რა პრობლემები აქვთ საქართველოში მცხოვრებ განსხვავებული აღმსარებლობის მქონე მოქალაქეებს | Allnews.Ge

რა პრობლემები აქვთ საქართველოში მცხოვრებ განსხვავებული აღმსარებლობის მქონე მოქალაქეებს

საქართველოში უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ განსხვავებული ეროვნებისა თუ რელიგიის მქონე ადამიანები. კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენები გამო ხშირი იყო მიგრაციული პროცესები და გეოპილიტიკური სურათიც ხშირად იცვლებოდა. ამ პროცესებმა კავკასიის რეგიონსა და მათ შორის საქართველოშიც ათობით სხვადასხვა ეროვნებისა და განსხვავებული რელიგიების მქონე ადამიანებს მოუყარა თავი.

საუკუნეთა განმავლობაში საქართველოში მცხოვრები ადამიანები ერთმaენეთის მიმართ შემწყნარებლობითა და პატივისცემით გამოირჩეოდნენ, რასაც არაერთი ისტორიული ფაქტი თუ ცნობა ადასტურებს.

ALLNEWS დაინტერესდა თუ როგორ ცხოვრობენ დღესდღეობით საქართველოში მცხოვრებ განსხვავებული აღმსარებლობის მქონე ახალგაზრდები, რა პრობლემები აწუხებთ და რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ.     ზაზა მიქელაძე

მე ვარ ზაზა მიქელაძე ქართველი მუსლიმი აქტივისტი, ორგანიზაცია სამოქალაქო დარბაზის თანადამფუძნებელი და სოლიდარობის პლატფორმის წევრი. ასევე ერასმუს + პროექტის „ერთი ღმერთის სახლის“ მშვიდობის ახალგაზრდა ელჩი საქართველოში. დავამთავრე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის პროგრამა, ამჟამად ანალოგიური მიმართულებით მაგისტრის ხარისხის მისაღებად ვსწავლობ მალაიზიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

პოსტსაბჭოთა სივრცეში იდენტობადაცლილი საზოგადოებები სხვადასხვა უკიდურესობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, რაც ყველაზე მძაფრად რიგ ქვეყნებში და განსაკუთრებით საქართველოში ეთნო-კონფესიური ნაციონალიზმის ნარატივს დაეფუძნა, რომელსაც მთავარი სახელმწიფოებრივობის საფუძველის პრეტენზია ჰქონდა და მიიჩნეოდა ერთადერთ გამოსავლად ქართული სახელმწიფოს ფორმირების პროცესში, რამაც სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს, გარდა ეთნიკური ქართველისა და მართლმადიდებელისა, არ დაუტოვა სივრცე აქტიური თანამონაწილეობა მიეღო ამ სოციო-პოლიტიკურ მოვლენებში.

მიუხედავად იმისა, რომ აჭარელი მუსლიმის აღქმაში ქართული ეროვნულობის განცდა გამოწვევას არ წარმოადგენდა, ისინი მაინც ამ აბსტრაქტული ერთობის მიღმა აღმოჩდნენ და გაუჩნდათ აუცილებელი საჭიროება ქართველობის მტკიცებით რეჟიმში გადასულიყვნენ, რამაც სერიოზული კომპლექსები გააჩინა და მარგინალიზებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქართველი მუსლიმი თემი.

აჭარელი მუსლიმების მიმართ დამოკიდებულებაში პირობითად შეგვიძლია გამოვყოთ ორი მიმართულება:

  • სახელმწიფოს დამოკიდებულება მუსლიმი ქართველების მიმართ;
  • საზოგადოების წარმოდგენები მუსლიმი აჭარელებისადმი.

