ჩაუშესკუს სასახლე 1100 ოთახით და 5-ტონიანი ჭაღით: მშენებლობა, დაახლოებით, 3 მილიარდი ევრო დაჯდა და მასში დიქტატორს ცხოვრება არ დასცალდა (+ ფოტოები) | Allnews.Ge

ჩაუშესკუს სასახლე 1100 ოთახით და 5-ტონიანი ჭაღით: მშენებლობა, დაახლოებით, 3 მილიარდი ევრო დაჯდა და მასში დიქტატორს ცხოვრება არ დასცალდა (+ ფოტოები)

ევროპის უდიდესი შენობის მშენებლობის ისტორია

1980-იანი წლების შუახანებში რუმინეთში სიღარიბე სუფევდა. ქვეყანაში შემოღებული რესურსების უმკაცრესმა ეკონომიამ მოსახლეობის ცხოვრების დონის კატასტროფული ვარდნა გამოიწვია: ქალაქებში პერიოდულად ითიშებოდა გათბობა და ელექტროენერგია, ზამთრობით მაცივრების ჩართვა იკრძალებოდა ელექტრონერგიის დაზოგვის მიზნით და ამიტომ ადამიანებს პროდუქტების ფანჯრებს მიღმა შენახვა უწევდათ. ბინაში ნათურა მხოლოდ ერთ ოთახში უნდა ანთებულიყო, ერთ ავტომანქანაზე კი თვეში მხოლოდ 30 ლიტრის საწვავი იყო დადგენილი...

და ამ დროს ბუქარესტის ცენტრში სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა კოლოსალური და განუზომლად მდიდრული ნაგებობის - "ხალხის სასახლის“ მშენებლობა. ციკლოპური შენობა, რომელიც ყველა ევროპულ სასახლეს ფართობით ბევრად აღემატებოდა, ქვეყნის ბიუჯეტიდან უზარმაზარ თანხებს ისრუტავდა. ნიკოლაე ჩაუშესკუს, რუმინეთის კომპარტიის ლიდერს, ამ შენობით სარგებლობა არ დასცალდა - ვიდრე მის მშენებლობას დაასრულებდნენ, ქვეყანაში რევოლუცია მოხდა, იგი დააპატიმრეს და დახვრიტეს. დიქტატორის სიკვდილის შემდეგ სასახლე უპატრონო აღმოჩნდა... საქმე იქამდე მივიდა, რომ მისი დანგრევაც კი სურდათ. დღემდე სასახლე დაუმთავრებლად ითვლება, მისი ბევრი სათავსო ცარიელია...

  • "ხალხის სასახლის“ ისტორია ბევრ საინტერესო ფაქტს შეიცავს.

ბუქარესტის არქიტექტურას სოციალიზმის ეპოქამ თავისი კვალი დაატყო. თუ ადრე რუმინეთის დედაქალაქი თავს იწონებდა ფრანგი არქიტექტორების მიერ აგებული შენობებით, ჩრდილოეთ კორეაში და ჩინეთში ნიკოლაე ჩაუშესკუს ვიზიტების შემდეგ, ბუქარესტში მონუმენტური, გრანდიოზული შენობების დაპროექტება და აგება დაიწყო. ქვეყნის მმართველის ინიციატივით, დაიგეგმა დედაქალაქის ცენტრის გარდაქმნა, სადაც ძველი შენობების ნაცვლად ახალი სამთავრობო პოლიტიკურ-ადმინისტრაციული კომპლექსი უნდა განლაგებულიყო, მასში ქვეყნის ყველა სახელმწიფო უმაღლესი ორგანო განთავსდებოდა, იქ იცხოვრებდა ნიკოლაე ჩაუშესკუც თავის ცოლ ელენესთან და შვილებთან ერთად.

გრანდიოზული გეგმის რეალიზებას ხელი შეუწყო 1977 წლის კარპატების მიწისძვრამ; ბუქარესტში ძველი შენობები დაზიანდა და დაინგრა, მათ შორის დედაქალაქის ცენტრშიც. მაგრამ სარემონტო სამუშაოების ნაცვლად პარტიის ლიდერმა განკარგულება გასცა ყველა დაზიანებული შენობა აეღოთ და ტერიტორია ნანგრევებისაგან გაეწმინდათ, მომავალი სასახლის ასაგებად. პლუს სპეციალურად დაანგრიეს საცხოვრებელი კვარტლებიც. "კარპატების გენიის“ ნებით (ასე უწოდებდნენ ნიკოლაე ჩაუშესკუს) საცხოვრებელი ადგილი დაახლოებით 40 ათასმა ადამიანმა გამოიცვალა.

