როგორ იხსნა ისრაელმა 102 მძევალი 59 წუთში - უპრეცედენტო ანტიტერორისტული ოპერაცია უგანდის აეროპორტში | Allnews.Ge

როგორ იხსნა ისრაელმა 102 მძევალი 59 წუთში - უპრეცედენტო ანტიტერორისტული ოპერაცია უგანდის აეროპორტში

4.000 კილომეტრის დაშორებით, სხვა ქვეყანაში ასეული კომანდოსის გაგზავნა, სხვა ქვეყნის სამხედროებთან ბრძოლაში ჩაბმა, ტერორისტების მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლება და უკან მინიმალური დანაკარგებით დაბრუნება - ფიქრობთ, ჰოლივუდის მორიგი ბოევიკის სცენარია? არა, ეს ის ოპერაციაა, რომელიც 1976 წლის 4 ივლისს ისრაელის სპეცდანიშნულების ძალებმა უგანდაში, ქალაქ ენტებეს აეროპორტში განახორციელეს. ის, რაც ბევრისთვის მხოლოდ "ბოევიკის" ჟანრის ფილმებში თუა წარმოსადგენი, ისრაელისთვის დიდი ხანია რეალობად იქცა...

1976 წლის 27 ივნისი. საბერძნეთი. თელ-ავივიდან პარიზისკენ მიმავალი Air France-ის რეისი #139 ათენში ჯდება, რათა კიდევ 58 მგზავრი აიყვანოს. ოთხი ახალი მგზავრი ყალბი პასპორტებით ჯდება რეისზე. ისინი სულაც არ მიემართებიან პარიზში. ისინი რადიკალური ტერორისტული ორგანიზაცია "პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტის" წევრები არიან. ამჯერად, მათი სამიზნე ათენის აეროპორტია. თვითმფრინავში 246 მგზავრია, მათი უმეტესობა ისრაელის მოქალაქეები არიან. ათენის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში, ადგილებიდან სამი შეიარაღებული მამაკაცი და ქალი ადგა - მათ მგზავრებს აცნობეს, რომ თვითმფრინავი გატაცებულია.

ისინი მზად იყვნენ მოვეკალით. ამაში ეჭვი არ გვეპარებოდა. ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი მოგვკლავდნენ" - იხსენებს ერთ-ერთ მგზავრი, ილან ჰარტუვი

ერთ-ერთ ტერორისტი პილოტის კაბინაში შედის და ბრძანებას აძლევს, კურსი შეცვალოს და რადიოკავშირი გამორთოს. ამ დროს ავიადისპეტჩერები ისრაელის მხარეს უკავშირდებიან და აცნობენ, რომ #139 რეისი გატაცებულია. ისრაელის პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი სასწრაფო ტელეგრამას მიიღებს: "Air France-ის რეისი #139 გატაცებულია ტერორისტების მიერ".

გატაცებიდან 2,5 საათში თვითმფრინავი ლიბიაში, ქალაქ ბენღაზში ჯდება. ტერორისტები ლიბიის პრეზიდენტს მუამარ კადაფის საწვავის ჩასხმას თხოვენ, რაზეც თანხმობას იღებენ. ერთ-ერთი მგზავრი, პატრიშია მარტელი ტერორისტებს ეუბნება, რომ ორსულადაა და თხოვს გაუშვან ის. ტერორისტებმა ის გაუშვეს. 7-საათიანი ლოდინის შემდეგ გატაცებულმა თვითმფრინავმა დატოვა ბენღაზის აეროპორტი და უცნობი მიმართულებით გაემგზავრა. გათავისუფლებული მგზავრი სახლში, ლონდონში დააბრუნეს. მის დასაკითხად ლონდონში ისრაელის სპეცსამსახურების წარმომადგენელი ჩავიდა. პატრიშია მარტელმა დაადასტურა, რომ თვითმფრინავი რადიკალური პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა გაიტაცეს და რომ ორი ტერორისტი გერმანელია. მან ისინი ისრაელის დაზვერვის არქივებიდან ამოიცნო.