სახელმწიფოს პოლიტიკა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების მხრიდან არაერთხელ იქნა გაკრიტიკებული მათ ანგარიშებში. განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტს წარმოადგენს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომლის დეკლარირებული ფუნქცია არადომინანტ რელიგიურ ჯგუფებსა და სახელმწიფოს შორის საკონსულტაციო ხასიათისაა, თუმცა მიუხედავად არაერთხელ გაცხადებული კრიტიკისა, რომ ის უხეშად ერევა კონტროლის დამყარების მიზნით რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში დღემდე გრძელდება. შეგახსენებთ ყოფილი შეიხის არაერთგზის გაკეთებულ განცხადებას, დასავლეთ საქართველოს მუფთის არჩევისას სამუფთოს წევრების პროტესტს, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ მუფთს ნიშნავდა სახელმწიფო და არ ირჩევდა მუსლიმი მრევლი.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მიზანმიმართულ დევნას მუსლიმებისა და ზოგ შემთხვევაში თავად სახელმწიფო გვევლინება მოძალადედ (სოფ. ჭელა). არც ერთ გახმაურებულ ფაქტზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა დამნაშავეებისა, რომლებმაც ხელი შეუშალეს ან პირდაპირ აუკრძალეს კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში მუსლიმ თემს. ეს აჩენს განცდას, რომ სახელმწიფო ვერ იცავს რელიგიურ ნეიტრალიტეტს და დამნაშავეებს ახალისებს შემდეგი უკანონობის განსახორციელებლად. ოცი წელია ბათუმელი მუსლიმები ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვენ და დღემდე სამართლებრივი მექანიზმებით იბრძვიან.  სასამართლომ მუსლიმი თემის სარჩელი გაამართლა, რომელიც უკავშირდებოდა მშენებლობის ნებართვის მიღებას, ამავე დროს სასამართლომ დაადგინა ბათუმის მერიის მხრიდან მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაცია. მაგრამ მაინც არ გაიცა მშენებლობის ნებართვა და ეს პროცესი ისევ დაუსრულებლად გრძელდება და აქაც ვერ ჩააბარა დემოკრატიის ტესტი საქართველოს სახელმწიფომ. ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის მსურველი მუსლიმი მოქალაქეების მიმართ ხორციელდება სხვადასხვა სახის დისკრიმინაცია. შეგნებულად არ დავასახელებ პიროვნების სახელს, რომელმაც ყველა პროცედურა გაიარა, რათა დანიშნულიყო პოლიციაში, მაგრამ მხოლოდ იმის გამო დაიწუნეს, რომ „ისლამური“ სახელი ერქვა. მას მოსთხოვეს თუ შეიცვლიდა სახელს შეეძლო დაეწყო სამსახური, მაგრამ უარი განაცხადა.

მრავალწლიანი ცნობიერების მადეგრადირებელი მიზანმიმართული პოლიტიკისა, რომ ჩვენი მენტალობა ფსევდო-პატრიოტულ ნარატივს უნდა დაფუძნებოდა, უამრავი ჯგუფის მიმართ სიძულვილი გააღვივა, მათ შორის ქართველი მუსლიმების მიმართ. აღქმა იმისა, რომ ქართველი, საქართველოს საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი მხოლოდ ეთნიკურად ქართველი და კონფესიურად მართლმადიდებელია ისეთ მრავალფეროვან საზოგადოებას, როგორიც ჩვენია, მოახდინა „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ქართველებად სეგრეგირება  და დღემდე ამ იდეის დომინირებას ვხედავთ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში. მუსლიმობა და ქართველობა შეუთავსებლობად აღქმულია, რაც შეურაცხმყოფელი „თათრობის“ კონოტაციად ჩამოყალიბდა მუსლიმი აჭარლების მიმართ. მუდმივი მოწოდება „წინაპრების რელიგიაზე“ დაბრუნებისა, გახდა უამრავი მუსლიმის დისკრიმინაციის მიზეზი ყველა დონეზე, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში და  საჯარო სივრცეში.

განათლების სისტემა, რომელიც გამოფიტულია იმ რეალური მრავალფეროვნების იდეისაგან, რისგანაც ჩვენი საზოგადოება შედგება, მუდმივად ისლამის წარმოჩენა, როგორც მტრისა და გამანადგურებლისა, დავიწყება ქართველი მუსლიმი საზოგადო მოღვაწეებისა თუ მეფეებისა, მყარ ნიადაგს ქმის იმისათვის, რომ უმრავლესობის წარმომადგენელთა გარკვეული ნაწილი ქართველ მუსლიმს განგიხილავდეს, როგორც უცხოს, მტერს, სტუმარს საკუთარ ქვეყანაში, არაცივილიზებულს, მოძალადეს და ა.შ.

როცა ლექსების კრებულის დასაბეჭდად მიდიხარ სტამბაში და იქ გეუბნებიან, რომ მხოლოდ მაშინ დავბეჭდავ ამ წიგნს თუ მოინათლებიო, ეს აღწერს ყველა იმ უდიდეს უფსკრულს საზოგადოებრივ მენტალურ ცნობიერებაში, რომელმაც რეგრესის მეტი არაფერი მოუტანა ჩვენს სახელმწიფოს.