სხვათა შორის, რამდენიმე ეკლესია და ტაძარი შენარჩუნდა (მათ შორის, როგორც ამბობენ, ანთიმოზ ივერიელის მონასტერიც - ს.კ.): ისინი ლიანდაგებზე დადგეს და სხვა ადგილზე გადაიტანეს.

შენობის მთავარ არქიტექტორად დაინიშნა 32 წლის ანკა პეტრესკუ, რომლის ხედვა მაქსიმალურად ემთხვეოდა ნიკოლაე ჩაუშესკუს თვალსაზრისს. საბოლოოდ დაპროექტდა ისეთის შენობა, რომელიც იმ დროისთვის არ იყო დამახასიათებელი, მას ვერცერთ არქიტექტურულ სტილს ვერ მიაკუთვნებდი, მაგრამ უფრო მეტად სტალინურ ამპირს ჩამოჰგავდა.

"ხალხის სასახლის“ წინ ფართო მოედანი უნდა ყოფილიყო, საიდანაც 3 კმ-იანი ბულვარი იწყებოდა. შენობის ირგვლივ განზრახული იყო საცხოვრებელი კორპუსების აგება მაღალი კომფორტულობის დონით - პარტიული და სახელმწიფო მუშაკებისათვის.

მშენებლობა 1984 წელს დაიწყო. ნიკოლაე ჩაუშესკუ რეგულარულად ამოწმებდა მშენებლობის პროცესის მიმდინარეობას და შიგადაშიგ პროექტს ცვლიდა.

ციფრები გასაოცარია: სასახლის ზომები - სიგრძე სიგანე 270 და 240 მეტრს შეადგენს, სიმაღლეს - 86 მეტრს. მიწისქვეშა ნაწილი 92 მეტრ სიღრმეზეა განლაგებული. მშენებლობაზე დაიხარჯა მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მარმარილო, 3500 ტონა ბროლი (480 ჭაღი, 1409 სარკე), 700 ათასი ტონა ფოლადი, ასობით ტონა ბრინჯაო კარებისა და ფანჯრებისათვის... პარკეტისათვის გამოიყენეს 900 ათასი კუბმეტრი ხე, მოქსოვილი იქნა 200 ათასი მეტრი მატყლის ხალიჩა. ზოგიერთი გრანდიოზული ხალიჩა ადგილზე იქსოვებოდა, რისთვისაც სასახლეში საქსოვი დაზგები შეიტანეს.

ანკა პეტერესკუს ხელმძღვანელობით მშენებლობაზე 700-მდე არქიტექტორი და 20 ათასი მშენებელი მუშაობდა. სასახლე ძირითადად რუმინული მასალებით იგებოდა, რაც მიუთითებდა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თვითკმარობას. მუშაობა სამცვლიანი იყო და არ გაჩერებულა ყველაზე მძიმე დროსაც კი, როცა ქვეყნის რესურსები მობილიზებული იყო საგარეო ვალების გადასახდელად. სამაგიეროდ, რუმინელების ცხოვრების დონე სწრაფად ეცემოდა, ხალხი ღარიბდებოდა.

1989 წლისათვის რუმინეთმა მთლიანად გადაიხადა საგარეო ვალები, რაც, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო მოვლენა იყო ქვეყნის ისტორიაში.. იმ დროისათვის "ხალხის სასახლე“ ძირითადად უკვე აშენებული იყო. მის საბოლოო დასრულებას ხელი რევოლუციამ შეუშალა. ნიკოლაე ჩაუშესკუ და მისი ცოლი ქალაქიდან გაიქცნენ, მაგრამ შეიპყრეს და პრაქტიკულად ადგილზევე სწრაფად დახვრიტეს. დიქტატური დაემხო, მაგრამ შენობა დარჩა.