ბენღაზის აეროპორტის დატოვებიდან რამდენიმე საათში გატაცებული თვითმფრინავი უგანდაში, ქალაქ ენტებეს აეროპორტში ჯდება. ტერორისტებმა ენტებე შემთხვევით არ შეარჩიეს. ქალაქი თელ-ავივიდან 3,200 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ეს კი მათთვის უსაფრთხოების გარანტი იყო. იმ დროს უგანდას დიქტატორი იდი ამინი მართავდა. ის ცნობილი იყო, როგორც არაპროგნოზირებადი და ექსცენტრიული პიროვნება. ადგილობრივ ჟურნალისტებთან ერთად დიქტატორი ენტებეს აეროპორტში მიდის.

აღსანიშნავია, რომ იყო პერიოდი, როდესაც იდი ამინის ურთიერთობა ისრაელთან მტკიცე იყო, თუმცა შემდეგ 1972 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გოლდა მეირმა მას უარი განუცხადა თვითმფრინავების გაყიდვაზე, რომლის გამოყენებას ის მეზობელი კენიის წინააღმდეგ გეგმავდა. შედეგად კი, იდი ამინმა პროპალესტინური პოზიცია დაიკავა.

  • 29 ივნისი. გატაცების მესამე დღე

ტერორისტები მოთხოვნას უყენებენ ისრაელის მთავრობას. ისინი ითხოვენ, რომ ისრაელმა ათეულობით ტერორისტი გაათავისუფლოს პატიმრობიდან. ისრაელს პასუხის მისაცემად 45 საათს აძლევენ. თუ ტერორისტების მოთხოვნა შესრულებული არ იქნება, ისინი მძევლების მოკვლას დაიწყებენ. მძევლების ნათესავებმა იცოდნენ, რომ ისრაელი არ დაიწყებდა ტერორისტებთან მოლაპარაკებებს. სიტუაცია გამოუვალი იყო. შიმონ პერესის, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის მოგონებებიდან:

"იდი ამინზე ბევრი მსმენია. ვიცოდი, რომ ის ნატრობდა სახელგანთქმული ყოფილიყო მსოფლიოში. ჩვენ მას ვუთხარით, რომ თუ დაგვეხმარება მძევლების გათავისუფლებაში, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას მიიღებს. ის უცებ დაინტერესდა შეთავაზებით".

  • პირველი ივლისი. გატაცების მეხუთე დღე

ისრაელის მთავრობა მტკიცედ ამბობს უარს ტერორისტებთან მოლაპარაკებების წარმართვაზე. მძევლების ოჯახის წევრები პროტესტს გამოთქვამენ და ისრაელის მთავრობას მოუწოდებენ ტერორისტების მოთხოვნები შეასრულონ. სიტუაცია დაძაბული იყო და ისრაელის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო დათანხმებოდა ტერორისტების მოთხოვნებს. თუმცა, როგორც შემდგომში აღმოჩნდება, ეს ტაქტიკური სვლა იყო.

შიმონ პერესი: "მე მესმოდა მძევლების ოჯახის წევრების გრძნობები, მაგრამ ერთი წუთითაც არ მეეჭვებოდა, რომ ჩვენ მძევლების გათავისუფლება ან ძალის გამოყენებით მოგვიწევდა ან კიდევაც ჩვენ მათ დავკარგავდით".

უგანდის ლიდერი მიიჩნევდა, რომ მან უკან დაახევინა ისრაელს. მისი მოსაზრებით, მან ხელი შეუწყო მშვიდობიანი კომპრომისის მიღწევას და მსოფლიოს პატივისცემა დაიმსახურა. მან ტერორისტები დაარწმუნა, გაეხანგრძლივებინათ ულტიმატუმის საბოლოო ვადა 72 საათით. ტერორისტებმა ასევე ყველა არაებრაელი მგზავრი გაათავისუფლეს. ისრაელის ტაქტიკური სვლა ეფექტური აღმოჩნდა. მათ დრო მოიგეს, რომელიც ასე სჭირდებოდათ. ასამდე არაებრაელი მძევლის გათავისუფლება შესანიშნავი სიახლე იყო მუკი ბეცერისთვის, იმ დროს ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ანტიტერორისტული დანაყოფის ხელმძღვანელისთვის.

