ხაშურელი რაგბის მწვრთნელის საოცარი მინიატურები - "სხვისთვის უბრალო ნივთში, მე შეიძლება სახლის კარი ან ფანჯარა დავინახო..." | Allnews.Ge

ხაშურელი რაგბის მწვრთნელის საოცარი მინიატურები - "სხვისთვის უბრალო ნივთში, მე შეიძლება სახლის კარი ან ფანჯარა დავინახო..."

დათო სტეფანოვი ხაშურელი კაცია. მას მუნიციპალიტეტში როგორც რაგბის მწვრთნელს, ისე იცნობენ. წლების განმავლობაში არაერთი ტალანტი ყავს გამოზრდილი. მისი მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ევროპის წამყვან ჩემპიონატებში თამაშობენ.

რაგბის მწვრთნელობას დათო კიდევ ერთ საქმეს უთავსებს წარმატებით - ის ულამაზეს მინიატურებს აკეთებს. ეს საქმე მისთვის ჰობზე მეტია, უყვარს და სიამოვნებას იღებს. 

- მინდოდა რამე ღირებული გამეკეთებინა, რომელიც დარჩებოდა მომავალს, სული ჩამაბერა უსხეულო საგნებისთვის და თან ჩემს ნამუშევარსაც ელაპარაკა. სულ პატარა რამით დავიწყე - მინიატურული სახლი გავაკეთე და ისე ჩამითრია, მინდოდა, უფრო მეტი და მეტი გამეკეთებინა. ყველაფერი ჩემით ვისწავლე, რაღაც დეტალის დახვეწა თუ მინდა, ხანდახან ინტერნეტში ვიძიებ ინფორმაციას.

- რა არის თქვენთვის ინსპირაციის წყარო?

როცა ბუნებაში გავდივარ და რამე მომეწონება, ვნახულობ მიტოვებულ სახლს, რომელიც ლამაზია და ა.შ. ეს ყველაფერი ჩემში ილექება და მინდა რომ ნამუშევრებში გადავიტანო, ცოცხალი სახე მივცე. ყველა ჩემი შექმნილი მინიატურა განსაკუთრებულად მიყვარს. მინდა რომ ამ მინიატურებით ქართული სული, ქართული კუთხეების თავისებური სილამაზეები გადავცე მნახველებს.

ყველა მიყვარს, ვერც ერთ მინიატურას ვერ გამოვარჩევ, მაგრამ არის დეტალები, რომლებიც სხვებზე მნიშვნელოვანია. მაგალითად, შეიძლება იყოს ჭა, რომლის კეთებაშიც ბევრი დრო დავხარჯე და საბოლოოდ ისეთი მივიღე, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა.

 

- დაახლოებით რამდენი ხანი გრძელდება კეთების პროცესი?

- ასე თქმა რთულია. შეიძლება უცებ მომივიდეს მუზა, დავიწყო კეთება და დავასრულო, მაგრამ შეიძლება წლები გაგრძელდეს. ყველა ნამუშევარს ვუდგები ისე, როგორც განსაკუთრებულს და ვცდილობ რამე დეტალი მეორედ აღარ განმეორდეს.

 

- თქვენი ნამუშევრების შესაქმნელად, რა მასალას იყენებთ?

- აბსოლუტურად ყველაფერს. გადაყრილი ნივთები, მუყაოს ქაღალდი, ყველაფერი რასაც ვეხებით, შეიძლება მასალად გამოვიყენო. აი, მაგალითად სხვისთვის შეიძლება იყოს უბრალო ნივთი, მაგრამ მე მასში სახლის კარები, ფანჯარა ან სხვა რამე დავინახო.

- რას გრძნობს ხელოვანი როცა ასრულებს თავის ნამუშევარს?

- ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, საოცარი, ენით აღუწერელი განცდა. ყველანაირი დაღლილობა, სტრესი გავიწყდება. შეიძლება რაღაც უმცირეს დეტალზე მოგიწიოს საათობით მუშაობა, მაგრამ ეს იმდენად სასიამოვნო პროცესია, რომ დაღლილობას საერთოდ ვერ გრძნობ. ამ ყველაფრის კულმინაციაა დასრულება. ყველაზე მაგარი პროცესია, როცა უკვე დასრულებულ ნამუშევარს უყურებ და ფიქრობ - რა დეტალი შეიძლება დაემატოს ან პირიქით, მოაკლდეს. მქონია შემთხვევა, როცა დამისრულებია, მერე დავკვირვებივარ და რაღაც სხვა დეტალიც მიმიმატებია.

 

- რამდენი მინიატურა გაქვთ გაკეთებული?

- ასამდე მაინც. ყველა არაა საქართველოში, ბევრი უცხოეთშია გატანილი. მქონია შემთხვევა, როცა წაუღიათ ჩემი ნამუშევარი უცხოეთში და უთხოვიათ, რომ მყიდველის ვინაობა არ მეთქვა.

- შემოსავლის წყაროცაა თქვენთვის ეს მინიატურები?

- ძირითადად უცხოურ ბაზარზე მქონდა გათვლილი, რადგან როგორც უკვე ვთქვი, მინდა ყველამ ნახოს თუ რა ლამაზი სოფლები და კუთხეები გვაქვს ქართველებს. ნახონ და ჩვენი ქვეყანა სხვა კუთხითაც დაინახონ, თანაც არ მოვიტყუები და ვიტყვი, რომ ფინანსურადაც საინტერესოა უცხოური შეკვეთები. საქართველოში ადამიანებს ლუკმა-პური უჭირთ და არავის უნდა შენი მინიატურები...

უცხოეთში წასვლაზე ბევრი შემოთავაზება მქონდა, ფინანსურადაც ძალიან მომხიბვლელი, მართლა ყველანაირ პირობას მიქმნიდნენ სამუშაოდ, მაგრამ არ წავედი. ხაშურის ბავშვთა რაგბის კლუბ "ლეგიონს" ვავარჯიშებ, რაგბის ლიცენზირებული მწვრთნელი ვარ. რაგბი სხვა სამყაროა ჩემთვის და ბავშვებს ვერ მივატოვებდი. დამერწმუნეთ, რომ ის სიყვარული, რასაც მე ჩემი მოსწავლეებისგან ვიღებ, მთელ ქონებად მიღირს, ამიტომაც დავრჩი და ერთი წამით არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას. მე ჩემი ბიჭებით, ჩემი "ლეგიონით" ვარ მილიონერი.

 

- რაგბი დიდ დროს მოითხოვს და როგორ უთავსებთ ამ ორ, აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროს ერთმანეთს?

- ხელოვნებას ვუთავსებ რაგბს თუ რაგბს ვუთავსებ ხელოვნებას, უკვე ვეღარ ვხვდები. მინიატურების წვრილ დეტალებზე მუშაობამ, საოცრად დამიმშვიდა ნერვული სისტემა და აქედან გამომდინარე, სრულად მყოფნის ნერვები რომ ორივე საქმე გულით ვაკეთო. თუ რამე პრობლემაა ან ცოტა რთული სიტუაციაა, მაშინვე მინიატურებზე მუშაობას ვიწყებ და მომენტალურად მეხსნება სტრესი.

ავტორი: ლადო გოგოლაძე