ქალად გადაცმული ისრაელის მომავალი პრემიერი და ისტორიული ოპერაცია ბეირუთში | Allnews.Ge

ქალად გადაცმული ისრაელის მომავალი პრემიერი და ისტორიული ოპერაცია ბეირუთში

1973 წლის თებერვალში, ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის „მოსადის“ დირექტორმა ცვი ზამირმა, „საიერეტ მატკალის“ სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური (ისრაელის მომავალი პრემიერ-მინისტრი) ეჰუდ ბარაკი გამოიძახა. ზამირმა ბარაკს პალესტინური მოძრაობა „ფათხის“ ლიდერების სამი სურათი დაუდო მაგიდაზე და დაგეგმილი ოპერაციის დეტალებზე დაიწყო საუბარი...

სალიკვიდაციო სიაში სამი კანდიდატი იყო: პალესტინელთა ლიდერის იასერ არაფატის მოადგილე, იუსუფ ნაჯარი (ცნობილი როგორც აბუ იუსუფი); „ფათხის“ ფარგლებში შექმნილი „დასავლეთ სექტორის“ დანაყოფის სამხედრო მეთაური ქამალ ადვანი და „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“ პრესმდივანი ქამალ ნასერი. აბუ იუსუფისა და ქამალ ადვანის ტერორისტული საქმიანობა კარგად იყო ცნობილი ისრაელის სპეცსამსახურებისთვის. მათი კავშირი 1972 წლის მიუნჰენის ოლიმპიადაზე ისრაელის ოლიმპიური ნაკრების სპორტსმენების მკვლელობასთან და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ სხვა ტერაქტებთან დამტკიცებული იყო და არანაირ ეჭვებს არ იწვევდა. რაც შეეხება ქამალ ნასერს, ის პირადად არასოდეს მონაწილეობდა ტერაქტებში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“ პრესმდივანი იყო, არა მხოლოდ ამართლებდა ტერორს, არამედ ღიადაც მოუწოდებდა ისრაელის მოქალაქეების მკვლელობისკენ. შესაბამისად, ისრაელის სპეცსამსახურები მასში ტერორის მთავარ იდეოლოგს ხედავდნენ...

იასერ არაფატი ქამალ ადვანთან და ქამალ ნასერთან ერთად

 

ოპერაცია „ახალგაზრდობის გაზაფხულის“ დაგეგმვა

პირველი კითხვა, რომელიც „მოსადის“ დირექტორმა ეჰუდ ბარაკს დაუსვა მხოლოდ ერთ რამეს ეხებოდა: შესძლებდნენ თუ არა „საიერეტ მატკალის“ სპეცრაზმელები ლიბანის დედაქალაქის ბეირუტის ცენტრში სალიკვიდაციო ოპერაციის ჩატარებას და ისრაელში უვნებლად დაბრუნებას. მას შემდეგ, რაც ეჰუდ ბარაკი სადაზვერვო მონაცემებს გაეცნო, ცოტათი დაიბნა. საერთო სურათი არც ისე სახარბიელო იყო - სულ მცირე ტერორისტების ადგილსამყოფელთან მიახლოება სირთულეს წარმოადგენდა, ხოლო შენობებში შესვლაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტი იყო.

ისრაელიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით, ბოევიკებით, არმიითა და ჟანდარმერიით გავსებულ ბეირუთში „საიერეტ მატკალის“ წევრებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე მოუწევდათ ყოფნა, იმის სრული გააზრებით, რომ მათ დასახმარებლად არავინ მივიდოდა. როგორც გამოცდილ პროფესიონალს, ეჰუდ ბარაკს ესმოდა, რომ „საიერეტ მატკალის“ შესაძლებლობები უსაზღვრო არ იყო. რისკებისა და წარმატებაზე შანსების გასაანალიზებლად ბარაკმა „მოსადის“ დირექტორს უფრო დეტალური ინფორმაცია გამოსთხოვა, მათ შორის ტერორისტების სახლებისა და ბინების დეტალური გეგმები, ობიექტების დაცვის სისტემა, მათთან მისასვლელები, ასევე ის, თუ ზუსტად რამდენი ლიბანელი ჯარისკაცი და ჟანდარმი პატრულირებდა ბეირუთის რამლეთ ელ-ბაიდას რაიონში.

