ნახეთ ქართველი მეცენატის სასახლე სამეგრელოში, რომელიც იტალიელებმა დააპროექტეს | Allnews.Ge

ნახეთ ქართველი მეცენატის სასახლე სამეგრელოში, რომელიც იტალიელებმა დააპროექტეს

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სამეგრელოს ერთ-ერთი სოფლიდან საოცარი სასახლის ფოტოებს უზიარებს ინტერნეტმომხმარებელს. სახლი, რომელიც ერთი საუკუნის წინ აშენდა, ქართველ მეცენატს აკაკი ხოშტარიას ეკუთვნოდა. დღესდღეობით იქ დედაოები ცხოვრობენ და ისტორიულ შენობასაც უვლიან.

"სოფელ სუჯუნაში გახლავთ ეს სახლი, რომელიც 1915 წელს იტალიელებმა დააპროექტეს. სამეგრელოს ერთ პატარა სოფელზეა საუბარი. ეს სახლი უდიდესი ქართველის, მეცენატის, ეროვნული საქმეების დამფინანსებლის აკაკი ხოშტარიასი გახლდათ, რომელიც დედას აუშენა.

თავად აკაკიც ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა, ვიდრე მილიონერი გახდებოდა. აკაკი ხოშტარია გახლდათ ბაქოსა და ირანში მსხვილი სანავთობო კომპანიის დამაარსებელი და ექსპორტიორი უამრავ ქვეყანაში. ასევე სტამბულში იყო "ხოშტარია ბანკის" დამაარსებელი. მოკლედ, ძაან მდიდარი კაცი. მთელი თავის ქონება მან ეროვნულ საქმეს მოახმარა.

 

აფინანსებდა საქართველოს პირველ დემოკრატიულ მთავრობას, რომელსაც ბოლომდე ინახავდა საფრანგეთში ემიგრაციის დროს (თავადაც საფრანგეთშია დაკრძალული, პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, ჰიუგოს, მოდილიანისა და ოსკარ უაილდის გვერდით). დამოუკიდებელ საქართველოს შეუძინა 4 სამხედრო გემი. სწორედ მან იყიდა აუქციონზე სარაჯიშვილების სახლი, რომელიც შემდეგ გადასცა სახელმწიფოს (სადაც დღემდე მწერალთა კავშირია). აბსოლუტურად ყველა სტუდენტს აფინანსებდა, ვინც ევროპაში სწავლობდა. მაშინდელი საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმისთვის ბაქოდან გადმორიცხა 8 ათასი მანეთი.

მოკლედ, ძაან მაგარი კაცი იყო და უდიდესი ქართველი. სწორედ მის ბავშვობის სოფელს და უმაგრეს სახლს ვსტუმრობდი, სადაც დედამისი ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე. სახლი შენარჩუნებულია უნიკალურად, რასაც უნდა ვუმადლოდეთ აქაურ ეპარქიას და მონაზვნებს. ამ სახლში სწორედაც რომ დედაოები ცხოვრობენ და უვლიან ისტორიას. მადლობა, მათ რომ გვიმასპინძლეს" - წერს ლიკლიკაძე "ფეისბუქზე" და მეგრული სასახლის ფოტოებსაც უზიარებს ინტერნეტმომხმარებელს.

 

 

აკაკი ხოშტარია ქართველი ფინანსისტი, მრეწველი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი იყო, საერთაშორისო მასშტაბის პიროვნება, რომლის შესახებაც AMBEBI.GE-მ გასულ წელს სტატიაც მოამზადა. მის შესახებ ისტორიკოსი, პროფესორი ლალი მიქელაძე გვესაუბრა:

"დაუსრულებლად შეიძლება საუბარი აკაკი ხოშტარიას პიროვნებაზე, მის დიდ ეროვნულ საქმეებზე, პიროვნულ ღირსებებზე, თუ როგორ გამოირჩეოდა თვითონ და მისი ოჯახი უდიდესი კეთილშობილებით, სტუმართმოყვარეობით, მოყვასისადმი სიყვარულით, ახლობლებისადმი ყურადღებით და მზრუნველობით.

იგი საერთაშორისო მასშტაბის პიროვნება იყო - პირადად იცნობდა ჩერჩილს, რუზველტს, ჰქონია მათთან შეხვედრები თეირანში შაჰის კარზე... თავის დროზე დიდმა ილია ჭავჭავაძემ აღტაცებითა და სიყვარულით უსახსოვრა ლექსების კრებული წარწერით, როგორც ჭეშმარიტ ქართველსა და საქმით პატრიოტს.

ხოშტარიამ ცხოვრების საინტერესო და რთული გზა განვლო. წარმოშობით სუჯუნელი აზნაურების ისტორიული შტოდან იყო. ყმაწვილობიდანვე ხელი მიჰყო ფართო სავაჭრო საქმიანობას. ხოშტარიას მთავარი სამრეწველო და სავაჭრო ასპარეზი სპარსეთი იყო. იგი მიღებული პირი იყო სპარსეთის შაჰის კარზე, ვინაიდან იყო მოჰამედ რეზა-შაჰ ფეჰლევის ნათლია"... წაიკითხეთ ვრცლად აკაკი ხოშტარიას შესახებ