როგორ გახდა იმერელი კაცი პირველ მსოფლიო ომში ნიკოლოზ II-ის ძმის მძღოლი - "პირველად რომ მანქანა ნახა, დაიჩოქა და პირჯვრის წერა დაიწყო..." | Allnews.Ge

როგორ გახდა იმერელი კაცი პირველ მსოფლიო ომში ნიკოლოზ II-ის ძმის მძღოლი - "პირველად რომ მანქანა ნახა, დაიჩოქა და პირჯვრის წერა დაიწყო..."

იმერული სოფელი ნაბოსლევი თითქოს არაფრით გამოირჩევა სხვა ქართული სოფლებისგან, თუმცა, ამ სოფელში დაბადებული კაცი - სპირიდონ ხუჯაძე, პირდაპირ უკავშირდება XX საუკუნის საზარელ პირველ მსოფლიო ომს, ანუ დიდ ომს, როგორც მას 1939 წლამდე უწოდებდნენ.

გაზეთ "კავკაზის" ცნობით, 1914 წლის ივლისში ნალჩიკში ყაბარდო-ბალყარეთის სოფლებიდან და დასახლებებიდან რჩეული წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებმაც გადაწყვიტეს, მოსახლეობის ხარჯზე კავკასიელ ცხენოსანთა პოლკი შეექმნათ. იმპერატორს დეპეშით გაუგზავნეს მოთხოვნა, მათთვის ნება მიეცათ, რათა ომში გაეგზავნათ ოთხი ასეული ცხენოსანი.

სხვა მონაცემებით, "ველური დივიზიის" (ასე შეარქმევენ მუსლიმებით დაკომპლექტებულ სამ დივიზიაში გაერთიანებულ ექვს პოლკს - ყაბარდოულს, დაღესტნურს, თათრულს, ჩეჩნურს, ინგუშურსა და ჩერქეზულს) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი გახლდათ კავკასიის მეფისნაცვალი ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი. მეფისნაცვალმა ყველაზე აგრესიული და არასაიმედო მუსლიმი კავკასიელები, რომლებიც თურქეთისადმი სიმპათიით იყვნენ გამსჭვალული, თავიდან მოიშორა და "ველურ დივიზიაში" გაამწესა.

მეორე მხრივ, მეფისნაცვალს კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა: მას სურდა, რამით დახმარებოდა სამეფო ოჯახის მიერ გარიყულ ნიკოლოზ II-ის უმცროს ძმას, მიხაილს, რამენაირად განემუხტა სამეფო კარზე მისდამი არსებული უარყოფითი დამოკიდებულება და მიხაილი სადმე განემწესებინა, კერძოდ, "ველური დივიზიის" უფროსად.

დიდი თავადი მიხაილ რომანოვი (1878-1918)

საქმე ის არის, რომ რომანოვებმა მეფის უმცროს ძმას ვერ აპატიეს, როცა მან გაბედა და ორჯერ განათხოვარ, წმინდა სისხლის არმქონე ქალზე - ნატალია ბრასოვაზე იქორწინა. ვორონცოვი მიხაილს ბავშვობიდან კარგად იცნობდა, მისი შვილი, ილარიონი, შინაურობაში ლარკა კი მიხაილის მეგობარი იყო.

საკვირველია ნამდვილად, როგორ მოახვედრა ავტომანქანის სიყვარულმა უბრალო იმერელი კაცი "ველურ დივიზიაში", სადაც 1914-1916 წლებში ის დიდი მთავრის, მიხაილის მძღოლად მსახურობდა. დიდი მთავარი დივიზიის უფროსად დანიშნეს 1914 წლის 23 აგვისტოს, ხოლო სპირიდონმა მასთან სამსახური 10 სექტემბერს დაიწყო.

სპირიდონის შვილიშვილის, თამაზ ხუჯაძის მონაყოლით, ბაბუა გაწონასწორებული, იუმორით დაჯილდოებული ადამიანი გახლდათ. ის უმეტესწილად ღია ფერის კიტელებს ატარებდა, თავზე განუყრელი შლაპით. პირგაუპარსავი არასოდეს გამოვიდოდა გარეთ. სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა გაწკეპილი ულვაშები, მის მოსავლელად რამდენიმე ცალი შავი ხავერდის ასაკრავი ჰქონდა, რომლითაც ყოველ ღამეს ულვაშს შემოიკრავდა. დილაობით ულვაში ისე ჰქონდა გაბზეკილი, ძველად რომ იტყოდნენ, ულვაშის წვერზე ბუზი რომ დააჯდეს, ზედ წამოეგებაო. სპეციალური ჯაგრისი ჰქონდა, რომელსაც მხოლოდ ულვაშისა და თმისთვის ხმარობდა.

