რომელი გვარები ჩამოვიდნენ რეგიონებიდან თბილისში მე-19 საუკუნეში და როდის დასახლდნენ დედაქალაქში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები | Allnews.Ge

რომელი გვარები ჩამოვიდნენ რეგიონებიდან თბილისში მე-19 საუკუნეში და როდის დასახლდნენ დედაქალაქში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები

მრავალეროვანი თბილისის წარსულზე, მის ყოფა-ცხოვრებაზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა. თავის ჩანაწერებში საინტერესო ეპიზოდებს უცხოელი მოგზაურებიც აკეთებდნენ.

თბილისის ეთნიკურ შემადგენლობას ახასიათებდა გაზეთი "კავკაზი" - "ხალხი მოძრაობს, ფუსფუსებს, ერთმანეთში ირევა - კოსტიუმები, სახეები და მორთულობანი. ქართველი, სპარსელი, ოსი, ლეკი... ჩოხები, ჩერქეზები, ჩალმები, ნაბდები, სწრაფად ელავენ თქვენს თვალწინ და ვერც კი ასწრებ გამვლელთა დათვალიერებას. აი, ქალაქის გარეუბნიდან მოსული ქალები კარაქით, ერბოთი, ლორითა და რძით... აი, ქართველები, ებრალები, ფართლითა და ქალთა ხელსაქმის, ტუალეტის საწვრილმანოთა დამტარებელნი"...

პლატონ ზუბოვი კი ასე აღწერს: "ეროვნულ ტანისამოსში, მუნდირებსა და ფრაკებში გამოწყობილი ოსმალები, ინდოელები, თათრები, გერმანელები, ინგლისელები, მთიელები, სომხები, ქართველები და სხვანი...

ევროპული ეტლები, გერმანული ფორშპანები, ქართული ურმები, საპალნიანი კამეჩები, ხარები, აქლემები, სახედრები - ყოველივე, ყოველ წუთს განუწყვეტელ პანორამად იშლება თვალწინ და ორიგინალურ სურათს იძლევა".

სხვადასხვა ერის ადამიანი თბილისში იმთავითვე შეეთვისა ერთმანეთს, რასაც თავად ქალაქის კეთილგანწყობა და ქართველების სტუმართმოყვარე ბუნება განსაზღვრავდა, თუმცა ალბათ საინტერესოა, საიდან და როგორ მოხდა თბილისის მოსახლეობის ასეთი ეთნიკური აჭრელება.

პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი აღნიშნავს, რომ თბილისის მოსახლეობის როგორც რაოდენობრივი, ისე პროცენტული ზრდა XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო.

- თბილისის მოსახლეობა, ქალაქის დაარსებიდანვე ქართული იყო, როდიდან დაიწყო სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის შემოდინება?

- ეს პროცესი ნელ-ნელა და თანდათან დაიწყო, თუმცა მნიშვნელოვანი ძვრები ამ მიმართულებით არაბთა ბატონობის დამყარებამ (VII საუკუნეში 50-იანი წლები) გამოიწვია. განსაკუთრებით კი თბილისის საამიროს შექმნამ (VIII საუკუნის 30-იან წლები), როცა სანაპირო დამცველი შეიარაღებული რაზმების ჩამოყალიბება დაიწყო. არაბული ტომების მაჰმადიანთა ვაჭარ-ხელოსანთა რიცხვმაც მოიმატა. მაჰმადიანური მოსახლეობის გაჩენას, მეჩეთის აგებაც მოჰყვა.

XII-XIII საუკუნის ცნობილი ვენეციელი ვაჭარი და მოგზაური მარკო პოლო წერდა: "თბილისში ცხოვრობენ ქრისტიანი ქართველები და სომხები, ასევე მაჰმადიანები და ებრაელები, მაგრამ ისინი ცოტანი არიან“. მომდევნო პერიოდში ებრაელები დოკუმენტებში არ არიან მოხსენიებული, რადგანაც იმდროინდელ თბილისში მათი რაოდენობა შემცირებულია. ებრაელების რაოდენობა შეზღუდეს XVII საუკუნის შუა ხანებიდან თბილისში ჩამოსახლებულმა სომხებმა, მათვე შეზღუდეს ებრაელების ვაჭრობა, ხელოსნობის სფერო. ებრაელობა იძულებული გახდა, სამოქმედო ასპარეზი საქართველოს პატარა ქალაქებში გადაეტანა.

- ეთნიკური რუსები როდის გაჩდნენ საქართველოში?

- აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამ 1795 წელს ქართველთა ძირითადი ნაწილი გაანადგურა. XIX საუკუნეში თბილისის ისტორიაში სრულიად ახალი ხანა დაიწყო. დაიწყო მანამდე ჩვენთვის უცნობი - რუსული ეთნოსის მიგრაცია.

1803 წელს, ქართველები თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 22,6% შეადგენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება თბილისში ქართული სოფლებიდან გადმოსახლებას ზღუდავდა, მიგრაცია მაინც მიმდინარეობდა და 1825 წლისთვის ქართული მოსახლეობა 3,5-ით გაიზარდა. ისინი ძირითადად თავად-აზნაურებისგან იყვნენ გამოქცეულები.

1862 წლის აღწერის მიხედვით, თბილისში გადასულან - შარვაშიძეები, გურაბანიძეები, ჩუბინიძეები, ლომიძეები, კილასონიები, დოლიძეები, გორგაძეები, გამგონაძეები, მაისურაძეები, მაჭავარიანები, სტურუები, ცაბაძეები, ბარამიძეები, გაბუნიძეები, ჯინჭარაძეები...

თბილისში სომხური მოსახლეობის მექანიკური ზრდა, 1801 წელს გაძლიერდა - საქართველოში რუსული მმართველობის დამყარების დროს... რუს მთავრობას სომხური მოსახლეობა, განსაკუთრებით შეძლებული ნაწილი, სომხეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, კავკასიის სხვადასხვა მხრიდან ჩამოჰყავდა.

სომეხი დიდვაჭრის თამამშევის ბებიები, 1898 წელი

ამასთან, გაძლიერებული იყო სხვა ეთნიკური ჯგუფების ინტენსიური შემოსვლა - მაგალითად, 1880-იანი წლების თბილისური გაზეთების ცნობით, ქალაქში გამოჩნდა ბოშების ჯგუფი, რომლებიც საკუთარ თავს „სომეხ-გადმოსახლებულებს“ უწოდებდნენ. იმდროინდელ პრესაში აღნიშნულია, რომ ისინი "ინათლებოდნენ სომხებად, ლაპარაკობდნენ სომხურად და თათრულად“. მათი ძირითადი საქმიანობა მოწყალების თხოვნა იყო.

ლალი ფაცია

განაგრძეთ კითხვა

myquiz