ბრიტნი სპირსი: ვარსკვლავი, რომელსაც ცხოვრება წაართვეს - მამის მსხვერპლი გოგონა და დაგვიანებული ბოდიში ჯასტინ ტიმბერლეიკისგან | Allnews.Ge

ბრიტნი სპირსი: ვარსკვლავი, რომელსაც ცხოვრება წაართვეს - მამის მსხვერპლი გოგონა და დაგვიანებული ბოდიში ჯასტინ ტიმბერლეიკისგან

ბრიტნი სპირსი, 90-იანი წლების ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო. მიუხედავად წარსული დიდებისა და წარმატებისა, მას დღეს უწოდებენ ქალს, რომელმაც ცხოვრება დაკარგა და რომელიც შოუ-ბიზნესის, ოჯახის და სასიყვარულო ურთიერთობების მსხვერპლი გახდა. დღეს ბრიტნის მედიიდან დაწყებული ყოფილებით დამთავრებული, ყველა ბოდიშს უხდის და ისიც უკვე მერამდენედ ცდილობს ფეხზე წამოდგომას და ბედნიერების პოვნას.

ბრიტნი სპირსის სახელს ბოლო პერიოდში მედიაში განსაკუთრებით ხშირად მას შემდეგ ახსენებენ, რაც პოპ-პრინცესას შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვიდა.

  • დოკუმენტური ფილმი

Framing Britney Spears - ასე ჰქვია ბრიტნის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც საზოგადოება მომღერლის ცხოვრებაზე, კარიერასა და ფსიქოლოგიურ პრობლემებზე კიდევ ერთხელ აალაპარაკა. ფილმის დიდი ნაწილი ეხება მომღერლისა და მამის ურთიერთობას და არის იმის შესახებ, რომ ბრიტნის მამის მეურვეობისგან გათავისუფლება სურს.

მომღერლის მეგობრები და ახლობლები ამბობენ, რომ მამას ის არასდროს ადარდებდა და რეალურად, მისი ერთადერთი ინტერესის სფერო შვილის ფინანსები იყო.

ბრიტნი სპირსი მამასთან ერთად

ასევე, დოკუმენტური ფილმი მთელი სიცხადით წარმოგვიდგენს შოუბიზნესის ბნელ მხარეს, პაპარაცებისა და ჟურნალისტების დაუნდობელ ქმედებებს, რომელმაც ბრიტნი ფაქტობრივად, გაანადგურა. პაპარაცები მომღერალს ყველაზე რთულ და უხერხულ მდგომარეობაში ყოფნისას უღებდნენ ფოტოებს და შემდეგ მათ სარფიანად ჰყიდდნენ.

"ბრიტნი ტიროდა, შველას ითხოვდა, ცუდად იყო, თუმცა მისი ხმა არავის ესმოდა, მისი მძიმე მდგომარეობით ადამიანები ფულს შოულობდნენ“, - ამბობს მომღერლის ერთ-ერთი ახლობელი.

ფილმში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ კარიერის საწყის ეტაპზე ბრიტნი არაერთხელ გამხდარა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. მომღერალი თავად ამბობს, რომ მას ჟურნალისტები ქალწულობაზე და სექსზე ეკითხებოდნენ, რის გამოც თავს ყოველთვის ცუდად გრძნობდა. გადაცემებში მის მკერდზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მონაკვეთი ბრიტნი სპირსის ცხოვრებაში ჯასტინ თიმბერლეიკთან სასიყვარულო ურთიერთობას და მასთან დაშორებას უკავშირდება. ფილმში ბრიტნის ცხოვრების ამ ეპიზოდზეც არის მოთხრობილი. გარდა იმისა, რომ პოპ-პრინცესასთვის საყვარელ ადამიანთან დაშორება რთული იყო, ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ამ დაშორებას ჯასტინი კარიერული წინსვლისთვის იყენებდა და ყოველივე მისთვის მომგებიანი აღმოჩნდა.

ჯასტინი ბრიტნის ღალატში ადანაშაულებდა და ამას საჯაროდ აკეთებდა, სწორედ ამ თემას მიუძღვნა მან სიმღერა Cry Me a River, რომლის ტექსტითაც ბრიტნის ადანაშაულებდა. ჯასტინის ყველა ქმედება იმ პერიოდში, მისი არაერთი მუსიკალური ნამუშევარი ბრიტნის დადანაშაულებას ეძღვნებოდა, ბრიტნის ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, კლინიკაში მკურნალობდა, ჯასტინი კი თავისი სიმღერებით ამბობდა, რომ ბრიტნიმ ყველაფერი დაიმსახურა.

დღეს კი, ამ ამბებიდან ბევრი წლის შემდეგ, საზოგადოებამ დაინახა, რომ ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა და ახლა სოციალურ ქსელებში ბრიტნი სპირსის მხარდასაჭერად არაერთი კამპანია დაიწყო.

  • #გვაპატიებრიტნი

ეს ის ჰეშთეგია, რომლის გარშემოც უამრავი ადამიანი გაერთიანდა და მათ შორის, მედიის წარმომადგენლებიც. მომღერლის ცხოვრების დანგრევაში გარკვეულწილად ყველამ იგრძნო თავისი პასუხისმგებლობა და პოპ-პრინცესას ახლა ბოდიშს უხდიან.

ბოდიშს იხდის ჯასტინ თიმბერლეიკიც. მომღერალმა "ინსტაგრამზე" ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. გთავაზობთ ფრაგმენტს ჯასტინის სიტყვებიდან:

"მე ვნახე შეტყობინებები, თეგები, კომენტარები, შეშფოთებები და მსურს გიპასუხოთ. ძალიან ვწუხვარ იმ პერიოდში ჩემი მოქმედებების გამო, რომელმაც ხელი შეუწყო პრობლემების გაჩენას, ვწუხვარ იმის გამო, რომ არაფერი ვთქვი მაშინ, როცა ხმა უნდა ამომეღო და მივიღე სარგებელი იმ სისტემისგან, რომელიც ზიზღზეა დაფუძნებული.

მინდა ბოდიში მოვუხადო ბრიტნი სპირსს და ჯენეტ ჯექსონს, რადგან პატივს ვცემ ამ ქალებს და ვიცი, რომ შემეშალა“, - წერს ჯასტინი. (ცნობისთვის, 2004 წელს, Super Bowl-ზე ჯასტინი და ჯენეტი ერთად მღეროდნენ, რა დროსაც ჯასტინმა სამოსში ჯენეტს ისე მოქაჩა, რომ მკერდი მოუშიშვლა და მომღერალი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, ყოველივე წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა).

განაგრძეთ კითხვა