პაპანწყვილი - ულამაზესი ტბა სამეგრელოში და ლეგენდა, რომელიც მის სახელს უკავშირდება | Allnews.Ge

პაპანწყვილი - ულამაზესი ტბა სამეგრელოში და ლეგენდა, რომელიც მის სახელს უკავშირდება

ხობის რაიონის სოფელ ხეთის ტერიტორიაზე, სოფლიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, გორაკზე მდებარეობს სამეგრელოში ცნობილი პატარა ტბა სახელად "პაპანწყვილი". ტბა საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით, გამდინარეა, წყალი კი მომწვანო და გამჭვირვალე. პაპანწყვილის ტბა გარშემორტყმულია ფიჭვოვანი ტყით.

სახელი პაპანწყვილი მეგრულიდან ქართულად იშიფრება როგორც "ჩაძირული მღვდელი". ლეგენდის თანახმად ტბის ადგილზე ცხოვრობდა მღვდელი (მეგრულად პაპა). როდესაც ერთხელ მღვდელმა თავის დამხმარე ადამიანებს, ნადს სადილად აჭამა ძაღლის ხორცი, მიწა იძრა და მღვდელი თავის სახლიანად თან ჩაიტანა, ჩაიძირა, ამ ადგილას კი აღმოცენდა ტბა, რომელსაც უწოდეს "პაპანწყვილი" - ჩაძირული მღვდელი.

ამონარიდი მწერალ რობერტ ძერიას წიგნიდან:

"იყო და არა იყო რა... იყო ერთი მღვდელი. შვილი იმას არ ჰყავდა და შვილიშვილი. რევმატიზმებისაგან შეჭმული ცოლისანაბარა დარჩენილი, ქელეხებსა და ნათლობაში ატარებდა მთელ დღეებს. რაც ხორაგი იქნებოდა, ყველაფერი სახლში მიჰქონდა. ეს ჩემი კერძიაო, იტყოდა და შეკამათებას ვინ გაუბედავდა.

რასაც შეჭამდნენ, ხომ კარგი, რაც დარჩებოდა, მღვდლის ცოლი ძაღლებს უყრიდა. ძაღლები კი ბევრი ყავდათ. თანაც ძალიან ავები, ყურწაჭრილი და კუდმოკლეები.

ერთ ზამთარს დიდი თოვლი მოვიდა და სახლის სახურავი ჩაუნგრია. მღვდელი ძალიან შეწუხდა, მაგრამ რას იზამდა, სოფლელებისთვის უნდა დაეძახა. სოფელი კი დაბლა იყო, ცოტა მოშორებით. იმას ხელს ვინ გაუმართავდა, მაგრამ მღვდელი იყო და გლეხებს შეეშინდათ შვილები არ დაგვიწყევლოსო. ათი ღონიერი ვაჟკაცი დატრიალდა დილიდანვე. ზოგი კაკუტებს რანდავდა, ზოგი ლარტყებს თლიდა მკლავდაკაპიწებული.

შეღამებისას ყველაფერი მზად იყო. მღვდელი კი არსად ჩანდა. მოიკითხეს. თავლიდან გამოვიდა - ა ნაფორის კალთები აეკრიფა და ხელი სისხლით ჰქონდა მოთხუპნული "კარგად გახეირევთ, შვილო ჩემო, ისეთი მსუქანი თხა დაგიკალით, სულ თითებს ჩაიკვნეტთ" - უთხრა გლეხებს. გაუკვირდათ - მღვდლის პურ-მარილი აქამდე არავის გაეგონა. დარჩნენ და კარგადაც მოილხინეს. მხოლოდ მღვდელმა მოიმიზეზა მუცლის ტკივილი და პირი არაფერს დააკარა...

მთელი ღამე არაყს სვამდა, - მომიხდებაო. მჭადს აყოლებდა მარტო. გვიან დაიშალნენ. გლეხთაგან უფროსმა ქუდი მოიხადა და მღვდელს მადლობა გადაუხადა. ღმერთმა შენი ოჯახი ააშენოს, ეს რა კარგი სუფრით გაგვიმასპინძლდიო. "თქვენისთანა ოსტატებს სწორედ ასეთი სუფრა ეკუთვნოდაო”, - მიუგო მღვდელმა.

იმ ოსტატებში ერთი ძალიან ეშმაკი ყმაწვილი ერია, მასპინძლის პასუხმა დააეჭვა და ჩუმად თავლაში შეიხედა. გაოცებისაგან ხმა ვერ ამოიღო - მღვდელს ერთი ბებერი ძაღლი ჰყავდა, სახელად თუნთია, ბალანი ჰქონდა გაცვენილი და ფეხზე ვერ დგებოდა. მღვდელსაც ის დაეკლა თურმე და სწორედ მისი ხორცი მოეტანა სუფრაზე...

...იმ საღამოს მთიდან ზვავი წამოვიდა და მღვდლის ეზო-კარი ქვესკნელში ჩაიტანა. ნასახლარზე კი ტბა გაჩნდა, რომელსაც ხალხმა "პაპანწყვილი” შეარქვა. ქატო იქა, ფქვილი აქა, ჭირი იქა, ლხინი აქა..."

წყარო: http://khobi-info.blogspot.com