რუმინულ საზოგადოებას შენობის მიმართ სხვადასხვანაირი მიდგომა აქვს. ბევრი მიიჩნევს, რომ შენობა თავისი დროის არქიტექტურულ შედევრს წარმოადგენს. წინა წლებში განხორციელებული რემონტის დასრულების შემდეგ დღეს მის ძირითად ნაწილში რუმინეთის პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო და რამდენიმე მუზეუმი, მათ შორის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია განთავსებული, შესაბამისად მას უკვე "პარლამენტის სასახლეს“ უწოდებენ. უზარმაზარ დარბაზებში სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციები ტარდება. იქვეა მოედანი შადრევნებით და ბულვარით, რომელსაც ხუმრობით "რუმინულ ელისეის მინდვრებს“ უწოდებენ. შენობა ტურისტებისთვის ღიაა, თუმცა მასში შესასვლელად მეტალდეტექტორით შემოწმება ხდება.

შენობაში 1100 ოთახია და მათგან მხოლოდ ნახევარი თუ გამოიყენება, - ამბობს ექსკურსიამძღოლი, - დღეს რუმინეთის პარლამენტის სასახლეს, როგორც ადმინისტრაციულ შენობას, თავისი სიდიდით მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია პენტაგონის შემდეგ, თუმცა მას პირველობა აქვს იმაში, რომ ის ყველაზე მძიმე შენობაა, რაც კი დედამიწაზე აშენებულა. 2006 წელს სპეციალისტებმა გამოითვალეს, რომ მისი მშენებლობა თურმე სამი მილიარდი ევრო დაჯდა - ესეც მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს.

თავისი შიდა მორთულობით სასახლე არაფრით არ ჩამოუვარდება ევროპელი მონარქების სასახლეებს. ყველაზე დიდი ჭაღი ნატურალური მთის ბროლისაგან არის დამზადებული და 5 ტონას იწონის.

- სასახლეს შეუძლია იმდენი ელექტროენერგია მოიხმაროს, რამდენიც ერთ ქალაქს ეყოფა 20 ათასი მცხოვრებით, - ასეთ შოკისმომგვრელ ინფორმაციას ახმაურებს ექსკურსიამძღოლი. ერთ-ერთ დარბაზში ორი მარმარილოს საფეხურებიანი კიბეა, რომლებიც ქვემო სართულზე ეშვებიან ერთმანეთის პარალელურად და ბოლოს ერთდებიან: ერთით ნიკოლაე ჩაუშესკუს უნდა ესარგებლა, მეორეთი - ელენა ჩაუშესკუს, ორივე დაბლა ჩავიდოდა და ერთმანეთს სტუმრების მისაღებ დარბაზში შეხვდებოდნენ.

სასახლეს მეათე სართულზე დიდი ბალკონი აქვს, საიდანაც ნიკოლაე ჩაუშესკუს სამხედრო აღლუმები უნდა მიეღო. პირველი უცხოელი ცნობილი ადამიანი, რომელიც ამ ბალკონზე მოხვდა, მაიკლ ჯექსონი იყო, თუმცა მას კურიოზული ისტორია შეემთხვა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მან, გადახედა რა ბუქარესტს, ხმამაღლა დაიძახა - "სალამი, ბუდაპეშტო!“.

სასახლის ბნელ მიწისქვეშა სიღრმეში განლაგებულია ატომურბომბსაწინააღმდეგო ბუნკერი მდებარეწობს, მეტრნახევრიანი ბეტონის კედლებით. ერთ-ერთ დარბაზში დიდი სტენდია განლაგებული სასახლის მშენებლობის ამსახველი ფოტოსურათებით, მეორეში კი - კომუნიზმის ისტორიის მუზეუმი.

ზემოთ უკვე ვთქვით, რომ 1989 წლის რევოლუციის შემდეგ სასახლის დანგრევა სურდათ, მაგრამ როგორც კი მისი დანგრევით მიყენებული ზარალი დაითვალეს, განზრახვაზე უარი თქვეს - ნანგრევების აღება უფრო ძვირი დაჯდებოდა, ვიდრე მშენებლობის დასრულება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში სასახლე მოქმედია, ზოგიერთი სათავსოს მოპირკეთება ჯერაც არ დასრულებულა. წყარო

ambebi.ge