ამის შემდეგ, „მოსადის“ აგენტები იწყებენ ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოპოვებას, რასაც თუნდაც ირიბი კავშირი შეიძლება ჰქონდეს ბეირუთის რამლეთ ელ-ბაიდას რაიონთან. კერძოდ, ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა, შუქნიშნების ფაზების ხანგრძლივობა, თითოეული კუნჭული, სადაც სპეცრაზმელებს საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ თავშესაფარი ეპოვათ. მაგრამ ყველაზე მთავარი იყო იმის დადგენა, დღის რა მონაკვეთში იმყოფებოდნენ სამიზნე ტერორისტები სახლში, მეზობლებიდან ვინმეს ჰყავს თუ არა საკუთარი დაცვა და ა.შ. ნებისმიერ გაუთვალისწინებელ წვრილმანს, შეეძლო ოპერაცია კრახამდე მიეყვანა...

მხოლოდ მას შემდეგ, რაც საჭირო სადაზვერვო ინფორმაცია ეჰუდ ბარაკის ხელთ აღმოჩნდა, მან თავისი ოფიცრები შეკრიბა და ოპერაცია „ახალგაზრდობის გაზაფხულის“ დეტალები გააცნო. ეჰუდ ბარაკს, პირველ რიგში, გადასაწყვეტი ჰქონდა თუ როგორ მოახერხებდა 20-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი ქალაქის გავლით ოპერაციის დანიშნულების ადგილამდე მისვლას ისე, რომ ვინმეს ყურადღება არ მიეპყროთ. გამოსავალი მხოლოდ ერთი იყო: ჯგუფის წევრების მობილურ ჯგუფებად, ორ-სამ კაცად დაყოფა. „საიერეტ მატკალის“ მაიორი მუკი ბეცერი კი საკმაოდ ორიგინალური იდეით გამოვიდა: სპეცრაზმელების ნაწილი ქალად გადაიცმევდა და წყვილებად განაწილდებოდნენ სპეცრაზმის სხვა წევრებთან. საამისოდ თელ-ავივის მაღაზიებში ქალის დიდი ზომის ტანსაცმელები შეისყიდეს. ტანსაცმელი საჭიროზე ორი-სამი ზომით დიდი უნდა ყოფილიყო, რომ იარაღის დამალვა მოეხერხებინათ.

ოპერაციის ადგილამდე მანქანით მისვლაზე საუბარი ზედმეტი იყო. მანქანები მეზობელ კვარტალში უნდა დაეტოვებინათ და ოპერაციის ადგილამდე ფეხით მისულიყვნენ. თუმცა, ოპერაციის საბოლოო ფაზის დაგეგმვამდე საჭირო იყო რიგი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, რომლის გარეშეც ყველა შემდგომ ქმედებებს აზრი ეკარგებოდა. როგორ უნდა მომხდარიყო სპეცრაზმელების ბეირუთამდე მიყვანა, რომელიც ისრაელის ჩრდილოეთ საზღვრისგან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს? ვერტმფრენიდან გადმოსხმა თავიდანვე უარყოფილი იყო. ლიბანის დედაქალაქში უცხოელი ტურისტების სახით შესვლა ასევე არარეალური იყო. მხოლოდ ერთი გზა რჩებოდა - ზღვა. ეჰუდ ბარაკმა მაიორ ამნონ ბირანს დაავალა ოპტიმალური ადგილის მოძებნა.

