი მინის ქარხანას ფლობდა და ბიზნესის საქმეებთან დაკავშირებით, მას მოგზაურობა ხშირად უწევდა.
სასახლის მეპატრონემ, შესაძლებელია, სწორედ ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს შეიძინა «მოლაპარაკე» სარკე და ის მეუღლეს აჩუქა. სარკის ზედა კუთხეში დღემდე შემორჩენილია ფრანგული წარწერა: «Amour Propre» (სუფთა სიყვარული). სამწუხაროდ, მისი ხმის გაგონება დღეს უკვე შეუძლებელია, რადგან დროთა განმავლობაში, მექანიზმი გაფუჭდა.
«მოლაპარაკე» სარკე, რომელიც ამჟამად ადგილობრივი მუზეუმის ექცპონატია — ლეგენდის და ისტორიის რეალური მტკიცებულებაა! ასევე ცნიბილია, რომ ხმოვანი მექანიზმი სარკეების მანუფაქტურაში იყო დამზადებული, რომელიც იმ დროს ქ. ლორაში მდებარეობდა.
ლორ-ამ-მაინის სასახლე
«უღრანი ტყე» კი, ბარტელსის აზრით — შპესარტის (Spessart) ტყის მასივია. ხოლო, მთის ბილიკი, რომელზეც მარი–სოფია დადიოდა — მთის მწვერვალისკენ მიმავალი ბილიკი იყო, რომელსაც ამჟამად, ვიზერ შტრასეს ეძახიან. რაც შეეხება ჯუჯებს, რომლებმაც ფიფქია შეიფარეს, როგორც ზევით აღვნიშნეთ, უბრალო მაღაროელები იყვნენ. განაგრძეთ კითხვა