იუგოსლავიელი ჯაშუშის სამმაგი თამაში - კაცი, რომლის ისტორიაც "ჯეიმს ბონდის" პერსონაჟის შექმნის საფუძველი გახდა | Allnews.Ge

იუგოსლავიელი ჯაშუშის სამმაგი თამაში - კაცი, რომლის ისტორიაც "ჯეიმს ბონდის" პერსონაჟის შექმნის საფუძველი გახდა

თუ იან ფლემინგის "ჯეიმს ბონდი" თქვენი საყვარელი პერსონაჟია, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ ვინ იყო "აგენტ 007" - ის შექმნის ინსპირაციის წყარო. მისი ისტორია სერბი აგენტის, დუშკო პოპოვის ისტორიაზე დაყრნობით შეიქმნა.

წარმოიდგინეთ, როგორ შედის ორმაგი აგენტი კაზინოში და საზოგადოებას თავს აცნობს: "ჩემი სახელია პოპოვი, დუშკო პოპოვი“... მთლად ისე ვერ "ჟღერს", როგორც ჯეიმს ბონდი, თუმცა აგენტ პოპოვს უამრავი საინტერესო ამბავი უკავშირდება.

როგორც ცნობილია, "კაზინო "როიალის“ ავტორი იან ფლემინგი მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის ოფიცერი გახლდათ, ის საიდუმლო დავალებებშიც მონაწილეობდა და ერთხელაც მან პორტუგალიაში 1941 წელს კაზინო "ესტორილში" ერთი ადამიანი ნახა, რომელთან შეხვედრამაც წიგნის დაწერა გადააწყვეტინა. სერბი აგენტის ცხოვრების მიხედვით დაწერილმა წიგნმა კი შემდეგ მსოფლიო მოხიბლა.

სერბი სიმპათიური მამაკაცი დუშკო პოპოვი, როგორც აღმოჩნდა, მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის "მი 5“-ს და "მი 6“-ის წევრი, ასევე გერმანიის და FBI-ს ჯაშუში გახლდათ. მეორე მსოფლიო ომის დროს, პოპოვი გერმანიაში მოპოვებულ ინფორმაციას ბრიტანელებს აწვდიდა, გერმანელებს კი მცდარ ინფორმაციას უზიარებდა.

დუშკო პოპოვი ყოფილ იუგოსლავიაში, არისტოკრატთა ოჯახში დაიბადა. ის თავისუფლად ფლობდა რამდენიმე უცხო ენას. პოპოვს ევროპის ყველა საუკეთესო სასტუმროსა და კაზინოში იცნობდნენ. მას გავლენიან მეგობრებთან ერთად, მატერიალური შესაძლებლობაც ჰქონდა, რათა რაიმე სამსახურზე არ ეფიქრა და დრო არხეინად გაეტარებია. მიუხედავად ამისა, პოპოვი ავანტიურისტი და თავგადასავლების მოყვარული გახლდათ. ხოლო როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, მას ეს ამბავი მოეწონა კიდეც.

პოპოვი ანტიფაშისტი იყო, თუმცა ბედის ირონიით, თავდაპირველად სწორედ გერმანიის მხარემ შესთავაზა პოპოვს საიდუმლო აგენტობა.

დუშკოს გერმანელმა ხელმძღვანელმა დაავალა შეედგინა იმ პოლიტიკოსთა სია, რომლებიც იუგოსლავიის ოკუპაციის შემთხვევაში, გერმანიის მხარეს დაიჭერდნენ. პოპოვი დათანხმდა გერმანელების შემოთავაზებას, თუმცა, ამავდროულად, საკუთარი კანდიდატურა ბრიტანელებს შესთავაზა და გერმანელების დავალების შესახება.

გერმანელ მეგობარს და ამავდროულად ხელმძღვანელს ჯონი ჯებსენს პოპოვმა ერთხელ უთხრა, რომ ბრიტანეთში ჰყავს მეგობარი, რომელიც მზად არის გერმანიის აგენტად იმუშაოს, ამისთვის კი ის ნეიტრალურ ზონაში პორტუგალიაში, როგორც ბიზნესმენი, ისე უნდა გადასულიყო საცხოვრებლად, ასე უფრო მარტივად შეძლებდა ბრიტანელების "დავერბოვკებას“, ახალი ინფორმაციის მოძიებას და მის საიდუმლო აგენტთან კავშირს. გერმანელებმა მოიწონეს პოპოვის გეგმა და ის ლისაბონში გაუშვეს.

