ქართველი პიანისტი, რომელსაც გერმანიაში მეუღლესთან ერთად ბიოპროდუქტები მოჰყავს | Allnews.Ge

ქართველი პიანისტი, რომელსაც გერმანიაში მეუღლესთან ერთად ბიოპროდუქტები მოჰყავს

თამარი ოქროაშვილი წარმოშობით თელავიდანაა, მაგრამ წლებია გერმანიაში ცხოვრობს. ქალაქ ჰალეში მეუღლესთან ერთად დიდ მეურნეობას ჩაუყარა საფუძველი. ბევრს შრომობს, მოჰყავს ხეხილი, ბოსტნეული, ამასთან, ბავშვთა სამუსიკო აკადემიაში ფორტეპიანოს ასწავლის. რა ძალისხმევას და სახსრებს მოითხოვს ბაღის მოვლა, რა წესები და კანონები არსებობს ამ მხრივ გერმანიაში, სწორედ ამ და სხვა საინტერესო საკითხზე გვესაუბრა თამარი.

- წარმოშობით თელაველი ვარ და უკვე დიდი ხანია გერმანიაში ვცხოვრობ. გერმანიაში დავამთავრე ბაკალავრიატი და მაგისტრატურა ფორტეპიანოს განხრით. ახლა სტუდენტი ვარ სპეციალური განხრის, რომელსაც საკონცერტო პიანისტი ჰქვია და ამ ზაფხულს ვამთავრებ.    გარდა ამისა, ვარ ფორტეპიანოს პედაგოგი და ვასწავლი ბავშვთა სამუსიკო აკადემიაში.

გატაცებით უამრავი რამ მიტაცებს. მაგალითად მოგზაურობა, ხატვა, ჩხირებით და ყაისნაღით ქსოვა, სამზარეულოში ტრიალი, ღებვა და შენება ჰობის დონეზე. ჩემს მეუღლესთან ერთად ბაღში მუშაობა და განტვირთვა.

- როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე და რამდენი წელია რაც დაოჯახდით?

- ჩემი მეუღლე გერმანიის ჩრდილოეთის ერთ-ერთ კუნძულზე გავიცანი და უკვე მეცხრე წელია ერთად ვართ, თუმცა სულ ერთი წელია ეს ურთიერთობა ოფიციალურად გავაფორმეთ.

- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას, როცა შეიტყვეს, რომ უცხო ქვეყანაში აპირებდით დაოჯახებას?

- ჩემმა ოჯახმა თავიდანვე დიდი თავისუფლება მომცა. ისინი ბედნიერები არიან, რომ მე ბედნიერი ვარ და ეგოისტურად არ ეკიდებიან ამ საკითხს. გარდა ამისა, შეყვარებულები არიან ჩემს მეუღლეზე, რადგან ის ძალიან აფასებს საქართველოს, ქართველებს და ჩემს ოჯახს, რა თქმა უნდა.

- რატომ გადაწყვიტეთ, რომ მიწაზე გემუშავათ, მეურნეობა შეგექმნათ?

- მიწაზე მუშაობა თავიდან ჩემი აკვიატება იყო, რადგან ბუნებაში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ჩემი დიდი სურვილია სოფელში (ქალაქთან ახლოს) ცხოვრება, რადგან ეს გარემო მამშვიდებს და ყველაფერს ნეგატიურს მავიწყებს. მე და ჩემს მეუღლეს გვეეჭვებოდა, ამ ყველაფერს ყოველდღიურობას შევუთავსებდით თუ არა, მაგრამ ყველაფერი გამოვიდა.

- ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებთ, თუ დამხმარეებიც გყავთ?

- ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ, ყოველგვარი დახმარების გარეშე. გაზაფხულზე და შემოდგომაზე ბევრი სამუშაოა: დაბარვა, გათოხნა, თესვა, სარწყავი მოწყობილობების დაყენება და დანარჩენი ბაღის სამუშაოების მოთავება. ზაფხულში ბაღი იმდენად ლამაზია, რომ გინდაც ბევრი საქმე იყოს, არ ვიღლები.

- თქვენ, ან თქვენი მეუღლის ოჯახი თუ იყო მანამდე ამ საქმიანობით დაკავებული?

- ჩემი ოჯახი გაჭირვების პერიოდში ქალაქიდან სოფელში გადავიდა საცხოვრებლად, რათა სოფლის მეურნეობაში ჩაბმულიყო და საჭმელი მაინც არ მოგვკლებოდა. დედას ახლაც უამრავი რამ მოჰყავს მიწაზე და თავის პროფესიაშიც აქტიურია. ჩემი მეუღლის ოჯახსაც მოჰყავს ბევრი რამ, მაგრამ არა საჭიროების გამო. ომის პერიოდში მათაც უწევდათ საკუთარ საჭმელზე ზრუნვა და თითქოს ეს ტრადიციად დაიტოვეს.

- რა სახის პროდუქტი მოგყავთ ბაღში?

- ბაღში მხოლოდ ბიო პროდუქტი მომყავს. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ მხოლობითში, რადგან ამას მართლა მარტო ვაკეთებ. ბევრ ვაშლის, მსხლის და ატმის ხესთან ერთად მაქვს, მოცხარი, კივი და მარწყვი. ყოველ წელს სხვადასხვა ბოსტნეული მომყავს, როგორიცაა სიმინდი, სალათა, კიტრი, პამიდორი, წიწაკა, ჩილი, ბადრიჯანი, საზამთრო, ნესვი, კეჟერა და კომბოსტოს სხვადასხვა სახეობა.

- ისეთი პროდუქტები თუ მოგყავთ, რომელიც საქართველოში არ მოდის, ან იშვიათია?

- წელს მქონდა წითელი კეჟერა, ბრიუსელის კომბოსტო, არტიშოკი და ბატატი დამატებით.

განაგრძეთ კითხვა