"ტერორისტებმა დიდი შეცდომა დაუშვეს. გათავისუფლებული მძევლების საშუალებით ჩვენ საჭირო ინფორმაციას მივიღებდით" - იხსენებს ბეცერი. გათავისუფლებული მძევლების დაკითხვის შემდეგ მუკი ბეცერისთვის ცნობილი ხდება, რომ ტერორისტების რაოდენობა ექვს ადამიანს შეადგენს, რომ ისინი მონაცვლეობით მორიგეობენ, ორი მათგანი მუდმივად ისვენებს აეროპორტის პირველი კლასის დარბაზში, თითოეულ მათგანს ავტომატი აქვს, ზოგიერთ მათგანს კი ასაფეთქებელი მოწყობილობებიც. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - შუაღამისას მძევლები იატაკზე წვებიან და ღამის პირველი საათისთვის უკვე სძინავთ...

ამ დროს სამხედრო სწავლებიდან ბრუნდება იონი ნეთანიაჰუ (ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ძმა) და კონტრტერორისტულ ოპერაციას სათავეში უდგება. გეგმა, რომელსაც ისრაელი ამუშავებს, ერთ-ერთი ყველაზე უპრეცედენტოა, რომელიც ოდესმე განხორციელებულა!

ჯოშუა შანი ჯგუფთან ერთად

გეგმა სამ ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპი: ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმი ენტებეში უნდა მოხვდეს. ეს პილოტი ჯოშუა შანის დავალებაა. მან "ჰერკულესის" ტიპის ოთხი თვითმფრინავი 4,000 კილომეტრის მანძილზე უგანდაში უნდა გაიყვანოს. ენტებეს აეროპორტში ორი ტერმინალია. ერთი ახალი და მეორე ძველი. მძევლები ძველ ტერმინალში არიან. გეგმის თანახმად, "ჰერკულესის" ტიპის ოთხი თვითმფრინავი ღამით შეუმჩნევლად უნდა დაჯდეს ენტებეს აეროპორტში. პირველი ჯოშუა შანის თვითმფრინავი დაჯდება, შვიდი წუთის შემდეგ კი დანარჩენი სამი. ჯოშუა შანი გააფრთხილეს, რომ დასაშვებ ბილიკზე შესაძლოა განათება არ იყოს და მას ბრმად მოუწევს თვითმფრინავის დაჯენა.

ჯოშუა შანი იხსენებს: "წარმოიდგინეთ, თუ ტერორისტები ჩვენ შეგვამჩნევდნენ და სროლას დაიწყებდნენ, ხუთ წუთში ყველა მძევალი მკვდარი იქნებოდა".

მეორე ეტაპი: ტრანსპორტირება. პირველი "ჰერკულესის" დაჯდომის შემდეგ, ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმის 30 კომანდოსი ტერმინალის კარებთან შეუმჩნევლად უნდა აღმოჩნდეს. საამისოდ მათ ორი კილომეტრი უნდა გაიარონ. ასაფრენ ბილიკს დაახლოებით 30 უგანდიელი სამხედრო იცავს. მუკი ბეცერი გამოსავალს სთავაზობს: ებრაელი კომანდოსები უგანდელი ჯარისკაცების უნიფორმას გადაიცვამენ და როგორც უგანდელი სამხედროების კორტეჟი, ამ მარშრუტს გაივლიან. მუკი ბეცერს ახსოვს, რომ იდი ამინი და უგანდიელი სამხედროები დიდი შავი ფერის მანქანებით, სამხედრო "ჯიპების" თანხლებით გადაადგილდებიან. უგანდელ სამხედროებს ეშინიათ იდი ამინის და მისი კორტეჟის დანახვაზე, შეუფერხებლად გაუშვებენ. "ჰერკულესის" თვითმფრინავით ენტებეში ისრაელის მხარემ სწორედ იდი ამინის კორტეჟის მსგავსი მანქანები ჩაიყვანა.

მესამე ეტაპი: შტურმი. იონი ნეთანიაჰუ და მცირერიცხოვანი ჯგუფი უგანდელ სამხედროებთან ბრძოლაში ჩაებმება. ამ დროს სამი კომანდოსი შენობაში შეიჭრება, ტერორისტებს გაანადგურებს და მძევლებს გაათავისუფლებს.