აჭარაში ასობით ისლამური კულტურული ძეგლის არსებობის მიუხედავად, როცა ვერც ერთ ტურისტულ რუკაზე თუ მუზეუმში საკუთარ თავს ვერსად დაინახავ საუბარი ტოლერანტობის კულტურის განსაკუთრებულობაზე უხერხული მეჩვენება.

იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ შევძლებთ ზოგჯერ მაინც ერთმანეთის თვალით შევხედოთ და აღვიქვათ სამყარო, ვაქციოთ ჩვენს მარტივ ეთიკად სხვას არასდროს მოექცე ისე როგორც არ გინდათ რომ მოგექცნენ და მაშინ დავიჯერებ, რომ ჩვენ ღირებულებების განსაკუთრებულ საფეხურზე მიღწეულები შევძლებთ ჰარმონიული საზოგადოების მშენებლობას.

  თიმურ კატანი ეზიდები საქართველოში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოსახლდნენ. ისინი სამშობლოდან რელიგიურ წმენდასა და შევიწროებას გამოექცნენ. მათი ძირითადი ნაწილი ჯერ სომხეთში დასახლდა, მოგვიანებით კი საქართველოში. ეზიდები ნაციონალური რელიგიის შარფადინის (ეზიდიზმის) მიმდევრები არიან, რომელსაც მსოფლიოში 1-დან 2 მილიონამდე ადამიანი აღიარებს. ისინი ქურთული ენის ერთ-ერთ დიალექტ კურმანჯიზე (ეზდიკი) საუბრობენ.   ეზიდიზმი მონოთეისტური რელიგიაა, რომელიც ღმერთს მოიაზრებს სამყაროს შემქმნელად, ხოლო მზე რელიგიის სიმბოლოა. ეზიდები იყოფიან 3 კასტად: შეხები, ფირები და მრიდები. შეხები და ფირები სასულიერო კასტას წარმოადგენენ. 90-იან წლებში ეზიდების დიდმა ნაწილმა საქართველო დატოვა და დღესდღეობით ქვეყანაში 10 000-მდე ეზიდი ცხოვრობს.

„ჩემი ოჯახი უკვე თითქმის 1 საუკუნეა, რაც თბილისში ცხოვრობს. ოჯახის თითოეული წევრი მშობლიურ ენასთან ერთად ქართულად თავისუფლად საუბრობს.  ეზიდებს თბილისში სამლოცველო QUBA SILTAN ÊZÎD გვაქვს, სადაც ასევე განთავსებულია კულტურის ცენტრი. მნიშვნელოვანი დღესასწაულებისა და ღონისძიებების დროს სამლოცველოში ხშირად ვიკრიბებით.   დედაქალაქში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა ეზიდებსა და მათ კულტურას იცნობს, თუმცა რეგიონებში ნაკლებად გვიცნობენ. მათთვის ეზიდები ხშირად ქურთებთან ასოცირდებიან.

სამწუხაროდ საქართველოში მცხოვრებ ადამიანების დიდ ნაწილს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ მწირი ინფორმაცია აქვს. ამიტომ კარგი იქნებოდა თუ სკოლებში მეტი დრო დაეთმობოდა განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების ისტორიისა და მსოფლმხედველობის შესწავლას, რაც ხელს შეუწყობს ერთმაენთის უკეთ გაცნობასა და დაახლოებას."

ტურალ რამაზანოვი

საქართველოში 300 000-ზე მეტი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს. მათი ძირითადი ნაწილი ქვემო-ქართლის რეგიონშია დასახლებული. აზერბაიჯანელების უმეტესობა მუსლიმი შიიტები არიან, მაგრამ საქართველოში მაცხოვრებელი აზერბაიჯანელებს  შორის არიან როგორც შიიტები, ასევე სუნიტები.

საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე, ქვემო ქართლის აზერბაიჯანელთა თემში მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ძვრები მიმდინარეობდა. ეს პროცესები დაკავშირებულია როგორც შიდა პოლიტიკურ, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო პოლიტიკასთან.

