23 წლის გოგონა, რომელიც პანდემიის დროს სოფელში გადასახლდა და ცხვრებს, ძროხებს და ქათმებს ბებოსთან ერთად უვლის | Allnews.Ge

23 წლის გოგონა, რომელიც პანდემიის დროს სოფელში გადასახლდა და ცხვრებს, ძროხებს და ქათმებს ბებოსთან ერთად უვლის

„ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე, რამდენი ადამიანი ცხოვრობს სოფელში, ისინი თუ აკეთებენ ამ ყველაფერს, მე რატომ ვერ უნდა გავაკეთო?!.“ - გვეუბნება 23 წლის თამთა ტრაპაიძე, რომელიც პანდემიის დროს რუსთავიდან სოფელ ზემო ქედში გადასახლდა და ახლა 76 წლის ბებიასთან ერთად ოჯახურ მეურნეობას უძღვება.

- რას საქმიანობდით პანდემიამდე?

- მოგზაურობა, ბუნებასთან სიახლოვე და აქტიური ცხოვრება ყოველთვის მოიყვარდა, ამიტომ გიდად მუშაობა გადავწყვიტე და 3 წელი ტურისტებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა ადგილას ვმოგზაურობდი. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებდი და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი.

- სოფელში გადასვლის გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ?

სანამ პირველი კარანტინი დაიწყებოდა, აპრილში, მთელი ოჯახი სოფელში წამოვედით ბებიასთან (ოჯახში ვგულისხმობ ჩემს დასა და მამას, დედა ემიგრანტია). ის დრო მშვენივრად გავატარე, ვიყავი ბუნებასთან ახლოს და არა ოთხ კედელში გამომწყვდეული. სუფთა ჰაერი, გემრიელი საჭმელი და თავისუფლება, მეტი რა უნდა მენატრა ასეთ დროს?! 

კარანტინი რომ დამთავრდა, ზაფხულში მეგობრებთან ერთად დავიწყე მოგზაურობა. ერთ საღამოს მე და ჩემი მეგობრები ზღვის პირას მზის ჩასვლას ვუყურებდით და მომავალზე ვლაპარაკობდით; ერთმანეთს ვუზიარებდით, თუ როგორ გავაგრძელებდით ცხოვრებას პანდემიის შემდეგ. ყოველთვის მინდოდა გარკვეულ ასაკში სოფელში ჩასვლა და იქ ცხოვრება, ჰოდა, ამ საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ სწორედ ახლა მქონდა შანსი, დრო  გამომეყენებინა და სოფელში ცხოვრება გამომეცადა. ამიტომ ავდექი და წამოვედი. 

- გარშემო მყოფებისგან როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს გადაწყვეტილებას?

- სხვათა შორის, არ ველოდი ასეთ დადებით დამოკიდებულებას. ყველამ მითხრა, რომ კარგი გადაწყვეტილებაა და მხარი დამიჭირეს. ერთადერთი პრობლემა მეგობრების დატოვება იყო, ძალიან მომენატრებოდნენ, თუმცა გამოსავალიც მარტივად ვნახე. თვეში ერთხელ ჩავდიოდი ქალაქში და ვნახულობდი.

- რა იყო მთავარი სირთულეები და როგორ გაუმკლავდით?

- ნელ-ნელა მოვიყვანეთ ყველაფერი. ჯერ ცხვრები, მერე ქათმები, ძროხები და ა. შ. მე, მამა და ბებია ვუვლიდით ამ ყველაფერს. მამას ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა - საქონლის მოვლა. 

ახალი ცხოვრების დაწყება ნამდვილად არაა ძნელი, განსაკუთრებით ქალაქიდან სოფელში გადმოსვლა. შრომა ჩემთვის უცხო არ ყოფილა, ზაფხულობით სულ სოფელში ვატარებდით დროს მე და ჩემი და, რა თქმა უნდა, ბებიას ეზოში სულ ვეხმარებოდით. არ შემიძლია მთელი დღე სახლში ვიჯდე და არაფერი ვაკეთო. მოკლედ, თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად იყო; დიდი არაფერი სირთულეები არ შემხვედრია... იქამდე, სანამ მამაც არ წავიდოდა დედასთან.

- სახლის საქმეების დამოუკიდებლად გაძღოლა რთული არ იყო?

- მთავარი სირთულე მარტო დარჩენა იყო, თითქოს სახლი დაცარიელდა, ისეთი შეგრძნება მქონდა. პირველ ღამეს ღორი გამომექცა, სავარაუდოდ, საჭმელი არ ეყო და დარბოდა მთელ ეზოში. დილით ადრე გაღვიძება და ყველა შინაური ცხოველის მოვლაც ცოტა ძნელი იყო. თუმცა ახლა მივეჩვიე უკვე ყველაფერს, იმიტომ რომ ჩემი თავის მჯერა და შეუძლებელი არაფერია. ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე, რამდენი ადამიანი ცხოვრობს სოფელში, ისინი თუ აკეთებენ ამ ყველაფერს, მე რატო ვერ უნდა გავაკეთო. ამ ფიქრით ვიწყებ დილას და საღამოს როცა ყველაფერს მოვრჩები, სიმართლე გითხრათ, ჩემი თავით ვამაყობ, აქამდე რომ მოვაღწიე და ეს გადაწყვეტილება მივიღე.