იონი ნეთანიაჰუ

3 ივლისი. ენტებე. ულტიმატუმის ვადის დასრულებამდე ერთი დღე. მძევლები იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ მოკვდებიან... ერთ-ერთი მძევალი, სარა დევიდსონი იხსენებს: "ერთადერთი, რაც მინდოდა იყო, რომ წამებით არ მომკვდარიყავი. მეტი სხვა არაფერი მინდოდა". თუმცა, რაც სარა დევიდსონმა არ იცოდა, ის იყო, რომ ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმი, "ჰერკულესის" ტიპის ოთხი თვითმფრინავით უკვე გზაში იყო... 9 საათის განმავლობაში მათ 4,000 კილომეტრის დაფარვა მოუწევთ. ოპერაცია "ელვა" დაიწყო.

შიმონ პერესის მოგონებებიდან: "მშვენივრად მესმოდა, რომ პირადად ვაგებდი ამ ოპერაციაზე პასუხს. თუ მისია წარუმატებელი იქნებოდა, ყველა შეთანხმდებოდა იმაზე, რომ ეს ჩემი ბრალია. თუ ჯარისკაცი თავის სიცოცხლეს ხიფათში აგდებს, მაშინ რა ვთქვათ მის ხელმძღვანელზე? მანაც ხიფათში უნდა ჩააგდოს თავისი კარიერა. ამიტომაც, მაშინ ჩემს თავს ჯარისკაცად ვგრძნობდი". "ჰერკულესების" ენტებეში მოხვედრის მარშრუტი საფრთხეებით აღსავსე იყო. წითელი ზღვის თავზე მდებარე მარშრუტს ეგვიპტეს, საუდის არაბეთისა და სუდანის რადარები აკონტროლებდნენ. ამიტომაც, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ "ჰერკულესების" ესკადრილია 1,500 კილომეტრის მანძილს ზღვიდან 30 მეტრის დაშორებაზე გადაუფრენდა. ეს ძალზე რთული დავალება იყო 30 წლის პილოტისთვის, ჯოშუა შანისთვის.

ჯოშუა შანი

შანი იხსენებს: "მაშინ გავიფიქრე - აი, ეს მომენტიც დადგა! ან უნდა გავაკეთო, რაც საჭიროა ან კიდევაც ისტორიაში შეხვალ, როგორც ისრაელის საჰაერო ძალების ოპერაციის ყველაზე დიდი მარცხის ავტორი". მუკი ბეცერმა, რომელიც პირველ "ჰერკულესში" იჯდა, ყველაზე სახიფათო დავალება აიღო თავის თავზე: ის სამკაციან ჯგუფს გაუძღვება, რომელიც იმ შენობაში შეიჭრება, სადაც მძევლები არიან მოთავსებული.

ზუსტად გეგმის მიხედვით, 3 ივლისს 23:59 საათზე "ჰერკულესის" პილოტი ჯოშუა შანი მზად არის ენტებეს აეროპორტში დასაფრენად. მან ღრმად ამოისუნთქა, ვინაიდან 72-ტონიანი თვითმფრინავის შეუმჩნევლად დასმა მოუწევდა. მან დასაფრენ ბილიკზე განათება შეამჩნია. შანის მოგონებებიდან: "ისრაელის საჰაერო ძალების სარდალმა რადიოკავშირის მეშვეობით მკითხა: "ხომ ხარ კარგად? ხედავ დასაფრენ ბილიკს? შეძლებ დაჯდომას?". ძალები მოვიკრიფე, ღრმად ამოვისუნთქე, რომ ჩემი ხმა მშვიდი ყოფილიყო და ვუპასუხე: მზად ვარ. ეს დაუვიწყარი მომენტი იყო!"

