როგორ გავაშენოთ კაკლის ბაღი და რა გავაკეთოთ ნარგავების სწორად მოსავლელად? - რჩევებს გვაძლევს ევა ოთარაშვილი, რომელმაც თიანეთში ჯუჯა კაკლის ბაღი გააშენა | Allnews.Ge

როგორ გავაშენოთ კაკლის ბაღი და რა გავაკეთოთ ნარგავების სწორად მოსავლელად? - რჩევებს გვაძლევს ევა ოთარაშვილი, რომელმაც თიანეთში ჯუჯა კაკლის ბაღი გააშენა

მშრომელ და მუდმივად მოფუსფუსე ქალბატონ ევა ოთარაშვილს უკვე ბევრი ადამიანი იცნობს. მან თიანეთის რაიონის სოფელ საყდრიონში ჯუჯა კაკლის ბაღი ერთ-ერთმა პირველმა გააშენა, რომელსაც რუდუნებით უვლის, თან, ბევრ ადამიანს აკვალიანებს და ამ კულტურის მოვლის წესებს ასწავლის. ვინაიდან გაზაფხული მოდის და სამეურნეო სამუშაოები ბაღებში უნდა განახლდეს, რჩევებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს ჯუჯა კაკლის ბაღში, ევა ოთარაშვილი გვაძლევს.

- გასულ წლამდე ჩემი ბაღი კაკლის სამი ჯიშით იყო შევსებული. შემდეგ 7-8 ჯიში შევიძინე და თითოეული ყველანაირად შევისწვლე. პანდემიის გამო, შარშან შემდეგი წლისთვის ბევრი ნერგი დამრჩა, ამიტომ, ბაღის გაძლიერება და გადიდება გადავწყვიტე. ჯერ შემოვღობე, მერე შარშან შემოდგომით ტერიტორია მოვხანი, მიწა შესაბამისად დამუშავდა, ორმოები გაკეთდა და ცოტა ხანში იქ 120 ძირი უნდა დავრგო. შემოდგომით მხოლოდ 20 ძირის ჩარგვა მოვასწარი, რადგანაც ამინდი გაფუჭდა და დროში ვერ ჩავეტიე. ახლა ველოდები, დედამიწა გათბეს, რომ მომზადებულ ორმოებში ნერგები გადავიტანო.

- იმისთვის, რომ ჯუჯა კაკლის ბაღი გაშენდეს, ე.ი. ეს სამუშაოებია ჩასატარებელი, ხომ?

 

- კი, ვინც ახლა აპირებს ბაღის გაშენებას, ამ თანმიმდევრობით უნდა შეუდგეს საქმე. ზამთრის შემდეგ გამშრალი მიწა როგორც ვთქვი, ისე დაამუშაოს, მერე სწორად დაგეგმოს, ნაკვეთში ნერგები როგორ გაანაწილოს. სიგრძე-სიგანე კარგად უნდა გაიზომოს - 6/6-ზე ნაკლებ დაცილებით არ უნდა დაირგას, თუმცა 7/7-ზე უკეთესია, მაგრამ ზოგს პატარა ნაკვეთი აქვს, ამიტომ მათ 6/6-ზე უნდა გათვალონ. ეს იმისთვის, რომ გაზრდილმა ხეებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს.

თითოეული ნერგის დასარგავად საჭიროა დამწვარი ნაკელი, თუ შეძლებენ მოიმარაგონ ტორფი, ნეშომპალაც. ამ ყველაფრით ორმო ფენა-ფენა - მიწა, ნაკელი, მიწა ნაკელი - ამ თანმიმდევრობით უნდა შეივსოს. სასურველია, თუ ორმოდან ამოღებული მიწის ზედა ნაწილი ორმოს ძირში მოექცევა და ქვედა პირიქით - ზევით. ნერგი დარგვისას მიწის პირას უნდა დავიჭიროთ.

- ორმო რა ზომაზე უნდა ამოითხაროს?

- ორმოს ზომა - 50 სმ (სიგრზე) 50 სმ (სიგანე) უნდა იყოს. ეს იმისთვის, რომ ნერგი ზრდაში სწრაფად წავიდეს, თან ფესვიც კარგად განვითარდეს. თუ დარგვაში ორი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, უკეთესია, ერთი ნერგს დაიჭერს და მეორე მიწას ჩაყრის ორმოში. მერე უნდა დაიტკეპნოს და 1-2 ვედრო წყალი დაასხას. თუ წვიმიანი ამინდებია, ერთი ვედროც ეყოფა. ზემოდან ფხვიერი, მშრალი მიწა უნდა მოეყაროს.

- ხოლო მათ, ვისაც უკვე დარგული აქვს ხეები და 2-3 წლის ბაღი აქვს, რას ეტყვით?

- თუ შემოდგომით არ დაუყრიათ ხეებისთვის სასუქი (დამწვარი ნაკელი) და არ ჩაუბარავთ, ეს გაზაფხულზე უნდა გააკეთონ, კარგია ასევე ნაცრის მოყრაც. თუ წელს ამასაც ვერ შეძლებენ, გაისისთვის აუცილებლად გაითვალისწინონ. ოღონდ, ეს ყველაფერი მაშინ კეთდება, ვიმეორებ, როგორც კი მიწა გაშრება და დაბარვა შესაძლებელი იქნება. სველ მიწაზე მუშაობა არ ვარგა. ნაცარიც მშრალ ადგილზე უნდა იყოს შენახული. ადრე გარეთ ვაგროვებდი, მერე შევიტყვე, რომ ასეთ დროს ნესტიანდება, სისველეს იღებს და საჭირო მინერალებს კარგავს...