სინამდვილეში, ის ლისაბონიდან აპირებდა გერმანელებზე ინფორმაციის შეგროვებას, ბრიტანული დაზვერვისთვის მიწოდებას.

პოპოვი ლისაბონის შემდეგ ლონდონში გაემგზავრა, დაზვერვის წარმომადგენლებმა ის გადაამზადეს და გერმანიის მხარისთვის გადასაცემი ინფორმაციაც მისცეს. აგენტის შრომით აღფრთოვანებულმა გერმანელებმა პოპოვი 10 ათასი დოლარით დააჯილდოვეს.

მეგობარი ჯებსენი პოპოვს ყოველთვის აწვდიდა ახალ ინფორმაციას, რათა "გერმანიის აგენტი“ საქმის კურსში ყოფილიყო. სწორედ ასე გაიგო მან, რომ იაპონია აშშ-ზე თავდასხმისთვის ემზადებოდა, ამ მოლაპარაკებებს კი იაპონიასთან გერმანია აწარმოებდა. ახალი დავალებით, გემრმანიის მხარემ ის აშშ-ში გაუშვა, რათა მას აგენტურის ქსელი ამერიკაშიც შეექმნა. მას დაევალა ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე დასახლებულიყო და ინფორმაცია პერლ-ჰარბორზე მოეპოვებინა. გერმანელებმა მას ახალი ტექნიკით მუშაობა და ტექსტის ზომებში შემცირებაც ასწავლეს.

  • ამერიკელებმა მხრები აიჩეჩეს...

აგენტი პოპოვი ნიუ-იორკში 1941 წლის აგვისტოში გაემგზავრა. მას უკვე ჰქონდა დაგეგმილი, როგორ შეასრულებდა მეორე მცდარ აგენტურულ სვლას. პოპოვი გზაში ფიქრობდა, რომ ჩავიდოდა ამერიკაში, ჩაიტანდა გერმანელების აგენტებისთვის განკუთვნილ უახლეს ტექნოლოგიას, ასევე გადასცემდა უმთავრეს ინფორმაციას, რომ იაპონია აშშ-ზე თავდასხმას ამზადებდა და ბოლოს და ბოლოს, მისი დახმარებით, ამერიკელებს ექნებოდათ შესაძლებლობა გერმანიის აგენტურული ქსელი გაეკონტროლებინათ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ამერიკელები მას რადიკალურად განსხვავებულად შეხვდნენ.

ამერიკის ფედერალურმა ბიურომ არ მისცა პოპოვს უფლება აგენტები გადაებირებინა, არც იაპონიის შესაძლო თავდასხმის ინფორმაცია დაიჯერეს, დუშკოს კი ჰავაიზე წასვლის შემთხვევაში დააკავებდნენ...

ამერიკაში ჩასვლისთანავე, ბოჰემური ცხოვრების მოყვარულმა პოპოვმა შეიძინა ძვირადღირებული ბინა, დადიოდა ყველაზე პრესტიჟულ და მოდურ კლუბებში, გაიჩინა რამდენიმე საყვარელი, რომელთა სილამაზე ყველას ხიბლავდა. პოპოვის ასეთი ცხოვრება და საქმიანობა თავიდანვე არ მოეწონა ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებს, ის ერთხელ შეხვდა FBI-ს ხელმძღვანელს ედგარ გუვერსაც, რომელმაც უთხრა:

"მე მსოფლიოში ყველაზე სამართლიან სამართალდამცავ ორგანიზაციას ვხელმძღვანელობ, თქვენ კი აქ უეცრად საიდანღაც გაჩნდით. არ გასულა თვენახევარი და უკვე პარკ-ავენიუზე პენტჰაუსში დასახლდით და დაიწყეთ გართობა. პირდაპირ გეუბნებით, რომ ამას ასე არ დავტოვებ".

1941 წლის 7 დეკემბერს იაპონელებმა პერლ-ჰარბორს შეუტიეს, ამერიკას ამით უდიდესი დარტყმა მიაყენეს. პოპოვი ვერ იჯერებდა, რომ ამერიკელებმა მისი მიწოდებული ინფორმაცია არ გამოიყენეს, მან აშშ-ს თითქმის ყველა დეტალი გაანდო ზუსტი თარიღის გარდა. ამ ამბის შემდეგ, ფედერალურმა ბიურომ პოპოვს მისცა უფლება აგენტურული ქსელი გაეკეთებია. ხოლო მაშინ, როცა გერმანელებმა პოპოვს ახალი აგენტურული ხელსაწყო გაუგზავნეს, კურიერი ამერიკელებმა ლამის დააკავეს. პოპოვი გააბრაზა მსგავსმა საქციელმა და გადაწყვიტა ისევ ლისაბონში დაბრუნებულიყო, თუმცა ესეც საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან მან არ იცოდა, თუ რა ინფორმაციას იღებდა მის შესახებ გერმანია ამერიკიდან. პოპოვმა განაცხადა, თითქოს გერმანულმა მხარემ მას არასაკმარისი სამუშაო ტექნოლოგია და სახსრები გაუგზავნა და ის ლისაბონში უნდა დაბრუნებულიყო, ლისაბონის გერმანული სადაზვერვო შტაბის ხელმძღვანელი ამ მიზეზით დროებით, მაგრამ მაინც მოტყუვდა.

ლისაბონში ჩასულ პოპოვს უეცრად გერმანელი მეგობარი და ხემძღვანელი ჯონი ჯებსენი ესტუმრა. მან ჯებსენს გაუმხილა, რომ ანტიფაშისტი იყო და სთხოვა დახმარება, იუგოსლაველი ლტოლვილები გერმანელ აგენტებად გაესაღებინა და მიეცა მათთვის საშუალება ლისაბონიდან უსაფრთხოდ ინგლისში გადასულიყვნენ. მეგობრებმა შეძლეს და შეფარულად 150 იუგოსლაველი გადაიყვანეს. ამ პერიოდში პოპოვმა უამრავი ახლობელი და ნათესავი დაკარგა.

  • აგენტის უიღბლობის ეტაპი

მეგობრის შეფარული დახმარებით პოპოვმა შეძლო და საიდუმლო გზით უამრავი იუგოსლაველი სიკვდილს გადაარჩინა. ერთხელ, როცა ის ლონდონში იმყოფებოდა, გაიგო, რომ ერთ-ერთი ლტოლვილი დაიკარგა, ის ფიქრობდა, რომ გერმანელებმა გაიგეს მისი ორმაგი აგენტობის შესახებ. ბრიტანულმა მხარემ მას ლონდონში დარჩენა შესთავაზა მაგრამ საქმის დასასრულებლად პოპოვი მაინც გაემგზავრა ლისაბონში.

პოპოვმა საბოლოოდ შეძლო და მისი დიდი ხნის მეგობარი ჯონი ჯებსენი გადმოიბირა, ის ბრიტანელებთან მუშაობას დათანხმდა. თუმცა, მალე დაიწყო სერბი აგენტის უიღბლობის ხანაც.

ლისაბონში შემდეგი ჩასვლისას მას მიუტანეს ამბავი, რომ გერმანელებმა "დავერბოვკებული“ მეგობრის ჯებსენის გაშიფრვა მოახერხეს. მისი მანქანაც მოულოდნელად ააფეთქეს სანაპიროსთან, ხოლო ერთ საღამოს, როცა კაზინოში გართობის მოყვარული სასტუმროს ოთახში ბრუნდებოდა, დაინახა, როგორ ჩხრეკდა მის ნივთებს ერი.

პოპოვი მიხვდა, რომ მისი საქმე ვერ მიდიოდა კარგად და სასწრაფოდ ლონდონში გაიქცა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ის ბრიტანეთში დარჩა, პოპოვის აგენტურული კარიერა დასრულდა, თუმცა ბრიტანეთში ის მაინც აგრძელებდა ფუფუნებაში ცხოვრებას. ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი 69 წლის ასაკში 1981 წელს გარდაიცვალა. აგენტს ჰყავდა 2 მეუღლე და 4 შვილი.

ambebi.ge