სპირიდონ ხუჯაძე

სანამ მძღოლი გახდებოდა, ყმაწვილმა სპირიდონმა ქუთაისში ზეინკლობა შეისწავლა - "იარაღებით რკინებს ვჭრიდი, ვქლიბავდი, ვღუნავდი, ვასწორებდი, ვბურღავდი და ვრჩილავდიო"... ამ ჭრა-ქლიბვაში შესანიშნავ ოსტატად იქცა, მალე სამხედრო ბეგარა მოიხადა და კვლავ ზეინკლობას დაუბრუნდა. ეს საქმე ძალიან დაეხმარა მომავალ პროფესიაში.

1909 წელმა გადაწყვიტა მეტწილად მისი ბედი - ამ წელს სპირიდონი ბაქოში გაემგზავრა ნავთის სარეწებზე, რომელიც იმ დროს ინგლისელების ხელში იყო. იქ საზეინკლო საამქროში დაიწყო თავისი ხელობით მუშაობა. ერთხელაც, ხელფასის მიღების შემდეგ, კანტორიდან გამოსულმა შეამჩნია, რომ ხალხი რაღაცას გაფაციცებით აკვირდებოდა. სწორედ მაშინ ნახა სპირიდონმა სიცოცხლეში პირველად ავტომობილი, რომელიც დაქოქილი ფრუტუნებდა... ამ საოცრების წინაშე სპირიდონმა დაიჩოქა და პირჯვრის წერა დაიწყო. თურმე მანქანას გარს უვლიდა და გაიძახოდა: ღმერთო ისე ნუ მომკლავ, ამაში ჩაჯდომა არ მეღირსოსო!

მუხლებზე დაცემულ კაცს ყურადღება მიაქცია ინგლისელმა მრეწველმა იმერმა, გაიგო სპირიდონის სურვილი და სამსახური შესთავაზა. ამ ინგლისელის წყალობით და თავისი ხარჯით, სპირიდონმა მანქანის მართვის ექვსთვიანი კურსები გაიარა, რომლის დროსაც მას უნარჩუნდებოდა ხელფასის 50%, ჰქონდა უფასო კვება და ბინა. ასე დაიწყო თავისი ახალი პროფესიით სპირიდონმა სამსახური, საკმაო თანხაც დააგროვა და გროზნოში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, ხუთოთახიანი ბინა შეიძინა. ინგლისელი იმერის წყალობით (თავის ერთ შვილს სპირიდონმა მის პატივსაცემად დაარქვა სახელი) ახალგამომცხვარი იმერელი მძღოლი ორი ნავთის სარეწის მფლობელი გახდა და რომ არა რევოლუცია და რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა, საკმაოდ შეძლებული კაციც იქნებოდა...

ინგლისის მთავრობამ რუსეთს სანიტარიული ავტომობილები აჩუქა, რომლებიც სხვადასხვა სამხედრო ნაწილში მოხვდა. საჭესთან: სპირიდონ ხუჯაძე

მალე დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, ინგლისელებმა კავკასია დატოვეს, ხოლო ხუჯაძე ამიერკავკასიის შტაბის ავტონაწილში გაიწვიეს, რომელიც მანგლისში იყო დაბანაკებული. მაშინ მთელ ამიერკავკასიაში სულ 60 მძღოლი ირიცხებოდა, ამათგან ორი ქართველი იყო (სპირიდონი და ალექსი თურქიაშვილი), ერთი სომეხი - ავეტისიანი, ერთიც დედით ქართველი, დანარჩენები კი რუსები, უკრაინელები და ბელორუსები. მათ შორის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟი - 1911 წლიდან - ხუჯაძეს ჰქონდა.

დაახლოებით 1914 წელს, სტაჟისა და დამსახურების მიუხედავად, მძღოლებს გამოცდა ჩაუტარდათ - ისინი ოთხ გენერალთან ერთად ვლადიკავკაზში გაემგზავრნენ. გზად სადღაც უღელტეხილზე გაჩერებულან და მწვადი მიურთმევიათ. გენერლები ცალკე ისხდნენ, მძღოლები ცალკე. როგორც სპირიდონი იხსენებს, ერთი გენერალი გამოვიდა სასადილოდან და ჩუმად გადაკეტა სპირიდონის მანქანაში ბენზინის მისაწოდებელი მილი. რატომ გააკეთა ეს - საკუთარი ფავორიტი რომ გაეყვანა თუ მძღოლის პროფესიონალიზმის შესამოწმებლად, უცნობია. მოკლედ, როცა წასვლის დრო დადგა, ყველა მანქანა დაიძრა, სპირიდონის გარდა. ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ, მძღოლმა ახადა კაპოტი, გამოასწორა ყველაფერი და მალე წინ წასულებსაც დაეწია.

