ცოლთან მოქცევის წესები ქმრებისთვის 1960 წელს გამოცემული ბროშურიდან... | Allnews.Ge

ცოლთან მოქცევის წესები ქმრებისთვის 1960 წელს გამოცემული ბროშურიდან...

ცოტა ხნის წინ ბებოს ბიბლიოთეკაში ქექვისას, სადაც 1930 წლით დათარიღებულ წიგნებსაც კი წავაწყდი, ერთმა საინტერესო ბროშურამ მიიპყრო ჩემი ყურადღება: "სასარგებლო რჩევა-დარიგებანი ქალებს" - ამოვიკითხე გაცრეცილი, ობმოკიდებული წიგნის გარეკანზე.

1960 წელს სახელმწიფო გამომცემლობის (ბათუმი) მიერ დაბეჭდილი წიგნის რედაქტორები: ციალა წუწუნავა და ნაზი ნოღაიდელი არიან.

ბროშურაში ქალებს სხვადასხვა საოჯახო საკითხზე აძლევენ რჩევებს.

 

თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი მამაკაცებს ეძღვნებათ. ბოლო გვერდზე მამაკაცების საკითხავია მოცემული, რომელშიც პუნქტებადაა ჩამოწერილი, როგორ უნდა მოიქცეს ჭეშმარიტი ქმარი მეუღლესთან:

"მხოლოდ მამაკაცებისათვის:

  • ცოლი სადილად მუდამ შენს მოსვლას ელოდება. ხომ არ გავიწყდება გააფრთხილო როცა იგვიანებ?
  • ჩქარა შენ და შენი ცოლი ვერცლის ქორწილს გადაიხდით. აბა გაიხსენე, ამ ხნის მანძილზე რამდენჯერ მიგიტანია მისთვის ყვავილების თაიგული?
  • სამუშაოდან დაბრუნების შემდეგ შენ დასვენება გჭირდება, მაგრამ ხომ გახსოვს რომ მამა ხარ და დღეში ერთი საათი მაინც უნდა გამოძებნო შვილთან სასაუბროდ?
  • თქვენს ოჯახში პატარა გაჩნდა. დგები თუ არა ხანდახან ღამით, როცა ბავშვი ტირის? იქნებ შენც ეკუთვნი იმ ეგოისტთა რიცხვს, ბავშვის ტირილი რომ ანერვიულებთ და დახმარების ნაცვლად უყვირიან ცოლს?
  • აფრთხილებ თუ არა წინასწარ ცოლს, როცა სახლში ამხანაგები მიგყავს?
  • ხომ არ ეკუთვნი იმ მამაკაცთა რიცხვს, რომელთაც ეუხერხულებათ ხალხში ფეხმძიმე ცოლთან გამოჩენა?
  • ვერ ატყობ, რომ ჩუმჩუმად ყველა ნაცნობი და მეგობარი დაგცინის შენი მუდმივი უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო?
  • იცი თუ არა რომ შენი ყურადღება ისევე ესიამოვნება ცოლს ქორწინებიდან 10 წლის შემდეგ, როგორც ქორწინების დღეს?
  • შენ კულტურული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებ. მაშ რატომ ხდება ხოლმე ისე, რომ ქუჩაში შენ წინ მიდიხარ, ცოლი კი უკან მოქლოშინებს?
  • ხომ არ ფიქრობ, რომ შენს ცოლს სამზარეულოზე ნაკლებად უყვარს კონცერტი ან კინო?