„ვერაგი დაავადება მქონდა, ხმამაღლა ვამბობ: სოფელმა გადამარჩინა!“ - გაიცანით 55 წლის ქალბატონი, რომელმაც სოფელში ახალი ცხოვრება დაიწყო | Allnews.Ge

„ვერაგი დაავადება მქონდა, ხმამაღლა ვამბობ: სოფელმა გადამარჩინა!“ - გაიცანით 55 წლის ქალბატონი, რომელმაც სოფელში ახალი ცხოვრება დაიწყო

დღევანდელი სტატიის გმირი არის ადამიანი, რომელმაც მინიმალური სახსრებით მცირე მეურნეობა შექმნა და სოფლად ახალი ცხოვრება დაიწყო. მის შესახებ „ფეისბუქზე“ „სოფლის მეურნეობის განვითარების“ ჯგუფის პოსტიდან შევიტყვეთ, რომელიც ჯგუფის ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა ნინა გაგნიძემ გამოაქვეყნა.

„ხმამაღლა ვამბობ: სოფელმა გადამარჩინა! - ამბობს ქეთი. მას მძიმე დაავადების გადატანაში ბუნებასთან კავშირი დაეხმარა. ქეთი ამბობს: მე თბილისელი გახლავართ, პროფესიით - პედაგოგი. ჩარდახი ჩემი ქმრის სოფელია. ადრე შაბათ-კვირას ჩამოვდიოდით ხოლმე სოფელში, ახლა კი აქ გადმოვედით საცხოვრებლად... 

ამ წლის აპრილში შევიტყვე, რომ ვერაგი დაავადება მქონია - სწორი ნაწლავის ადენო კარცერომა, მესამე სტადია. ჩამიტარდა ოპერაცია, 6 ქიმიო თერაპია. რომ არა სოფელი, ალბათ ვერ გავუმკლავდებოდი ჩემს რთულ პერიოდს. სრული ჯოჯოხეთი გადავიტანე. დავიწყე სოფლის მეურნეობის აღორძინება მინიმალური, მიზერული თანხით. შევიძინე წიწილები, ვითხოვე კრუხი, ვიყიდეთ 2 თხა, 2 გოჭი, მოგვიანებით - ისევ 2 თხა... ამასობაში დედლებმა იმშობიარეს... ვეფერები ჩემს ვარდებს, ვუვლი ჩემს ცხოველებსა და ფრინველს და ბოსტანიც ისეთი მქონდა ამ ზაფხულს, რომ ყველას უკვირდა... ამხელა ჭრილობით, თან ქიმიების დროს...“

 

    

 

ქეთი ამბობს, რომ ტკივილს არ შეუშინდა, ბუნებასთან და ცხოველებთან ურთიერთობამ მოარჩინა და ახლა თავს ჯანმრთელად გრძნობს. ულამაზესი ვარდები აქვს, მათ უვლის, ასევე ყიდის. მის მეუღლეს მიაქვს ყვავილები ახალ პატრონებამდე. ასე უდგანან ერთმანეთს მხარში. სიყვარულის წყალობით მათ პატარა ბუდე შექმნეს სოფელში.

ბევრს გიკვირდათ და ამბობდით ეს შეუძლებელია საქართველოშიო, მაგრამ მე ნათელი მაგალითი მაქვს. მინიმალური სახსრებით შეძლო ამ ქალბატონმა ყველაფერი. თავისი მცირე ბიზნესიც წამოიწყო სოფლად. ქეთიმ საუბრის ბოლოს მითხრა: უთხარი ხალხს ეს ყველაფერი, რომ იცოდნენ, სოფელს რა ძალა აქვსო. ჰოდა, გიყვებით. მისივე სურვილით ვასაჯაროვებ ქეთის ასაკს - ეს უმშვენიერესი ქალბატონი 55 წლისაა; მაგალითია იმისა, რომ არასდროსაა გვიანი იქ დაბრუნება, საიდანაც მოვდივართ.

gemrielia.ge