დღეს, აზერბაიჯანული თემის წინაშე არსებული გამოწვევები მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა წლებში გამოკვეთილი პრობლემატიკისგან. ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური ფაქტორი 2010-იან წლებში განათლების პოლიტიკაში განხორციელებული რეფორმების ( 1+4 პროგრამა )  შემდეგ გაჩენილი ახალგაზრდა თაობის ჩამოყალიბებაა, რომელსაც განსხვავებული პოლიტიკური ცნობიერება და სოციალური კულტურა გააჩნია. ახალგაზრდები განათლებას იღებენ საქართველოს უნივერსიტეტებში და მშობლებისგან განსხვავებით, ქართულ ენაზე შეუძლიათ კომუნიკაცია. ამ თაობის წარმომადგენლებში მკვეთრად არის გაზრდილი ბმა ქართულ პოლიტიკასთან და საქართველოს სახელმწიფოს იდეასთან.

1+4 პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. აღნიშნულმა ცვლილებამ ხელი შეუწყო ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებში განათლების, ქართული ენის მნიშვნელოვან ზრდას და მთლიანობაში ინტეგრაციის პროცესს, რომელმაც თვისებრივად შეცვალა ახალგაზრდა თაობის პოლიტიკური ცნობიერება და სამოქალაქო და სოციალური დამოკიდებულებები.

მაგრამ ამ დრომდე, განათლების სისტემაში რჩება მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დამატებით ძალისხმევას ითხოვს. არამარტო განათლების მხრივ ასევე კულტურის გაცნობიერებისა და რელიგიის  მხრივაც ბევრი პრობლემა არსებობს, მაგალითად ქვემო-ქართლში ჩამოსული ტურისტს არ აქვს შესაძლებლობა რომ გაიგოს აზერბაიჯანლების კულტურისა და ისტორიის შესახებ. რეგიონში არ არსებობს შესაბამისი მუზეუმი.

ტურალ რამაზანოვი საქართველოს აზერბაიჯანელ მოსახლეობის წევრი - როგორ საქართველოს მოქალაქე, ძალიან მიხარია, რომ ვცხოვრობ ამ ტოლერანტულ და მრავალფეროვანი ქვეყანაში. ჩემი ოჯახსი უფროსმა თაობამ არ იცის ქართული ენა.

სამწუხაროდ, მეც სკოლის დამთავრებამდე არ ვიცოდი ქართული ენა, შემდეგ 1+4 პროგრამის ფარგლებში ჩავაბარე “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში“, სტუდენტობის დროს ბევრი პროექტში მივიღე მონაწილეობა. აღნიშნული პროექტების ფარგლებში ქვემო-ქართლის თითქმის ყველა სოფელში ვიმყოფებოდით და ადგილობრივ ახალგაზრდებს შევხვდით, რათა მათი მთავარი პრობლემები მოგვესმინა და საზოგადოების დაახლოებისთვის შეგვეწყო ხელი.     არტემ საიადოვი სომხეთ-საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და ეთნიკური კონტაქტების ისტორია 2 ათასწლეულს ითვლის. საუკუნეების განმავლობაში სომხები კომპაქტურად ცხოვრობდნენ საქართველოში. სომხები ქრისტიანები არიან, მათი უმეტესობა თავს სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრად თვლის. სომხები ძირითადად ცხოვრობენ საქართველოს დიდ ქალაქებში, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტებში.

სომხებს იგივე პრობლემები აქვთ, რაც საქართველოში მცხოვრებ სხვა ხალხებს. გამონაკლისი შეიძლება იყოს ის შემთხვევები, როდესაც ხალხს არ აქვს ქართული ენის სწავლის შესაძლებლობა. ეს ძირითადად ეხება რეგიონებს.

სომხები თავს საზოგადოების განუყოფელ ნაწილად გრძნობენ როგორც ქალაქებში, ისე რეგიონებში. ეს პირველ რიგში განპირობებულია ორი ძმური ხალხის მჭიდროდ გადახლართული ისტორიით. აქ ასევე მრავალი ფაქტორია, მაგალითად, საერთაშორისო მეგობრობა, შერეული ქორწინება, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა და მთლიანად რეგიონის მრავალეროვნულობა. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ადამიანები ხშირად ყურადღებას არ აქცევენ ეროვნებას. თბილისში იგივე პრინციპით გავიზარდე. ჩემი ოჯახი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში თბილისში ცხოვრობს, პრაქტიკულად საცხოვრებელი მისამართის შეცვლის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ, ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება თბილისის გარეშე.   მიმაჩნია, რომ რაც მეტი იცის ორივე ერმა ერთმანეთის შესახებ, მით უკეთესი ორივესთვის. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთსაც. უნდა არსებობდეს უფრო მეტი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ხალხების დაახლოებას შეუწყობს ხელს.     ირაკლი ჯავახიშვილი მე ვარ ირაკლი ჯავახიშვილი, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის თანამშრომელი და ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს მდივანი. ამასთანავე, ვარ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის თანამშრომელი. ჩემთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია საქართველოში კათოლიკე ეკლესიისა და ქართველი კათოლიკეების მდგომარეობა. ესაა საკითხი, რომელზეც ხშირად ეუხერხულებათ საუბარი ან უბრალოდ გაბედულება არ ჰყოფნით ხოლმე.