- როგორია თქვენი მეურნეობა. რა გყავთ და როგორ უვლით?

- მყავს 4 ძროხა, 4-ვე ორსულად და ერთი სადაცაა მოიგებს (სოფელში ასე ვეძახით, როდესაც საქონელი შვილს აჩენს). 3 ცხვარუკა მყავს, 1 ორსული მსუნაგი ღორი, სულ ჭამა უნდა და როგორც კი დამინახავს, ეგრევე ხმაურს ტეხს, აბა თავის დროზე არ აჭამო, მთელ სახლს გადადგამს! ორი ბაჭიაც მყავს, მეზობელმა მაჩუქა და ნელ-ნელა ვსწავლობ ბაჭიების მოვლასაც. ქათმებიც მყავს, დაახლოებით ოცდაათამდე. სახლის მთავარი მცველი - ჩემი უსაყვარლესი და მოუსვენარი ცუგა - მარკიზა და ორი ფისო - კალიფსო და შიკამარუ (ზედმეტსახელად ძუნგლა).

ასევე ბოსტანიც მაქვს, სადაც ჯერ მარტო ხახვი და ნიორი თესია, თუმცა გაზაფხულზე სულ უნდა გადავავსო, იმდენი რაღაც დავთესო და დავრგო. მიწასთან მუშაობა ძალიან მიყვარს, განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალებაა ჩემთვის.

ნელ-ნელა ვსწავლობ ამ ყველაფრის მოვლას, ხან ვის ვეკითხები რჩევას, ხან ვის. ხშირად ფეისბუკჯგუფშიც ვწერ, სადაც კომპეტენტურ რჩევებს ვიღებ. 

რომელ ბებიასთანაც ვცხოვრობ, ეს ბებო უკვე მოხუცია, 76 წლის. შეძლებისდაგვარად მეხმარება და არ ჩერდება, თუმცა უმეტესწილად ამ ყველაფერს მარტო ვუვლი.

- მოგვიყევით, როგორია თქვენი ერთი დღე ახლა, ზამთარში.

- დილით ადრე ვიღვიძებ, დაახლოებით 8-დან 9-ის ნახევრამდე. საქონელს უფრო ადრე ვერ გამოვუშვებ, იმიტომ რომ ცივა და ცოდოები არიან. პირველ რიგში, ვაჭმევ ქათმებს, შემდეგ ღორს, რომელიც თავგანწირვით ჭყმუტუნებს და მსაყვედურობს, პირველი მაგასთან რატომ არ მივედი. ამის მერე მივდივარ ძროხებთან და ცხვრებთან, გამოვუშვებ ეზოში, სადაც თივა და ბიბინა ბალახია, ცოტას მოვეფერები, ცოტას დაველაპარაკები და წამოვალ. უკვე დროა კატებს და ძაღლსაც ვაჭამო. შემდეგ ვიწესრიგებ თავს, ეზოდან სულ ტალახში ამოგუნგლული გამოვდივარ ხოლმე, გავაკეთებ საუზმეს ჩემთვის და ბებიასთვის. ყავის გარეშე არაფერი გამოვა, დღის განუყოფელი ნაწილია. ესე იწყება ყოველი დილა, გაგრძელება კი იმაზეა დამოკიდებული, იმ დღეს რა საქმე მაქვს. კარგ ამინდში გარეთ ვსაქმიანობ, ცუდ ამინდში - სახლში. ყოველ დღე ვაცხობ პურს და ვაკეთებ ვახშამს ჩემთვის და ბებოსთვის. 

ხანდახან, როცა ბევრი საქმე არ მაქვს, მეორე ბებიასთან გადავდივარ ხოლმე, მოვესიყვარულები და წამოვალ ისევ სახლში.

საღამოს ცხოველების დაბინავების დროა. ყველა ცხოველს რომ მივუხურავ კარს და ვიცი თბილად და მშვიდად არიან, ეგ ყველაზე ტკბილი მომენტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დღეც წარმატებით დასრულდა.

ვახშმის შემდეგ უკვე ჩემი დროა - ვმუშაობ, ვცდილობ პატარა ბიზნესი წამოვიწყო, ვსწავლობ რაღაც-რაღაცებს. კვირაში ორჯერ ინგლისურის ონლაინგაკვეთილიც მაქვს, რომ უფრო უკეთ ვისწავლო. თავისუფალ დროს ანიმეებს ვუყურებ, ხანდახან ერთ ჭიქა შავ ღვინოსაც ვწრუპავ ხოლმე.

რაც სოფელში გადმოვედი, ბლოგერობაც დავიწყე, მინდა ხალხს გავუზიარო, რას ვაკეთებ, რათა ახალგაზრდებს სოფელში მუშაობის მოტივაცია მივცე და სოფლის სიყვარული უფრო მეტად გავუღრმავო, ასე რომ ინსტაგრამიც ჩემი დღის განუყოფელი ნაწილია. 

gemrielia.ge