პრემიერ მინისტრი იცხაკ რაბინი და გათავისუფლებული მძევლები

პირველი "ჰერკულესი" 4 ივლისს, 00:05 საათზე ენტებეს აეროპორტში დაჯდა. ისრაელელმა კომანდოსებმა იციან, რომ ამ დროს 2,5 კილომეტრის დაშორებით, აეროპორტის ძველ ტერმინალში მძევლები დასაძინებლად ემზადებიან. ფეხზე მხოლოდ ტერორისტები დგანან. შესაბამისად, მათთვის თავში სროლა იოლი იქნება. "ჰერკულესის" დაჯდომა არავის შეუმჩნევია. ოპერაცია მეორე ფაზაზე გადავიდა. "ჰერკულესიდან" პირველი გამოდის უგანდის ლიდერის, იდი ამინის მსგავსი კორტეჟი. მაში მუკი ბეცერი და კიდევ რვა კომანდოსი იმყოფება. ისრაელელი ჯარისკაცები ნათლად ხედავენ ტერმინალს. უგანდელ სამხედროებს, რომლებიც სადისპეტჩერო კოშკზე იმყოფებიან, არც კი გაჩენიათ ეჭვი, რომ მათ წინაშე კომანდოსები მძევლების გათავისუფლების ოპერაციას იწყებენ. უეცრად, კომანდოსების ერთ-ერთმა წევრმა, გიორა ზუსმანმა რაღაც შეამჩნია. "ჩვენ უეცრად დავინახეთ ორი უგანდელი ჯარისკაცი. ერთ-ერთმა მათგანმა ავტომატით დაგვიქნია და ჩვენსკენ მოიშვირა" - იხსენებს გიორა ზუსმანი.

მუკი ბეცერმა იცოდა, რომ ეს უგანდელი სამხედროების სტანდარტული ჟესტია. ბეცერი კოლეგებს მოუწოდებს ყურადღება არ მიაქციონ ამას და განაგრძონ გზა ტერმინალისკენ. "წინ გზას ვხედავდი. მესმოდა, რომ ჩვენ გაგვიმართლა. მისია წარმატებული ჩანდა. სულ რაღაც 30 წამში შენობაში შევიჭრებოდით" - იხსენებს მუკი ბეცერი. მაგრამ ამ დროს რაზმის მეთაურმა იონი ნეთანიაჰუმ სხვა გადაწყვეტილება მიიღო და გიორა ზუსმანს უგანდიელი ჯარისკაცის ლიკვიდირება უბრძანა.

"ჩვენ უნდა მოგვეკლა ის, ვინაიდან ხელს გვიშლიდა. ამას გავაკეთებთ და გზას განვაგრძობთ. მე და იონის მაყუჩიანი პისტოლეტები გვქონდა" - იხსენებს ზუსმანი. უგანდელ სამხედროს რამდენიმე ტყვია მოხვდა, თუმცა მან მოახერხა ადგომა და მას უკვე უკან მომავალი სამხედრო ჯიპიდან ავტომატით ესროლეს, რომელიც მაყუჩიანი არ იყო. სროლის ხმა აეროპორტის ტერიტორიაზე გაისმა და მოულოდნელობის ეფექტი დაიკარგა. უგანდელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ისრაელელ კომანდოსებს. მათ ტერმინალიდან 70 მეტრში მოუწიათ გაჩერება და საპასუხო ცეცხლის გახსნა. მუკი ბეცერი შიშობდა, რომ ტერორისტები მძევლების დასჯას დაიწყებდნენ.

მუკი ბეცერი და მისი ხალხი ტერმინალში შეიჭრნენ, სადაც მძევლები იყვნენ. ერთ-ერთი მძევალი, სარა დევიდსონი იხსენებს: "ყველგან სროლა ისმოდა, ყუმბარების აფეთქების ხმა. ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო". გიურა ზუსმანის დანაყოფი მეხუთე დარბაზში შეიჭრა, სადაც სხვა ტერორისტები იმყოფებოდნენ. იონი ნეთანიაჰუ და მისი ხალხი კი აეროპორტის ტერიტორიაზე უგანდელ სამხედროებთან ბრძოლას აგრძელებდნენ. მუკი ბეცერი და მისი რაზმი კი ამ დროს ტერმინალში გადარჩენილ ტერორისტებს ეძებენ.

"დაძაბული მომენტი იყო. ჩვენი თვალები სკანერივით მუშაობდა. მზად ვიყავით ნებისმიერ მომენტში გვესროლა. ტყვია ტერორისტის მიმართულებით მანამ უნდა გაგვეშვა, ვიდრე ის გვესროდა" - იხსენებს ბეცერი.

მძევალი სარა დევიდსონის მოგონებებიდან: "შემდეგ სიჩუმემ დაისადგურა. ვიღაცამ ივრითზე თქვა: "ნახეთ, აქ ისრაელელი სამხედროები არიან". მე ოდნავ წამოვწიე თავი და ჯარისკაცი დავინახე. მან მითხრა: "მოვედით, რომ სახლში წაგიყვანოთ"... წაიკითხეთ ვრცლად ambebi.ge-ზე