1973 წლის მარტის ბოლოს მაიორმა ამნონ ბირანმა ეჰუდ ბარაკს ანგარიში ჩააბარა, რომელშიც ლიბანში გადმოსხმის პოტენციურ პლაცდარმად სასტუმრო „სანდესის“ პლაჟი შესთავაზა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ბევრი ნომრის ფანჯრები პირდაპირ ზღვას გადაჰყურებდა - იმის ალბათობა, რომ რომელიმე ტურისტი აივანზე გამოვიდოდა და სპეცრაზმის გადმოსხმას შეამჩნევდა, დიდი იყო. თუმცა, უკეთესი ალტერნატივა არც იყო და შესაბამისად, ისრაელის თავდაცვითი ძალების გენშტაბმა ეს ვარიანტი დაამტკიცა.

ოპერაციის დაწყების თარიღი რამდენჯერმე გადაიდო. ამის მიზეზი ისრაელის თავდაცვის მინისტრის ყოყმანი იყო. გენშტაბის ხელმძღვანელი გენერალ-ლეიტენანტი დავიდ ელიაზარი თითქმის ყოველ დღე შედიოდა თავდაცვის მინისტრის კაბინეტში და ოპერაციის დაუყოვნებლივ დაწყებას თხოვდა. თუმცა, მოშე დაიანი ყოყმანობდა. როგორც მინისტრი ის არ ერეოდა ოპერაციის დაგეგმვაში, მის ფუნქციებში პოლიტიკური საკითხების გადაჭრა შედიოდა და ზუსტად ეს აშინებდა მას. ოპერაციის შედეგებს ისრაელზე უარყოფითი გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა. მსოფლიოში პოლიტიკური რეზონანსი არაპროგნოზირებადი იყო, ვინაიდან საუბარი ეხებოდა არა უბრალოდ ანტიტერორისტულ ოპერაციაზე, არამედ ღია დივერსიულ აქციაზე ერთ-ერთი არაბული ქვეყნის დედაქალაქში.

 

მზადება ოპერაციისთვის

ვიდრე პოლიტიკოსები ოპერაციის ბედს წყვეტდნენ, „საიერეტ მატკალის“ წევრები ყოველდღიურ წვრთნებს ატარებდნენ. ყველაზე რთული ქუსლებზე სიარულის სწავლა აღმოჩნდა. ოპერაციის ფარგლებში იმ სპეცრაზმელებს, ვისაც ქალად გადაცმა მოუწევდათ, ქალებივით სიარული უნდა ესწავლათ...

თელ-ავივის გარეუბანში რამათ ავივის რაიონში შეირჩა სახლი, რომელიც მაქსიმალურად ჰგავდა ტერორისტების საცხოვრებელ სახლს. ორი თვის განმავლობაში „საიერეტ მატკალის“ სპეცრაზმელები ყოველდღიურად ატარებდნენ წვრთნებს, რათა ცალკეულ ჯგუფებს შორის ურთიერთქმედებები გამოემუშავებინათ. ეჰუდ ბარაკმა ოპერაციაში 16 სპეცრაზმელი ჩართო და ისინი ხუთ ჯგუფად დაყო. პირველი ჯგუფი მობილური შტაბის ფუნქციების ასრულებდა. მეორე ჯგუფი კი ლიკვიდატორების სამი სშტურმო ჯგუფისთვის საფარველს უზრუნველყოფდა. ოპერაციის გეგმის მიხედვით, „საიერეტ მატკალის“ სპეცრაზმელები ოპერაციის ადგილზე სამი მანქანით უნდა მისულიყვნენ, რომელსაც „მოსადის“ აგენტები ბეირუთში წინასწარ იქირავებდნენ. მანქანებს მეზობელ კვარტალში დატოვებდნენ და წყვილებად დაყოფილნი ფეხით გაემგზავრებოდნენ ტერორისტების ადგილსამყოფელისკენ. ოთხი სპეცრაზმელი, მათ შორის ეჰუდ ბარაკი, ქალად გადაცმულნი იქნებოდნენ.

განაგრძეთ კითხვა

myquiz