     საქართველოში კათოლიკობის ისტორია "ოფიციალურად" მე-13 საუკუნიდან იწყება, როდესაც ევროპელი კათოლიკე მისიონერები მასობრივად ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში და იწყებენ ღვთის სიტყვის ქადაგებას. კათოლიკობის გავრცელების ძირითად არეალად იმთავითვე იქცა ისტორიული მესხეთი. რასაკვირველია, ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა: ეს მხარე ყველაზე მეტად განიცდიდა მუსლიმურ ზეწოლას (ოსმალთა მხრიდან), კათოლიკობა კი საუკეთესო გზა იყო ქართველობის შესანარჩუნებლად. მაშასადამე, ქართველთა გაკათოლიკებას ერთი, ცხადი, კეთილშობილური მიზანი ჰქონდა - ქართველობისა და მამაპაპისეული ადათ-წესების შენარჩუნება. დროთა განმავლობაში, ქართული კათოლიკობა თავისთავად სინამდვილედ იქცა, რამაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის და საზოგადოების განვითარებაში.

     დღეს საქართველოში დაახლოებით 35 000 ათასი კათოლიკე ცხოვრობს; აქ იმყოფებიან სამი წესის წარმომადგენლები - ლათინურის, სომხურის და ასირიულ-ქალდეურის. ქართველი კათოლიკეები, როგორც წესი, ლათინურ წესს მისდევენ. ეს პატარა თემი იმ საყოველთაო ეკლესიის ძვირფასი ნაწილია, რომლის მორწმუნეთა რიცხვიც 1.3 მილიარდს აღემატება. როგორც ვიცით, რომის კათოლიკე ეკლესიის სულიერი მეთაურია რომის ეპისკოპოსი, პაპი. იგი პეტრე მოციქულის მემკვიდრე და, ამავე დროს, ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანის სუვერენია... საქართველოს რომის საყდართან ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. წარსულს თვალს თუ გადავავლებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეკლესიას მუდამ პროდასავლური კურსი ჰქონდა, ვიდრე რუსეთის იმპერიის ხელში აღმოჩნდებოდა. საკმარისია, გავიხსენოთ კირიონ II-ის ერთი საუკუნის წინანდელი წერილი პაპ ბენედიქტე XV-ის მიმართ; რამხელა სიყვარული და პატივისცემაა გამოვლენილი ქართველი კათოლიკეების მიმართ. ერთი საუკუნის შემდეგ კი მდგომარეობა, ჩვენდა გასაკვირად, თითქმის 180 გრადუსით შემოტრიალდა...

     გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კათოლიკე ეკლესია საქართველოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. არ იყვნენ მღვდლები, კათოლიკე მრევლი ცოტათი დაბნეული გამოიყურებოდა. ამან, გარკვეულწილად, ხელ-ფეხი გაუხსნა სახელმწიფოს, რომ უსამართლო ნაბიჯები გადაედგა. 1990-იან წლებში და შემდეგაც ქართულმა სახელმწიფომ 5 კათოლიკური ტაძარი (ქუთაისში, ბათუმში, გორში, უდესა და ივლიტაში) უკანონოდ გადასცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. შედეგად, ამ ტაძრების იერსახე დამახინჯდა, ბევრ მათგანში წაიშალა კათოლიკური კვალი, ქართველ კათოლიკეებს დღემდე არ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ თავიანთ კუთვნილ ტაძრებში ილოცონ. და ამ მხრივ, ვითარება ოდნავადაც კი არ შეცვლილა! ამ საქმეში, ისევე, როგორც ბევრ სხვა საკითხში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ინერტული და უმოქმედოა. რასაკვირველია, ამგვარი დამოკიდებულება ქართველ კათოლიკეებში დიდ იმედგაცრუებას და უსამართლობის განცდას იწვევს.

   შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს არ აქვს სპეციალური გეგმა ან სტრატეგია რელიგიური უმცირესობების მიმართ. ეს ეხება კათოლიკეებსაც. ხშირ შემთხვევაში, კათოლიკეები გარიყულები, მარგინალიზებულები არიან, როგორც "უცხოები", "ფრანგები", "სხვანაირები". ამგვარ დამოკიდებულებას განსაკუთრებით ამძაფრებს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და ცრურწმენები. ამასთანავე, დღემდე არსებობს რელიგიური თვალსაზრისით დისკრიმინაციის მანკიერი პრაქტიკები, რომლებიც განსაკუთრებით თვალსაჩინოა რეგიონებში. ამგვარი დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს მხრიდან ვერ ვხედავთ რაიმე ქმედით ნაბიჯებს, ისევ არასამთავრობო სექტორის იმედად თუ ვართ ხოლმე. გავიხსენოთ, თუნდაც, უახლესი გამოცდილება, როდესაც კომენდანტის საათის ერთჯერადად გაუქმება მხოლოდ უმრავლესობის რელიგიის წარმომადგენლებს შეეხოთ, უმცირესობა კი, კათოლიკეების ჩათვლით, კვლავაც მეორეხარისხოვანი მოქალაქეები აღმოვჩნდით. სად არის სამართლებრივი სახელმწიფო? სად არის თანასწორობა კანონის წინაშე?

     ჩვენ კარგად ვიცით, რამხელა წვლილი აქვთ შეტანილი ქართველ კათოლიკეებს, მღვდლებსაც და საერო პირებსაც, ჩვენი საზოგადოებისა და კულტურის განვითარებაში. დღეს კი საქართველოს კათოლიკური თემი გარიყული ჩანს, სახელმწიფოსგანაც და საზოგადოებისგანაც. სამუშაო ბევრია, ორივე მხარეს. მაგალითად, ვიდრე აღნიშნული 5 კათოლიკური ტაძარი არ დაუბრუნდება მათ კანონიერ მესაკუთრეებს - ქართველ კათოლიკეებს, ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ კანონის უზენაესობაზე, რელიგიურ თავისუფლებაზე, თანასწორობაზე, სამართლიანობაზე... მსგავს საკითხებზე ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე სკოლებში არ ასწავლიან რელიგიის მეცნიერებას და რელიგიების ისტორიას (და არა ერთ კონკრეტულ მიმდინარეობას), ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნებას, ჭეშმარიტ ტოლერანტობას... დღეს ქართველი კათოლიკე იმ მემკვიდრეობით გადმოცემული მენტალობის მსხვერპლია, რომელიც ასე ღრმად დატოვა რუსეთმა და რომელსაც ასე მძაფრად იზიარებს ზოგიერთი გავლენიანი ინსტიტუცია ჩვენს ქვეყანაში.

დღეს კათოლიკე ეკლესია საქართველოში განაგრძობს თავის ტრადიციულ მოღვაწეობას. გარდა სახარების ქადაგებისა, იგი აქტიურად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას: "საქართველოს კარიტასი" კათოლიკური ორგანიზაციაა, რომელიც მრავალ სოციალურ პროექტს ახორციელებს დაუცველი ადამიანების დასახმარებლად; სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი კათოლიკური უნივერსიტეტია, რომელსაც თავისი სპეციფიკური წვლილი შეაქვს საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაში; აქვე უნდა ვახსენოთ "საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრი", რომელიც აქტიურ ახალგაზრდულ სამწყსო საქმიანობას ახორციელებს ადგილობრივ კათოლიკურ სამრევლოებში; და მრავალი სხვა. ჩვენ, კათოლიკეები, მუდამ გახსნილნი ვართ ინტეგრაციისა და დახმარებისთვის, ამას კი საპასუხო ნაბიჯები სჭირდება სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან.

ყველა აღნიშნული პრობლემის თუ მანკიერების აღმოსაფხვრელად აქტიური მუშაობაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე ქართულ საზოგადოებასა და თვითონ კათოლიკურ თემში. ჩვენი მხრივ, უნდა დავძლიოთ წლების განმავლობაში ჩვენში დამკვიდრებული შიშები და უფრო გაბედულად ვიმოქმედოთ, როგორც საზოგადოების სრულყოფილმა წევრებმა, და მუდამ იმის ხსოვნით, რომ კათოლიკეები და ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ.