პატრიკ ჟანიო: "მივდივარ საქართველოში ჩემი საგვარეულო ხის აღსადგენად" - როგორ მოხვდა ქუთაისში ფრანგი ემიგრანტი ოჯახი მე-19 საუკუნეში | Allnews.Ge

პატრიკ ჟანიო: "მივდივარ საქართველოში ჩემი საგვარეულო ხის აღსადგენად" - როგორ მოხვდა ქუთაისში ფრანგი ემიგრანტი ოჯახი მე-19 საუკუნეში

საფრანგეთი, ემიგრაციული ურთიერთობებით, საქართველოსთან ისტორიულად დაკავშირებული ქვეყანაა და ჩვენც არაერთხელ გვსმენია ამბები ლევილში დასახლებული პირველი თაობის დიდი ქართველი ემიგრანტების შესახებ - ამბები იმაზე, თუ როგორ მიდიოდნენ რუსეთის რეჟიმისგან დევნილი ჩვენი წინაპრები საფრანგეთში. როგორც თავადაც ემიგრანტს, ბუნებრივად მეტად მიმაქვს გულთან ეს ამბები და მინდა, ერთი ლეგენდა გიამბოთ ემიგრაციაში საფრანგეთიდან საქართველოში ჩასული ფრანგული ოჯახისა, ამბავი, რომელშიც მეზობელი რუსეთი, სამწუხაროდ, კვლავ მტარვალად გვევლინება... ყოველგვარი შელამაზების გარეშე გთავაზობთ საფრანგეთიდან, ბატონი პატრიკ ჟანიოს დიდი ოჯახის ისტორიას.

  • ლორან ოგუსტის გზა ქუთაისამდე

პატრიკ ჟანიო:

- რასაც ახლა მოგიყვებით, ამ ამბავში ზოგიერთი რამ ვარაუდის დონეზე რჩება, ზოგიც დადასტურებული ინფორმაციაა. დავიწყებ სულ თავიდან, ჩემი ორგზის დიდი ბაბუის ლორან ოგუსტის ცხოვრებიდან. ლორან-ოგუსტი საფრანგეთში,1832 წელს შამპან არდენის რეგიონში, პატარა ქალაქ ვიტრი ფრანსუაში დაიბადა. (შამპან არდენის რეგიონში, ვიტრი ფრანსუას მახლობლად 12 წელი ვიცხოვრე - ავტ.) ახალგაზრდა ლორანი 1857 წელს ერთ ადგილობრივ გოგონაზე, ლუის ესტერზე დაქორწინდა. როგორც ვიცით, იმ პერიოდში იგი ჯარისკაცი გახლდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ოჯახის რჩენის მიზნით მევენახეობას მოჰკიდა ხელი და შვილების გაჩენის შემდეგ უკვე ამით ირჩენდა თავს.

ყველას მოგვეხსენება, რომ ამ საუკუნის ისტორიული ფაქტი გახლავთ ცნობილი ყირიმის ომი, როდესაც 1853-1856 წლებში რუსეთის იმპერია დაუპირისპირდა კოალიციას, რომელიც შეიქმნა ოსმალეთის იმპერიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და სარდინიის სამეფოს მიერ. რუსული ექსპანსიონიზმისა და ოსმალეთის იმპერიის დაშლის შიშით გამოწვეული კონფლიქტი ყირიმში სევასტოპოლის საზღვაო ბაზის გარშემო მოხდა. ომი კი საბოლოოდ დასრულდა 1856 წლის პარიზის ხელშეკრულებით და რუსეთის დამარცხებით.

ლორან ოგუსტი

 

ომის შემდგომ რუსებმა დაკარგეს პატარა ქვეყნის ბესარაბიის ტერიტორიის კონტოლი. ბესარაბიას ცენტრალური ნაწილი დღესდღეობით მოქცეულია მოლდოვაში, ხოლო სამხრეთ და ჩრდილო ნაწილი - უკრაინაში, მაგრამ მაშინ რუსეთი ფლობდა მას და როდესაც ომის შედეგად რუსებმა გასვლა იწყეს, ბესარაბია გათავისუფლდა. ეს თავისუფალი ტერიტორია კი ხელსაყრელი აღმოჩნდა ცენტრალური ევროპის ჯარისკაცების ჩასასახლებლად და ჩვენ როდესაც დღეს მივყვებით ჩემი დიდი ბაბუის კვალს, ვფიქრობ, სწორედ როგორც ყოფილი ჯარისკაცი, ამ მიზეზით წავიდა ის ბესარაბიაში საცხორვებლად. სავარაუდოდ, მევენახეობა დიდ სარგებელს არ აძლევდა დიდ ბაბუას ლორან ოგუსტს, რომელსაც უკვე ექვსი შვილი ჰყავდა გამოსაკვები.

ამ პერიოდის საფრაგეთში იმპერატორი ნაპოლენ მესამე მართავს ქვეყანას, სწორედ მისი ინიციატივა იყო, რომ საფრანგეთის პოზიციები ფრანგი ჯარისკაცების იქ ჩასახლებით გაემყარებინა, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე გერმანელი ჯარისკაცები უკვე კოლონიებად მოსახლეობდნენ და ეტყობა ნაპოლეონ მესამეს გერმანელებისთვის მთელი იქაური მიწების დათმობა არ სურდა...

ბესარაბიაში დასახლებაზე თანხმობის შემდეგ, ბაბუა ლორანი, ოჯახით, საფრანგეთის საპორტო ქალაქ მარსელში გემზე მოათავსეს და ოდესამდე ასე ჩავიდა, იქიდან ბესარაბიამდე კი, სავარაუდოდ, ეტლით.. ზუსტად არ ვიცით, რომელ წლებში უნდა დასახლებულიყო უცხო მიწაზე ბაბუა. არაფერი ვიცით იმის შესახებაც, თუ როგორ ცხოვრობდა იქ, მაგრამ, ვფიქრობთ, იქაც მევენახეობას ან სხვა აგროკულტურას მიჰყო ხელი, ვიცით, რომ მიწა გადასცეს და თავისთავად მას დაამუშავებდა.

1870 წელს გაჩაღდა ომი საფრანგეთსა და პრუსიას შორის, სადაც ნაპოლეონ მესამე დამარცხდა, დამარცხებამ მოიტანა ის, რომ რუსეთმა კვლავ გააძლიერა პოზიციები ბესარაბიაში და ფრანგები ძალიან შევიწროვდნენ. მათთვის უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა იმ ტერიტორიაზე ცხოვრება და იქიდან უმრავლესობა უკან საფრანგეთში დაბრუნდა. ჩემი დიდი ბაბუა კი ოჯახით საქართველოში გამოეშურა.

ამ დროს თავისთავად საქართველოც რუსეთის ნაწილია, მაგრამ, ვფიქრობ, ბაბუაჩემმა საქართველოში წასვლა, სამშობლოში დაბრუნების ნაცვლად მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ გაგებული ჰქონდა იქაური მიწის ამბავი, იცოდა, მიწა იქ განსაკუთრებული ნოყიერებით გამოირჩეოდა... სავარაუდოდ, შავი ზღვის საფლოტო გზებით ჩავიდა იგი ქუთაისში, მაგრამ რატომ აირჩია რუსეთის იმჟამინდელი პროვინციის ეს ქალაქი, ჩემთვის უცნობია.

  • ვიქტორ ჟანიო და მისი შთამომავლობა

ჩვენ ვფლობთ 1917 და 1929 წლებში საქართველოდან საფრანგეთში გამოგზავნილ საოჯახო წერილებს და სწორედ ამ წერილებიდან აღვადგინეთ ისტორიის ერთი ნაწილიც. ამის საფუძველზე, რაც ამ პეიროდიდან დანამდვილებით ვიცით ისაა, რომ ქუთაისში დასახლებისთანავე ლორან-ოგუსტმა, მიწების დამუშავება დაიწყო, თესავდა და ჰყიდდა ბოსტნეულს. მას და მის მეუღლეს ლუის ესტერს კიდევ გაუჩნდათ შვილები ბესარაბიაშიც და ქუთაისშიც, საერთო ჯამში მათ სულ 11 შვილი ჰყავდათ, რომელთა შორის იყო უშუალოდ ჩემი დიდი ბაბუა ვიქტორ ჟანიო.

წერილებში ვერაფერს მივაკვლიეთ იმის შესახებ, თუ როგორ იზრდებოდა ვიქტორი ქუთაისში, მაგრამ მათში კიდევ ერთი ახალი ისტორია აღმოვაჩინეთ, რომელიც ვიქტორსა და მის მეუღლეს პოლინ სენეს უკავშირდება. ჩვენს ხელთ ასრებული წერილებით ირკვევა რომ ჩემი დიდი ბებიის პოლინის ოჯახი საზღვაო საქმინობით იყო დაკავებული ბათუმის პორტთან და სავარაუდოდ, საფრანგეთში დაბადებული პოლინი ბათუმში ყმაწვილქალობისას ჩავიდა საცხოვრებლად, ასევე, სავარაუდოდ პოლინის ოჯახი სწორედ საზღვაო გზით მოხვდა საქართველოში, სადაც დამკვიდრდა კიდეც და ვინაიდან პოლინიც ფრანგი გახლდათ, ვიქტორთანაც ადვილად გააბამდა ურთიერთობას. ერთმანეთი თუ სად გაიცნეს, არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ ისინი დაქროწინდნენ და ქუთაისში დასახლდნენ. მათ თავის მხრივ შეეძინათ 9 შვილი. მათგან ექვსი ქალიშვილი და სამი ვაჟი: ჩემი ბაბუა ემილი, ძმა ვიტუშა და კიდევ ერთი პატარა ძმა ჰენრი. მათი შვილებიდან მხოლოდ ბაბუაჩემი ემილი და ჰენრი დაბრუნდნენ საფრანგეთში, დანარჩენი ყველა საქართველოში დარჩა სიცოცხლის ბოლომდე.

პოლინის და ვიქტორის შვილი ემილ ჟანიო

 

ბაბუაჩემი ემილი საქართველოდან 1917 წელს გამოემგზავრა საფრანგეთში, ის მაშინ 20 წლის ახალგაზრდა იყო და საქართველოს დატოვების მოტივად სამშობლოში დაბრუნება და ფრანგულ ჯარში მსახური ჰქონდა. ის ძალიან ცუდად ლაპარაკობდა ფრანგულად, რადგანაც ოჯახში სასაუბრო ენა ქართული იყო, მაგრამ საქართველოში დამყარებული რუსული რეჟიმის ატანა რომ ვეღარ შეძლო, გადაწყვეტილებაც ადვილად მიიღო, ენის ბარიერის მიუხედავად. ბაბუაჩემი მას შემდეგ საქართველოში აღარასდროს დაბრუნებულა, მოგვიანებით 1921 წელს, კი მისი პატარა ძმა ჰენრიც საფრანგეთისკენ გამოეშურა. მიზეზი მას უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე ბაბუაჩემს.

როგორც წერილებიდან ირკვევა, ჰენრი უფრო თამამი ბიჭი იყო და ბოლშევიკებსაც თვალში ეჩხირებოდა მისი ფრანგული გვარი თუ საქციელი, წერილებით ცნობილი ისაა, რომ ჰენრი მართლაც თავის გადასარჩენად ჩამოვიდა საფრანგეთში. ასევე წერილებით ირკვევა, რომ ჰენრი ჯერ კონსტანტინეპოლში ჩასულა დებთან და მის მეუღლეებთან ერთად, სადაც აფარებდა თავს... დები მეუღლეებით ქუთაისში გაბრუნდნენ, ხოლო ჰენრიმ მოახერხა საფრანგეთში ჩასვლა.

პოლინის და ვიქტორის შვილი ჰენრი, რომელზეც გაზეთები წერდნენ

 

ამ დროისთვის ბაბაუჩემი ემილი უკვე საფრანგეთში პატარა ქალაქ ლენში ცხოვრობდა, პიკარდიის რეგიონში, ჯარიც მოვლილი ჰქონდა, დაქორწინებაც მოესწრო და მებაღეობას ეწეოდა. ბაბუა ემილს 4 შვილი შეეძინა, აქედან სამი ვაჟი გაზარდა, ერთი კი პატარა ასაკში გარდაეცვალა. მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა ისე გავიარე, რომ არაფერი მსმენია ჩემი ოჯახის შესახებ. ბაბუაჩემმა ისე იცხოვრა, რომ არასოდეს ჩვენთვის არაფერი უთქვამს მისი წარსულის, მისი ოჯახის შესახებ. ეს ისტორია 20 წლის ასაკში აღმოვაჩინე, როდესაც ბაბუა გარდაიცვალა და ოჯახი მის ნივთებს ვალაგებდით. მაშინ ვიპოვეთ წერილების უზარმაზარი დასტა, რომლებიც საქართველოდან, ქუთაისიდან იყო გამოგზავნილი ბაბუის სახელზე.

ჩემი ბავშობის მეხსიერებაში ჩარჩენილი მხოლოდ ისაა რომ, ბაბუაჩემს ორი ძმა ჰყავდა, ერთი ჰენრი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა, მაგრამ კავშირი ძმებს გაწყვეტილი ჰქონდათ, ამიტომ მე ის არც კი მინახავს და ერთიც - სადღაც შორს, ვინმე ვიტუშა, აი ეს სახელი შემომრჩა, რომელიც შემდეგ წერილებმა დამიდასტურა (ავტ: გთავაზობთ წერილს სადაც ვიტუშა ქართულად წერს).

ძალიან სამწუხაროა, რომ ემილმა და ჰენრიმ ერთამნეთი დაკარგეს, არადა, ორივე საფრანგეთში ერთსა და იგივე რეგიონში ცხოვრობდა. წერილებით ვარკვევთ, რომ როდესაც ჰენრი საფრანგეთში ჩამოვიდა, თავისთავად ძმა ემილს მიაშურა, მაგრამ ჰენრის ძმის ცოლის და შეჰყვარებია, რასაც ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია თურმე გოგოს ოჯახმა. წერილებში ამოვიკითხეთ, რომ ემილის მეუღლის, ანუ ბებიაჩემის ოჯახს, ჯერ ძალიან მძიმედ ის გადაუტანია, მათი შვილი რომ საქართველოდან ჩამოსულ ბიჭს გაჰყვა ცოლად და ახლა როდესაც მეორე გოგოსაც იგივე მოუნდომებია, ძალიან უხეშდ ჩარეულან ამ საქმეში და ისე მოხდა, რომ ძმებს შორისაც განხეთქილება ჩამოაგდეს, რის შემდეგაც მათ ვეღარ აღადგინეს ძმური ურთიერთობები. არადა ჰენრი პიკარდიაში ცნობილი კაცი გამხდარა, მასზე გაზეთებშიც წერდნენ, ოჯახიც ჰყავდა... ჰენრის შვილს მას შემდეგ დავუკავშირდი, რაც წერილები აღმოვაჩინე და სასიამოვნოდ ვისაუბრეთ, სულ ეს იყო და ეს.

  • წერილები

ბაბუა ემილი რომ გარდაიცვალა, მის ოთახის ლაგებას მივყავით ხელი. მე და ჩემმა ორმა დამ კომოდის უჯრებში უეცრად ბევრი ძველი, გაცრეცილი, ძნელად საკითხავი წერილი აღმოვაჩინეთ. ძნელი წარმოსადგენი არაა რა ემოციებიც დაგვეუფლებოდა, როდესაც უეცრად აღმოაჩენ, რომ შენი ფესვები სხვა ქვეყანაშიცაა გადგმული და ბევრი არაფერი გცოდნია საკუთარ წარმომავლობაზე. წერილების უმრავლესობას ბაბუაჩემის დედა, ასევე ფრანგი წარმოშობის პოლინი იწერება. ასევე იწერებიან მისი დები და ძმა ვიტუშა, მაგრამ დიდი ნაწილი პოლინ ჟანიოს მონაწერია. მისმა წერილებმა პოლინის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა გამიჩინა, მხოლოდ მისი წერილებით გაცნობილი ჩემი დიდი ბებია, ძნელი სათქმელია რა გრძნობას ბადებს ჩემში. პოლინი ყველა წერილს შვილს, ემილს უძღვნის და თითქმის ყველა წერილში ემუდარება საქართველოში დაბრუნებას.

განაგრძეთ კითხვა