როგორ აღმოაჩინეს პირველი და ერთადერთი თიხის მუმია სხვის სარკოფაგში? | Allnews.Ge

როგორ აღმოაჩინეს პირველი და ერთადერთი თიხის მუმია სხვის სარკოფაგში?

ძველ ეგვიპტელებს თავიანთი გარდაცვლილები უყვარდათ და ცდილობდნენ ისე გაეკეთებინათ, რომ საიქიოში ისინი კარგად ყოფილიყვნენ, ამიტომაც რჩეული ადამიანებისთვის მათ მუმიფიცირების ძალიან რთული და ძვირადღირებული წესები მოიფიქრეს.

ის, ვისაც რაიმე მნიშვნელოვანი წოდება არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ცნობილ ადამიანს წარმოადგენდა, შეიძლებოდა მუმიფიცირებული ყოფილიყო, თუმცა მასალები იაფფასიანი, პროცესი კი ხანმოკლე იყო. სარკოფაგები - არც ისეთი მდიდრული, როგორიც ფარაონებს ჰქონდათ.

მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი "სტანდარტიზებულს“ წარმოადგენდა: ჩვეულებრივი ფისი და ქსოვილის გრძელი ნაჭრები, რომელშიც დაბალზამებულ სხეულს ახვევდნენ. ასე გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში. მაგრამ ერთხელაც ეგვიპტეში ავსტრალიელმა არქეოლოგებმა ქალის ისეთი მუმია იპოვეს, რომ... თუმცა ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით.

მუმია, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ, მე-19 საუკუნის დასაწყისში ავსტრალიაში მოღვაწე ინგლისელმა პოლიტიკოსმა ჩარლზ ნიკოლსონმა შეიძინა (იმ დროს ეგვიპტის მუმიებზე მოდა არ იყო, მაგრამ მაინც), სიკვდილის წინ კი მუმია მან სიდნეის უნივერსიტეტს უანდერძა. როგორც მუმიას შეეფერება, ის მრავალი წლის განმავლობაში უნივერსიტეტის საცავში იმტვერებოდა...

მკვლევარებმა მუმიას ყურადღება პირველად 1999 წელს მიაქციეს, როცა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო. ქსოვილის ნიმუშების შემოწმებისას მასში თიხისა და ქვიშის ნარევი აღმოაჩინეს.

თუმცა კიდევ თითქმის ოცმა წელმა გაიარა, ვიდრე მუმია თავის საიდუმლოს გასცემდა.

აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილი ქალი, როგორც წესი, ქსოვილში გაახვიეს, მაგრამ უკვე შემდეგ მისი სხეულის ნაწილები (მარცხენა მუხლი და წვივი) "გაურკვეველ ვითარებაში“ დაზიანდა, შესაძლოა, სამარის მძარცველების მიერ. ამრიგად, ერთი ან ორი თაობის შემდეგ ვიღაცამ ბებიის "გარემონტება“ გადაწყვიტა და მას თიხის ახალი ბაკანი გაუკეთა

ოსტატმა, რომელიც მუმიაზე მუშაობდა, თიხის, ქვიშის, ნამჯისა და ქსოვილისაგან რთული "სენდვიჩი“ გააკეთა. ქვემოდან ბაკანი მწვანე ფერით იქნა შეღებილი, ზემოდან კი ყვითლით.

"თიხა ფენა-ფენად ედებოდა, სანამ ის ნოტიო და რბილი იყო“, - განმარტავს კვლევის ხელმძღვანელი კარინ სოვადა, სიდნეის უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი, - სხეული ჯერ ქსოვილში გაახვიეს, შემდეგ კი ის თიხის ბაკანში მოათავსეს და ისევ ქსოვილი შემოახვიეს“.

  • მაგრამ რატომ თიხაში და არა ტრადიციულ ფისში?

"იმიტომ, რომ თიხა უფრო იაფი და ადვილად მოსაპოვებელი მასალაა“, - ამბობს კარინ სოვადა, მაგრამ ამით მუმიის "თავგადასავალი“ არ დამთავრებულა. ის ვიღაცამ ისევ დააზიანა, ამჯერად თავისა და კისრის არეში. დაზიანდა ბაკანიც, თუმცა მუმიის ხელახალი რესტავრაცია ისეთმა ადამიანმა განახორციელა, რომელიც პროფესიონალიზმით არ გამოირჩეოდა და თავ-კისერი სხეულზე მეტალის დამჭერებით დაამაგრა.

თუმცა, როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, თიხის ბაკანი მუმიის ერთადერთი უცნაურობა არ ყოფილა. ისე ჩანს, რომ სიძველეებით მოვაჭრეებმა სერ ჩარლზი მოატყუეს და სრულიად უცხო სარკოფაგში წინასწარ განზრახულად ჩადებული მუმია აჩვენეს. სხვათა შორის, ასეთი თაღლითობა იმ დროს საკმაოდ ხშირი იყო - არტეფაქტის ძვირად გაყიდვის მიზნით. ასევე დადგინდა, რომ სარკოფაგი, სადაც ქალის სახელი "მერუტა“ ეწერა, პიქტოგრამის მიხედვით, დაახლოებით ჩვენს ერამდე 1000 წელს მიეკუთვნება, მუმია კი მასზე 200 წლით ახალგაზრდაა.

თუმცა მკვლევარებისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა ის ფაქტი, რომ მუმია თიხისგან იყო დამზადებული. ანუ ეს ახალი სიტყვაა მუმიფიკაციაში, რომელიც ძველ ეგვიპტეზე ჩვენს ცოდნას აფართოებს