როცა უკან დაბრუნდნენ და მანგლისში დაბინავდნენ, მოულოდნელად, ღამის ორ საათზე კაპიტან ანტონოვსკის ბრძანებით სპირიდონი გააღვიძეს და უბრძანეს, სასწრაფოდ გამოცხადებულიყო ავტონაწილის უფროსთან. მოსაცდელში დახვდნენ ქართველი თერძები - ნიკოდიმე კვიმსაძე და ონისიმე ხუციშვილი, რომლებიც უნაგირებსა და ჩოხა-ახალუხს კერავდნენ. არც მათ იცოდნენ გამოძახების მიზეზი.

მალე მათთან მივიდა სამხედრო პირი და თერძებს მოსთხოვა, ხუჯაძისთვის სასწრაფოდ აეღოთ ზომები. სპირიდონს ფერი ეცვალა - ალბათ რაღაც დანაშაული მიმიძღვის, დახვრეტას მიპირებენ და კუბოს ზომას იღებენო... ასე გაიარა რამდენიმე წუთმა, გაოგნებული სპირიდონისთვის კი საუკუნემ და მხოლოდ მაშინ მოითქვა სული, როცა მასთან მივიდა შტაბსკაპიტანი, ხელი ჩამოართვა, მეორე ხელი კი ბეჭებზე დაჰკრა და უთხრა: სპირიდონ, ბედნიერ ვარსკვლავზე ყოფილხარ დაბადებული! ხვალ დაისვენე და ზეგ დასავლეთ უკრაინის ერთ-ერთ ქალაქში გაგამწესეს მაღალი ჩინის კაცთან, ვინ და რა არის, ადგილზე შეიტყობო და დაამატა, - მეც ნუ დამივიწყებო.

შეუკერეს ექვსი სხვადასხვა ფერის ჩოხა-ახალუხი - კი გაუკვირდა სპირიდონს, ამდენი ჩოხა რად მინდაო, მაგრამ მიზეზი მოგვიანებით გაიგო - მიხაილ რომანოვი, დივიზიის რომელ პოლკშიც მიდიოდა, იმ პოლკის ჩოხას იცვამდა, იმავეს აკეთებდა მისი გარემოცვა და სპირიდონიც. სწორედ ამიტომ იყო შეკერილი "ექვსი ხელი" ჩოხა.

ჩოხაში სპირიდონ ხუჯაძე

გამოემშვიდობა სპირიდონი ოჯახს და ერთ პოდპორუჩიკთან ერთად, მანქანით გაუდგნენ გზას. ქალაქ ტერნოპოლში მეხუთე დღეს ჩავიდნენ. ადგილზე ჩასული სპირიდონი "აუთვალიერ-ჩაუთვალიერებიათ", სხვადასხვა პირებს დეტალურად გამოუკითხავთ მისი საქმიანობის, ოჯახური მდგომარეობის შესახებ. მერე ვიღაც პოლკოვნიკმა, რომელიც რუსულად აქცენტით საუბრობდა, ინსტრუქტაჟი ჩაუტარა და მხოლოდ შემდეგ უთხრა, რომ სპირიდონი იქნებოდა დიდი მთავრის, მიხაილ ალექსანდროვიჩ რომანოვის, ანუ ნიკოლოზ II-ის უმცროსი ძმის პირადი მძღოლი...

ეს რომ გავიგე, თავი სიზმარში მეგონაო, უყვებოდა სპირიდონი შვილებს, ლამის სიხარულით ჭკუიდან შევიშალეო. აბა, ხუმრობა ამბავია, მეფის ძმასთან მძღოლად მუშაობა?

მიხაილ რომანოვს მოახსენეს ახალი მძღოლის ჩამოსვლა, მანაც მიყვანა ბრძანა. სპირიდონი ეახლა, რომანოვმა ხელი გაუწოდა და ეტიკეტის თანახმად, როგორც ასწავლეს, ხუჯაძემ მარჯვენა მუხლზე ჩაიჩოქა და ჩოხის კალთას ეამბორა. შემდეგ რომანოვმა გამოჰკითხა ოჯახის შესახებ და მცირე საუბრის შემდეგ ისინი პოლიგონზე გავიდნენ. იქ რამდენიმე უცხოური მანქანა მდგარა, საიდანაც ხუთი ცალი უნდა ამოერჩია. სპირიდონმა სხვადასხვა ფირმის ხუთი მანქანა შეარჩია, რომლებიც სახელოსნოში გადაიყვანეს და მათ მოწესრიგებას შეუდგნენ.

მოგვიანებით გაიგო სპირიდონმა, რომ თურმე დასაწყისში რომანოვისთვის რუსი მძღოლი შეურჩევიათ, რომლის კანდიდატურაზე მთავარს კატეგორიული უარი უთქვამს და მოუთხოვია - იქნებ კავკასიაში მომიძებნოთ მძღოლი, თანაც არ იყოს ღვინის მსმელი და მწეველიო.

განაგრძეთ კითხვა