მოკლედ, გაზაფხულზე, როგორც კი მიწა გაშრება, შემობარვით დაიწყონ. შემობარვის შემდეგ თუ ვთქვათ, ხეს ხავსი აქვს მოკიდებული, უნდა მოშორდეს, გასუფთავდეს, ჩამოიფხიკოს. ხე ხმელი ტოტებისგან უნდა გათავისუფლდეს. შემდეგ ჩამოირეცხოს ბორდოს 1%-იანი ხსნარით. დიდ ხეებს შეიძლება, ვერ ჩავუტაროთ ეს პროცედურა, მაგრამ 3-4 წლის ნარგავების ჩამორეცხვას ამ ხსნარით თავისუფლად შეძლებენ.

შემდეგ ხე კირით უნდა შეთეთრდეს. ეს კაკალს ძალიან შველის. 10 ლიტრ წყალში 2 კილოგრამი კირი უნდა გაიხსნას, დაემატება ერთი კილო თიხნარი მიწა, თუ გვაქვს, ნახევარი კილოგრამი შაბიამანიც შეგვიძლია დავუმატოთ, ხეები ფუნჯით უნდა შეთეთრდეს. ეს ყველაფერი სოკოვან დაავადებებს შველის. ასევე სპობს ჭიანჭველას, რომელიც დიდ ხეებს უჩნდება

- ამბობენ, კაკლის ხის გასხვლა არ შეიძლებაო...

- ასე არ არის. სწორედ გასხვლას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. შიგნით გახშირებული ტოტები ერთმანეთში რომ არ აიხლართოს, უნდა გაისხლას... ტოტები ერთმანეთზე გადადის, ის პატარა ტოტები ხეს ზრდაშიც უშლის ხელს და პრობლემებიც იქმნება. ოღონდ, შიგნით მიმავალი ტოტები უნდა გაისხლას, მათგან გამოხშირვა იქიდან ხდება, გარეთა ტოტები კი უნდა დარჩეს.

ასევე მნიშვნელოვანია და ამას ყველას ვეუბნები, რომ ერთწლიანი ნერგი, რომელსაც რამდენიმე ამონაყარი აქვს, ბუჩქად არ უნდა გაზარდონ. რომ გაიკვირტება, შეიძლბა 5-6 ამონაყარიც ჰქონდეს და ისინი უნდა შეიკვეცოს და ხე ერთ ღერზე დარჩეს. ნიადაგიდან მთელ საკვებს ეს ძირითადი ღერი წამოიღებს და კარგად გაიზრდება. ამას ორწლიან ნერგებზეც ვურჩევ.

შემობარვის დროს, ხის გარშემო ჯამისებური ჩაღრმავება უნდა გაკეთდეს, რომ მორწყვისას წყალი იქ კარგად ჩადგეს, თან მაგ დროს შემობარვის რადიუსიც უნდა გადიდდეს.

ეს სამუშაო მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაის-ივნისში, რადგანაც ამ პერიოდში ნერგს, პირველი სამი წელი მაინც მეტი ხელშეწყობა და ყურადღება სჭირდება. ნერგების წყლით მომარაგება აუცილებელია. ხეს წყალი ზრდის. ამიტომ, დაუშვებელია, გვალვაში არ მოირწყას. ზაფხულის პერიოდში, როცა სიცხეები დაიწყება, გამხმარი თივა, როგორც მულჩი, უნდა დავაფინოთ, რომ ნესტი მალე არ აორთქლდეს.

კაკლის ხე იქნება, თუ თხილი, ისინი წყალმა და შემობარვამ უნდა გაზარდოს. ამას თუ სასუქსაც მივუმატებთ, არაფერი ჯობია.

- კერძოდ, რა სასუქი უნდა გამოვიყენოთ?

- გადამწვარი ნაკელი. მისგან ე.წ. წუნწუხი ასე მზადდება - 4 ვედრო საქონლის ნაკელი 200-ლიტრიან წყალით სავსე კასრში უნდა გაიხსნას, ასე სამი კვირა უნდა გაჩერდეს, ოღონდ, ყოველდღე უნდა ვურიოთ, სანამ არ "დადუღდება“... ქათმის სკინტლი კი - 200-ლიტრიან კასრში 2 ვედროზე მეტი არ უნდა გაიხსნას. თითო ნერგს ნახევარი ვედრო ყოფნის, ზედმეტის მიწოდებაც არ ვარგა, რადგანაც მასში აზოტია მოჭარბებული.

ხეს სასუქი შემოდგომაზე რომ დავუმატოთ, ეს დიდად არაფერს ნიშნავს, - ამის მიწოდება კარგია, როდესაც კვირტი და ყლორტი იზრდება.

დაინტერესებული ადამიანებისთვის კიდევ ერთი რჩევის მიცემა შემიძლია - კაკლის ბაღში, მწკრივებს შორის ადგილი რომაა, იქ მნიშვნელოვანია, რაიმე პარკოსანი მცენარის, მაგალითად, ლობიოს დათესვა. ნერგებს ეს თურმე ძალიან ეხმარება. მე ჩემს ბაღში ლობიოს ვთესავ, ხეებიც კარგად გრძნობენ თავს და თან, ლობიოს მოსავალიც მოდის.